ხანუმ ჯეირანოვას საქმე - გამოძიება ოთხი წელი გრძელდება

აქცია მთავარ პროკურატურასთან. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას მოითხოვენ. 2015 წლის 18 სექტემბერი

ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა. მის სიკვდილს წინ უძღოდა სახალხო შეურაცხყოფა მეზობლებისა და ქმრის ნათესავების მიერ. მათ ქალს ქმრის ღალატი დააბრალეს, ქუჩაში დაიჭირეს, ფეხსაცმელი და წინდები გახადეს და „უნამუსოს“ ძახილით ჩაატარეს სოფელში. შემთხვევას შეესწრნენ მისი შვილებიც. ხანუმ ჯეირანოვას სიკვდილის გამო არავინ დასჯილა.

ოჯახის წევრები ოთხ ადამიანს სდებდნენ ბრალს, თუმცა პროკურატურა მოწმეთა დაკითხვით შემოიფარგლა. მოგვიანებით ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ ერთ-ერთი დაჭრა კიდეც, რისთვისაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი ცოტა ხანში პრეზიდენტმა შეიწყალა, ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ხანუმ ჯეირანოვას ჯგუფური შეურაცხყოფის შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, საქმე არ აღძრულა ქალის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

შეიცვლება თუ არა საქმის კვალიფიკაცია?

როგორც კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს 144-ე ტერცია მუხლით, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს. მისივე თქმით, გამოძიებამ ასევე უნდა განიხილოს ხანუმ ჯეირანოვას სავარაუდო მკვლელობის ვერსიაც.

პრესკონფერენცია ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით

„არსებობს ფოტოები, რომლებიც გადაუღეს გვამს; არსებობს განმბანავების ჩვენებები, რომლებიც აღწერენ, რომ გვამს ჰქონდა დაზიანებები და ეს უამრავმა ადამიანმა ნახა. შესაბამისად, სხვა მოქმედებებია ჩასატარებელი და სხვა ტიპის გამოძიებაა დასაწყები, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა და რომელსაც საქართველოს სახელმწიფო არ ასრულებს“, - განაცხადა ბაია პატარაიამ, რომლის შეფასებითაც, სახელმწიფო ორგანოები გაცილებით ცუდად იძიებენ იმ ამბებს, რომლებიც ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხდება და აქვს გენდერული დანაშაულის ნიშნები.

„საფარი“ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს CEDAW კომიტეტს მიმართავს

კავშირი „საფარი“ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ეფექტურ და დროულ გამოძიებას ტრაგედიის დღიდან, 2014 წლიდან, ითხოვს. ორგანიზაციის იურისტის, მარი კურტანიძის შეფასებით, ამ ხნის მანძილზე გამოძიების ეფექტურობის მოთხოვნით მათ ყველა შესაძლო სტრუქტურასა და ორგანოს მიმართეს, თუცა უშედეგოდ. დასახელებულ საქმეზე სახელმწიფოს უმოქმედობის გათვალისწინებით, „საფარმა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართეს.

აქცია მთავარ პროკურატურასთან. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას მოითხოვენ. 2015 წლის 18 სექტემბერი

„საფარი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ მოახდინა ხანუმ ჯეირანოვას დისკრიმინაცია, რადგან არ გამოიძია ქალის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, ვერ დაიცვა მისი სიცოცხლე, არ განახორციელა გარდაცვლილის სიკვდილის რეალური მიზეზების დასადგენად საჭირო მოქმედებები და არ დასაჯა დამნაშავეები. ამასთან, სახელმწიფომ ვერ შეძლო ღრმად დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე კულტურული ნორმების აღმოფხვრა, რაც ხანუმ ჯეირანოვას სიკვდილის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. საქმის მასალები, „საფარის“ თანახმად, ძირითადად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ხანუმ ჯეირანოვამ მეუღლეს უღალატა და ამიტომ თვითმკვლელობით დანაშაული გამოისყიდა.

როგორც მარი კურტანიძე განმარტავს, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში სახელმწიფოს თავისი პოზიციების დაცვა მოუწევს. რეკომენდაციის საფუძველზე, სავარაუდოდ, აუცილებელი გახდება საქმის ხელახალი გამოძიება, სახელმწიფოს მიმართ დაისმება ასევე აზერბაიჯანულ თემში ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული ძირეული პრობლემების მოგვარების, სტერეოტიპების, მავნე ტრადიციებისა და შეხედულებების შეცვლის საკითხიც.

რა ართულებს თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას?

ხანუმ ჯეირანოვას სიკვდილის წელი საქართველოში ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის მასშტაბებით განსაკუთრებულად საგანგაშო იყო. ამ წელს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას 34 ქალის სიცოცხლე შეეწირა. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის კოორდინატორი ნინო ჩიხლაძე განმარტავს, მომდევნო წლებში ფემიციდის სტატისტიკაც უკეთესობისკენ იცვლება და სახელმწიფოს მიდგომებიც, თუმცა გენდერული ნიშნით დანაშაულის გამოძიებისა და რეაგირების მიმართულებით პრობლემები მრავლად რჩება. მისი თქმით, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეები განსაკუთრებით ძნელად გამოსაძიებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჭირს თვითმკვლელობის დადასტურება, მათ შორის მტკიცებულებების სიმცირის გამო.

ასევე ნახეთ ფემიციდის გამოუძიებელი შემთხვევები

ხანუმ ჯეირანოვას საქმეს პროკურატურა ამ დრომდე იძიებს. როგორც პროკურატურაში გვითხრეს, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. ვინაიდან საქმე პროკურატურაშია, მის მონიტორინგს ვერ ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი“. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ იგი იმ მიმდინარე საქმეებს აკვირდება, რომლებიც დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, ანუ 2018 წლის თებერვლიდანაა წარმოებაში.