ხეები წითელი ნუსხიდან - ვის მისცა მთავრობამ მოჭრის უფლება?

ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან, მალე წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხე მოიჭრება. განკარგულებას 17 მაისს ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. ხეები ხელს უშლის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კომპლექსის მშენებლობას. გარემოსდამცველები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

60 ძირი იმერული მუხა და 49 ძირი ძელქვა გადაშენების პირას მყოფი ის სახეობებია, რომელთა მოჭრის ნებართვაც ა(ა)იპ- ასოციაცია „ატუს“ საქართველოს მთავრობამ აღნიშნული დადგენილებით მისცა. ეს ასოციაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს აშენებს.

კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თემურ მურღულია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საკომპენსაციო ღონისძიებები მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით უკვე დაგეგმილია და ის მოიცავს როგორც დასრულებული უნივერსიტეტის ტერიტორიის გამწვანებას, ასევე ბიუჯეტში 15 457 ლარის გადახდას. თანხას “ქართუ” ფარავს, რომელიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ფინანსური წყაროა.

რა მდგოარეობაშია მოსაჭრელი 109 ხე?

საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ კანონი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც შეიძლება გადაშენების პირას მყოფი ხე მოიჭრას. მისი დაზიანება და დაბერება ერთ-ერთი მიზეზია, თუმცა ა(ა)იპ- ასოციაცია „ატუს“ ხის ჭრის ნებართვა მიცემული აქვს არა ამ მიზეზით, არამედ ქვეპუნქტით, რომელიც ხის ჭრას სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის მშენებლობის გამო ხდის დასაშვებს.

იმერეთის სატყეო სამსახურში არა აქვთ პასუხი, 109 ხიდან თუ არის რომელიმე დაავადებული ხე, თუმცა მთავრობის განკარგულებები რეგიონის სატყეო სამსახურის შესწავლის საფუძველზე გაიცემა. იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსი კახა გაზდელიანი ამბობს, რომ როცა მშენებლობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, შემსრულებლებს უფლება აქვთ აღნიშნული ხეები მოჭრან.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თემურ მურღულია ამბობს, რომ არასწორია იმის მტკიცება, თითქოს უნივერსიტეტი გაჩეხილი ხეების ადგილზე შენდება. “უნივერსიტეტი სადაც შენდება, იქ ხეები არ იყო. მხოლოდ ინფრასტრუქტურული განშტოებების შესრულებისას მოხდა ტყის ზონასთან მინიმალური გადაკვეთა”, - ამბობს ის.

მურღულია ამბობს, რომ ხეების მოჭრა არის ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანხმლები მოვლენა, რაც ხშირია გზების გაყვანის დროს, და ასეთი საჭიროება დადგა უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესშიც, ხოლო კრიტიკა, მისი აზრით, უნივერსიტეტზე შეტევის სუსტი მცდელობაა.ქუთაისელი აქტივისტები კი ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტის მშენებლობას დასრულება საერთოდ არ უწერია და ტყეს უმიზეზო ზიანი ადგება.

რატომ ღელავენ აქტივისტები

მუხრანის ტყე გადაბერებულ ტყედ ითვლება. მუხის ხეები, რომლებიც იქ მრავლადაა, ხანდაზმულობისა და ნესტის გამო დაავადებულია და ახლებსაც აზიანებს.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე ბოლო წლებია მუხრანის ტყეში ხის სანიტარულ ჭრას ითხოვს, რაც უკვე დაწყებულია. აქტივისტის მღელვარებას იწვევს ის ფაქტი, რომ მთავრობის განკარგულება არ არის სანიტარული მიზნით გაცემული.

აკაკი საღინაძეს არ სჯერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ჩაყრილ საფუძველზე, ოდესმე უნივერსიტეტი მართლაც აშენდება, რადგან დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.

“ისინი ვითომ მუშაობენ, მცირე დეტალებს ამატებენ, რომ ილუზია გვქონდეს, თითქოს რაღაც კეთდება. ამის არ გვჯერა. ამ ცრურწმენის გამო კი ვჭრით ხეებს დეფიციტურ და პრობლემურ ტყეში, როემლიც ქუთაისის ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია”, ამბობს აკაკი საღინაძე. მისი აზრით, ხეების ჭრა კიდევ ერთი აქტივობაა იმისთვის, რომ მოსახლეობის რწმენა უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ გამყარდეს.

ვინ აშენებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს?

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. ფულს იხდის ფონდი “ქართუ”, ხოლო სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ- ასოციაცია „ატუ“.

ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხეების მოჭრა აუცილებია მასშტაბური მშენებლობის გასაგრძელებლად.

უნივერსიტეტის მშენებელ ა(ა)იპ- ასოციაცია „ატუს“ გარემოს დამცველი აქტივისტები უკვე იცნობენ. პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ამბობს, რომ ასოციაცია რაჭაში ლეკნარისა და შაორის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჭრიდა ხე-ტყეს 2016 წელს. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემთხვევაში კი ის ხეების მოჭრის მიზანშეწონილობაში მეტ სიცხადეს ითხოვს.

“იმერული მუხა ძალიან ნელა იზრდება და სჭირდება სერიოზული დაცვა. ეს არის დიდი პროექტი და დიდ დასაბუთებას საჭიროებს, თუკი კარგი უნივერსიტეტი შენდება და პროექტი სხვაგვარად არ გამოდის. დასაბუთების გარეშე ხის ჭრა დაუშვებელია”,- ამბობს ნატა ფერაძე.

ა(ა)იპ- ასოციაცია „ატუ“ ფონდი “ქართუს” საქველმოქმედო პროექტებს წლებია ახორციელებს. თბილისის ოპერა, ბათუმის თეატრი, რაგბის სტადიონების ქსელი, საკონცერტო დარბაზი ურეკში - ეს ის პროექტებია, რომლებიც ასოციაციის მიერაა შესრულებული,

“სააერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, ასოციაციის გამგეობის წევრი კახა კობიაშვილია, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დისშვილი, რომელიც რამდენიმე ოფშორულ კომპანიასაც წარმოადგენს საქართველოში.

ის მმართველი პარტიის ერთ-ერთი სტაბილური შემომწირველია. მიმდინარე წლის 29 მარტს 45 ათასი ლარი აქვს „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული, ხოლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში - 30 ათასი ლარი.

მართალია, საძირკველი წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ჩაეყარა, მაგრამ, ბოლო გათვლებით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შემდეგი საპარლამენტო არჩევნების წელიწადს, 2020 წელს, უნდა იყოს მზად პირველი ნაკადის მისაღებად.