ჭიათურელი მაღაროელების ულტიმატუმი - შიმშილობის მე-9 დღე

ჭიათურელი მაღაროელები ულტიმატუმს უყენებენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ჭიათურიდან, თუკი ორშაბათამდე მაღაროელთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ორშაბათიდან მათ ექნებათ ერთადერთი მოთხოვნა - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა.

მაღაროელები ჭიათურაში უკვე მე-9 დღეა შიმშილობენ. ამ ეტაპზე მოშიმშილეთა რიცხვი 15-ს შეადგენს. მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში.

მაღაროელთა მოთხოვნებია:

  • ხელფასის მომატება 30%-ით (და რეორგანიზაციის შემდეგ +20%);
  • ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება;​
  • მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა.

მაღაროელები ასევე მოითხოვენ, რომ არავინ დაისაჯოს გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო.

ამ ეტაპზე გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. კომპანიის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

როგორც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სამხარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მოთხოვნების სანაცვლო „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზა.

თუმცა მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გასულ წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულებს ხელფასი 10%-ით გაეზარდათ, სანაცვლოდ კი, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭიათურელებს სოლიდარობას უცხადებენ ტყიბულელი მაღაროელებიც და ისინი ჭიათურაში აპირებენ ჩასვლას.