რა მოსდის ხელოვნებას, როცა ის მრავაწლიანი წნეხის და ცენზურის შემდეგ სამიოდე წლით თავისუფლდება?
როგორი იყო კულტურა და ხელოვნება ქვეყანაში, რომელმაც სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ კიდევ 70 წელი იცხოვრა კომუნისტურ-ტოტალიტარულ რეჟიმში, სადაც ამ სამ წელზე ლაპარაკიც კი აკრძალული იყო?
ეს ხელოვნება რაღაცით ასფალტზე ამოხეთქილ ყვავილებს ჰგავს - ის, ერთდროულად ძლიერიცაა და ლამაზიც. თითქოს დაგროვილი ენერგია ვულკანის ძალით ამოიფრქვა და გაიფანტა მუსიკაში, თეატრში, ლიტერატურაში, მხატვრობაში.
ისტორიკოსი გიორგი კალანდია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ქართული ხელოვნების ამოსუნთქვის ამ სამწლიან პერიოდს „ხანმოკლე გაზაფხულს“ უწოდებს. თუმცა ამ ხანმოკლე გაზაფხულზე იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომ ამ ამბების არჩევა წიგნ-ალბომისთვის „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“, ძალიან გაჭირდა.
საბოლოოდ , ჟურნალ „თეატრი და ხელოვნების“ დახმარებით, წიგნის სარედაქციო საბჭომ 72 გამორჩეული ამბავი შეარჩია და საზოგადოებისათვის ამ დრომდე უცნობი დოკუმენტური მასალა ერთ წიგნში მოაქცია. წიგნის კონცეფცია ფოტოგრაფ ირინა აბჟანდაძეს ეკუთვნის. ტექსტი - გიორგი კალანდიას. უნიკალური საარქივო მასალების შეგროვებაზე კი სარედაქციო საბჭომ იმუშავა.
ეს სამი წელია ქართული ოპერების, „ქრისტინეს“, „აბესალომ და ეთერის“, თქმულება შოთა რუსთაველზე“ დაბადების წლები, ამ წლებში დაიწერა ჰიმნი „დიდება., „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“ - ეს კითხვაც მაშინ დასვა პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნებულმა რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა და უპასუხა კიდეც: არა და არა! და მისი გაქართულებისთვის ბრძოლაც დაიწყო. 1919 წელს საქართველოში პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ აჩვენეს... წიგნში ბევრი უნიკალური ამბავი მოხვდა, აქ მხოლოდ რამდენიმეს მოვყვებით.
1918 წელი. 21 მაისი. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 5 დღით ადრე, ქართული კლუბის სცენაზე ოპერა „ქრისტინეს“ პრემიერა გაიმართა. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორს, იოსებ იმედაშვილს მოგონებებში უწერია, როგორ მორიდებით სთხოვს მას გიორგი ლეონიძე, როგორმე ოპერაზე დასასწრებად დარბაზში შეღწევაში დაეხმაროს - „თუნდაც უბილეთოდ, ფეხზე დგომით“. იასონის პარტიას ვანო სარაჯიშვილი ასრულებდა. „ქრისტინეს“ აფიშები, დამოუკიდებლობის გამოცხადების მიუხედავად, მაინც რუსულად დაიბეჭდა, წარმოდგენის დღეს კი მათი დიდი ნაწილი განზრახ ჩამოიხა დაფებიდან.
1919 წელი. 2 მარტი. ჟურნალი „თეატრი და ხელოვნება“. სვიმონ წერეთელი წერს: „ქართული კლუბის პატარა სცენა შეაკეთეს. აქ ქართული დრამატული საზოგადოების სტუდია ოთხშაბათ-შაბათობით მართავს ქართულ წარმოდგენებს. უკვე დაიდგა:
„ვითა ფოთლები“, „ბურუსი“ და სხვა. ყველა უნაკლოდ ასრულებდა როლს. აღსანიშნავი არიან: ანჯაფარიძე, ქიქოძე, გელოვანი და სხვები... როგორც ითქვა, სახელმწიფო თეატრის სცენაზე გავიგონეთ მშობლიური ჰანგები, დაიდგა ორიგინალური ოპერები - დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ და ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“... თურმე, გვყოლია ქართული საოპერო ძალები“...
მთავრობამ ათას-ათასი თუმნით დაასაჩუქრა დამსახურებული კომპოზიტორნი დიმიტრი თუმანიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი, წერს გამოცემა.
ვიგებთ, რომ მელიტონ ბალანჩივაძის ოპერა „თამარ ცბიერი“ „ამ მოკლე ხანში დაიდგმის“ სახელმწიფო თეატრში.
ელო ანდრონიკაშვილი თბილისში ცეკვის კურსებს ადგენს.
ახალგაზრდა კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“ არტისტული საზოგადოების თეატრში მარტში დაიდგმებაო.
11 მაისი, 1919 წელი. ჟურნალი წერს: „მსახიობ-მოცეკვავე ელო ანდრონიკაშვილს ჩვენი ეროვნული ცეკვა აუსრულებია, პარიზში, ხარკოვში, ქუთაისში, კავკავში, ბაქოში, ბათუმში და ყველგან ერთნაირი აღტაცება გამოუწვევია. პარიზში, კავკასიურ საღამოზე, გამოჩენილ მოცეკვავე ქალს, პეპიტას თაიგული მიართვეს, მაგრამ პეპიტამ რომ ელო ანდრონიკაშვილის ლეკური იხილა, გადაირბინა დარბაზო აღტაცებულმა, თაიგული გადასცა და უთხრა: ამის ღირსი მხოლოდ თქვენ ხართო!
4 მაისს, დიდების ტაძარში ქართველ მხატვართა გამოფენა გამართულა. ბევრი ნახატი და ქანდაკება გაყიდულა, ზოგისა - ორ-ორი!
პირველი ქართული მუნჯი ფილმი „ქრისტინეც“ სწორედ ამ სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში გადაიღო ალექსანდრე წუწუნავამ. „ქრისტინეს“ როლს ანტონინა აბელიშვილი ასრულებდა.
ახალ გაგრაში ხალხს კაპელის კონცერტი ისე მოსწონებია, განსაკუთრებით, შამილის ლოცვა ცეკვით, რომ ერთმა ჯარისკაცმა დარბაზიდან აღტაცებით მიმართა კონცერტის მონაწილეთ:თქვენი ხელოვნება გვიჩვენებს, რომ აფხაზები და ქართველები განუყრელი ძმები ვყოფილვართ და ვიქნებითო...
„თეატრი და ცხოვრების“ 1920 წლის პირველ იანვრის ნომერში ქართ-იმერელი (სამსონ წერეთლის ფსევდონიმი) წერს, მხატვრობის დარგში პროგრესია, ორმა გამოფენამ გვაჩვენა, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს იმისთანა მხატვრებით, როგორებიც არიან ნიკო ფიროსმანაშვილი, გიგო გაბაშვილი, მამა შვილი მოსე და ირაკლი თოიძეები, ალექსანდრე მრევლიშვილი, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე და სხვები არიანო.
„მოქანდაკეობა მძიმედ მიდის. მნიშვნელოვანი როლი იაკობ ნიკოლაძესა და მიხეილ ჭიაურელზეა... ლიტერატურა? აი, აქ რეგრესია. ფუტურისტები მუშაობენ, მაგრამ უშედეგოდ. რეალისტებს თითქოს საფანელი შემოაკლდათ“.
ჟურნალის ეს ნომერი გვამცნობს, რომ მხატვრები დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი მთავრობის ხარჯით პარიზს გამგზავრებულან სამხატვრო უმაღლეს კურსებზე.
Your browser doesn’t support HTML5
1920 წლის თებერვალში, არტისტული საზოგადოების, საქალაქო თეატრში ქართველმა მსახიობებმა ალექსანდრე სუმბათაშვილის „ღალატი“ ითამაშეს. ზეინაბის როლს ნინო ჩხეიძე ასრულებდა. მას გვერდს უმშვენებდა ვალერიან გუნია.
18 აპრილს ქართულ კლუბში გამართულა გაბრიელ სუნდუკიანის „ხათაბალის“ ჩვენება. წარმოდგენას აუარება ხალხი დასწრებია.
თეატრალური ცხოვრება ცოცხლდება ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, დუშეთში, მარტვილში... აქვსენტი ფარულავა წერს:
„დაბა მარტვილში პირველად დაიდგა აკაკის „პატარა კახი“, რისთვისაც სცენისმოყვარენი დიდხანს ემზადებოდნენ, რათა პროვინციული ხალხი ჩაეთრია ხელოვნების ტაძარში“...
„მხოლოდ თავისუფალ ადამიანს, თავისუფალ ქვეყანაში შეუძლია შექმნას ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები“, - გვითხრა წიგნის ტექსტის ავტორმა გიორგი კალანდიამ.
ბოლოთქმაში ის წერს, რომ წიგნი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიდან ცნობილი მხატვრის, სცენოგრაფის და ილუსტრატორის, ბაქსტის მიერ შექმნილი ესკიზის ელექტრონული ასლი მიიღეს - ეს იყო ბაქსტის მიერ შექმნილი ესკიზი ბალეტისთვის „თამარი“. ეს სპექტაკლი პირველად 1912 წელს აჩვენეს პარიზის შატლეს თეატრში. 1918 წელს კი ეს სპექტაკლი ახლებურად წარმოადგინა ცნობილმა საბალეტო იმპრესარიომ სერგეი დიაგილევმა. ბალეტის სიუჟეტი საქართველოსა და მის მეფეს, თამარს უკავშირდებოდა - წიგნის გარეკანსაც, სიმბოლურად, სწორედ ეს ესკიზი ახატია.
*ტექსტში გამოყენებული ფოტომასალა აღებულია წიგნიდან "1918-1920 წლების ქართული ხელოვნება".