31 დეკემბერს თბილისის მერიაში მოქალაქეთა ჯგუფმა დატოვა პეტიცია, რომელშიც ითხოვენ „კულტურული ძეგლის, სახელოვნებო ცენტრის, საჯარო სივრცის შენარჩუნებას და გახსნას მუნიციპალური კინოთეატრისა, რომელიც არ იქნება კომერციაზე გათვლილი“
„გრძელი გზის დასაწყისში ვართ“ - წერს თავის ფეისბუკგვერდზე კინომცოდნე გიორგი რაზმაძე, რომელიც გიორგი გვახარიას სტუმარია გადაცემაში „საუბრები თავისუფლებაზე“.
გიორგი რაზმაძე გვახსენებს, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს მუნიციპალური კინოთეატრები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება. თბილისში ასეთი კინოდარბაზი არა გვაქვს - კომერციულ კინოთეატრებში კი ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია, როს გამოც ქართული ფილმები ჰოლივუდისა და ევროპის მსხვილი კომპანიების პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ. უფრო მეტიც, გიორგი რაზმაძის თქმით, რუსულ ენაზე ნაჩვენები ჰოლივუდის ფილმებით კომერციულმა კინოთეატრებმა ფაქტობრივად დაუკარგეს კარგ კინოს მაყურებელი. ახლა პრობლემები ექმნება კომერციულ კინოთეატრებსაც.. არა და არ იხსნება კინოთეატრი „აპოლო“, დახურულია კინოთეატრი „რუსთაველი“, რომლის მფლობელები გასული წლის მიწურულს ამ სივრცის გადაკეთებას გეგმავდნენ, მათივე სიტყვებით „სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“.
გიორგი რაზმაძის თქმით, თუკი სახელმწიფო ინიციატივას გამოჩენს, შესაძლებელია კერძო სექტორთან თანამშრომლობა და პირველი მუნიციპალური კინოთეატრის დაფუძნება თავის დროზე „უსამართლო პირობებით“ გასხვისებულ კინოთეატრ „რუსთაველში“