იმერეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოების წესები არ არის დაცული ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. დარბაზის ირგვლივ და სართულებზე არ არის განთავსებული შესაბამისი სტენდები და აღჭურვილობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელ იოსებ ჯიმშელეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შარშან, შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების საკონტროლო შემოწმების შემდეგ, თეატრი დარღვევების გამო დაჯარიმდა, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები კვლავ დაუცველია.
Your browser doesn’t support HTML5
ხანძრების არასასურველი სტსტისტიკა
- სახანძრო უსაფრთხოების წესები არ არის დაცული ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.
- ბოლო წლებია, თეატრის ადმინისტრაცია საკუთარი ძალებით ცდილობს ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას.
- ქუთაისის ოპერის თეატრისგან განსხვავებით, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ხალხმრავალ ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში, „ქარვასლაში“, შესაბამისი აღჭურვილობა უსაფრთხოების წესების გათვალისწინებითაა განთავსებული.
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის, თორნიკე მარჯანიშვილის, განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს თეატრის შენობის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა, შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და დაცული, რის გამოც, ბოლო წლებია, თეატრის ადმინისტრაცია საკუთარი ძალებით ცდილობს ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას. თორნიკე მარჯანიშვილის ინფორმაციით, საქართველოს კულტურის სამინისტროსგან, რომელსაც თეატრი ექვემდებარება, უკვე მიიღეს დაწვრილებითი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოეწყოს უსაფრთხოების სტენდები.
ქუთაისის ოპერის თეატრისგან განსხვავებით, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ -ერთ ხალხმრავალ ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში, „ქარვასლაში“, შესაბამისი აღჭურვილობა უსაფრთხოების წესების გათვალისწინებითაა განთავსებული. როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორი მერაბ სალდაძე აცხადებს, საევაკუაციო გეგმა შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზეა გაკრული, მოწყობილია სათანადო სტენდები და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობას შესაბამისი სამსახური, კანონის თანახმად, წელიწადში ერთხელ საკონტროლო შემოწმებას უტარებს. ამასთან, სავაჭრო ცენტრს ემსახურება კერძო დაცვის სამსახური, რომლის თანამშრომლები სპეციალურად არიან მომზადებულნი.
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურის მახლობლად, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლში“ ყოველთვის ხალხმრავლობაა. მისი დირექტორი, ნატო დანელია, ამბობს, რომ სახანძრო უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას აქცევენ და ყველა წესს იცავენ.
ხანძრის შემთხვევაში ხალხმრავალ ადგილას მოქცევის წესების შესახებ ინფორმაცია არა აქვს რადიო თავისუფლების რესპონდენტს, ლელა ჯანელიძეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილზე საევაკუაციო გეგმა, სახანძრო სტენდი და ცეცხლმაქრები უნახავს და შენობას სათადარიგო კიბეც აქვს, არ იცის, როგორ გამოიყენება ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, ან როგორ უნდა მოიქცეს ხანძრის დროს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში იყო ხანძრის 10 000–ზე მეტი შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 50-მდე ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ამავე ხანებში ხანძრის შედეგად დაშავდა 250 ადამიანი, განადგურდა 400-ზე მეტი შენობა-ნაგებობა და დაზიანდა 1000. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 2016 წელს, წინა წლებთან შედარებით, თითქმის უცვლელია.