საქართველოში ბატატის (ტკბილი კარტოფილის)პირველი მწარმოებელი, შოთა ერიაშვილი, მოსავალს აბინავებს. ბოსტნეულის შესანახად სპეციალური სათავსო არ აქვს, ამიტომ ცდილობს, არსებულ სივრცეში ისეთი ტემპერატურული რეჟიმი შექმნას, რომ პროდუქტი არ გაუფუჭდეს. როგორ მოიყვანა მოსავალი, რა სიძნელეებს წააწყდა მუშაობის დროს და რამდენ კილოგრამს იწონის ყველაზე დიდი ბატატი?
Your browser doesn’t support HTML5
„პირველად რომ ამოვიღეთ მიწიდან, ყველაზე დიდი ბატატი იყო 2 კილო და 550 გრ, მაგრამ გარეცხვისა და გაშრობის შემდეგ წონაში დაიკლო და დღეს არის 2 კილო და 360 გრ“, - ამბობს კახელი ფერმერი, შოთა ერიაშვილი, რომელიც ორ თვეში 82 წლის გახდება.
მისი მოყვანილი ბატატის მოსავლიდან ყველაზე დიდი 2 კილოსა და 360 გრამს იწონის. ერიაშვილის ახალ წამოწყებაზე ჩვენ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიამბეთ. ის საქართველოში პირველია, ვინც ბატატის მოყვანა დაიწყო. ახლა კი დავინტერესდით, როგორი მოსავალი მიიღო, რა პრობლემებს შეხვდა მუშაობის დროს და როგორია მისი სამომავლო გეგმები.
შოთა ერიაშვილი ლაგოდეხში ცხოვრობს, პროფესიით ბიოლოგია და მიწის შედარებით დიდ ფართობზე ბოსტნეული, სახელად ბატატი, წელს პირველად მოიყვანა. 20 ტონამდე მოსავალი აიღო. ამბობს, რომ, წინასწარი გათვლებით, გაცილებით ბევრს ელოდა, მაგრამ იმის გამო, რომ 2019 წლის ზაფხული ბოლო პერიოდის ყველაზე გვალვიანი წელი აღმოჩნდა, მოსავლის რაოდენობა თითქმის განახევრდა. შოთა ერიაშვილი სხვა მიზეზებზეც ლაპარაკობს, რის გამოც ისეთი მოსავალი ვერ მიიღო, როგორიც სურდა. მიუხედავად ამისა, გვეუბნება, რომ უკმაყოფილო არ არის:
„რა თქმა უნდა, საერთო ჯამში, ველოდებოდით მეტს, მაგრამ ამას აქვს მიზეზები. ნერგის გამოყვანა დავიგვიანეთ. ჩვენ ნერგი რომ უკვე უნდა დაგვერგო 10 აპრილს, მოგვიწია დარგვა 18 მაისს, იმიტომ რომ სათბურის აშენებაც დაგვიანდა. ჩვენ რომ ბატატის დარგვა დაგვეწყო 10 აპრილისთვის, მაისში უკვე მოვრჩებოდით ყველანაირ სამუშაოებს. თავისთავად დაგვიანდა მოსავლის აღებაც. მოსავალი, წესით, სექტემბერში უნდა მიმეღო, თუმცა უკვე ნოემბერია და ახლა ვიღებთ. მეორე პრობლემა კი ის გახლავთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდი გვალვა იყო და წყალი არ მოხვედრია ნერგს. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, 20 ტონამდე ბატატი ავიღეთ. გვალვა რომ არ ყოფილიყო და ყველა პირობები გვქონოდა და ადრეც დაგვერგა, 30 ტონას თავისუფლად მივიღებდით. წელს 10 ტონაზე მეტი დავკარგეთ“.
81 წლის ფერმერი ახლა ყველაზე მეტად იმაზე ფიქრობს, როგორ შეინახოს ბატატის მოსავალი, რომ არ გაფუჭდეს. ბატატი კარტოფილისებრთა ჯგუფის ბოსტნეული მცენარეა და თუკი შენახვის დროს ტემპერატურული რეჟიმი 13-დან 15 გრადუსამდე არ იქნა დაცული, შეიძლება სოკო გაუჩნდეს და ღივები გამოიტანოს. როგორც ფერმერი გვეუბნება, მოსავლის მცირე ნაწილი გაყიდა, თუმცა დიდ ნაწილს საცხოვრებელ სახლსა და იმ სათბურში ინახავს, სადაც ნერგები გამოიყვანა. მომავლისთვის საკუთარი საწყობის აშენებას აპირებს, მაგრამ ახლა არსებულ პირობებში ცდილობს ბატატის დასაწყობებას.
„ახლა მიდის დასაწყობება. როგორც ნახეთ, ჩვენ საწყობი არ გვაქვს. ძირითადად ვინახავთ სახლში და სათბურში. სათბურში მისი შენახვა საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება გაფუჭდეს. სათბური ჰაერს არ ატარებს, კეთდება კონდენსატი და თუ ბოსტნეული დასველდა, მაშინვე გაუჩნდება სოკო. ამიტომ ვცდილობ, სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი შევქმნა. მომავალში როგორმე უნდა გავიჭირვო და საწყობი უნდა გავაკეთო, რადგან ბატატის შესანახად სპეციალური ადგილია საჭირო. თუ საწყობი არ გავაკეთე, ვერ გავზრდი მოსავლის რაოდენობას“.
ასევე ნახეთ გსმენიათ ბატატის შესახებ? - საქართველოში მისი მოყვანა დაიწყოლაგოდეხელი შოთა ერიაშვილი ამბობს, რომ ბოსტნეულის გასაღების პრობლემა არ აქვს, რადგან თბილისში ერთ-ერთ მსხვილ სუპერმარკეტთან შეთანხმება აქვს, შესანახი სივრცე კი სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ პროდუქტი რეალიზატორს პერიოდულად, მოთხოვნის შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში მიაწოდოს.
„’აგროჰაბს’ უნდა, რომ მთელი მოსავალი მათ გაყიდონ, მაგრამ ჯერჯერობით 2 მაღაზია აქვთ და შეიძლება ამ რაოდენობას [20 ტონა] ვერ მოერიონ. რეალიზაციის პროცესში დიდი ქსელებიც არ გვინდა ჩავრთათ, რადგან ყველა ქსელში რომ გაანაწილონ, მათ ეს რაოდენობა მთელი წელი არ ეყოფათ. ვნახოთ, თუ ‘აგროჰაბი’ ვერ აითვისებს, შემდეგ სხვაგან გავყიდით. ამის პრობლემა ამ ეტაპზე არ მაქვს“, - გვითხრა შოთა ერიაშვილმა.
მართალია, ბატატი კარტოფილისებრთა ჯგუფის ბოსტნეულია, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას საერთო არაფერი აქვს კარტოფილთან. ის ტკბილია, გამოიყენება სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, იჭმევა როგორც უმი, ისე შემწვარი, მოხარშული და გამომცხვარიც კი. ბატატის სამშობლოდ ითვლება კოლუმბია და პერუ, თუმცა ახლა ეს ბოსტნეული კახელ შოთა ერიაშვილსაც მოჰყავს.
შოთა ერიაშვილი გვეუბნება, რომ მომავალ წელს სხვა იშვიათი სახეობის ბოსტნეულის მოყვანასაც აპირებს. დაგვპირდა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას პირველად რადიო თავისუფლების მსმენელს მიაწვდის.