ხანძარმა სიღნაღში სასტუმრო, რესტორნები და მაღაზია გაანადგურა

სასტუმრო, ორი რესტორანი და მაღაზია დაიწვა დღეს სიყვარულის ქალაქად წოდებულ სიღნაღში. მეპატრონეები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურასთან ერთად განადგურდა თითქმის ყველაფერი - ავეჯი, ტექნიკა და პროდუქტი. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ახალი, თანამედროვე ტექნიკის პირობებში, სიღნაღში ხანძრის მასშტაბები ნაკლები იქნებოდა. შენობა, რომელიც დაიწვა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ხანძრის გაჩენის მიზეზი.

სიღნაღში, დადიანისა და ლოლაშვილის ქუჩების კვეთაზე გაჩენილმა ხანძარმა ერთ სივრცეში მოთავსებული ოთხი ობიექტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. დამწვარია სასტუმრო და რესტორანი „სარაჯიშვილი“, რესტორანი „ნიკალა“, ასევე სუვენირებისა და ღვინის გაერთიანებული მაღაზია. მეპატრონეები ამბობენ, რომ ზარალი დიდია, რადგან ინფრასტრუქტურის გარდა დამწვარია სასტუმროსა და რესტორნების ავეჯი, ასევე ტექნიკა, მაღაზიაში კი პროდუქტი განადგურდა. რესტორნისა და სასტუმრო „სარაჯიშვილის“ მფლობელი ლიკა ბოსტოღანაშვილი ამბობს, რომ არც ერთი ნივთი არ დარჩა, რომელსაც ხანძრის კვალი არ აჩნდეს.

„რაც შეიძლებოდა რომ რესტორანს ჰქონოდა, ყველაფერი გაგვაჩნდა. სამზარეულოში ახლად შეძენილი ტექნიკა გვქონდა. ვცვლიდით ეტაპობრივად ყველაფერს. ავეჯი, ინვენტარი, პროდუქტის დიდი მარაგი გვქონდა და ყველაფერი განადგურდა“.


პირველი ოქტომბრის დილით გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა რესტორანი „ნიკალაც“. მფლობელი ლევან შარიაშვილი ამბობს, რომ ხანძრის გაჩენის მომენტში ობიექტზე იმყოფებოდა, თუმცა შენობიდან მალევე გამოიყვანეს და გარედან ადევნებდა თვალს, თუ როგორ იწვოდა რესტორნის ფასადი.

„არაფერი გადარჩა, ყველაფერი დაიწვა, რაც კი მქონდა. რა მოხდა, მიზეზი არ ვიცი. რესტორნისთვის რაც მჭირდებოდა, ყველაფერი მქონდა და აღარაფერი გადარჩა. მე თვითონ ადგილზე ვიყავი. ჯერ ცეცხლი არ ჰქონდა მოკიდებული, ბოლი ასდიოდა და არ შეგვიშვეს შიგნით, რომ უფრო უარესი იქნებაო“, - განაცხადა რესტორან „ნიკალას“ მფლობელმა.


ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ სახანძრო ტექნიკა, რომელიც სიღნაღს აქვს, საბჭოთა მემკვიდრეობაა, გაუმართავია და რეალურად უძლურია მსგავს პროცესებთან გასამკლავებლად. სიღნაღელთა ნაწილის თქმით, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებიდან დამატებით 7 ჯგუფი ჩავიდოდა, ადგილზე 2 მანქანა მუშაობდა და მათ ცეცხლი დროულად ვერ ჩააქრეს.

„დავინახე, რომ რესტორანს ცეცხლი ეკიდა და იწვოდა. სიღნაღს ერთი სახანძრო მანქანა ჰყავს და მალე მოვიდა, მაგრამ ეს მანქანა ძალიან ძველია. მალე წყალი გაუთავდა და ვიდრე სხვა რაიონებიდან მოვიდნენ დამატებით მანქანები, შენობა დაიწვა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცეცხლი ამ დროისთვის სრულიად ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელიც დაიწვა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი გვეუბნება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ძეგლის აღდგენის თაობაზე კონსულტაციებს დღესვე დაიწყებს.


აღსანიშნავია, რომ სიღნაღი არ არის ერთადერთი, სადაც საბჭოთა კავშირის მმართველობის დროინდელი სახანძრო მანქანები ჰყავთ. ასეა ლაგოდეხში და დედოფლისწყაროშიც. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა მასშტაბური ხანძრის დროს ადგილობრივები ტექნიკის სიძველეზე მიუთითებენ, მაგრამ წლებია, ტექნიკა არ იცვლება. აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე მიმდინარე წელს 10-მდე ახალი ავტომობილი იყიდეს კახეთში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რაშიც ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადეს.