ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულობაზე, ასევე იმაზეც, რომ უნდა მიიღო იმ ქვეყნის წესი და რიგი, სადაც ცხოვრობ. ხატია ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ახალგაზრდობა საქართველოში, რომელსაც ევროპული ღირებულებები აქვს შეთვისებული, უკეთესობისკენ შეცვლის ქვეყანას, რაც მომავალი არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
ახლა ხატია ოჯახთან ერთად, - მასა და იოან შამულოს ორი ვაჟი ჰყავთ, - ნიცაში ცხოვრობს.
ხატიას ქმარი ადრე მორაგბე იყო, ბათუმშიც უთამაშია, ახლა ნიცაში მუშაობს და ხატიაც აქვე, საფრანგეთის მშვენიერ სამხრეთში ქმნის მოდას.
ჩაწერა პოდკასტისთვის დილისთვის დამინიშნა, ბავშვები ქმარს უნდა დავუტოვო და სამსახურში რომ გავეშურები, შუალედში ვილაპარაკოთო. ნიცის ქუჩებში გაგანია ტურისტულ სეზონზე მყუდრო ადგილის მოძებნა იოლი არ აღმოჩნდა, ამიტომ ჩამოჯდა კაფეში ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ სახლში ნაპოლეონ ბონაპარტს უცხოვრია, სანამ მე-18 საუკუნის ბოლოს სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდა.
პარიზის დატოვება და ნიცაში გადასვლა იოლი არ იყო ხატიასთვის, მაგრამ ზღვისპირა ალპების დეპარტამენტს თავისი ხიბლი აქვს, აქ შექმნილი მოდა თავისი ფერადოვნებით გამოირჩევაო, ამიხსნა.
ერთი პერიოდი შანელის ტყავის საწარმოში მუშაობდა, მაგრამ ნიცაში გადასვლის გამო მისი დატოვება მოუხდა. გვიან მივხვდი, რომ თურმე დაწინაურებას მიპირებდნენ და მე კი წამოვედიო, მითხრა ხატია ზურაბაულმა, მაგრამ ამიხსნა, რომ არ ნანობს, რადგან ნიცაში თავისი ქართული ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თანაც მშვენიერ ატელიეში მოეწყო სამუშაოდ, სადაც თავიდან სტილისტი იყო და შემდეგ დააწინაურეს - წარმოება ჩააბარეს.
ხუთი წლის წინ, როცა ილია სამურგანიდისთან ერთად ხატიაზე მოკლე ფილმი გადავიღეთ, თავისი კრედო - მიზანი გამიზიარა: ესაა „ჩემი თავის რეალიზება ბოლომდე, ჩემი შინაგანი სამყაროს წარმოდგენა და სხვებისთვის ჩვენება - ესაა მნიშვნელოვანი, ესაა მიზანი, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს შინაგან ემოციას, განწყობას“, - მითხრა მან და დაამატა, რომ სამოსი მხოლოდ იმისთვის არაა, სხეული დაფარო, არ გციოდეს.
თავის ბიჭუნებს ხატია თვითონ მოსავს, მაგრამ სინანულით ამბობს, რომ იოანს, რომელიც დაახასიათა, როგორც „ქართული სულის მქონე“, ვერ შეუსრულა ძველი თხოვნა თუ სურვილი - შეუკეროს ქაშმირის სამოსი.