ხაჩქარების მაძებარი სომეხი

სევაკ არევშათიანს თავისი სამშობლოს ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი აქვს ქვაზე ამოკვეთილი ჯვრების - ხაჩქარების ძებნაში.

სევაკ არევშათიანი მთელ სომხეთში „ნადირობს“ თავისი ფოტოკამერით და არცერთ ქვაჯვარს - ხაჩქარს არ უშვებს მხედველობიდან.

არევშათიანს სომხეთიდან ფეხი არასოდეს გაუდგამს გარეთ და ამ მიწის ყველა კუთხე-კუნჭული იცის. ლორეს მთებიდან ჩრდილოეთში, სიუნიქამდე სამხრეთში, ყველგან ყოფილა 33 წლის ფოტოგრაფი, მთასა და ბარში მიმოფანტული ათასობით ხაჩქარის აღსანუსხად.

სევაკ არევშათიანი თავისი სალაშქრო ჯოხით, რომელიც სომხეთის დროშის ფერებით შეღება.

ხაჩქარი, იგივე ქვაჯვარი, ქვაზე ამოკვეთილი ჯვრის გამოსახულებიანი ქვის ფილაა, რომელიც სომეხთა ეროვნული იდენტობის ნიშანია. ისინი სომხეთზე არაბთა ბატონობის შესუსტების პერიოდში, 800-იანი წლების ბოლოსკენ გამოჩნდა.

ერთი გადმოცემით, ქვაჯვარი იდგმებოდა, რათა მოგზაურს სცოდნოდა, რომ ქრისტიანულ მიწაზე ადგამდა ფეხს. სომხეთს, ერთი წარმოდგენით,მიიჩნევენ პირველ ქვეყნად, რომელმაც 301 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

ხაჩქარი ფრთიანი ჯვრის გამოსახულებით, ვაიოც ძორის პროვინციაში. ის 800 წლის წინ უნდა იყოს შესრულებული.

არევშათიანმა 2015 წელს შექმნა ფეისბუკში გვერდი სახელწოდებით ხაჩქარების სამყარო, რომელიც ხაჩქარების ფოტოების თავისებური საცავია. მათი ნაწილი არევშათიანმა მობილური ტელეფონით გადაიღო ქვაჯვრების მოსაძიებლად გამართული ლაშქრობების დროს. სხვა ფოტოებს მოხალისეები, საიტზე მისი მიმდევრები უგზავნიან.

ხავსით დაფარული მცირე ზომის ხაჩქარები. ისინი დილიჟანის მახლობლად მდებარე მიტოვებული ეკლესიის კედლებშია ჩატანებული. ეკლესიის სახურავში ხვრელით თოვლი ჩავიდა ღვთის სახლში.

ბევრი ცნობილი ხაჩქარი, რომლებსაც ყველა იცნობს ფოტოებით, დგას მონასტრების ტერიტორიებზე და ჩაშენებულია ეკლესიების კედლებში. სხვები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის, მათი არსებობა მხოლოდ მოგზაურმა მწყემსებმა და არევშათიანის მსგავსმა ქვაჯვრების მოყვარულებმა იციან. ვარაუდობენ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ათეულათასობით ხაჩქარია მიმოფანტული და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება.

ქვაჯვარი სევანის ტბის ნაპირზე

არევშათიანის მამა ხაჩქარების ოსტატი იყო. ის უყურებდა ხოლმე, როგორ გამოჰყავდა მამას ფორმები წითელ ქვაზე. მაგრამ ნამდვილი სიყვარული ქვაჯვრების და ამ ტრადიციის მიმართ მოგვიანებით, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩნდა.

„ნელ-ნელა მივხვდი, რომ ხაჩქარებს არნახული ფსიქოლოგიური ზეგავლენა აქვს, აფორიაქებულს დაგამშვიდებს, შფოთს და სევდას გაგიქარწყლებს“, - ამბობს არევშათიანი.

მე-13 საუკუნის ხაჩქარი, რომელიც დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე დგას მთის ფერდობზე. ვაიოც ძორის პროვინცია.

ზოგიერთები ხაჩქარს ქრისტიანულ სახალხო ადგილად მიიჩნევენ. ეკლესიის პათეტიკური რიტუალების მიღმა, მოწმუნეებს სომხურ სოფლებში, უბრალოდ შეეძლოთ, მისულიყნენ ხაჩქართან და ელოცათ, ან ეფიქრათ.

სენვარის ტბის მახლობლად, ნორათუსის სასაფლაო

ხაჩქარის, როგორც ღმერთთან შუამავლის როლი აისახება ამოკვეთილ ფორმებში (იხილეთ ნორათუსის ქვაჯვრის ფოტო): ქვემოთ წრე, როგორც სამყაროს გამოსახულება და ზემოთ კი - ზეცა და უსასრულობა. შუაში ჯვარი მათი შემაკავშირებელია.

სევაკ არევშათიანი ვაიც ძორის პროვინციაში ხაჩქარს უღებს ფოტოს ჭექა-ქუხილის წინ.

არევშათიანის თქმით, ახალი, ნაკლებად ცნობილი ხაჩქარის აღმოჩენისას ყველაზე მღელვარე წუთები ისაა, როცა ნამუშევრით ამოიცნობ უკვე ცნობილ მკვეთავს.

„ჩემი კვლევისას დავადგინე, რომ მკვეთავი, სახელად ქირამი, ავტორია 80 ხაჩქარისა და საფლავის ქვისა, რაც ამ ხელობის ოსტატებისთვის რეკორდული რიცხვია“.

დეტალი 1600-იან წლებში, ჯულფაში შექმნილი ხაჩქარისა; ის ახლა ეჩმიაძინშია გამოფენილი, ერევნის მახლობლად.

ზოგიერთ ქვაჯვარზე შემსრულებელი ოსტატის სახელია ამოტვიფრული. ისტორიკოსების ვარაუდით, „ხელმოწერა“ დამკვეთის სიამაყის ნიშანია, რომ ხაჩქარი ქვაზე კვეთის ძველი ხელოვნების ასეთ ოსტატს გააკეთებინა.

მარტივი ქვაჯვარი სევანის ტბასთან

ხაჩქარებს სხვადასხვა ადგილას დგამდნენ ხოლმე. ბევრი ქვა საფლავებზეა აღმართული, სხვაგან ქვაჯვარი მოგებული ბრძოლის ან წმინდა გამოცხადების აღმნიშვნელია, ზოგიც - სოფლის დაარსებას გვაუწყებს.

ხაჩქარი გეღარდის მონასტერთან, ერევნის მახლობლად

აზერბაიჯანთან 2020 წლის ომის შემდეგ ათასობით ხაჩქარი აღმოჩნდა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელზეც ბაქომ აღადგინა კონტროლი. სომხეთში შეშფოთებული არიან, რომ მოვლა-გაფრთხილების პრობლემა შეიძლება გაჩნდეს.

1915 წლის ფოტო. სასაფლაო ჯულფაში ათასობით ხაჩქარით. ქალაქი ახლა აზერბაიჯანის ექსკლავში, ნახიჩევანში მდებარეობს. სასაფლაო დღეისთვის განადგურებულია.

2000-იან წლებში ჯულფის სასაფლაოს ხაჩქარები სისტემატურად ნადგურდებოდა, ჩანს, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ.

ხაჩქარი ვაიოც ძორის პროვინციაში. ტრადიციულად ქვაჯვარი დასავლეთით იყურება და დაისის დროს განათებულია.

არევშათიანს თავის გვერდზე ფეისბუკში უწერია თხოვნა: „გთხოვთ, ხაჩქარების ფოტოების გარდა ნურაფერს გამოაქვეყნებთ. ჩემთვის არასასურველია“.

რედაქტორის შენიშვნა: ზოგიერთი ფოტო ამ მასალაში გადაღებულია 1972 წელს საბჭოთა პერიოდში წარმოებული უკრაინული ფართოფორმატიანი აპარატით. კამერა იძლევა სიღრმის, ხანდახან კი ვიზუალური არასრულყოფილების შეგრძნებას.