­­­15 წლის წინ და სხვა „7 ნოემბრები“

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლისას, ოპოზიციის მხარდამჭერი პოლიციის წყლის ჭავლმა რუსთაველის გამზირზე დაანარცხა.

„7 ნოემბერს პარლამენტის წინ მშვიდობიან მომიტინგეთა დაშლა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა“, „ვარდების რევოლუციის გახუნებული ფერი“, „თუ პასიურები ვიქნებით, სააკაშვილი ათჯერ უფრო უარესს იზამს, ვიდრე აქამდე ჩაუდენია“, „საქართველოში კიდევ ერთი „9 აპრილი“ მოხდა“, „2007 წლის 7 ნოემბერი: ხელისუფლებამ ხელი აღმართა ხალხზე!“ - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა ქართული პრესა 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, შემდეგ რიყეზე შეკრებილი ხალხის დარბევას. ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია და დღის ბოლოს, შს სამინისტრომ სპეციალური დანიშნულების რაზმი, იმხანად ოპოზიციურად განწყობილ, ტელეკომპანია „იმედშიც“ შეიჭრა.

იმ „7 ნოემბერს“, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება დიდწილად 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა განაპირობა, თუმცა, როგორც პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, ამასობაში „ქართულ ოცნებასაც“ დაუგროვდა თავისი დიდი თუ მცირე „7 ნოემბრები“ - განსაკუთრებით კი 2019 წლის 20 ივნისი.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს წინ უძღოდა ათი ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული 12-პუნქტიანი მანიფესტი (რომლის ერთ-ერთი პუნქტით, გაერთიანებული ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს 2008 წლის გაზაფხულზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ხედავდა) და 2 ნოემბერს, პარლამენტის წინ დაწყებული საპროტესტო აქცია, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს ბიზნესმენი და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ბადრი პატარკაციშვილი.

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 2007 წლის ნოემბერი

3 ნოემბერს აქციიის მონაწილეთა მოთხოვნებს დაემატა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა, რასაც მიხეილ სააკაშვილმა მომდევნო დღეს კატეგორიული უარით უპასუხა:

„საქართველოში ყველაფერი იქნება მაშინ, როცა ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, ქვეყნის ინტერესებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე. ყველანაირი რყევა, თუნდაც ძალიან დიდი ფულის დახარჯვით, აწი არავის გამოუვა”.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ საპროტესტო აქციები დემოკრატიის ნაწილია და, რომ ეს ნორმალურიაო, თუმცა 7 ნოემბერს ადრიანი დილით პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქციის ღამენათევი მოშიმშილე წევრები იყვნენ დარჩენილი, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ... პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დაპირისპირება და აქციის მონაწილეთა დარბევა მოჰყვა.

თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2007 წლის 7 ნოემბერი

„პარლამენტის წინ მოვიდნენ, გაზი გაგვიხსნეს, თვალებიდან ცრემლები მოგვდიოდა, სუნთქვა შეგვეკრა... სროლა-სროლით მოგვყვებიან“, - უთხრა 15 წლის წინ 7 ნოემბერს რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„რაც მოხდა, სამარცხვინოა, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ანგარიშსწორება მოუწყო. მათ დაარბიეს აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი. აქციის მონაწილეები ვეღარ ეტეოდნენ პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე და უნებლიეთ მოხდა გზის გადაკეტვა. ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის დარბევა. დილიდანვე მობილიზებული იყო პოლიცია, სპეცრაზმი და სახანძრო მანქანები. ამ ხელისუფლებამ უკვე დაკარგა ლეგიტიმაცია. საზოგადოება არჩევნების დროულად ჩატარებას და საარჩევნო პროცესების გადემოკრატიულებას მოითხოვდა. ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა ხალხთან და ოპოზიციასთან საუბრის უნარი და მათი დაშინება გადაწყვიტა“, - თქვა პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა 2007 წლის 8 ნოემბერს.

პაატა ზაქარეიშვილი

„რა მიზანი ჰქონდა ძალის გამოყენებას? - იკითხა იმავე დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ, გიორგი ჩხეიძემ, - ტელევიზიით ვნახეთ ხელკეტები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, ერთია, რა მიზნით იყენებ ძალას, - ქუჩის გასანთავისუფლებლად, ტრანსპორტის მოძრაობისთვის, მაგრამ მეორეა ცრემლსადენი გაზის გამოყენება. უწინარესად, როგორც ადამიანი და შემდეგ იურისტი მოვლენებს ასე ვაფასებ - ცრემლსადენი გაზი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, როცა დემონსტრანტები ძალადობას მიმართავენ. დილიდან პარლამენტის შენობის წინ ვიდექი და მომიტინგეები არანაირ ძალას არ მიმართავდნენ“.

7 ნოემბერს საღამოს მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ოპოზიციას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული უწოდა და პოლიციის მოქმედების გამართლება სცადა:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიციას არ აქვს გამოცდილება, მოვიქეცით ზუსტად ისე, როგორც მოიქცეოდა ყველა ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში - ევროპასა თუ ამერიკაში“.

მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეთა დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე გამართვა, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, ძალიან სარისკო იყო, „რადგან 2008-ში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ამას გარდა, 2008 წლის იანვარში ან თებერვალში კოსოვოს ბედი უნდა გადაწყდეს”.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუწია გადადგომა და 2008 წლის 5 იანვრისათვის პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნა, თუმცა მანამდე პოლიციის სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა:

„დროებითი შეზღუდვები წესდება მანიფესტაციებსა და შეკრებებზე, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების ძალით დამხობის მოწოდებებზე, სხვა მხრივ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება“.

საგანგებო მდგომარეობა 16 ნოემბერს, 19:00 სთ-მდე გაგრძელდა, ვითარების განმუხტვა სცადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„ეს დაპირისპირება აწყობს გარე ძალებს. მზად ვარ, თუ იქნება ორივე მხარის სურვილი, ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგში მივიღო მონაწილეობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დაპირისპირებით დაინტერესებული არიან უცხო ძალები და ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ“, - თქვა ილია II-მ.

აქციის დარბევიდან მალევე შს სამინისტრომ გამოაქვეყნა ოპოზიციის ლიდერების (შალვა ნათელაშვილის, ლევან ბერძენიშვილის, კონსტანტინე ზ. გამსახურდიას, ცოტნე გამსახურდიას, გოგა ხაინდრავას) სატელეფონო საუბრები და შეხვედრების ამსახველი ვიდეოკადრები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ოპოზიციის ლიდერები რუსეთის სპეცსამსახურებთან კოორდინირებდნენ. ამ კადრებზე დაყრდნობით ხელისუფლებამ ისიც თქვა, რომ დიალოგი გაგრძელდებოდა ოპოზიციის მხოლოდ იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებთან. თუმცა საბოლოო ჯამში საქმე სასამართლომდე არ მისულა, სისხლის სამართლის საქმეების წარმოება შეწყდა, მეტიც, ბადრი პატარკაციშვილმა, ლევან გაჩეჩილაძემ და შალვა ნათელაშვილმა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

ბადრი პატარკაციშვილი, 2007 წლის ნოემბერი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ახლაც დარწმუნებულია, რომ ხელოვნური კრიზისის ფორმირება შეუძლებელია და, რომ 15 წლის წინანდელ მოვლენებში გადამწყვეტი იყო საზოგადოების განწყობა და არა ცალკეული პოლიტიკოსის ძალისხმევა.

2007 წლის ნოემბრის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სინანულით ამბობს, რომ ბევრისთვის 7 ნოემბრის გაკვეთილმა ფუჭად ჩაიარა.

„ვისაც დღემდე არ ესმის და არ აღიარებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი და 2019 წლის 20 ივნისი ერთმანეთის დარი უღირსებო დღეებია ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებებისთვის, ვისაც არ ესმის, რომ ორივე შემთხვევაში დარბეული მხარეა ცამდე მართალი, მას არაფერი არ ესმის და არის მდარე და აკვიატებული რევანშისტი“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც, ეს არის მაშინდელი და ახლანდელი ხელისუფლებების ყველაზე უფრო დიდი დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე:

დავით ბერძენიშვილი

„სამწუხაროდ, ის ხელისუფლებაც და ეს ხელისუფლებაც აკვიატებულია „7 ნოემბრის“ თუ „20 ივნისის“ შეფასებაში. ის ადამიანები, რომლებიც დარბეულები ან დარბეულების გულშემატკივრები არ იყვნენ ორივე შემთხვევაში და ძალიან აქტიურობენ ახლა ან „7 ნოემბრის“ წინ წამოსაწევად, როგორც „ნაცებისადმი“ მთავარი მამხილებელი მოვლენისა ან „20 ივნისის“ წინ წამოსაწევად, როგორც „ქოცების“ მამხილებელი მთავარი მოვლენისა და ამ ორიდან ერთ-ერთის მხარეს გვევლინებიან - ეს ადამიანები არც კვალიფიცირებულები არიან და არც - წესიერები. არ შეიძლება, 15 წლის მერეც საკუთარ თავს არ გამოუტყდე იმაში, რომ შეცდი და ჯიუტად ამტკიცო, რომ 7 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილი გადატრიალებას აწყობდა და ა.შ. ეს არა მარტო უწესობა, არამედ სასაცილოცაა. პატარკაციშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე, ლევან გაჩეჩილაძეზე 4-ჯერ ნაკლები ხმა აიღო. 7 ნოემბრის მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა იყო გაერთიანებული ოპოზიცია. შესაბამისად, ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის მხარეს იყო და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველი აღმოჩნდა. ბადრი პატარკაციშვილი არ იყო კონკურენტუნარიანი მოთამაშე არც უშუალოდ 7 ნოემბერს და არც საპრეზიდენტო არჩევნებში. მესმის იმ ხალხის, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო და შეცდა, გაზვიადებით შეაფასა პატარკაციშვილის გავლენა ოპოზიციურ პარტიებზე. რა თქმა უნდა, ბადრის ჰქონდა გავლენა გაერთიანებულ ოპოზიციაში, მაგრამ ის უმცირესობაში იყო. ბადრი ძალიან მოწადინებული იყო, რომ ჩვენი გაერთიანების საპრემიერო კანდიდატი მაინც ყოფილიყო, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვით მე და თინა ხიდაშელმა რესპუბლიკელების სახელით, ძალიან სწრაფად და მკაფიოდ დავბლოკეთ ეს პროცესი. ალბათ გახსოვთ, ხელისუფლებამ პლაკატი რომ გადმოფინა რუსთაველზე - „ბადრიონეტები“, აქაოდა ბადრი მართავს ოპოზიციასო... ეს აღმოჩნდა შეცდომა. ვისაც არ შეუძლია ამ შეცდომის აღიარება, ის არ არის არც კვალიფიციური პოლიტიკოსი და არც - კვალიფიციური ჟურნალისტი. საერთოდ, საჯარო სივრცეში ასეთი აკვიატებები - „7 ნოემბრისკენ“ ვარ ან „20 ივნისისკენ“ ვარ - არ არის მხოლოდ პოლიტიკის პრობლემა, ეს არის ჩვენი საზოგადოების და საჯარო პირების პრობლემაც. სწორედ მათ მივმართე ამ პარალელით: ორივე შემთხვევაში, უნდა ყოფილიყავი ან აქციის მონაწილეთა შორის, ან მათი გულშემატკივარი, ან ახლა მაინც უნდა იყო“.

თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2019 წლის 20 ივნისი

მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები არამართებულად მიიჩნევენ „7 ნოემბერს“ და „20 ივნისს“ შორის ტოლობის დასმას.

„არის ვითარება, როცა მომიტინგეებს ვერ დაარქმევ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულად, ძალისიმერი მეთოდით ცდილობენ პარლამენტში შეღწევას ან როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი უპირისპირდება მეორე ნაწილს და ხდება დანაშაულები, რომლებისთვისაც არაერთი ადამიანი მიეცემა პასუხისგებაში. ან ვინ გინხავთ დასჯილი იმის გამო, რაც მოხდა 7 ნოემბერს ან 26 მაისს ან რომელი დაზარალებული ნახეთ, ვისაც სახელმწიფომ მიხედა და მოუარა. აქ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

გია ვოლსკი

საქართველოს მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას ძვირად დაუჯდა „7 ნოემბერი“. პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს დაიწყო წინა ხელისუფლების „დასასრული“.

თუ წინა ხელისუფლებას არ გაუვიდა, რატომ გასდის მოქმედ ხელისუფლებას იმავე ტიპის ძალადობა? - ამ კითხვის პასუხად დავით ბერძენიშვილი ამბობს:

„არც მიშა სააკაშვილს გაუვიდა, 7 ნოემბრის შემდეგ დანიშნულ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მოიპარა არჩევნები, მეორე ტური იყო... ასე რომ, მოძალადის სახელი მას გაჰყვა და გარკვეულწილად დღემდე შემორჩა. თუმცა ამის გარდა მას ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებიც ჰქონდა. „მოდერნიზაცია დემოკრატიის ხარჯზე“ - ასე ვაფასებ მიშა სააკაშვილის მმართველობას. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, არც მას გამოუვიდა მოძალადის სახელისაგან გათავისუფლება „20 ივნისისა“ და „5 ივლისის“ შემდეგ, იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ ჩატარებული არჩევნები როგორც 2020-ში, ასევე 2021-ში ხელისუფლებამ გააყალბა. მას ნდობა აღარ აქვს. თუმცა, როგორც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე 2020, 2021 წლების საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის უპირატესობა იყო სულ რამდენიმე პროცენტი და ეს რამდენიმე პროცენტი ხელისუფლებამ მოიპარა. საქართველოში ხელისუფლება იცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპოზიციის უპირატესობა არჩევნებში არის ორნიშნა. ასე იყო 1990, 2003 და 2012 წლებში, საქართველოში ასეთი ვითარება გვაქვს. საქართველოში ხელისუფლება იცვლება, როცა ორი პირობაა დაცული: როცა ოპოზიცია იგებს შესამჩნევი უპირატესობით, არა 3 და 5 პროცენტით, არამედ ორნიშნა რიცხვით (2012 წელს გვქონდა 55% - 40%, 15% იყო სხვაობა) და მეორე, როცა აშშ და დასავლეთი მთლიანად ადასტურებენ ოპოზიციის გამარჯვებას და ხელისუფლების ცვლილებას. 2003 და 2012 ამის კარგი მაგალითია“.