ხავერდოვანი ცვლილება: ყაზახეთის ახალი ლიდერი ფოტოშოპში დამუშავებულ ფოტოებზე

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს, შესაძლოა დიდად არ ეადვილებოდეს მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში ყოფნა მას შემდეგ, რაც მარტში პოსტიდან მოულოდნელად გადადგა ვეტერანი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი.

რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ ყაზახეთის ახალი ლიდერის ფოტოები მნიშვნელოვნად შეცვლილია ფოტოების რედაქტირების პროგრამებით.

მიზანი, როგორც ჩანს, 65 წლის ყოფილი დიპლომატისა და ექს-პრემიერის გარეგნული იერის დიგიტალური გაუმჯობესებაა და შესაძლოა მისთვის გზის გაადვილება პრეზიდენტის პოსტისკენ. ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ივნისში გაიმართება.

ტოყაევი (მარჯვნივ) 2019 წლის მარტში აშშ-ის ელჩის, უილიამ ეიჩ მოსერისგან სიგელის მიღებისას. ფოტო გადაიღო ყაზახმა ფოტოგრაფმა, ის გამოაქვეყნა „კაზინფორმის“ საინფორმაციო სააგენტომ.

ეს ფოტო, რომელიც რამდენიმე წამშია გადაღებული ოდნავ განსხვავებული კუთხით, დროებითი პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. ტოყაევის სახის კონტურები და კანის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავებულია, მაშინ როცა მოსერის სახე წინა ფოტოს იდენტურია.

ტოყაევი ხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აპრილში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტისას.

იმავე ვიზიტის ამსახველი ფოტო, რომელიც ტოყაევის ოფისმა გაავრცელა. ეს ორი ფოტო სამი წუთის სხვაობითაა გადაღებული. ტოყაევს, რომელიც მმართველი პარტიის, ნაზარბაევის „ნურ ოტანის“, კანდიდატია, სავარაუდოდ, ივნისის არჩევნებზე სერიოზული მეტოქე არ ეყოლება.

მოსკოვში ვიზიტისას კრემლის ფოტოგრაფმა ორ ლიდერს საუბრის დროს გადაუღო ფოტო.

იმავე საუბრის ამსახველი ეს ფოტო ტოყაევის ოფისმა გაავრცელა. ფოტოშოპით დამუშავების ყველა შემთხვევაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გააანალიზა, შეცვლილი მხოლოდ ტოყაევის სახე და ყელია, სხვა პირები უცვლელნი რჩებიან.

აპრილის ბოლოს ყაზახეთს ეწვია სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჩე ინი. ევროპულმა სააგენტომ, „პრესფოტომ“ (EPA), შეხვედრის ამსახველი ეს ფოტო გაავრცელა.

ცოტა ხანში ტოყაევის პრესსამსახურმა გაავრცელა თავისი ფოტო, რომელიც ოდნავ განსხვავებული კუთხიდანაა გადაღებული.

მას შემდეგ, რაც ყაზახეთს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია აპრილში, მისმა პრესსამსახურმა ვიზიტის ამსახველი ეს ფოტო გაავრცელა.

ცოტა ხანში თავისი ფოტო გაავრცელა ტოყაევის ოფისმაც. ორ ფოტოს შორის ფერებში განსხვავებას, სავარაუდოდ, იწვევს სხვადასხვა კამერა (უნგრეთის დელეგაცია იყენებდა მოდელს Canon 5D Mark IV, ყაზახეთის პრესსამსახური - Nikon D5-ს) და ასევე ფოტოს დამუშავება.

მაგრამ ექსპერტმა, რომელსაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, „თითქმის 100- პროცენტიანი“ დარწმუნებით თქვა, რომ ტოყაევის ფოტოები ფოტოშოპშია დამუშავებული, მისი გარეგნული იერის შესაცვლელად.

ტოყაევის ეს ფოტო 2019 წლის აპრილში სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა და ის ფართოდ გამოიყენა საერთაშორისო მედიამ.

ფოტოს რედაქტირების საკითხებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი სპეციალისტი, რომელმაც რადიო თავისუფლებას სთხოვა მისი სახელი არ გაესაჯაროვებინა, ამბობს, რომ სურათი შეცვლილია ძირითადად გაბუნდოვანების, ე.წ. „ბლარის“ გამოყენებით, რათა „სახეზე კანი უფრო ერთგვაროვანი გამხდარიყო“.

მან დასძინა: „კარგად თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ უსწორმასწოროა; ზოგიერთი ნაწილი jpeg-ის არტეფაქტებს შეიცავს, ზოგიერთი უფრო ხავერდოვანია. ამას ყოველდღე ვაკეთებ და ვთვლი, რომ ფოტო ნამდვილად დამუშავებულია ამ მხრივ“.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, 1991 წლიდან ყაზახეთში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ შეფასებულა „თავისუფლად და სამართლიანად“ დასავლელი დამკვირვებლების მიერ. ეს ისტორია აძლიერებს ვარაუდს, რომ ტოყაევი ივნისში უპრობლემოდ, რეალური ოპოზიციის გარეშე გახდება პრეზიდენტი.

მაგრამ შუა აზიის საკითხებში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრუს პანირი თვლის, რომ ფოტომანიპულაციები მოწმობს, რომ ადმინისტრაციას სურს ტოყაევი ახალ სახედ წარმოაჩინოს, მისი ასაკის მიუხედავად.

„[ტოყაევი] მომავალ თვეში 66 წლისა შესრულდება. [78 წლის კაცი, ნაზარბაევი] იცვლება 66 წლის კაცით, რაც დიდი ცვლილება არ არის. ვფიქრობ, ისინი ცდილობენ გააძლიერონ აღქმა, რომ [ტოყაევი] ახალგაზრდულია, დინამიკური და ენერგიული, მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკი ყველამ იცის“.

რადიო თავისუფლებას ასეთი აშკარა მტკიცებულება არ მოუპოვებია იმისა, რომ „ერის ლიდერის“ და ამჟამად ექს-პრეზიდენტის, ნაზარბაევის ფოტოებსაც ამუშავებდნენ და ცვლიდნენ მისი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ნაზარბაევის ოფისის მიერ გავრცელებული სულ ბოლო ფოტოები აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფოტოშოპით მსუბუქად არის შეცვლილი. ამ ფოტოზე ნაზარბაევი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზეა ასახული 28 აპრილს.

28 აპრილის შეხვედრის ამსახველი ეს ფოტო, რომელიც ყაზახეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, რედაქტირებულია ნაზარბაევის სახიდან ასაკთან ერთად გაჩენილი ლაქების მოსაშორებლად, თუმცა აქ თითქოს გამოყენებული არ არის ნაოჭების გასაქრობი ის ტექნოლოგია, რომელსაც ტოყაევის ფოტოებზე იყენებენ.

რადიო თავისუფლებამ კომენტარის თხოვნით მიმართა ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისს, თუმცა ამ ფოტოგალერეის გამოქვეყნების მომენტში პასუხი არ ჰქონდა მიღებული.