ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან ამის შესახებ განცხადება 11 ნოემბრის საღამოს მერიის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაავრცელა:
„მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ. სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია“.
გურასპაშვილი, რომელიც ხაშურის მერი გახდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მადლობას უხდის ამომრჩეველს და განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” გუნდის წევრად რჩება.
ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გიორგი გურასპაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მერის მოვალეობას პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე შეასრულებს.
ხაშურის მერის შესაძლო გადადგომის შესახებ საუბარი დაიწყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე. 1 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გურასპაშვილი და ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ დუგლაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დეპუტატობის კანდიდატი მერს პირველივე ტურში ვერგამარჯვების გამო საყვედურობდა.
ასევე ნახეთ ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი თანამდებობიდან გადადგამაშინ ამ ვერსიას მხარეები უარყოფდნენ, თუმცა მერის მოსალოდნელ გადადგომაზე გავრცელებული ხმები უკვე დადასტურდა და ეს რომ არჩევნების შედეგს უკავშირდება, ხაშურში ეჭვი ბევრს აღარც ეპარება. გურასპაშვილის საქმიანობის შეფასებისას ხაშურელები ამბობენ, რომ მისი მმართველობის პერიოდში ადგილზე ბევრი არაფერი შეცვლილა.
თავად ხაშურის უკვე ყოფილი მერი, გიორგი გურასპაშვილი დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პირადი სურვილით მიიღო და მასზე გავლენა არავის მოუხდენია.
ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიიდან ზაალ დუგლაძე, გაერთიანებული ოპოზიციიდან კი ნატო ჩხეიძე გავიდნენ. პირველ ტურში დუგლაძემ ამომრჩეველთა ხმების 49% მიიღო, ჩხეიძემ კი 30%.
31 ოქტომბერს, საქართველოში მერის რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდა კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლასა და ქუთაისში. ამ მუნიციპალიტეტების არჩეულმა მერებმაც თანამდებობები საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს, კონკრეტული მიზეზების დაუსახელებლად. ვერსია მმართველ პარტიასთან მათი უთანხმოების შესახებ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.