„წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“

კახეთი

კახეთში სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა. არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონში მასშტაბურ პროექტს იწყებენ, რაც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასაც ითვალისწინებს. წყლის ხარისხთან ერთად გამოიკვლევენ, რა მდგომარეობაა სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური მიმართულებით. პროექტში, რომელიც ქვემო ქართლთან ერთად კახეთში - ახმეტის, საგარეჯოსა დალაგოდეხის მუნიციპალიტეტებში - განხორციელდება, ჩართული იქნებიან უფლებადამცველი ორგანიზაციებიც.

Your browser doesn’t support HTML5

„წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მასშტაბურ პროექტს იწყებს, რაც წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, სტანდარტების დამკვიდრებას და ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. პროექტის მენეჯერის, სალომე ტყაბლაძის, თქმით, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა კახეთში მწვავედ დგას და კონკრეტული მაგალითების აღმოსაჩენად და შემდგომ მის მოგვარებაზე სამუშაოდ ახლა, პირველ ეტაპზე, საველე მუშაობას იწყებენ. პროექტის მენეჯერი ამბობს, რომ აღმოჩენილი პრობლემების ნაწილს თავად მოაგვარებენ, ნაწილის მოგვარებას კი მუნიციპალიტეტები იტვირთებენ.

სალომე ტყაბლაძე

„მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 ათასი ბავშვი იღუპება wash სტანდარტების დარღვევის გამო. საქართველოში კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიც ამ პრობლემის გარკვეული ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან. ეს არის სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სანიტარიის კუთხით საჯარო სივრცეებში: სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სამედიცინო ცენტრებში. ამ კუთხით დაბალია ცნობიერების დონე როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდ ადამიანებში. ჩვენი პროექტის მიზანია, რომ პირველ რიგში შევისწავლოთ მუნიციპალიტეტები და ტექნიკური შეფასება გაკეთდეს წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მიმართულებით“.

პროექტს ჰყავს პარტნიორებიც. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ამ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე ამბობს, რომ ისინი პროექტის მიმდინარეობის დროს კონკრეტულ ფაქტებს მოიკვლევენ იმის შესახებ, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლება იმ დროს, როცა არ აქვს სუფთა წყალი და მის სოფელში ან სიახლოვეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები დარღვეულია.

ნინო ტლაშაძე

„ადამიანის უფლებების ჭრილში შეფასდება wash სტანდარტების დარღვევები. გვაქვს ინფორმაცია, რომ კახეთშიც და ქვემო ქართლშიც არის კონკრეტული სოფლები, დაწესებულებები, სკოლების ამბულატორიები, სადაც ეს ნორმები დარღვეულია. ჩვენ გვინდა საფუძვლიანად, სიღრმისეულად, ექსპერტულ დონეზე შევაფასოთ წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. კონსულტანტთან და ადამიანის უფლებების ექსპერტთან ერთად ერთობლივი დოკუმენტი მომზადდება და ეს იქნება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, ისე ცენტრალური ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც რეკომენდაციებიც იქნება გაწერილი“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროექტი ადგილობრივი და რეგიონის ხელისუფლებას გააცნეს. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პროექტისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიზნები ერთმანეთს ემთხვევა:

პროექტის მიზანი ჩვენს მიზანთან არის თანხვედრაში. ადამიანების ხელმისაწვდომობა წყალზე, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და პრიორიტეტია...
ჯონდო მდივნიშვილი

„პროექტის მიზანი ჩვენს მიზანთან არის თანხვედრაში. ადამიანების ხელმისაწვდომობა წყალზე, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და პრიორიტეტია. ადგილობრივი ხელისუფლება - როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო - მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ და მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. რაც მთავარია, უნდა შევეცადოთ ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული და ეს შეხვედრები, უბრალოდ, შეხვედრებად არ დარჩეს. მოსახლეობამ ამ

პროექტებიდან უნდა მიიღოს შედეგი“.

სასმელი წყლის პრობლემა კახეთში მხოლოდ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას არ აწუხებს. წყლის ნაკლებობა განსაკუთრებით ზაფხულობით მწვავდება მაშინ, როცა მთის მდინარეები შრება. რეგიონში დასახლებების დიდი ნაწილი წყლით სწორედ მთის მდინარეებიდან მარაგდება. რაოდენობის ნაკლებობასთან ერთად, მაგალითად, ლაგოდეხში პრობლემაა მისი ხარისხიც. ქალაქში გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ „წვიმის დროს წყალი ტალახიანია, ზოგჯერ კი მას ფოთლები მოჰყვება“:

„ხან ფოთოლი გამოვარდება და ხან პატარა თევზი, ლიფსიტა. ჩვენ ბავშვებს ლაგოდეხის წყალს არ ვასმევთ“.

„ვიცით, რომ დაბინძურებულია სათავე და არ ჰყავს პატრონი. ახლა მრიცხველები დადგეს და ამის გამო, მე მგონი, ხალხი აჯანყდება“.

პროექტის პრეზენტაცია

„ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთელი ზაფხული წყალი გვენატრება. გამგეობაშიც ვთქვით და ყველა შესაბამისმა უწყებამ იცის, პრობლემაა. ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალი გვინდა!“

სასმელი წყლის რაოდენობა და მისი ხარისხი - ეს არის პრობლემა, რომელიც მეტ-ნაკლებად კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს აწუხებს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში ამბობენ, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა სასმელი წყლის ნაკლებობის გამო მოსახლეობა ერთმანეთსაც დაპირისპირებია.პროექტი „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ კახეთში ახმეტის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.