ხარკოვთან დაღუპულ პარამედიკოსს მთელი უკრაინა დაემშვიდობა

1 ივნისს ირინა ციბუხს 26 წელი შეუსრულდებოდა. პროფესიით ჟურნალისტი, სამხედრო სპეციალობით პარამედიკოსი, 29 მაისს, როტაციის დროს ხარკოვის მიმართულებაზე დაიღუპა.

2 ივნისს კიევში, 3-ში კი ლვოვში ასეულობით ადამიანი გამოეთხოვა ხარკოვის მისადგომებთან დაღუპულ 25 წლის უკრაინელ ჟურნალისტსა და პარამედიკოს ირინა (ჩეკა) ციბუხს, რომელსაც ერთ-ერთმა მისმა კოლეგამ "ერის საუკეთესო შვილი" უწოდა.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის "სუსპილნეს" ჟურნალისტი, მედიატრენერი და დოკუმენტალისტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე, შეუერთდა ბატალიონ "ჰოსპიტალერებს", რომლის შემადგენლობაში ირინა ციბუხმა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში - უგლედარის, ავდეევკის, მარინკისა და ბახმუტის მახლობლად არაერთი დაჭრილი ჯარისკაცის დახმარება და გადარჩენა მოახერხა.

გამოჩენილი მამაცობისა და პროფესიული თავდადებისათვის, 2023 წელს ირინა ციბუხს თავად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადასცა ერთ-ერთი საპატიო ჯილდო: მესამე ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“.

„ჩემს დაკრძალვაზე არ მოიტანოთ ყვავილები"

უკრაინის დედაქალაქი, სადაც რუსეთთან ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მხედრული პატივით გამოთხოვება ლამის ყოველდღიურობად იქცა, 2 ივნისს უჩვეულო სანახაობის მოწმე გახდა. იმ დღეს კიევის ცენტრში "მაიდან ნეზალეჟნოსტიზე" ასეულობით სამხედრო, მოხალისე, ომის ვეტერანი და ჟურნალისტი შეიკრიბა, რათა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ ფრონტზე დაღუპული 25 წლის ირინა ციბუხი.

ირინას ანდერძის თანახმად, მიხაილოვის ტაძრიდან "მაიდნამდე" მას სამხედრო ფორმებსა და ეროვნულ ნაციონალურ სამოსში (ვიშივანკა) გამოწყობილები მიაცილებდნენ

„ჩემს დაკრძალვაზე ან სამხედრო ფორმით მოდით, ან ვიშივანკით. არ მოიტანოთ ყვავილები. ფული შესწირეთ ან „ჰოსპიტალიერებს“ ან დაღუპული სამხედროების ოჯახებს“, - წერდა ირინა ციბუხი თავის ერთ-ერთ ბოლო წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში დაღუპული პარამედიკოსის ძმამ, იური ციბუხმა გამოაქვეყნა.

ირინა ციბუხთან გამომშვიდობების დროს "მაიდანზე" ისმოდა ის სიმღერები, რომლებიც თავად შეარჩია. "მინდა ყველამ იმღეროს გამომშვიდობების დროს, ისწავლონ მინიმუმ ათი შინაარსიანი სიმღერა და ერთად იმღერონ, რათა ამ სიმღერით გაუქარვონ დარდი (დაღუპულის) ჭირისუფალს", - წერდა იგი.

„მას მრავალი გეგმა ჰქონდა, მაგრამ რუსეთმა ყველაფერი შეწყვიტა. სიკვდილამდე დაწერილ წერილში იგი წერს: „ყველაზე დიდი ფასეულობა ეს თავისუფლებაა", - თქვა იური ციბუხმა.

პარამედიკოს ირინა ციბუხთან გამომშვიდობების დროს "მაიდანზე" ისმოდა ის სიმღერები, რომლებიც თავად შეარჩია.

ამ თავისუფლებისათვის ირინა ციბუხი ჯერ იბრძოდა როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ხოლო 2014 წელს, როდესაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ დონბასში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, ირინა ციბუხი რამდენიმე როტაციით ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა როგორც მოხალისე მედიკოსი.

უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელში (სუსპილნე) მუშაობის განმავლობაში ირინა 2018 წელს კონკურს "საუკეთესო რეპორტაჟის" ფინალში გავიდა, ხოლო 2021 წელს კონკურს "პროფესიული ღირსების" გამარჯვებული გახდა ნომინაციაში "საუკეთესო პუბლიცისტიკა ადგილობრივ მედიაში".

"ყველაზე რთული არის ის, რომ ჯერ შენ უნდა გადარჩე"

მაგრამ რუსეთის მიერ გაჩაღებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა ირინა კვლავ აიძულა მიეტოვებინა თავისი პროფესია და ბატალიონ "ჰოსპიტალიერს" შეერთებოდა. ამ ბატალიონთან ერთად კვეთდა ირინა ციბუხი ფრონტის ხაზს, ეხმარებოდა დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს და უხიფათო ადგილებში გაჰყავდა.

ზოგჯერ ასეთი ამოცანის შესრულება მედიკოსებს ცეცხლის ქვეშ უხდებათ, მტერი პირდაპირ ნადირობს ჩვენზე, - ამბობს უკრაინაში მოქმედი „ინტერნაციონალური ლეგიონის“, ჯგუფ „ბრავოს“ ექიმი ქეთი ლეშკაშელი.

"ყველაზე რთული არის ის, რომ ჯერ შენ უნდა გადარჩე. არადა სასწაულებრივად სულ ისე ხდება, რომ პირველი რატომღაც მედიკოსი იჭრება და ამის გამო მერე ყველა ექიმის გარეშე რჩება", - ამბობს ქეთი ლეშკაშელი.

„მედიკოსები ფრონტის ხაზზე მუშაობენ [საევაკუაციო მფრინავ საშუალებებზე-რედ] "კეისავაკზე" (Casevac) "მედავაკზე" (Medevac) და სტაბილიზაციის პუნქტში. "კეისავაკი" ფრონტის ხაზამდე სამ კილომეტრში მიდის და გამოჰყავს დაჭრილი, "კეისავაკიდან" გადაჰყავთ დაჭრილი "მედავაკზე", რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 9-10 კილომეტრში დგას. "მედავაკში" არის თითქმის ყველანაირი სამედიცინო აღჭურვილობა. და "მედავაკს" მიჰყავს უკვე დაჭრილი სტაბილიზაციის პუნქტამდე. ეს არის საველე ჰოსპიტალი, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 18-20 კილომეტრში. მაგრამ არიან მედიკოსები, როგორც მე, რომლებიც უშუალოდ გადაადგილდებიან ჯარისკაცებთან ერთად. ასეთები ვართ მე, ჩემი დაქალები და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა სხვადასხვა ბრიგადებიდან.

ყველაზე რთული არის ის, რომ ჯერ შენ უნდა გადარჩე. არადა, სასწაულებრივად სულ ისე ხდება, რომ პირველი რატომღაც მედიკოსი იჭრება და ამის გამო მერე ყველა ექიმის გარეშე რჩება. მეც იმიტომ მაქვს მიღებული რამდენიმე ჭრილობა“, - ეუბნება ქეთი ლეშკაშელი რადიო თავისუფლებას.

29 მაისს ხარკოვის მიმართულებაზე, რომელსაც რუსეთი თითქმის მთელი თვეა უტევს გააფთრებით, მორიგ როტაციას ელოდებოდა 25 წლის პარამედიკოსი ირინა ციბუხი, რომელიც ტყვიამ იმსხვერპლა. იგი 1 ივნისს 26 წლის უნდა გამხდარიყო.

„ჩვენ დავემშვიდობეთ ერის საუკეთესო შვილს. ადამიანს, რომელსაც უნდა ეცხოვრა, რომელსაც უნდა ყვარებოდა და უბრალოდ უნდა გაეხარა ცხოვრებით", - თქვა კიევის "მაიდანზე", ირინა ციბუხთან დასამშვიდობებლად მისულმა ჟურნალისტმა ვალენტინა გუროვამ.

კიევიდან ირინა ციბუხის ნეშტი 3 ივნისს მშობლიურ ლვოვში გადაასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს ლიჩაკოვის სასაფლაოზე, სადაც რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი გმირები განისვენებენ.