მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლოებმა, სტრასბურგსა თუ ჰააგაში, რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დაადგინეს, ხოლო უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის დამპყრობლურ სტრატეგიას სადავოდ აღარავინ ხდის, ომის თემაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა, ბევრისთვის, კრემლის წისქვილზე წყლის დასხმაა.
23 იანვარს გამოქვეყნებულ ახალ განცხადებაში „ხალხის ძალა“, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების გარდა, უტევს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ნატოს. ასევე კვლავ ახსენებს - „გლობალური ომის პარტიის“ გავლენებს, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლექსიკონის ნაწილიცაა.
როგორია გეგმა?
„რუსეთ-საქართველოს ომი ძირ-ფესვიან გამოძიებას საჭიროებს... ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული არჩევნების შემდეგ სრულფასოვნად გამოვიძიოთ და დამნაშავეებმა კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“, - წერია მორიგ განცხადებაში, რომელიც „ხალხის ძალამ“ 23 იანვარს გამოაქვეყნა.
ტექსტის თანახმად:
- „2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი და იომა, ახლა კი ამას ზელენსკის ხელისუფლება აკეთებს“;
- „ნატოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგველაპარაკებიან, თუ ვიომებთ“;
- „გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ მოხდა თუ არა ის, რაზეც ნაცმოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან - რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“;
- „გასარკვევია, თუ რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი „ცივილიზებული სამყაროს ლიდერად“ უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს“;
- „ გასარკვევია, ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს „მაღალი“ ტიტული დაიმსახურა“.
„ხალხის ძალის“ განცხადება ვარაუდებზეა აგებული - თუ რა იგულისხმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკლ მაკფოლმა, როცა ინტერვიუში [არ სახელდება რომელ ინტერვიუში - რ.თ.] თქვა, რომ ერთ დროს მოწინავე საქართველო დღეს უკრაინას ჩამორჩება.
„ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ასკვნის, რომ - მაკფოლს ამის თქმა „გლობალური ომის პარტიამ“ აიძულა.
„აუცილებელია, როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის - „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება; მით უფრო იმ ფონზე, როცა ჩვენ როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველოს სახელმწიფომ, მოვიგეთ ყველა დავა“, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
23 იანვარს, ინიციატივის გახმაურების შემდეგ, 2008 წლის ომის გამოძიების თემის გაშლა მალევე დაიწყო - „ხალხის ძალის“ ტელევიზიამ - „POS TV“-მ.
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დავით ქართველიშვილმა განმარტა, რომ ლაპარაკია მომავალ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და ყველა მათთვის საინტერესო პირის „მოწმის სახით“ დაბარებაზე, ხოლო თუკი დანაშაული გამოიკვეთება - საკითხით პირდაპირ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ქართველიშვილს გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა შეაშველა იდეა, რომ - გამოძიების პროცესი არა პარლამენტმა, არამედ პირდაპირ პროკურატურამ უნდა დაიწყოს.
„თუკი ქვეყნის მართლმსაჯულებას, პროკურატურას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და დღესვე აღძრას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები კონკრეტული პიროვნებების მიმართ, არ მგონია, რომ „ხალხის ძალა“ ან მე ვიყო ამის წინააღმდეგი. მწვანე შუქი გენთოთ, ბატონებო და ჩვენ ყოველთვის გვერდში დაგიდგებით“, - თქვა დავით ქართველიშვილმა.
მეტი ზურგი
„ხალხის ძალის“ განცხადებაში ასახული მესიჯები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით, „ქართული ოცნების“ რიტორიკაშიც არაერთხელ გაჟღერებულა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ 2008 წელს „ოცნება“ ომის თავიდან აცილებას მოახერხებდა.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყოამ ჯერზე „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოსაძიებელ და გამოსაკვლევ საკითხებს ხედავენ, მაგრამ დასაფიქრებლად თვლიან მხოლოდ ერთს - არის თუ არა ახლა ამის დრო.
- უმრავლესობის წარმომადგენელი, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივის განსახორციელებლად ახლა შესაბამისი ვითარება არ არის, თუმცა საინტერესოდ თვლის - „თუ როგორ შეიქმნა წინაპირობები, რა იყო პოლიტიკური ვითარება, სად იყო შეცდომა თუ ღალატი“.
- უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ - საჭიროა „ღრმა ანალიზი“, რამდენად არის [„ხალხის ძალის“ ინიციატივა] რელევანტური დროსა და სივრცესთან მიმართებაში“, თუმცა დასძენს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „უპატიებელი ქმედებები განახორციელა საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში“ და ეს „ყველამ კარგად იცის“.
2023 წლის მიწურულს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მესამედ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა, გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გეგმავს. ხოლო „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის დაბრუნებით მისმა პოლიტიკურმა გუნდმა „კიდევ უფრო მეტი ძალა იგრძნო“ და დარწმუნებულია, რომ „სიმართლის თქმას მეტი ზურგი ექნება“.
რატომ არის საფრთხილო?
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაზე ლაპარაკობენ.
„ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც იცის მთელმა მსოფლიომ, კრემლის გარდა და კრემლის მარიონეტი რეჟიმის გარდა საქართველოში, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რომ რუსეთია ოკუპანტი, რომელმაც განახორციელა საქართველოში ეთნიკური წმენდა. წერტილი“, - თქვა 23 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ასევე ნახეთ 14 წელი, 3 ცოცხალი და 1 მკვდარი ბრალდებული - როგორ გაგრძელდება ჰააგის პროცესი? ასევე ნახეთ რუსეთის მეორედ დამარცხება სტრასბურგში - რა დაადგინა სასამართლომ აგვისტოს ომზე?2023 წლის აგვისტოში, ომის მე-15 წლისთავზე, პატიმარმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკპოსტში აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის თავიდან არიდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე იყო შესაძლებელი.
სააკაშვილი წერდა, რომ ამისათვის, მაგალითად: „ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი [რუსეთის] აგენტები უნდა დაგვენიშნა“, „არ უნდა გაგვეტარებინა არცერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად“, „არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ“, "არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება“ და სხვა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების ფონზე გამოსაძიებელი აღარაფერია და თუკი „ოცნება“ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სამართლებრივ პროცესს დაიწყებს და კონკრეტულ პირებს დამნაშავეებად გამოაცხადებს - ეს პირდაპირ „კრემლის დაკვეთის შესრულება იქნება“.
ის მაინც ფიქრობს, რომ გამოძიებამდე საქმე არ მივა, თუმცა იმგვარი მესიჯების გაჟღერება, რაც „ხალხის ძალის“ განცხადებაშია გამოკვეთილი, აქუბარდიას თქმით, უკვე ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას საქართველოში.
„ფსიქოლოგიური ომის სახეობად ვთვლი ასეთ მესიჯებს, რაც აძლიერებს კრემლის პროპაგანდას... მტრული ქვეყნის ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების ერთადერთი რეცეპტი არის მთავრობისა და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება საფრთხეებთან დაპირისპირების კუთხით და როდესაც ისინი საზოგადოებას ყოფენ და შესაბამისად - უფრო მოწყვლადს ხდიან, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის სასარგებლო საქმე“, - გვეუბნება თეონა აქუბარდია.
2008 წლის ომი რომ საქართველომ და კერძოდ - მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო - ძალიან ხშირად იმეორებენ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კრემლის მომხრე რუსი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები. ასეთი განცხადებები აქვს გაკეთებული ბორის ნადეჟდინსაც, რუს პოლიტიკოსს, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ხელმოწერებს ამჟამად თბილისსა და ბათუმში აგროვებს.
ასევე ნახეთ რატომ აგროვებს პუტინის კონკურენტი ხელმოწერებს თბილისში, რუსეთის არჩევნებისთვისანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიუთითებს, რომ „ხალხის ძალის“ განცხადება „პირდაპირ იმეორებს რუსულ ნარატივს“, ჰგავს "მოსკოვის დაკვეთას" და „საქართველოს იმიჯის შელახვას ემსახურება“.
„არცერთ ქვეყანას არ უნდა აწყობდეს საკუთარი თავის დადანაშაულება ომის დაწყებაში თუ მსგავს საკითხებში. ომის დაწყების თემა განყენებული არ არის - ეს არის ქვეყნის პასუხისმგებლობის საკითხი... ეს ისეთი სენსიტიური თემებია, რომ ძალიან ბევრი ცუდის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის“, - ამბობს ბატიაშვილი და საუბარში კოსოვოს მაგალითიც მოჰყავს, როდესაც სერბეთის ხელისუფლების დადანაშაულებას - საერთაშორისო არენაზე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საფუძვლის შექმნა მოჰყვა.
ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველო ვერ დაიწყებდა ომს ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ ის არ შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მოხდა პირიქით.