1919 წლის 14,15,16 თებერვალს საქართველოში გაიმართა დამფუძნებელი კრების პირველი არჩევნები, რომელიც ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა განსაკუთრებული.თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით პროგრესული საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარებულ მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მოქალაქეებმა, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, რაც მაშინ განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოვლენად არ მიიჩნეოდა.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში თავისი პოლიტიკური ნება ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტმა გამოხატა. მათ არჩევანი 15 პოლიტიკურ სუბიექტს შორის გააკეთეს.
15 პარტიის საკანდიდატო სიაში სულ 600 კანდიდატი იყო წარდგენილი. მათგან ყველაზე მეტი, 130 კანდიდატით მონაწილეობდა არჩევნებში „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია“, ხოლო ყველზე ცოტა, ერთი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი „შოთა რუსთაველის ჯგუფს“. 15 პარტიიდან სიაში ქალი კანდიდატები მხოლოდ 6 პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავდა წარდგენილი. მთლიანობაში არჩევნებში მონაწილეობდა 26 ქალი, მათგან დეპუტატი 5 გახდა. მათ შორის ერთი, ქრისტინე შარაშიძე პრეზიდიუმის მდივნადაც იქნა არჩეული.
რატომ მიმდინარეობდა არჩევნები სამი დღის განმავლობაში?
ამას, თსუ ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის დირექტორის, ირაკლი ირემაძის განმარტებით, ძალიან მარტივი ახსნა აქვს:“ 1918-1919 წლებში ქალაქებსა და მაზრებში თვითმმართველობის არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ შეუძლებელი იყო ამის ერთ დღეში დასრულება.
გადაადგილებების სათანადო საშუალებები არ არსებობდა, დასავლეთ საქართველოში ჩაწერილებს, მაგალითად, მატარებლით უნდა ემგზავრათ. სხვადასხვა ლოჯისტიკური მიზეზები შეუძლებელს ხდიდა ერთი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულიყო მსგავსი არჩევნები, რომელშიც 600 000-ზე მეტი ამომრჩეველი მიიღებდა მონაწილეობას. ამიტომ ყველა პარტიის საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ არჩევნები გამართულიყო სამი დღის განმავლობაში და მოქალაქეები დროის ამ მონაკვეთში მათთვის სასურველ დროს მისულიყვნენ საარჩევნო ბიულეტენთან,“ - გვითხრა ირაკლი ირემაძემ.
Your browser doesn’t support HTML5
მისი განმარტებით, სამხედრო-პოლიტიკური და მეტეოროლოგიური პრობლემების გამო, დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წლის 14-16 თებერვალს ვერ გაიმართა სამხრეთ საქართველოში, ბორჩალოში, ახალციხე-ახალქალაქში, ასევე აფხაზეთში და იქ, სადაც დიდთოვლობა იყო, მაგალითად დუშეთში. დამატებითი 2 არჩევნების შედეგად, მოგვიანებით ეს მაზრებიც დაფარულ იქნა, აჭარისა და ზაქათალის გარდა.
საარჩევნო კამპანია
საარჩევნო კამპანიის განხორციელების ძირითად საშუალებას პრესა და საჯარო შეხვედრები წარმოადგენდნენ. საარჩევნო სუბიექტები თავიანთ სარეკლამო სლოგანებს ძირითადად პარტიულ პრესაში აქვეყნებდნენ.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის პოლიტიკურ მნიშვნელობას ხაზს უსვამდა მთავრობის ოფიციალური გამოცემაც. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ იბეჭდებოდა მთავრობის მიმართვები, რომლებშიც მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ:
„ამ დღეს უნდა გადასწყდეს საქართველოს ბედი! თქვენ თვითონ უნდა გამოსჭედოთ იგი! „
„არჩევნების დღეებში არც ერთი არ დარჩეთ შინ!“
„ყველამ მიაშურეთ საარჩევნო ყუთებს! არც ერთმა არ დაჰკარგოთ ხმა!“- მოქალაქეთა სამოქალაქო აქტივობის გასაზრდელად საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების წინ პრესამ არაერთი ამ ტიპის მოწოდება დაბეჭდა.
რა შედეგით დასრულდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში:
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების შედეგების გამოქვეყნება არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო. დამფუძნებელი კრების სადეპუტატო მანდატები კი ერთი მთავარი და ორი დამატებით არჩევნების შედეგად შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ წარმომადგენლობით ორგანოში 102 წევრი გაიყვანა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ - 8 წევრი, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ - 6 წევრი, სომეხთა სარევოლუციო პარტიამ „დაშნაკცუთუინი“- 3 წევრი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ - 9 წევრი, საქართველოს ეროვნულმა პარტიამ - 2 წევრი. 130 კაციან დამფუძნებელ კრებაში კვოტირების გარეშე მოხვდნენ ეროვნული უმცირესობის 23 წარმომადგენელი და 5 ქალი.
„ეს იყო წმინდად პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის გამოვლინება და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხასიათი,“-გვითხრა ირაკლი ირემაძემ,-„თითქმის ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და ქალი ამ პარტიიდან იყო არჩეული. ეთნიკური უმცირესობებიდან მხოლოდ 4 იყო „დაშნაკცუთუინის“ წევრი, დანარჩენი 19 სოციალ-დემოკრატები იყვნენ,“ - აღნიშნა მან.
რამდენად დემოკრატიული იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში
„წინასაარჩევნო გარემოც დემოკრატიული იყო, კანონმდებლობაც,არჩევნების დღეც და შედეგების დათვლის პროცესიც არა მხოლოდ ეპოქის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად,“- გვითხრა ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძე. იგი პირველ საყოველთაო არჩევნებს პირველ რიგში კონტექსტის მიხედვით აფასებს. დიმიტრი სილაგაძე ამბობს, რომ იმ პერიოდის სხვა არჩევნების ფონზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნები ნამდვილად იყო დემოკრატიული და უნიკალური:
“საქართველო ერთ-ერთი პირველი ნამდვილად არის ევროპის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქალებს ხმის მიცემისა და კენჭისყრის საშუალება მიეცათ და 5 ქალი კიდეც აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოში,“-აღნიშნავს დიმიტრი სილაქაძე. მისივე შეფასებით, საქართველოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები გამორჩეული იყო შემდგომში ჩატარებულ სხვა არჩევნებს შორისაც კი იმით, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, მცირე დარღვევებზე კი შესაბამისი რეაგირება მოხდა.
პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მცირე ხანს იარსება. საბჭოთა ეპოქის ფორმალური არჩევნების შემდეგ, საქართველოში არჩევნების პოლიტიკური კულტურის ხელახლა ჩამოყალიბება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბევრი მიზეზით ინარჩუნებს განსაკუთრებულის სტატუსს.