ქუთაისის ისტორიულ ნაწილში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ახლახან რეკონსტრუირებული „თეთრი ხიდის“, ხარვეზებმა მისი ოფიციალური გახსნიდან ორ დღეში იჩინა თავი. გამვლელები ბოლომდე მიუყვანელი სამუშაოების შედეგებს ამჩნევენ, მათ შორის ხიდის საფეხმავლო თუნუქის საფარზე.
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისის მერიამ 3 ნოემბერს საზეიმოდ გახსნილ „თეთრ ხიდზე“ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება უკვე დაავალა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, „ალმა-რუს საქართველოს“. როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, ხიდი გაიხსნა, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტი ჯერ არ გაფორმებულა და კომპანიისთვის ჯერ არ გადაუხდიათ დარჩენილი 170 ათასი ლარი.
შეკითხვაზე, რატომ გაიხსნა ხიდი სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე და ჩაბარებამდე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიპასუხეს, რომ კომპანიამ არსებითი სამუშაოები უკვე დაასრულა და დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება, რაც ზედაპირის კოსმეტიკურ სამუშაოებს მოიცავს. ქუთაისის მერიის ოფიციალური განცხადებით, ხარვეზებზე კომპანიას მიუთითეს სამსახურებმა, რომლებიც პროექტს ზედამხედველობას უწევენ. მერიის ინფორმაციით, დარჩენილ თანხას კომპანია მიიღებს სამუშაოს სრულყოფილად დასრულების შემდეგ და შესაბამისი ჯარიმის გამოქვითვით. კომპანია „ალმა-რუს საქართველოს“ „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია 22 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადა ორჯერ გაუხანგრძლივდა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე კომპანიას 240 ლარის ჯარიმა ერიცხება. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ყურაშვილის, განცხადებით, ხიდზე გადაადგილება საფრთხისშემცველი არ არის მიუხედავად იმისა, რომ საფეხმავლო ნაწილზე თუნუქის რამდენიმე ფილა დაუმაგრებელია. ყურაშვილის თქმით, საფეხმავლო ნაწილის დაზიანება გამოიწვია ხიდზე მოტოციკლეტებით და სკუტერებით გავლამ. ბექა ყურაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ „თეთრი ხიდი“ მხოლოდ საფეხმავლოა.
„თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქციის პროცესში მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანი იყო. ხშირად ისმოდა კრიტიკა სამუშაოების ხარისხისა და ვადების დარღვევის გამო, თუმცა ხიდის ოფიციალურად გახსნისას ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ ხიდი ქუთაისელთა უმეტესობას მოსწონს.
რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ქუთაისელების ნაწილი ამბობს, რომ „თეთრი ხიდის“ ამ ფორმით რეკონსტრუირება მოსწონთ, ნაწილის განცხადებით კი, ხიდის საბოლოო სახე წარმოდგენილი პროექტისგან განსხვავდება და უკეთეს შედეგს ელოდნენ.
„თეთრი ხიდის“ უსაფრთხოების შესახებ გამოთქმულ ეჭვს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ხიდის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის საექსპერტო დასკვნის ავტორი ჯონი ნასარეია, რომელიც ხიდის ტექნიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებს. ჯონი ნასარეიას მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნით, რეაბილიტაციის შედეგად „თეთრი ხიდის“ მზიდ კონსტრუქციებზე სტატიკური დატვირთვა მის კონსტრუქციულ მდგრადობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. მისივე განცხადებით, წინა საუკუნეში „თეთრი ხიდი“ საავტომობილო გადაადგილების საშუალება იყო და, შესაბამისად, მისი კონსტრუქცია საავტომობილო დატვირთვაზეა გათვლილი. 80-იან წლებში ხიდზე დააგეს ასფალტი, რომლის წონა ბევრად აღემატება ამჟამინდელი საფარის წონას. ჯონი ნასარეიას განცხადებით, ამჟამად ხიდი მხოლოდ საფეხმავლოა და დატვირთვა ბევრად ნაკლებია, ვიდრე იყო:
ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარე „თეთრი ხიდი“, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პუშკინისა და გრიშაშვილის ქუჩებს, ავტომობილებისთვის 10 წლის წინ დაიკეტა. „თეთრი ხიდი“ ქუთაისში მდინარე რიონზე მდებარე ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უძველესია. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ ხიდს „თეთრი“ მისი შეფერილობის გამო უწოდეს.