30 წლის წინ: როგორ გადაიღო ფოტოგრაფმა "ბალტიის ჯაჭვი" ჰაერიდან

1989 წლის 23 აგვისტოს, საღამოს, ფოტოგრაფი აივარს ლიეპინსი რიგაში, თავისი გაზეთის რედაქციის პირველ სართულზე იჯდა და ფიქრობდა, სად ჯობდა გადაეღო მასობრივი დემონსტრაცია, რომელიც გარეთ უნდა დაწყებულიყო. გადასაღები იყო ყველგან, მაგრამ უნდა გადაეწყვიტა, კონკრეტულად სად ემუშავა. უცებ თითქმის დაცარიელებულ ოფისში სატელეფონო ზარის ხმა გაისმა. ქალის ხმამ ჰკითხა, სურდა თუ არა ვერტმფრენით გადაეფრინა საპროტესტო ჯაჭვის თავზე, რომელიც მთელს ბალტიისპირეთში გაიჭიმებოდა. ხმამ უთხრა, რომ ლიეპინსს 15 წუთი ჰქონდა აეროპორტში მისასვლელად, თორემ ვერტმფრენი მის გარეშე გაფრინდებოდა.

მარშრუტის გასწვრივ საპროტესტო აქციის მონაწილეები გროვდებიან.

გარეთ მილიონამდე დემონსტრანტი იყრიდა თავს რიგში ჩასამწკრივებლად, რაც "ბალტიის გზის" სახელით შევიდოდა ისტორიაში. ეს იყო ხალხის უწყვეტი 675-კილომეტრიანი ჯაჭვი ბალტიის სამი ქვეყნის ტერიტორიაზე - სამხრეთში მდებარე ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსიდან, ლატვიის დედაქალაქ რიგის გავლით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინამდე.

შთამბეჭდავი საპროტესტო აქცია ეძღვნებოდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50 წლისთავს. ამ დოკუმენტით სტალინურმა საბჭოთა კავშირმა და ჰიტლერის გერმანიამ ფარულად დაინაწილეს ევროპაში "გავლენის სფეროები". ხელშეკრულების საიდუმლო ოქმებმა საბჭოთა კავშირს 1940 წელს გზა გაუხსნა ინტერვენციისკენ, რის შედეგადაც ბალტიის ქვეყნები სსრკ-ის შემადგენლობაში მოექცნენ. სამი პატარა სახელმწიფოს ათიათასობით მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს ან ციმბირში გადაასახლეს საბჭოთა ოკუპაციის ათწლეულების განმავლობაში.

ფოტოჟურნალისტი აივარს ლიეპინსი საბჭოთა პერიოდში.

36 წლის ლიეპინსისთვის, რომელიც ანტისაბჭოთა სახალხო ფრონტის გაზეთში მუშაობდა, საპროტესტო აქციის ჰაერიდან გადაღება მიუწვდომელ ამოცანად გამოიყურებოდა. შეუძლებელი იყო, 15 წუთში მიესწრო სპილვეს აეროპორტში, რომელიც რიგიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს.

ფოტოგრაფმა სიფრთხილე დაივიწყა, ხელი სტაცა თავის აპარატურას და სირბილით მივარდა შავ "ვოლგასთან", რომელიც კომუნისტური ხელისუფლების საკუთრება იყო. მანქანა შეკვეთილი იყო საბჭოთა გამომცემლობის დირექტორისთვის. ამ გამომცემლობაში იყო განთავსებული გაზეთების უმეტესობა და ლიეპინსი მძღოლს იცნობდა.

მძღოლს ვუთხარი: "მიშველე, მიშველე! სასწრაფოდ უნდა გავემგზავროთ აეროპორტში," იხსენებს ლიეპინსი 30 წლის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბარში. "წარმოდგენა არ ჰქონდა, ტერორისტული აქტი იყო თუ რა მოხდა, მაგრამ დიდი სიჩქარით დაძრა მანქანა აეროპორტისკენ და გზაში ავუხსენი, რაც ვიცოდი, თუმცა ბევრი არაფერი ვიცოდი."

როცა ზუსტად 15 წუთის შემდეგ "ვოლგამ" აეროპორტში დაამუხრუჭა, ვერტმფრენის როტორები უკვე ტრიალებდა. ლიეპინსი, რომელსაც Canon-ის 35-მილიმეტრიანი კამერები ეჭირა ხელში, თავდახრილი შეხტა ვერტმფრენში.

"ბალტიის გზის" მონაკვეთი ლატვიისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გასწვრივ.

როცა მფრინავი მოუტრიალდა და ტაქსის მძღოლივით ჰკითხა, "საით?", ლიეპინსმა გადაწყვიტა, რომ რიგიდან ესტონეთისკენ მიმავალ ავტრომაგისტრალს გაჰყოლოდნენ.

ლიეპინსის თქმით, ხელიხელჩაკიდებული ხალხის მრავალკილომეტრიანი ჯაჭვი, რომელიც იმ დღეს ნახა 15 წუთის განმავლობაში, მთელ სიგრძეზე უწყვეტი იყო. ეს ხალხის ორგანიზების გასაოცარი მაგალითი იყო იმ პერიოდისთვის, როცა არ არსებობდა არც სოციალური მედია და არც მობილური ტელეფონები.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ რას განიცდიდა ფრენისას, ფოტოგრაფმა თქვა: "ვიცი, ხალხს სურს მოისმინოს დიდი გრძნობების შესახებ, რაც მამოძრავებდა, როგორც ლატვიელს. მაგრამ გამოგიტყდებით, მხოლოდ პროფესიონალურად ვფიქრობდი და კარგი ფოტოების გადაღებას ვცდილობდი. ზოგჯერ ვბრაზობდი კიდეც, ვინაიდან როცა ხალხი ვერტმფრენს ხედავდა, ჯაჭვს წყვეტდნენ და ხელს გვიქნევდნენ!"

ხალხი რიგის შუაგულში, რომელიც ჯაჭვის ცენტრალური ნაწილი იყო.

მაგრამ მიუხედავად მისი ცივი პროფესიონალიზმისა ამ ისტორიული ფრენისას, ლიეპინსის თქმით, მან "სიამაყე იგრძნო", როცა ერთი წლის შემდეგ შვეიცარიის ერთმა ფოტომუზეუმმა მის მიერ გადაღებული აქციის ერთ-ერთი ფოტოდან საფოსტო ბარათი გააკეთა. "ეს ფოტო მთელს ევროპაში იყიდებოდა, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა, რომ ჩემს პატარა ქვეყანაში მომხდარ ამ მოვლენას ხალხი მთელს მსოფლიოში ნახულობდა.

ლიეპინსი, ერთადერთი პროფესიონალი ფოტოგრაფი, ვინც ზემოდან გადაიღო ეს საკულტო მნიშვნელობის მოვლენა, ამბობს, რომ მხოლოდ 2014 წელს შეიტყო, როგორ აღმოჩნდა იმ დღეს ვერტმფრენში. ამ მოვლენის 25 წლის იუბილეზე ის შეხვდა ანტისაბჭოთა მოძრაობა სახალხო ფრონტის ყოფილ ლიდერს.

"მან მითხრა, რომ ვერტმფრენი სახალხო ფრონტმა დაიქირავა, მაგრამ ლიდერები ნერვიულობდნენ. ძალიან დაძაბული დრო იყო და ეშინოდათ, რომ კგბ-ს შეეძლო აეროპორტის გზაზე დაეპატიმრებინა ისინი," ამიტომ ოპოზიციის პოლიტიკოსები მანქანებით ფარულად გაემგზავრნენ ქვეყნის რესპუბლიკის საზღვარზე, სადაც ბალტიისპირეთის სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შეხვდნენ. მაგრამ ვინაიდან ვერტმფრენის ფული უკვე გადახდილი იყო, ვიღაცამ უკანასკნელ მომენტში გადაწყვიტა, ფოტოგრაფი მიეწვიათ ბორტზე იმის იმედით, რომ ხალხის ჯაჭვს ზემოდან აღბეჭდავდა ფირზე.

საპროტესტო აქციის შემდეგ დამოუკიდებლობისკენ ბალტიისპირელთა სწრაფვამ საერთაშორისო პრესაში პოვა ასახვა. ამის შემდეგ მალე კრემლმა საჯაროდ დაგმო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმები. 1991 წლის ზაფხულში ბალტიის სახელმწიფოებმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რამდენიმე თვეში კი თავად სსრკ დაიშალა.