აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში ცნობილი ქართველი ფინანსისტისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი ხოშტარიას 104 წლის სახლის ფასადზე გროტესკული ნიღაბი წმინდა გიორგის ბარელიეფითაა ჩანაცვლებული. ამავე კედელზე დამატებულია ღვთისმშობლის გამოსახულება. შეცვლილია ევროპული არქიტექტურის სასახლის ფანჯრების ნაწილი და მთავარი შესასვლელი კარი.
ცვლილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ამჟამინდელმა მფლობელმა ჭყონდიდის ეპარქიამ 3 წლის წინ განახორციელა, თუმცა სოციალური ქსელით ინფორმაცია საზოგადოებამ ახლახანს შეიტყო. როგორც აბაშის ტაძრის დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა რადიო თავისუფლებას უყვება, გადაწყვეტილება სამღვდელოებამ მიიღო და ჩაატარეს მხოლოდ აუცილებელი სამუშაოები რაც შენობის გადარჩენისთვის იყო საჭირო.
მღვდელი ირწმუნება, რომ ნიღაბი, რომელიც 1915 წელს აშენებული ფასადიდან იმზირებოდა, გადახურვის სამუშაოებისას ჩამოიშალა. ამასთან სასულიერო პირი იმასაც დასძენს, რომ სასახლის თავზე „ეშმაკის“ ნაცვლად წმინდა გიორგის ბარელიეფის დაკიდება თავადაც სურდათ, რადგან შენობა წმინდა გიორგის ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს.
„ეს იყო თხაწვერა მოცინარი რქიანი კაცი, რომელიც ტაძარს უყურებდა. არ სიამოვნებდა მრევლს, როცა სატანა შესცქეროდა ეკლესიას. შენობის ზედა ნაწილი მთლიანად ცვიოდა და ეს ბარელიეფიც დაცვენილი იყო, თუმცა უწმინდურის ხატება მაინც ისახებოდა და სარემონტო სამუშაოებისას, ერთი ჩაქუჩის მიკარებისთანავე თვითონ ჩამოცვივდა ეს თაბაშირის ბარელიეფი და ახლა იმავეს, ანალოგიურის გაკეთების სურვილი არავის გასჩენია. ვინაიდან აქ არის წმინდა გიორგი ეკლესია, გვინდოდა გაკეთებულიყო წმინდა გიორგის გამოსახულება ეშმაკის ნაცვლად. ეს არის ერთადერთი ცვლილება, რაც დაახლოებით 3 წლის წინ მოხდა“, - თქვა დეკანოზმა.
რაც შეეხება ორიგინალური და დახვეწილი არქიტექტურით გამორჩეული სახლის კარ-ფანჯარას, სასულიერო პირი ამბობს, რომ ხის საუკეთესო მასალისგან დამზადდა ადრე არსებულის ანალოგი. შენობის გადახურვა კი აუცილებელი იყო, რადგან აწვიმდა და ნადგურდებოდა.
შენობის ფასადიდან ნიღბის შემთხვევით ჩამოშლის ვერსიის არ სჯერა ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ხელმძღვანელ ნესტან თათარაშვილს. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ეკლესიამ ის გააკეთა, რაც თავად სურდა.
ნესტან თათარაშვილის თქმით, ის რასაც სასულიერო პირები „ეშმაკს“ უწოდებენ, მოდერნის ტიპის შენობისთვის დამახასიათებელი გროტესკული ნიღაბია:
„თავიდან როცა ნახეს, რომ ამ შენობაზე „ეშმაკი“ იყო, - რომელიც რეალურად არის მასკარონები, გროტესკული ნიღბები და პორტრეტები, რაც დამახასიათებელია მოდერნის არქიტექტურისთვის, - თუ ნახეს, რომ ეს ჰქონდა, მაშინ საერთოდ რატომ შევიდნენ?!“ - ამბობს ნესტან თათარაშვილი.
არქიტექტორ-რესტავრატორი ასევე აცხადებს, რომ აკაკი ხოშტარიას სახლი არის უნიკალური, რადგან მოდერნის ტიპის შენობები მსოფლიოში ბევრი არ გვხვდება. მისი სიტყვებით, ეს არის სტილი, რომლითაც ამაყობს, პარიზი და ბრიუსელი.
„ეს არის მოდერნის ტიპის შენობა. ასეთი შენობა უნიკალურია იმით, რომ მსოფლიოს ძალიან ცნობილ ქვეყნებში და ევროპის ყველა ქვეყანაშიც კი ვერ განვითარდა. იყო ძალიან ცოტა ხანს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და პირველ მსოფლიო ომამდე. საქართველოში გვაქვს ამ მხრივ უნიკალური მემკვიდრეობა, რის გამოც ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ვართ“, - აცხადებს ნესტან თათარაშვილი და იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფაქტზე იქნება შესაბამისი რეაგირება.
ის ასევე განმარტავს, რომ ძველი დოკუმენტების გამოყენებით შენობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება შესაძლებელია.
თავის მხრივ აბაშის ტაძრის დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა გაკვირვებულია, საზოგადოების ნაწილის შეშფოთებით, რადგან ამბობს, რომ მანამდე დიდ ინტერესს და გულისტკივილს განადგურების პირას მისული შენობა არ იპყრობდა.
„შენობა გადავარჩინეთ განადგურებას. შეცვლის გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ, მეუფე პეტრემ და სამღვდელოებამ“, - ამბობს დეკანოზი.
თავის მხრივ სამღვდელოების ამ გადაწყვეტილებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოებას გულისხმობს შესაბამისი ნებართვის გარეშე, რამაც მისი დაზიანება, ან განადგურება გამოიწვია.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტზე თავის დროზე სააგენტომ მიიღო შესაბამისი ზომები. თუ რა სახის და როდის, სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ირწმუნება, რომ მასალებს მოიძიებენ არქივიდან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას.
"მე მიკვირს, რატომ ხდება უკაცრავად ჟარგონისთვის, საქმეების ნაფტალინიდან ამოღება, როცა უფრო მეტი, საკმაოდ სერიოზული პრობლემებია იმავე უშგულში, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობები და სხვა. მაშინ თუ არ ვცდები, პოლიციასაც ეცნობა რეაგირებისთვის. ეს ინფორმაცია არ არის გუშინდელი და გუშინწინდელი. ისტორიული ფაქტების გაცოცხლება ხდება და წარმოჩინება, თითქოს დღეს ხდება. რატომ, არ ვიცი", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
რაც შეეხება სასახლის აღდგენას, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, საქართველოში 20 ათასამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამიტომ, მესაკუთრეებსაც აქვთ ვალდებულებები და უფლებამოსილება კანონმდებლობით, იზრუნონ ძეგლის აღდგენაზე მათთან შეთანხმებით.
"მარტო სახელმწიფოს შემყურე, რომ ძეგლს სჭირდება რეაბილიტაცია, ეს არასწორია და საქმეზე ორიენტირებული მიდგომა არ არის", - განმარტა მან.
ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ სახლი 1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა. ორიგინალური და დახვეწილი არქიტექტურით გამორჩეული სახლი დაახლოებით 10 წლის წინ საპატრიარქომ აუქციონის წესით შეიძინა. ახლა შენობაში მონაზვნები ცხოვრობენ.
ასევე ნახეთ აკაკი ხოშტარიას სახლი 100 წლის შემდეგჭყონდიდის ეპარქიაში ირწმუნებიან, რომ სამომავლოდ აკაკი ხოშტარიას უნიკალურ სახლში მუზეუმის მოწყობა სურთ, სადაც სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად ჩაატარებენ.