ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-ით სამი ბენეფიციარი გარდაიცვალა, 30 დაინფიცირდა

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ით სამი ბენეფიციარი გარდაიცვალა. მათი ასაკი 85-დან 90 წლამდე იყო და ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში, ნოემბრის დასაწყისში, კლინიკებში გარდაიცვალნენ.

ინფიცირების პირველი შემთხვევა თემქაზე მდებარე პანსიონატში, 27 ოქტომბერს დაფიქსირდა - COVID-19 ერთ ბენეფიციარსა და მორიგე ექთანს დაუდასტურდა. საბოლოოდ, პანსიონატის 40 ბენეფიციარიდან, ვირუსი 30-ს გამოუვლინდა.

დაინფიცირდა პანსიონატის 25 თანამშრომელი, მათ შორის, ოთხივე დარაჯი, მზარეულები, ექთნები, მომვლელები. დაინფიცირდა პანსიონატის დირექტორი, დარეჯან თომაძეც.

როგორც დარეჯან თომაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დღევანდელი მდგომარეობით, სტაციონარში მკურნალობას გადის პანსიონატის ხუთი ბენეფიციარი. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება დანარჩენ ბენეფიციარებს, ისინი პანსიონატში მკურნალობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოჯანმრთელდა ათზე მეტი ბენეფიციარი.

დარეჯან თომაძის თქმით, პანსიონატში ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა, ვარაუდობს, რომ ვირუსი ბენეფიციარსა და მედდას მნახველისგან გადაედო:

„ოქტომბრის შუა რიცხვებში ერთ-ერთი ბენეფიციარის დაბადების დღე იყო. ჩვენ 14 სექტემბრიდან მკაცრ კარანტინში ვართ. მნახველების მოსვლა მაქსიმალურად არის შეზღუდული. ბენეფიციარმა ძალიან გვთხოვა, დაბადების დღეზე ახლობლები მოვლენ და მომეცით ნახვის უფლებაო. ვერ მოვახერხეთ მისი გადარწმუნება. მნახველები შენობაში არ შემოსულან. ექთანმა ბენეფიციარი რამდენჯერმე გაიყვანა სტუმრებთან ეზოში. სწორედ ამ ბენეფიციარსა და ექთანს დაუდასტურდა პირველად ვირუსი და შემდეგ, სამწუხაროდ, მალევე გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პაციენტების გადაყვანა დროულად მოხერხდა კლინიკებში, მათი გადარჩენა, ვერ მოხერხდა. გარდა ასაკისა, მათ სხვა არაერთი დაავადებაც აწუხებდა, ალბათ ესეც გახდა მათი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი“.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელიც COVID-19-ით გარდაიცვალა, 89 წლის უშანგი ჩიკვაიძე იყო. ის პანსიონატში საცხოვრებლად 2000-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, სახლი დაკარგა.

უშანგი ოცნებობდა, ყოფილიყო პროფესიონალი მოკრივე. ჰქონდა წითელი ხელთათმანები და ყოველდღე ვარჯიშობდა. ყველაზე მეტად კი იმაზე წუხდა, რომ ახალგაზრდობაში, როცა მართლა შეეძლო პროფესიონალი მოკრივე გამხდარიყო, ომის წლებმა და გაჭირვებამ ხელი შეუშალა და ნატვრა ვერ აიხდინა.

ჯანდაცვის მინისტრის 28 სექტემბრის ბრძანებით, სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების სტანდარტების თანახმად, შეზღუდულია როგორც ბენეფიციარების დაწესებულებიდან გასვლა, ისე შეზღუდულია დაწესებულებაში მნახველების ვიზიტი.

  • დაწესებულებაში შესვლის უფლება გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიეცეს იმ მნახველებს, რომლებმაც გაიარეს სკრინინგი და არ წარმოადგენენ საეჭვო შემთხვევას, ისიც მაშინ, როდესაც ბენეფიციარი მძიმედაა ავად ან საჭიროებს ემოციურ მხარდაჭერას.
  • ფიზიკური დისტანცირების დაცვის მიზნით, ერთ ჯერზე დასაშვებია მხოლოდ ერთი მნახველის მიღება.
  • მნახველები უნდა დაეკონტაქტონ მხოლოდ ბენეფიციარს (თუ ეს შესაძლებელია ღია ან კარგად განიავებად სივრცეში) და მონახულების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვონ დაწესებულება.
  • ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი ორ კვირაში ერთხელ გადის სავალდებულო პისიარ ტესტირებას.

ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში, ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარები, თბილისის გარდა, დაინფიცირდნენ ქუთაისსა და ბათუმში.

ბათუმის წმინდა ეკატერინეს მოხუცთა თავშესაფარს ამჟამად 7 ინფიცირებული ბენეფიციარი ჰყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, COVID-19-ით თავშესაფრის 10 ბენეფიციარი გარდაიცვალა, 105 კი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს, მისი დირექტორის, მალხაზ ბადირეიშვილის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ქუთაისის სხვადასხვა კოვიდცენტრში პანსიონატის 9 ბენეფიციარი მკურნალობს. თავად პანსიონატში 30 ბენეფიციარი გადის მკურნალობის კურსს. სულ დაწესებულებაში 95 ბენეფიციარია.

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ერთი ბენეფიციარი, 84 წლის ქალი გარდაიცვალა.