არ ჩანს რეალური ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის გაგრძელდება დიალოგი, რომელიც შეუძლებლად ჩაითვალა გიგი უგულავას დაჭერის შემდეგ. საარჩევნო სისტემის გარშემო მხარეები ამ ეტაპზე ერთმანეთს მხოლოდ დისტანციურად, ძირითადად მედიის საშუალებით, ელაპარაკებიან. ხელისუფლება ერთგვარი ულტიმატუმით გამოდის - თუკი დიალოგი თებერვლის ბოლომდე არ განახლდება, დარჩება ისევ მოქმედი საარჩევნო სისტემა. ოპოზიცია პოლიტიკური დევნის პირობებში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
„რაც უფრო მცირე დრო რჩება იმისათვის, რომ ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში, მით უფრო მეტია შანსი, რომ მოლაპარაკების მაგიდას მართლაც დაუბრუნდნენ... ოპოზიციის ეს ჭირვეულობა, ჩემი აზრით, დამთავრდება“, - თქვა 24 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი იმედი ასეთ ლოგიკასა და წარმოდგენებს ეყრდნობა:
- „ჯერ ერთი, მათ (ოპოზიციურ პარტიებს) მოუწევთ ამ კომპრომისულ ვერსიაზე საბოლოო პასუხის დაფიქსირება“;
- და მოუწევთ ასევე „მათი ვერსიის წარმოდგენა“;
- „ფორმალურად ერთ მაგიდასთან ვისხდებით თუ უცხოელი დიპლომატების მეშვეობით ვერსიებს გავცვლით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამას მნიშვნელობა არა აქვს“.
კომპრომისულ ვერსიად „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მოიხსენიებს 2019 წლის 20 დეკემბერს (მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდზე) გახმოვანებულ მოდელს - „100/50-ზე“ - რომლის მიხედვითაც, 150-კაციან პარლამენტში 73-ის ნაცვლად 50 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება არჩეული.
ამ მოდელზე მაშინვე თქვა უარი ოპოზიციურმა ერთობამ, რადგან - მაჟორიტარი დეპუტატების 23-ით შემცირება ვერ უზრუნველყოფს მთავარი მიზნის შესრულებას, რომ:
- ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიიღოს იმაზე მეტი სადეპუტატო მანდატი, ვიდრე იმსახურებს;
- და უსამართლო სისტემით დაგროვილი მანდატებით ამავე ძალამ ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება, დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ.
„დიალოგი შედგება თუ არა და ის ეფექტიანი იქნება თუ არა, ეს ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული... ხელისუფლებამ თავად შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი და თავად გამოიწვია კრიზისი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი გუგავა, წარმომადგენელი „ლეიბორისტული პარტიისა“, რომლის ოფისშიც იმართება ოპოზიციური ერთობის ძირითადი შეხვედრები.
გუგავა ორ აუცილებელ პირობას ასახელებს:
- „ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები (გიგი უგულავა პირდაპირ მოლაპარაკებების მაგიდაზე დააპატიმრა)“;
- „ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ისეთი საარჩევნო სისტემის ვერსია, რომელიც ახლოს იქნება პროპორციულთან“.
გიგი უგულავას დაკავებამ საერთაშორისო პარტნიორებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სერიოზული შეკითხვები გაუჩინა და იმედგაცრუებული დატოვა იმით, რომ ამ ფაქტმა ხელი შეუშალა დიალოგის პროცესსაც.
თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ მხრივ არაფრის გადახედვას არ გეგმავს.
- „ისინი (ოპოზიციონერები) თვლიან, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, ვინც აწამა, დახოცა და დახოცილი ადამიანები მაღაზიის თავზე შემოაგდო; თვლიან, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიძლება წაიღოს 50 მილიონი. ჩვენ არ ვთვლით ასე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ;
- „მათი ვერსიაა, (რომ ჩვენ ავაყირავეთ მოლაპარაკებების მაგიდა)... დამნაშავეებს კალენდრით როდის მოუწევთ (დაპატიმრება), ამაზე პასუხს ჩვენ ბუნებრივია ვერ ვაგებთ... ძალიან ბევრი საქმეა, ამ ცხრა წლის განმავლობაში უამრავი საქმეა დაგროვილი“ - ნუკრი ქანთარია, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები: უგულავას დაპატიმრება შეკითხვებს წარმოშობს და ვითარებას ძაბავს
10 თებერვალს, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას დააპატიმრებდნენ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერები ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კიდევ ერთ მოდელზე მსჯელობდნენ. თავყრილობაში მონაწილეობდა თავად გიგი უგულავაც.
ეს მოდელი შეხვედრის მონაწილეებს განსახილველად „ევროპულმა საქართველომ“ წარუდგინა და ითქვა, რომ შეთანხმებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთანაც.
ამ კომპრომისული მოდელის თანახმად, პირველ ადგილზე გასულ პარტიას, უმრავლესობის შექმნის შანსი ექნება იმ შემთხვევაში, თუკი:
- ის მიიღებს ხმების 40%-ზე საკმაოდ მეტს პროპორციული წესით (პარტიული სიით);
- და ის მიიღებს მაჟორიტარული მანდატების მნიშვნელოვან უმრავლესობას.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „ეს არის კომპრომისული ვარიანტი, მაგრამ არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე“.
იმ დღეს და მერეც ითქვა, რომ ეს პრინციპი დიდწილად შეთანხმებულია ოპოზიციურ ერთობაში. თუკი ამ პრინციპს მანდატების თანაფარდობაში ვთარგმნით, მივიღებთ - 130 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 20 - მაჟორიტარს (ლაპარაკი იყო ასევე თანაფარდობაზე - 125/25).
ამ კომპრომისული ვარიანტის გახმაურების შემდეგ, 10 თებერვალს, რამდენიმე საათში გიგი უგულავა დაიჭირეს და ოპოზიციამ რეპრესიების პირობებში, უარი თქვა ხელისუფლებასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე. თუმცა ეს ვერსია ისევ ძალაშია და, ოპოზიციონერების თქმით, ხელისუფლებას, თუკი ნება აქვს, შეუძლია მისი გათვალისწინება.
საეჭვოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს ვარიანტი გაითვალისწინოს. თუკი ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, საკუთარი მოდელის („150/50-ზე“) გარდა ყველა სხვა თანაფარდობას არასერიოზულად მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“.
- ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ პირისპირ ლაპარაკი არ გამოვა.
- ალბათ ასევე გაძნელდება მხარეებს შორის ე.წ. უკონტაქტო შეთანხმებაც.
- ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის შენარჩუნდება ისევ მოქმედი შერეული სისტემა თანაფარდობით - 77/73-ზე.
ხელისუფლება ამბობს, რომ თუკი დიალოგის პროცესი თვის ბოლომდე არ განახლდება, შემდეგ უკვე ვეღარ მოესწრება საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველაფერი ძველებურად დარჩება.
ასევე ნახეთ მდინარაძე: არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება, თუ ოპოზიცია თვის ბოლომდე არ დაუბრუნდება დიალოგსმოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის ოპოზიციურმა ერთობამ უკვე დაიჭირა თადარიგი და აქტიურად მიმდინარეობს შეთანხმება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ თბილისზე და დაგეგმილია პროცესის გაგრძელება. წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებათა შედეგებისა და სამოქმედო გეგმის გამოცხადებას ოპოზიცია 4 აპრილს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე აპირებს.