ჭიდაობა - ბონუსად კი ჩხუბი

კონფლიქტს რამდენიმე დღეში ზურაბ დათუნაშვილის ფეისბუკის გვერდზე დადებული ვრცელი განცხადება მოჰყვა, რომელშიც სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში ჭიდაობის სანახავად მისულმა ხალხმა მოულოდნელად, წესების გარეშე ბრძოლასაც უყურა.

ცემა-ტყეპა საჭიდაო ხალიჩის მიღმა

სპორტის სასახლეში გამართული შეჯიბრების არაგეგმიური ნაწილით ალბათ ვერავინ ისიამოვნებდა, რადგან ჩხუბი მოჭიდავეებს შორის მოხდა და ინციდენტი ამ სახეობის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენლის დასისხლიანებით დასრულდა. არადა, ეს მუშტი-კრივი რომ არა, რამდენი კარგი რამის დაწერა შეიძლებოდა საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე. თუნდაც იმის, რომ ჭიდაობა სპორტის სასახლეში დააბრუნეს, ან იმის, რომ შიდა კონკურენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა და მათი საქმეში ნახვა გულშემატკივრებს უფასოდ შეეძლოთ.

დღის ბოლო ფინალი

საქართველოს ოთხდღიანი ჩემპიონატის მეორე დღე (11 იანვარი) ორი ტიტულოვანი სპორტსმენის - ზურაბ დათუნაშვილისა და რობერტ კობლიაშვილის შეხვედრით დასრულდა. დათუნაშვილი ევროპის 2016 და 2017 წლების ჩემპიონია, კობლიაშვილი - 2018 წლის. აქამდე ისინი განსხვავებულ წონით კატეგორიებში გამოდიოდნენ. წელს კი ერთ წონაში ჩაებნენ შიდა კონკურენციაში. შესაბამისად, მათგან მხოლოდ ერთი მოიპოვებდა ევროპის ჩემპიონატის საგზურს. ეს კიდევ არაფერი, 2019 წელი ტოკიოს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების დაწყების წელია და სასწორზე ტოკიო 2020-ის საგზური დევს.

დათუნაშვილისა და კობლიაშვილის ფინალს ყველა განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. კიდევ იყო რამდენიმე გამორჩეულად პრინციპული შეხვედრის მოლოდინი. ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ მძიმე შეხვედრების სამსაჯოდ საქართველოს პირველობაზე ოლიმპიური კატეგორიის უცხოელი არბიტრები ჩამოიყვანა. ამით თითქოს ზედმეტი თავისტკივილი მოიხსნა, მაგრამ დღის და მთლიანად ჩემპიონატის მთავარი ინციდენტი მაინც მსაჯებთან დაპირისპირებით დაიწყო.

ასევე ნახეთ თბილისის სპორტის სასახლეში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა ჭიდაობის ფინალი

შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე ზურაბ დათუნაშვილმა ჩათვალა, რომ მსაჯებმა დაჩაგრეს და გვერდით მსაჯთან საქმის გასარჩევად მივიდა. შეურაცხყოფაც მიაყენა, მაგრამ ქულა ვერ დაათმობინა. სპორტსმენს ძმა გამოექომაგა, საქმეში ნაკრების მწვრთნელებიც ჩაერივნენ, თითქოს სიტუაციაც განიმუხტა, მაგრამ ცოტა ხანში დაპირისპირების ეპიცენტრმა ხალიჩის მიღმა გადაინაცვლა, დასავლეთ ტრიბუნის ძირას. წამებში შეიკრა დიდი წრე, რომლის შუაშიც ვინ ვის ურტყამდა, ვერავინ გაარჩევდა. სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში, ადვილი ამოსაცნობი იყო ხალხი, რომლებიც ჩხუბისას დაზარალდნენ. მათ შორის, თავგატეხილი ზურაბ დათუნაშვილი, მხარამოვარდნილი დაცვის სამსახურის თანამშრომელი და ტუჩგახეთქილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

კონფლიქტს რამდენიმე დღეში დათუნაშვილის ფეისბუკის გვერდზე დადებული ვრცელი განცხადება მოჰყვა, რომელშიც სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. გარდა 11 იანვრის კონფლიქტისა, საუბრობდა ნაკრებში არსებულ არაჯანსაღ გარემოსა და კორუფციულ სქემაზე და გეგეშიძის გადადგომას მოითხოვდა.

დათუნაშვილის სტატუსს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი მოჰყვა. გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, სადაც გეგეშიძისა და დათუნაშვილის დაპირისპირებაც ჩანდა. გამოჩნდა რამდენიმე თვითმხილველის მიერ დასახელებული ნივთიც, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენს თავში ჩაარტყა. ზოგიერთის მტკიცებით, ეს იყო ხელკეტი. ზოგი რკინის ჯაჭვის ვერსიას ემხრობოდა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ გეგეშიძეს ხელში საეკლესიო ფსკვნილი ეჭირა.

გამოძიება

ჩხუბის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლეში სამართალდამცავებმა გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყეს, თუმცა კონკრეტული მომჩივნის გარეშე. უკვე დაკითხეს ინციდენტის შემსწრე ჟურნალისტების, მედპერსონალისა და მაყურებლების ნაწილი. ზურაბ დათუნაშვილის და გეგა გეგეშიძის ჩვენებები კი ჯერ არ არსებობს. დათუნაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ისურვა. გეგეშიძე კი ამბობს, რომ დაკითხვაზე აუცილებლად გამოცხადდება, მას შემდეგ, რაც მისი ადვოკატი გამოჯანმრთელდება.

სპორტსმენის განცხადებით, მას პრეზიდენტის დასჯა არ სურს. მხოლოდ იმას ითხოვს, რომ გეგა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს. თავად გეგეშიძე დათუნაშვილს მხოლოდ სპორტული კუთხით აკრიტიკებს და მისი მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ საუბრობს.

ემოციების პირველი ტალღის გადავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ორივე მხარემ ისურვა კონფლიქტის მშვიდად მოგვარება, მაგრამ ბოლოს მაინც იმ ხალხის აზრმა გადასწონა, რომელიც გაცილებით მკაცრი ზომების მისაღებად იბრძვის.

დასაკარგი ორივე მხარეს აქვს. გეგეშიძეს სულ მცირე, უფლებამოსილების გადამეტების გამო შეიძლება ურჩიონ თანამდებობის დატოვება. დათუნაშვილი კი დისციპლინარული დარღვევისთვის დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე დგას.

პროტესტი „რუსთავი 2“-ს

11 იანვრიდან მოყოლებული, ათი დღის განმავლობაში მასმედიას დათუნაშვილისა და მისი მხარდამჭერებისგან ინციდენტის გახსენებასა და შეფასებაზე პრობლემა არ შექმნია. ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ კი დუმილი აირჩია და 21 იანვარსღა დათანხმდა გეგა გეგეშიძე ჟურნალისტებთან გასაუბრებას, ისიც - მხოლოდ სამი ტელეკომპანიისთვის.

ამ სამ არხს შორის ვერ მოხვდა „რუსთავი 2“, რომელიც ძმები გეგეშიძეებისა და მათ გარშემომყოფთა მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკულია. სწორედ „რუსთავი 2“-მა გაახსენა ხალხს კორცხელის ინციდენტი, რომლის დროსაც სპორტსმენთა ჯგუფი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა. იმ სპორტსმენთა შორის კი ერთ-ერთი ლადო გეგეშიძეც იყო. ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ამჟამად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

გეგა გეგეშიძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ოთხი დღის განმავლობაში ერთხელაც არ გაუშუქებია შეჯიბრება სპორტული კუთხით და მხოლოდ სკანდალს ეძებს, რათა შემდეგ პოლიტიკურად შეფუთოს.

პირველი კონფლიქტი

რადიო თავისუფლებამ ზურაბ დათუნაშვილსა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის უთანხმოებაზე შარშან ზაფხულშიც დაწერა, როდესაც სპორტსმენმა ნაკრების საწვრთნელი შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა. მაშინ ზურაბმა მწვრთნელებთან უთანხმოების ფაქტი დაადასტურა, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ასევე ნახეთ ზურაბ დათუნაშვილი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დაუპირისპირდა

იყო კიდევ ერთი უთანხმოება, რომელზეც ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ სწორედ იმ უთანხმოებას ასახელებენ საჭიდაო წრეებში მხარეებს შორის სიტუაციის დაძაბვის ერთ-ერთ მიზეზად. ჩვენი წყაროს თქმით, ზურაბ დათუნაშვილს 2018 წელს საქართველოდან წასვლა სურდა. ფედერაციის გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება დისკვალიფიკაციით ისჯება. სპორტსმენმაც გეგა გეგეშიძეს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

11 იანვრის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ჭიდაობის ფედერაციაში კი, რომელიც 2018 წელს საქართველოს საუკეთესო ფედერაციად დასახელდა, ახლა აქტუალური თემა ისაა, ჩაარტყა თუ არა პრეზიდენტმა სპორტსმენს თავში ბლაგვი საგანი.