რა ვიცით ხაზარაძე-ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის შესახებ:
- მისი სახელია “ლელო”;
- ოქტომბერში ის პოლიტიკურ პარტიად გადაიქცევა;
- მისი მიზანი იქნება 2020 არჩევნების მოგება;
- მოძრაობის ვექტორი არის დასავლეთისკენ;
- მართვის სტილი იქნება ჰორიზონტალური - აქცენტით გუნდურობაზე;
- მამუკა ხაზარაძე ყველა სფეროდან 12 ლიდერს შემოიკრებს;
- მოძრაობაში გაწევრიანებულები იქნებიან ისინი ვინც სხვადასხვა დარგში წარმატებას უკვე მიაღწია;
“თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელმა პოლიტიკურ მოედანზე გადასვლის შესახებ პირველად საჯაროდ 2 თვის წინ განაცხადა, მაშინ როდესაც პროკურატურას მის წინააღმდეგ გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით უკვე დაწყებული ჰქონდა. ამ საქმეს თავად მამუკა ხაზარაძე მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობას უკავშირებს.
12 სექტემბერს 12 საათზე მან ანაკლიის სანაპიროზე თბილისიდან ჩაყვანილი 90-მდე თანამებრძოლი შეკრიბა, გალაკტიონის “მშობლიურო ჩემო მიწავ”, ლექსის პირველი სტროფის ნაწილი წაიკითხა და ყვითელ დაფაზე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის სახელი დაწერა -“ლელო”. ეს მისი 20 წუთიანი პრეზენტაციის დასასრულს მოხდა.
მამუკა ხაზარაძემ თავისი გამოსვლის დასაწყისში რამდენჯერმე ახსენა პორტის მშენებლობა, თუმცა ამჯერად ანაკლია მისი გამოსვლის ფონი იყო, და არა ფოკუსი.
“ეს არის ადგილის სადაც უზარმაზარი პოტენციალის პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება. სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა რომ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონსა და მსოფლიო რუკაზე”,- თქვა ბიზნესმენმა და საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელმა. მან ანაკლიას საქართველოსა და აზიის კარიბჭე უწოდა ევროპაში, რითაც უნებურად საქართველო აზიის რუკაზე მოხაზა, თუმცა იქვე ისიც განმარტა, რომ მისი ვექტორი არის დასავლეთისკენ მიმართული.
ამის შემდეგ პირველი 5 წუთის განმავლობაში ისაუბრა იმაზე რომ ქვეყნის მშენებლობაში ის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულები ვინც “წარმატების ფორმულა” იციან და უკვე აქვთ მიღწევები სხვადასხვა სფეროებში. მისი თქმით დიდი პოტენციალია ემიგრანტებს შორისაც.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში ბიზნეს მენეჯმენტში აპრობირებულ ჰორიზონტალურ სტრუქტურას ირჩევს, რომელიც გუნდურ მუშაობაზეა ორიენტირებული. მისი გუნდის შემადგენლობა კი მას გამოსვლისას არ დაუსახელებია.
ვინ არიან ჯაფარიძე-ხაზარაძის გუნდში?
12 სექტემბერს შავი ზღვის ნაპირზე შეკრებილები იყვნენ ეკონომისტები, იურისტები, ბიზნესმენები, მეცნიერები, ხელოვნების სფეროს წარმომამდგენლები.
თავიდანვე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა წინასწარ გამოცხადებული მოძრაობის წევრების ვინაობა, თუმცა ყველა სახელი კვლავ უცნობია. “ლელოს” თანა-დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზენტაციის შემდეგ თქვა, რომ ახალი სახელები თანდათან გახდება საჯარო.
როგორც რადიო თავისუფლებას მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს მოძრაობას შეუერთდნენ ისეთი სახეები, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს. მათგან დადასტურებულია რომ მოძრაობის წევრები გახდნენ:
- თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
- კახა კოჟორიძე - ადვოკატი. ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი
- ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.
- ქეთი მატაბელი - მხატვარი
- მაია ჩიკვაიძე - მხატვარი
- საბა ბუაძე - იურისტი
პრეზენტაციაზე მყოფმა იურისტმა, კახა კოჟორიძემ თქვა, რომ მოძრაობა, რომელსაც ის შეუერთდა მასშტაბური ცვლილებებისთვის იბრძოლებს.
"რევოლუციურ ცვლილებებს სჭირდება მასშტაბური გაერთიანებები და სწორედ ეს არის ამ მოძრაობასთან შემოერთების გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია. ჩვენ არ ვებრძვით კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენ არ ვებრძვით კონკრეტულ პარტიებს. ჩვენ ვებრძვით საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებს“, - თქვა კოჟორიძემ.
მოძრაობაში გაწევრიანების მიზეზებზე ისაუბრა ანა ნაცვლიშვილმაც. მისი თქმით არც ერთ წევრს არ ეშინია ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების.
"ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი, ან ვიყოთ შეშინებული, დაბნეული, თუნდაც გაბრაზებული მოქალაქეები, ან გამოვიდეთ მოჯადოებული წრიდან და ჩვენ თავზე ავიღოთ ინიციატივა, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
Your browser doesn’t support HTML5
Your browser doesn’t support HTML5
პრეზენტაციის შემდეგ ბრძოლაზე საუბრობდა მამუკა ხაზარაძეც. მან თქვა, რომ ხელისუფლება “მდაბიო ნაბიჯებით” ებრძვის , გაყინულია მისი და ჯაფარიძის ანგარიშები მაგრამ “ცარიელი ხელებით, შემართებითა და მეგობრების გვერდში დგომით”, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
ხაზარაძის ნუმეროლოგია და პოლიტიკა: 12 რიცხვის სიმბოლურობა
12 სექტემბერს, ზუსტად 12 საათზე დაწყებულ პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ რიცხვი 12-ის სიმბოლურობაზე ბევრი ისაუბრა. მან მესიაც ახსენა, რის გამოც, ზოგიერთს, ვინც პრეზენტაციას ადევნებდა თვალს, ქრისტეს 12 მოციქულიც კი გაახსენდა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი გუნდი უკვე ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში: "12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში. მრგვალი მაგიდების გარშემო 12 კაცს, ლიდერს სოფელში, 12 ლიდერ ქალს და მამაკაცს რაიონში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის გადასარჩენი."
ხაზარაძემ რიცხვი 12 ილია ჭავჭავაძესთან დააკავშირა.
„112 წლის წინ, თორმეტ რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა დამერწმუნეთ, დღესაც თორმეტი რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს. ილია ჭავჭავაძეც თორმეტ ადამიანს ეძებდა, ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველამ, გვერდზე მოვიხედოთ და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, შევკრიბოთ ქვეყნის სამსახურისთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეფასებები პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან
“ქართული ოცნების” გუნდში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შესახებ კომენტარისას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეუსრულებელ ვალდებულებებს უსვამდნენ ხაზს.
ხაზარაძის სიტყვას უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა “პოლიტიკური სადღეგრძელო” უწოდა.
„რამდენადაც ბატონი მამუკა უკვე პოლიტიკურ ველში შემოვიდა, შემიძლია კრიტიკულიც ვიყო. არ ვიცი, ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა, თუმცა, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, როცა ასეთი პოლიტიკური განცხადებები კეთდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად ძლიერ ოპოზიციურ ძალად შეიძლება ჩამოყალიბდეს ხაზარაძის გაერთიანება, “ფრაქცია ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ, გაუჭირდება შეაფასოს რა იქნება იმ ადამიანების პოლიტიკური მომავალი, „რომლებმაც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს“.
„ამ ადამიანს ამ ვალდებულების შესრულება უფრო მართალს გახდიდა. ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე იგივე ადგილიდან მოძრაობის დაანონსება საზოგადოების მიერ რამდენად სერიოზულად აღიქმება, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. თუმცა თუკი ადამიანს ან პირთა ჯგუფს პოლიტიკური ამბიციები უჩნდება, ჯობია ის ვალდებულებები ქონდეს შესრულებული, რაც მან თავის თავზე აიღო“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით კი მამუკა ხაზარაძის ნაბიჯები პოლიტიკურად კარგად არის გააზრებული, თუმცა თვლის რომ მას პოლიტიკური კომპონენტი სჭირდება, რადგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
"ვფიქრობ მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტის გაჩენა, რომელიც ჯერ არ იგრძნობა და ქმედებებშიც არ ჩანს. თუმცა, ეს არის ძალიან წვრილმანი და ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი ხარვეზებია, რაც გამოსწორებადია. პოლიტიკურად კარგად გააზრებულია მისი ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ ეს არის ჯერ მოძრაობა. მას ძლიერი პოლიტიკური კომპონენტის გამოჩენა უფრო დასჭირდება პარტიის დაფუძნების, მისი ყრილობის მომენტში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს რომ “სუფთა ფურცლიდან”, პოლიტიკურ გავლენებზე ორიენტაციის გარეშე მოძრაობის დაწყება პოზიტიური ნაბიჯია.
“მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორიენტაციაზე. ეს მიმაჩნია ძალიან ჭკვიანურ ნაბიჯად, რადგან საქართველოში პარტიებს არ აქვთ ისეთი ავტორიტეტი, რომ მათთან საქმიანობით ხალხი მოიზიდო, პირიქით. თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პარტიების მხადაჭერაზე თუ გახსოვთ, როცა მერის არჩევნებში მონაწილეობდა. ამან მას წარმატება მოუტანა და საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. ანალოგიურ სტრატეგიად აღვიქვი ხაზარაძის ეს განცხადება, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორიენტაციას არ აიღებს და ეცდება დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
“ლელოს” პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ფეიბსუკპოსტით გამოეხმაურა.
“ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და უნდა გავარღვიოთ. თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი იგივე ლაზიკის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს”, - წერს სააკაშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე კი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის მოძრაობა ხელისუფლებას რეალურ ოპონირებას ვერ გაუწევს, რადგან მისი თქმით ხაზარაძემ პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც კი ვერ გაბედა.
“მას ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ისიც კი არ უთქვამს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმთან თანამშრომლობას. ამან ბევრი კითხვა გააჩინა. ჩვენი სურვილია, საქართველოში ყველა პროდასავლური ძალა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი, ყველამ მაქსიმალურად გვერდზე გადავდოთ ადრე არსებული დაპირისპირება და შევეცადოთ სამშობლო ამ ჭირისაგან გავათავისუფლოთ“, - თქვა ბარამიძემ.
ხაზარაძე და ჯაფარიძე ოქტომბერში უკვე პარტიის დაფუძნებას გეგმავენ. მათი გუნდის სრული შემადგენლობაც მომავალში გაირკვევა, თუმცა უკვე ცნობილია ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური მიზანი - 2020-ის არჩევნების მოგება.
Your browser doesn’t support HTML5