2020 წლის საუკეთესო 10 ფილმი

საახალწოდ ტრადიციას არ ვარღვევთ, თორემ უხერხულიც კია 2020 წლის კინოზე წერა. კინო, ფაქტობრივად , არც გვქონია. ადრეულ გაზაფხულზე კინოდარბაზები თითქმის ყველგან დაიხურა. გაიხარეს “ნეტფლიქსმა” და მისმა უმცროსმა და-ძმებმა.

იმდენად არ მიყვარს ინტერნეტში განთავსებული კინოსურათების ყურება, რომ 2020 წლის საუკეთესო ფილმებს შორის პირველ რიგში ის ფილმები გამახსენდა, რომელთა ნახვა თებერვალში ბერლინის კინოფესტივალზე მოვასწარი. შესაძლებელია იმ “ნეტფლიქსებში” უკეთესი რამე მოიძებნებოდეს, მაგრამ დიდ ეკრანს მაინც ვერაფერი შეედრება. გარდა ამისა, უნდა გაგაფრთხილოთ, ამ ათეულში ბევრია ფილმი, რომლის გადაღება 2019 წელს დასრულდა, თუმცა საერთაშორისო პრემიერა სწორედ წელს მოეწყო - კინოსათვის, ისევე როგორც თითქმის ყველაფრისთვის, საზიზღარ წელს - 2020 ში. იმედია, პანდემიის დასრულებისთანავე ყველა ეს სურათი, აგრეთვე კანის ფესტივალისთვის შემონახული ფილმები (“ბერლინალე”, როგორც გაირკვა 2021 წელს არ ჩატარდება) დიდ ეკრანებს დაუბრუნდება. იმედია, კინოთეატრები გაიხსნება და ნამდვილი კინო, კარგი გამოსახულებითა და ხარისხიანი ხმით, ისევ გაგვახარებს. ჯერჯერობით დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს.

მივყვეთ ბოლოდან:

10. “ცუდი ისტორიები”( იტალია, რეჟისორები დამიანო ინოჩენცო და ფაბიო ინოჩენცო)

უცნაური ფილმია. გარკვეული დრო სჭირდება ძმები დინოჩენცოების სტილის გაგებას და ფილმში “შესვლას”, იმის გააზრება სჭირდება, რომ ამბავი ვითარდება სურათის ერთ-ერთი გმირის, ერთი ბავშვის დღიურების მიხედვით, ზუსტად ისე, როგორც დაწერდა ბავშვი, “წყვეტილად”, არათანმიმდევრულად, ერთი შეხედვით უმნიშვნელოს წინ წამოწევით და ჩვენთვის, მოზრდილებისთვის, მნიშვნელოვანის იგნორირებით. რა ვიცით ჩვენ ბავშვების შესახებ? აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი. და რადგანაც არ ვიცით, რადგანაც მათ ვერ ვუგებთ, ისე ვძალადობთ მათზე, რომ ვერც კი ვამჩნევთ როგორ ვკლავთ მათში ნებას. ეს ყველაფერი კი ტრაგედიით შეიძლება დასრულდეს.

აუცილებლად ნახეთ. აქტუალური ფილმია.ცოტა ბოროტიც. სათაურიც ხომ ამას მიანიშნებს - “ცუდი”, უფრო სწორად, “ბოროტი ისტორიები”.

9. “არასოდეს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის” (აშშ, რეჟისორი ელიზა ჰიტმანი)

ქალის უფლება მართოს საკუთარი სხეული, ქალის უფლება აბორტზე ის თემაა, რომელიც რატომღაც ხმამაღლა, პათეტიკურად გამოიხატება ხოლმე კინოში. ელიზა ჰიტმანი კი გვთავაზობს “ჩუმ კინოს”, რომელიც ფიქრისთვის, უფრო სწორად, ჩაფიქრებისთვის განგაწყობთ.

კარგი მსახიობების გარდა, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ, როგორაა გადაღებული ფილმი - სურათის ოპერატორია ელენ ლუვარი, ადამიანის სახეზე ნიუანსების დანახვის ოსტატი. აბორტის ლეგალიზაციის პრობლემა კი სწორედ ნიუანსების შეგრძნებას მოითხოვს - რატომ უნდა გააჩინოს შვილი ახალგაზრდა ქალმა, თუკი არაა გამორიცხული, რომ ძალადობის მსხვერპლია? რატომ უნდა გახდეს იმ ბავშვის დედა, რომლის მამა, შესაძლებელია, სძულდეს, როგორც მოძალადე?

8. “დაუ, ნატაშა” (რუსეთი, რეჟისორი ილია ხრჟანოვსკი)

ბერლინის კინოფესტივალის ყველაზე სკანდალური ფილმი, რომლის პრემიერას რუსი კრიტიკოსების საპროტესტო წერილი მოჰყვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ფილმში ჩართული დაკითხვის სცენა დადგმული არაა, რომ სტალინის ეპოქის ოფიციანტი ქალის, ნატაშას როლის შემსრულებელზე, მსახიობ ნატალია ბერეჟნაიაზე გადაღების პროცესში მართლაც იძალადეს, რათა ეპიზოდი მაქსიმალურად “ბუნებრივი” გამოსულიყო. მანამდე კინოთეატრებში “ნატაშას” ჩვენებაზე უარი განაცხადა რუსეთის კულტურის სამინისტრომ - სურათს “პორნოგრაფიის” გრიფი დაედო.

დაკითხვის ეს ეპიზოდი, უბრალოდ, გენიალურია. თუკი ფილმის პირველი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ “რეალითი შოუს” ჰგავს, აქ, ამ სცენაში, ყველაფერი ისეა გადაღებული, რომ შემზარავმა ძალადობამ, რომელიც სტალინის ეპოქის სახეა, შეიძლება საერთოდ დაგავიწყოთ, რომ კინოს უყურებთ. ამის შემდეგ არაა გამორიცხული, რომ გაბრაზდეთ ფილმის ავტორებზე, მაგრამ დიდი ხელოვნება, მოგეხსენებათ, მხოლოდ პოზიტიურ გრძნობებს არ უნდა ბადებდეს.

7. “თეთრი, თეთრი დღე” (ისლანდია, რეჟისორი ჰლინორ პალმასონი)

სურათის მხატვრულ ღირსებებს რომ თავი დავანებოთ, ისედაც საინტერესოა ფილმის ნახვა, რომლის მოქმედება თანამედროვე ისლანდიაში ხდება. სადღაც წავიკითხე, ეს სურათი რომ დააფასო, ისლანდიური იუმორის სპეციფიკა უნდა იცოდეო. არაა სწორი. არაფრის წინასწარ ცოდნა არაა საჭირო, “თეთრი, თეთრი დღის” გამოსახულების მშვენიერება რომ იგრძნო, ამ უცნაური ფილმის იუმორი და სევდა რომ იგრძნო. კი, შეიძლება ზედმეტად ნელი მოგეჩვენოთ ეს ისტორია ქვრივ პოლიციელზე, რომელიც შეიტყობს, რომ ცოლი ღალატობდა, მაგრამ ბუნებასთან ამ წარმოუდგენლად ახლო კონტაქტში, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად ასახავს პალმასონის ოპერატორი, წარსულს აზრი აღარ აქვს, რადგან დრო გაჩერებულია.

“თეთრი, თეთრი დღე” არის ფილმი გაჩერებულ დროზე. სურათის სათაური ხომ უკავშირდება ისლანდიურ გამოთქმას, რომელიც გამოხატავს თეთრი ცისა და ზამთრის თეთრი პეიზაჟის გაერთიანების წამს. ეს წელიწადში ერთხელ ხდება, როგორც ამტკიცებენ “ყინულის ქვეყანაში”. როცა ცა და მიწა ერთიანდება, ჩვენი აქაური ტკივილები ძალას კარგავენ. ისლანდიაში სჯერათ, რომ ამ დროს მიცვალებულებთან საუბარი, გარდაცვლილი ახლობლების მოკითხვა შეიძლება.

6. “სუიციდის ოთახი: მოძულე” (პოლონეთი, რეჟისორი იან კომასა)

პოლონური კინო კრიზისის გადალახვის პროცესს ასრულებს და ნელ-ნელა ჩვეულ დიდებას უბრუნდება -“სუიციდის ოთახით” დამტკიცდა, რომ იან კომასას წინა ფილმის, “ქრისტეს სხეულის დღესასწაულის”, წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა - ევროპულ კინოში მოვიდა ძალიან ძლიერი ოსტატი, რომელსაც ბევრი რამ აკავშირებს პოლონური კინოსკოლის ე.წ. “მესამე თაობასთან”, ქშიშტოფ კიშლოვსკისა და ქშიშტოფ ზანუსის ფილმებთან. “მორალური შფოთვის” სკოლად მონათლეს თავის დროზე ეს მიმართულება და, ვფიქრობ, სწორედ “მორალური შფოთვა”, ეს გამოთქმა უხდება ყველაზე მეტად “სუიციდის ოთახს”. ესაა ამაღელვებელი ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაბოღმილმა და შეუმდგარმა ხალხმა. ესაა ამბავი-შფოთვა, რომელშიც “ანტიგმირი” ლამის რომანტიკულ გმირად იქცევა, თუმცა ტერორიზმი არანაირად არ იხატება, როგორც... პოეზია.

5. “Welcome to Chechnya” (აშშ, რეჟისორი დევიდ ფრანსი)

კადიროვის ჩეჩნეთის შემზარავი სურათი. თუმცა, რატომ მხოლოდ ჩეჩნეთისა? რატომ არა პუტინის რუსეთისა, რომლის ნაწილია კადიროვის ჩეჩნეთი? იმ კადიროვისა, რომელმაც 2007 წელს დაიწყო სექსუალური უმცირესობებისგან “ნაციის გაწმენდის” ოპერაცია... ეს “გაწმენდა” კი აქ ადამიანების მოკვლას გულისხმობს - მოკვლას სექსუალური ორიენტაციის გამო.

დევიდ ფრანსის ფილმის ყურების პროცესში შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ ხალხი, რომლის შესახებ გვიამბობს ავტორი, 21-ე საუკუნეში ცხოვრობს. ის, რაც ხდება ეკრანზე, ხდება დღეს, თანამედროვე რუსეთში. შეიძლება დაგავიწყდეთ და იფიქროთ, რომ “კუდიანებზე” ნადირობის დოკუმენტურმა სცენებმა სადღაც შუა საუკუნეებში გადაგისროლეს. “ეს შეუძლებელია!” - აუცილებლად გაიფიქრებთ ამ არაჩვეულებრივი ფილმის მსვლელობის პროცესში. ამის მერე კი საკუთარ უსუსურობას იგრძნობთ. კადიროვის ჩეჩნეთი ხომ აქაა, ჩვენს გვერდით.

4. “რიჩარდ ჯიუელის საქმე” (აშშ, რეჟისორი კლინტ ისტვუდი)

ეს ფილმი 2020 წლის დასაწყისში ვნახეთ, მაშინ, როცა კინოთეატრები ჯერ კიდევ მუშაობდნენ. პრემიერის შემდეგ მე პირადად იმის იმედიც მომეცა, რომ ამერიკის კინოაკადემია აუცილებლად დააფასებდა კლინტ ისტვუდის ნამუშევარს და “ოსკარით” აღნიშნავდა (შტატებში ფილმი 2019 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე). მაგრამ დღეს “ჯოკერებია” მოდაში. კლასიკური ამერიკული კინო - მე ვიტყოდი, “ჰუმანისტური კინო” - მეტისმეტად მოძველებულად ითვლება, მით უმეტეს, როცა მისი ავტორი ღიად უჭერს მხარს რესპუბლიკელებს. კლინტ ისტვუდი, მოგეხსენებათ, არა მარტო კლასიკური ამერიკული კინოს ერთგულია. ის, უბრალოდ, კონსერვატორია, რომელიც დიდად არ უყვართ ჰოლივუდში.

მიუხედავად ამისა, 2010 წელს ისტვუდმა ბარაკ ობამასგან მედალი მიიღო წარწერით “ნამდვილი ამერიკელის ზუსტი ჩვენებისთვის”. იმ დროს მას ჯერ ჩაფიქრებულიც კი არ ჰქონდა “რიჩარდ ჯიუელის საქმე”, ფილმი უსამართლობაზე, რომლის მსხვერპლი სწორედ “ნამდვილი ამერიკელი” შეიძლება გახდეს.

3. “მანკი” (აშშ, რეჟისორი დევიდ ფინჩერი)

წარმომიდგენია, რა სილამაზეა “მანკი” დიდ ეკრანზე! ყველა დროის და ხალხის ფილმის, “მოქალაქე კეინის”, ეს უნაკლო სტილიზაცია, კინო, რომელშიც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ავტორი, დევიდ ფინჩერი, სიყვარულს უხსნის... კინოს. გვიამბობს რა ორსონ უელსის “მოქალაქე კეინის” სცენარის ავტორზე, ჰერმან მანკევიჩზე, ფინჩერი შეგვახსენებს, რომ კინო მხოლოდ დასრულებული ფილმი არაა. კინო გულისხმობს გადაღების მოსამზადებელ ეტაპებს, სცენარის ესკიზებს, მხატვრის და ოპერატორის ჩანახატებს და კიდევ უამრავ კადრს, ეპიზოდს, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ფილმში არ შევიდა. კინოს ისტორიაში ასე არაერთი მარგალიტი დაიკარგა. მაგრამ კინოს ვინ ჩივის, ასე დაიკარგნენ ადამიანებიც. ისტორიამ ისინი მიივიწყა, გააქრო მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავად არ გააკეთეს არაფერი ისტორიაში დასარჩენად. ასეთი აღმოჩნდა სწორედ ჰერმან მანკევიჩი, რომელიც დევიდ ფინჩერმა თავის ულამაზეს ფილმში გააცოცხლა.

2. “დღეები” (ტაივანი, რეჟისორი ცაი მინლიანი)

დიდი რეჟისორის მორიგი შედევრი, რომლის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. “ნელ კინოს” ვიღებო, სწორედ ცაი მინლიანმა უნდა თქვას. თავის დროზე იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თანამედროვე კინოში ფილმი-მედიტაციის ესთეტიკა დაამკვიდრა. ოღონდ სტატიკური მის ფილმებში უბრალო სურათად, ლამაზ სურათად არასდროს გადაიქცევა. მის ფილმებში კადრი, რომელიც 10-15 წუთი შეიძლება გაგრძელდეს ყოველთვის ენერგიით, სიცოცხლით, სისხლით არის სავსე... და როგორც ცაი მინლიანის ამ ფილმში - ვნებისა და სიხარულის მოლოდინით, რომელიც, თავის მხრივ, ნელ-ნელა ქრება, როცა ადამიანი ასაკში შედის.

სამწუხაროდ, “დღეები” ვერსად ვნახე ინტერნეტში. ასეთ კინოს “ხეირი”არ მოაქვს. ინტერნეტსაიტებზე კი არა, მთლად ბერლინის კინოფესტივალის პრემიერის დროს არაერთმა მაყურებელმა დატოვა დარბაზი სეანსის დროს. ცია მინლიანის ფილმების აღქმა დასვენებულ გონებას მოითხოვს. არ უნდა დაიზაროთ და უნდა “ათვალიეროთ” მისი სტატიკური კადრები. გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში “ბლოუ-აპის” ეფექტი გარანტირებული გაქვთ.

1.“ბოროტება არ არსებობს” (ირანი, რეჟისორი მოჰამად რასულოფი)



წლის ბოლოს საუკეთესო ფილმების ათეული, ოცეული და ასეულიც კი არაერთმა გამოცემამ, ინტერნეტპორტალმა გამოაქვეყნა, თუმცა საუკეთესოებს შორის “ბოროტება არ არსებობს” მე ვერსად ვნახე. როგორც ჩანს, მოჰამედ რასულოფის ფილმს ცენზურა სერიოზულ პრობლემებს უქმნის - წელი ისე გავიდა, რომ ბერლინის კინოფესტივალის “ოქროს დათვით” აღნიშნული სურათი ბევრისთვის უცნობი დარჩა. არადა, ეს ფილმი ხელახლა დაგიბრუნებთ იმ კარგ ირანულ კინოს, რომელიც, ბოლო წლებია, სადღაც დაიკარგა და გაგაკვირვებთ, აუცილებლად იკითხავთ, როგორ მოახერხა ავტორმა ასეთი სურათის გადაღება თანამედროვე ირანში, სადაც სიკვდილით დასჯას უკვე ყველა შეეჩვია, მგონი; როგორ მოახერხა ასე ხმამაღლა ეთქვა, რომ სიკვდილით დასჯა ბოროტებაა (ასე გაათამაშა ფილმის სათაურიც)

რასულოფი, მოგეხსენებათ, ბერლინში ვერ ჩავიდა. ირანის ხელისუფლებამ ის ანტისამთავრობო პროპაგანდაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან გამგზავრების უფლება არ მისცა. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ ფილმში გაერთიანებული ოთხი ამბავი, საერთო სათაურით “ბოროტება არ არსებობს”, წელს როგორმე ჩვენამდე მოაღწევს. იმედია, რომ 2021 წელს აუცილებლად ჩატარდება თბილისის კინოფესტივალი, რომლის პროგრამაში აუცილებლად ვიხილავთ ირანული კინოს ამ შედევრს.