რუსი ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების იმედი, რომ ანდრეი რუბლიოვის "სამება" რაღაც დროის განმავლობაში მაინც დარჩებოდა ტრეტიაკოვის გალერეაში, არ გამართლდა. ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, 4 ივნისს, სამების დღესასწაულზე, რუბლიოვის ქმნილება მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს. ვერ მოესწრო იმ დაზიანებების რესტავრაცია, რომელიც ხატს 2022 წლის ზაფხულში, წმინდა სერგის სამების ლავრაში გადატანის შემდეგ აღმოაჩნდა.
რუსი ხელოვნებათმცოდნეები ბოლომდე არ კარგავდნენ იმედს, რომ ეკლესია გაუფრთხილდებოდა რუბლიოვის შედევრს და მუზეუმიდან გატანას გადაიფიქრებდა, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა პუტინის, და არა ეკლესიის, შეუვალი პოზიცია.
3 ივნისს ანდრეი რუბლიოვის "წმინდა სამებამ" დატოვა მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დეპოზიტარიუმის სარესტავრაციო სახელოსნო - რუსეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, ორი კვირით, ხოლო პატრიარქ კირილეს თქმით, მთელი ერთი წლით. სპეციალისტების ერთსულოვანი აზრი, რომ ნებისმიერი მოგზაურობა დამღუპველია რუბლიოვის შედევრისთვის, უგულებელყოფილი იქნა რუსეთის როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების მიერ.
დიდი ალბათობით დაიღუპება
2023 წლის 15 მაისს გაიმართა სარესტავრაციო საბჭოს გაფართოებული სხდომის ოქმში დაფიქსირებულია ძეგლის მდგომარეობის გეგმური შესწავლის შედეგები სამების საკათედრო ტაძარში სამდღიანი (2022 წლის 16-19 ივლისი) მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ.
ოქმის თანახმად, კვლევამ „გამოავლინა ახალი სერიოზული პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა უძველესი ძეგლის რეკონსერვაციის შედეგად, კერძოდ:
ლევკასისა (თეთრი ცარცის გრუნტი) და საღებავის ფენის დაშორების 61 უბნის გარდა, გამოვლინდა 10 ახალი კერა. 5 მათგანი საჭიროებს სასწრაფო სარესტავრაციო გამაგრებას; გაიზარდა ბზარი დაფების მარჯვენა შეერთების გასწვრივ ანგელოზის სახისა და ფიგურის გამოსახულებაზე. ოქმში დეტალურად არის განმარტებული, თუ რა გამოკვლევები ჩაუტარდა ხატს: „გარდა ბინოკულარული მიკროსკოპით დათვალიერებისა, ჩატარდა ფოტო-ვიდეო-მიკროგადაღება, ასევე 3D სკანირება, რამაც შესაძლებელი გახადა დაფიქსირებულიყო მდგომარეობის ცვლილებების დინამიკა. სარესტავრაციო საბჭომ დაასკვნა: თუ ხატს ადგილზე არ დატოვებენ, იგი დიდი ალბათობით დაიღუპება.
24 მაისს პრესაში კომენტარი გამოაქვეყნა რუსეთის საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარემ, დეკანოზმა ლეონიდე კალინინმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მთავარი „სამების“ დაცულობაა და, რომ არსებობდა კითხვები მისი ტრანსპორტირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუბლიოვის ხატის ნაცვლად მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დაესვენებინათ ასლი. დეკანოზმა ლეონიდე კალინინმა სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხხრა, რომ აბსოლუტურად, სრულად იზიარებდა მუზეუმის თანამშრომლების შეშფოთებას.
"ეკლესიას ადრე აღიქვამდნენ, როგორც რაღაც ბნელ, ჩამორჩენილ საშინელ ძალას, რომელსაც სურს გაანადგუროს ყველაფერი... ობსკურანტიზმი და ა.შ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ სიწმინდეებზე“, - განაცხადა კალინინმა საბჭოს სხდომაზე.
ზეციური მხედრობის იმედად
24 მაისსვე ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორი ელენა პრონიჩევა შეხვდა პატრიარქ კირილეს, რომელსაც სარესტავრაციო საბჭოს დასკვნა გააცნო და უთხრა, „სამების“ მდგომარეობა ისეთია, რომ მისი გადატანა შეუძლებელიაო. შეხვედრის შედეგი მუზეუმის მუშაკებმა აღიქვეს, როგორც პატრიარქის თანხმობა, დაეტოვებინა ხატი სარესტავრაციო სახელოსნოში, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდებოდა - და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეტანათ იგი ეკლესიაში, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო ვლადიმირ პუტინმა. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს მოსკოვის საპატრიარქოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, პუტინის გადაწყვეტილება სიურპრიზი აღმოჩნდა თვით საპატრიარქოსთვისაც კი.
ვლადიმირ პუტინის მცდელობაზე, თავის საქმეებში ჩარიოს ზებუნებრივი ძალები და ზეციური მხედრობა, რომელიც დაეხმარება მას უკრაინის დამარცხებაში, ბევრი ითქვა საჯარო სივრცეში. პოლიტიკის ექსპერტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, DW-ის კოლუმნისტმა ივან პრეობრაჟენსკიმ ისიც გაიხსენა, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე დაუბრუნა ალექსანდრე ნეველის ლუსკუმა:
„ალექსანდრე ნეველი, მოგეხსენებათ, რუსული არმიის მფარველია. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე აძლევენ ანდრეი რუბლიოვის "სამებას", რომელიც ერთიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა. როგორც ჩანს, იმავე მითოლოგიისა და ჩეკისტური მართლმადიდებლობის ფარგლებში, „სამების“ გადაცემაც უნდა ემსახურებოდეს რუსეთის გაძლიერებას, რომ ის უკრაინასთან ომის დროს არ დაიშლება“.
26 მაისს, პატრიარქ კირილეს ბრძანებულებით, ლეონიდე კალინინი არა მხოლოდ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, არამედ მღვდელმსახურებაც კი აუკრძალეს მას „რუბლიოვის "სამების" ტაძარში გადატანის შეფერხებისთვის".
რუსეთის პატრიარქის გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ლეონიდე კალინინმა განაცხადა:
"ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო ის, რაც შემიძლია, შესაძლოა ვცდები. როგორც ჩანს, რაღაც შეცდომა დავუშვი".
მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზი საავადმყოფოში მოხვდა, რომ „წვეთოვანი უდგას და გული ცუდ მდგომარეობაში აქვს“.
„არსებობს კანონიკური სამართალი, არსებობს კანონიკური სამართლის გამოყენების პრაქტიკა და არის სახარება, - არის სამი ასეთი განსხვავებული განზომილება, რომლებიც ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს“, - ამბობს მღვდელმონაზონი დიმიტრი (პერშინი), რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მისიონერულ საქმიანობას მოსკოვში. - მამა ლეონიდესთან დაკავშირებით ვითარება საინტერესოა, რადგან რესტავრატორთა კრებაზე დასწრებისას მან მოისმინა ექსპერტების არგუმენტები და კენჭისყრისას, ალბათ, ვერ თქვა უარი ლოგიკაზე, დამაჯერებელ არგუმენტებსა და, ბოლოს და ბოლოს, სინდისზე. ყველა დათქმის გათვალისწინებით, მან მხარი დაუჭირა ხელოვნებათმცოდნეებს, რომლებიც რუბლიოვის სამების დასაცავად გამოვიდნენ. რამდენიმე წლის წინ ასეთი ჟესტი შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მაგრამ ახლა ეს გადაწყვეტილება ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა. დღეს უკიდურესად იშვიათია სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა“.
4 ივნისს, როდესაც რუბლიოვის „სამება“ გადაიტანეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, არ შეისმინეს. ექსპერტების არგუმენტები.
„ტრეტიაკოვის გალერეის სარესტავრაციო საბჭო საკმაოდ სერიოზული და აბსოლუტურად პროფესიონალური ორგანოა, სადაც ყველა წამყვანი რესტავრატორისა და ხელოვნებათმცოდნის მოსაზრება, გამონაკლისის გარეშე, ცალსახა იყო: არ შეიძლება "სამების" გადაცემა და მისი სადმე გადატანა, ამან შეიძლება ძეგლის განადგურება გამოიწვიოს, - ამბობს ხელოვნების ისტორიკოსი, ბიზანტოლოგი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო კულტურის ინსტიტუტის თანამშრომელი ალექსეი ლიდოვი, - ასეთია სარესტავრაციო საბჭოს მთავარი დასკვნა, რომლის საფუძველზე, ტრეტიაკოვის გალერეამ, როგორც მუზეუმმა, რომელიც ინახავდა ხატს მრავალი ათეული წლის განმავლობაში, გადაწყვიტა უარი ეთქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ეს არის ტრეტიაკოვის გალერეის ოფიციალური პოზიცია მთელი მისი სახელმწიფო სტატუსის გათვალისწინებით. რადგან, ბოლოს და ბოლოს, „სამების“ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ტრეტიაკოვის გალერეა. შესაბამისად ჩამოაყალიბა კიდეც თავისი უკიდურესად მკაფიო პოზიცია“.
ასევე ნახეთ რუბლიოვის შედევრის ბედი ჩეკისტურ მართლმადიდებლობაშითუმცა, ხელოვნებათმცოდნეებისა და გალერისტების ერთსულოვნებამ საქმეს არ უშველა. მეტიც, მათი პოზიცია გაიზიარეს სახელმწიფო მუზეუმების ხელმძღვანელებმაც, მაგრამ, როგორც ალექსეი ლიდოვი ამბობს, უმაღლესმა ხელისუფლებამ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო პროფესიული საზოგადოებისა და ინტელიგენციის (მათ შორის ე.წ. მართლმადიდებელი ინტელიგენციის) აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად.
„რუბლიოვის „სამების“ ამბავი გადაიქცა პოლიტიკურ სიუჟეტად, ე.წ. ლიბერალურ ინტელიგენციაზე გამარჯვების ერთგვარ თვალსაჩინო სიმბოლოდ. ამბავი ტრაგიკულია, რადგან შიში ხატისა და ძველი რუსული ხელოვნების უმთავრესი შედევრის ბედის გამო საკმაოდ სერიოზულია“, - ამბობს ლიდოვი, რომლის თქმითაც, ამ შიშებს უფრო მეტად ამყარებს ის ფაქტი, რომ ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომლებმა დოკუმენტურად დააფიქსირეს, თუ როგორ დაუდევრად ექცეოდნენ "სამებას" შარშან ზაფხულში, როცა იგი წმინდა სერგის სამების ლავრაში გადაიტანეს. შედგენილი იქნა გრაფიკი, სადაც ნაჩვენებია ტემპერატურის ვარდნა 21-დან 25° გრადუსამდე და ტენიანობის ცვლილება 46%-დან 62%-მდე.
„საკათედრო ტაძარში ვიტრინის (რომელშიც ხატი იყო მოთავსებული) ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმი რეგულირდებოდა ხელით - ვენტილაციის, კონდიციონერების ჩართვა/გამორთვის და მორწმუნეების შეძლებისდაგვარად შეზღუდვის გზით“, - ნათქვამია სარესტავრაციო საბჭოს გაფართოებული კრების ოქმში. სწორედ ამის შემდეგ გაიზარდა ტილოს აბურცული და საღებავის აქერცლილი უბნების რაოდენობა. ოქმში ლაპარაკია იმაზე, რომ „საღებავი აიქერცლა ანგელოზების თმების გამოსახულების კონტურის გასწვრივ“ და, რომ გაჩნდა ოთხი განსაკუთრებულად სახიფათო უბანი, საიდანაც შეიძლება ჩამოცვივდეს როგორც ლევკასი (გრუნტი), ასევე საღებავის ფენები.
„15 წლის წინ მონაწილეობა მივიღე სარესტავრაციო საბჭოს სხდომებში, მოსმენილი მაქვს რესტავრატორების დეტალური ანგარიშები, - ამბობს ალექსეი ლიდოვი, - ეს ყველაფერი მართლაც ჰგავს ისეთი მძიმე ავადმყოფის სამედიცინო დასკვნას, რომელსაც ძალიან ცოტა ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. დაფების მდგომარეობა ცუდია, გადაადგილებასთან დაკავშირებული საფრთხე უზარმაზარია. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის რუსული ხატწერის მთავარი ნამუშევარი მსოფლიოსთვის, რომლის მიხედვითაც დასავლეთ ევროპის ზოგიერთ უნივერსიტეტში სპეციალიზებულ კურსებს კითხულობენ. რომის უნივერსიტეტში, მთელი კურსი ეძღვნება რუბლიოვის „სამებას“. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი, თუმცა ეს ფაქტორი, აშკარაა, რომ მოცემულ ვითარებაში, არ ყოფილა გადამწყვეტი“.
ალექსეი ლიდოვის თქმით, არცერთ სპეციალისტს არ სურდა ხელისუფლებასთან დაპირისპირება, არ სურდა კონფლიქტი, მათ უბრალოდ მოახდინეს არსებული ვითარების კონსტატირება: დააფიქსირეს სასიკვდილო საფრთხე, რომელიც „სამებას“ ემუქრება.
„ის, რომ საბოლოოდ გადაწყდა ამ დასკვნის ფეხებზე დაკიდება, კრიმინალური გადაწყვეტილებაა“, - ამბობს მეცნიერი, რომლის თქმითაც, რუბლიოვის „სამებასთან“ დაკავშირებული მთელი ეს ამბავი 30 წელია გრძელდება:
„90-იანი წლების დასაწყისიდან ეკლესია ამ ხატის გადაცემას ითხოვს. რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები რეგულარულად იკრიბებიან და ამბობენ, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს. 2010 წლის სარესტავრაციო საბჭოზე, თავად ბერებმა, მას შემდეგ რაც მოისმინეს რესტავრატორების დასკვნა, საჯაროდ თქვეს უარი ხატის გატანაზე, რათა საფრთხეში არ ჩაეგდოთ ეროვნული სიწმინდე“.
ხატია თუ კერპი?
როგორც რუსი ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რუბლიოვის „წმინდა სამება“, რა სახითაც მსოფლიო იცნობს მას, მრავალი საუკუნის განმავლობაში არავის ენახა, მათ შორის არც რუს მღვდელმთავრებს და არც მლოცველებს. ხატი XX საუკუნის 20-იან წლებამდე დაფარული იყო გვიანდელი მხატვრობით. გარდა ამისა, გაკეთებული ჰქონდა ძვირფასი მოჭედილობა, საიდანაც მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტები - სახე და ხელები მოჩანდა.
„მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ზოგიერთი მორწმუნის აღქმაში ეს არის ერთგვარი რელიკვია - წმინდა საგანი, რომელსაც ნებისმიერი რელიკვიის მსგავსად, სასწაულების მოხდენის უნარი აქვს. სწორედ ამიტომ ბრძოლა მიმდინარეობს სასწაულმოქმედი დაფისთვის და არა მსოფლიო ხელოვნების შედევრისთვის. ხატი რომ დაიღუპოს, აუცილებლად დარჩება დაფის ნაჭერი, რომელიც ბევრისთვის ისეთივე სიწმინდე ექნება, როგორიც დღეს არის, - ამბობს ანდრეი ლიდოვი, - მათთვის არაფერი შეიცვლება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, ღმერთი არ დაუშვებს ხატის დაღუპვასო. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული არგუმენტია, მაგრამ როცა ყველა პროფესიონალი ერთხმად ამბობს, რომ საფრთხე რეალურიაო, უცნაურია ამის იგნორირება. იკრიბება ექიმთა კონსილიუმი, რომელიც ერთხმად ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს განუკურნებელ კიბოსთან. შეგიძლიათ ილაპარაკოთ: არა, მე კიბოთი არ მოვკვდები, უფალი არ დაუშვებსო. დაახლოებით ასეთი ხარისხის დამაჯერებლობის არგუმენტია“.
მღვდელმონაზონი დიმიტრი (პერშინი) კი ამბობს, რომ თავდაპირველად პატრიარქ კირილეს თხოვნა უფრო მოკრძალებული იყო: ხატის გადაცემა მხოლოდ სამების დღესასწაულზე ითხოვა, ეკლესიისთვის სამუდამოდ გადაცემის გადაწყვეტილება კი პრეზიდენტმა მიიღო.
„გაკვირვებული ვარ ახალი ამბებით, სადაც საკვანძო სიტყვად გამოყენებული იყო „თაყვანისცემა, - აღნიშნა მღვდელმონაზონმა, - ხატს გადასცემენ თაყვანისცემისთვისო, მაგრამ მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ ესწავლებათ, რომ მე-7 საეკლესიო კრებამ, რომელიც ხატების საკითხს ეძღვნებოდა, ძალიან ნათლად განსაზღვრა, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს მიემართება. არ ვეთაყვანებით წმინდა ხატებს ისე, როგორც ღმერთს, არამედ მივაგებთ მათ შესაფერის პატივს. ხატი საღებავებში აღბეჭდილი სახელია და ჩვენი პატივისცემა მიმართულია იმისკენ, ვინც გამოსახულია ხატზე, ვისზეც ვლოცულობთ და არა დაფებისა და მინერალებისგან გაკეთებული საღებავებისკენ. ამიტომ, მსჯელობისას, რა არის ხატი და რა - არა, VII მსოფლიო საეკლესიო კრება სიძველეს საერთოდ არ ახსენებს".
მღვდელმონაზონ დიმიტრის (პერშინის) თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ რუბლიოვის "სამების" რეპროდუქციის ან ასლის წინაშე ლოცვა არაფრით განსხვავდება ორიგინალის წინ ლოცვისგან. შესაბამისად, რუბლიოვის „წმინდა სამების“ ორიგინალის ტაძარში გადატანას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ლოცვისთვის და არც მლოცველებისთვის.
3 ივნისს რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამება მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მთელი წლის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მას წმინდა სერგის სამების ლავრაში გადაასვენებენ, ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა. პატრიარქის ახალ განცხადებაში ხატის რესტავრაციის ან მდგომარეობის მონიტორინგის შესახებ არაფერია ნათქვამი.