მთავარი კი ისაა, რომ აქაური ტენდენციები მაშინაც შეგეხება, თუ ინტერნეტში მხოლოდ „ფეისბუკის“ სკროლვით, იმეილის გაგზავნით და დროდადრო „იუტუბზე“ ღამის შოუს ბენდის ვიდეოების ყურებით შემოიფარგლები.
ერთ დღეს შეიძლება რომელიმე აპლიკაცია უცხო და გაუგებარი იყოს, მხოლოდ ბავშვები ან ტექნოკრატები იყენებდნენ. მეორე დღეს კი აღმოჩნდება, რომ მისი ცოდნა თითქოს სავალდებულო გამხდარა. ან, პირიქით. გგონია, რომ 8 წლის ნათლულისთვის იდეალური საჩუქარი სუპერგმირის სათამაშო შეიძინე. არადა ამ გმირს ამასობაში ძალა დაუკარგავს და ბავშვი რაღაც ოხრობა სკიბიდის ითხოვს.
ამ სტატიაში გადავხედავთ 2023 წლის ტენდენციებს - რამ წაიწია წინ და რამ პირიქით - უკან დაიხია.
აღზევება: „ტიკტოკმა“ საბოლოოდ გაიმარჯვა
რაზეა ლაპარაკი და რატომაა მნიშვნელოვანი: „ტიკტოკი“ მოკლე ვიდეოების გაზიარების პლატფორმაა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს გამოვიდა. მას შემდეგ ის ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად იქცა - 2023 წელს უკვე მილიარდნახევარი მომხმარებელი ჰყავდა. „ტიკტოკის“ წარმატებამ სხვებიც შეაფუცხუნა - „იუტუბმა“, „ფეისბუკმა“, „ინსტაგრამმა“, „ტვიტერმა“ და „სპოტიფაიმ“ თავადაც დაამატეს „ტიკტოკის“ მსგავსი ფუნქციები, თუმცა პოპულარობით ჯერჯერობით ვერავინ დაეწია. რაც მთავარია, „ტიკტოკი“ ახალგაზრდულ აპლიკაციად ითვლება - მისი მომხმარებლების უმეტესობა ბავშვები და თინეიჯერები არიან, ამიტომ მას ხშირად თაობა Z-თან, სლეისთან და ეგეთებთან ერთად ახსენებენ ხოლმე. ცალკე სამყაროა - ჯერ აქ ხდება ხოლმე ბევრი რამ პოპულარული და შემდეგ გავრცელდება ხოლმე სხვა სოციალურ ქსლებში.
ასევე ნახეთ ჩუმი და ცნობისმოყვარე - ტიკტოკმა იცის, რა გინდათ და არ ამხელს, ვის უზიარებს ამ ცოდნასრას ნიშნავს აღზევდა? როგორც უკვე ვთქვით, „ტიკტოკი“ ახლა არ გამხდარა პოპულარული - 2023 წელს უკვე მილიარდი აქტიური მომხმარებლით დახვდა. თუმცა, გასულმა წელმა გამოაჩინა, რომ ის მხოლოდ თინეიჯერების და ბავშვების სივრცედ ვერ დარჩება. ყველას გეყოლებათ ვინმე უფროსი ნაცნობი (ან, ვინძლო, თავად ხართ ასეთი), რომელმაც 2023 წელს აითვისა „ტიკტოკი“, ან უბრალოდ სკროლავს ან, სულაც თავადაც დებს ვიდეოებს. ეს ზოგადი ტენდენციის ნაწილია - 2023 წელს „ტიკტოკობა“ ბებრებმაც დავიწყეთ. ამ აპლიკაციის მომხმარებელთა უმეტესობა კვლავაც 18-24 წლისაა, მაგრამ მათ ფეხდაფეხ მოსდევენ (და 2024-ში ალბათ გაასწრებს კიდეც) 25-34 წლის მომხმარებლები. ახლა ყოველი მეათე „ტიკტოკერი“ 45 წელსაა გადაცილებული და მათი რაოდენობა ყოველთვე იზრდება. რაღაც ხანში ეს ბავშვები აღმოაჩენენ, რომ მათი მშობლებიც „ტიკტოკზე“ პოსტავენ და ნათესავებიც. ქრიინჯ. მოუწევთ რამე ახალი სივრცის მოძებნა.
დაცემა: „მარველის“ კინოსამყარო ყველას მობეზრდა
რაზეა ლაპარაკი და რატომაა მნიშვნელოვანი: რამდენიმე წლის განმავლობაში „მარველის“ კინოსამყაროს (აქ იგულისხმება, რომ სხვადასხვა ფილმებს და სერიალებს ერთი სამყარო აერთიანებთ, ერთ ფილმში მომხდარი შემთხვევა მეორე ფილმზეც აისახება და ერთი სუპერგმირის ფილმში მეორე ან მესამე სუპერგმირებიც ჩნდებიან), მოფერებით MCU-ს ვერაფერი აჩერებდა. 29 მილიარდი დოლარის შემოსავალი ნახა. ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულში „მარველის“ კინოსამყაროს 5 ფილმი მოხვდა. მარტო ფულზეც არაა. რამდენიმე წლის განმავლობაში პოპ-კულტურაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. აი, დიდი შანსია, რომ საახლობლოში რომელიმე ბავშვის ერთ-ერთი პირველი სიტყვა სპაიდერმენი, თორი ან თანოსი ყოფილიყო. „მარველის“ მიბაძვა სხვებმაც სცადეს და ცოტა ხანს ისე ჩანდა, თითქოს მთელი ჰოლივუდი მხოლოდ ეს იქნებოდა - სუპერგმირების თავგადასავლები და კინოსამყაროები.
ასევე ნახეთ ბარბენჰაიმერი, ღაზის ომი და შაკირა - რას ეძებდნენ გუგლში 2023 წელს?რას ნიშნავს დაეცა? როგორც 2023-მა წელმა აჩვენა, დიდი შანსია, რომ სუპერგმირები დროებით მაინც დაკარგავენ ფულის შოვნის სუპერძალას. ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაიწყეს მსჯელობა, ხომ არ გადაღალა ხალხი ამდენმა სუპერგმირმაო. არადა, მას შემდეგ „მარველმა“ ათასხუთასი სატელევიზიო შოუ გამოუშვა, რომლის ნახვაც სავალდებულო იყო შემდეგი ფილმის შინაარსის გასაგებად. ამ შოუების დიდი ნაწილი არაფრად ვარგოდა, არც ახალი ფილმები აღმოჩნდა რამე განსაკუთრებული (ეს რა გიქნეს, ჩემო სავლე, დოქტორ სტრეინჯო!) და ნელ-ნელა ისე მოხდა, რომ ახალ ბლოკბასტერებს, რომლებსაც წესით კინოდარბაზები უნდა გადაევსო და ინტერნეტი აელაპარაკებინა, ყველა გულგრილად ხვდება. „მარველის“ კონკურენტმა DC-მაც აღმოაჩინა, რომ კინოსამყაროს შექმნა არც ესეთი მარტივი საქმე ყოფილა. ცხადია, „მარველი“ არ გაკოტრდება მაგრამ, როგორც ჩანს, 2024 წლიდან სუპერგმირებისგან ცოტა ხნით მაინც დავისვენებთ. ძალიანაც კარგი.
დაცემა: „მეტავერსში“ ცხოვრება გაურკვეველი ვადით გადაიდო
რაზეა ლაპარაკი და რატომაა მნიშვნელოვანი: „მეტავერსის“ ერთი განსაზღვრება არ არსებობს - იდეაში ინტერნეტის შემდეგი ეტაპია, სადაც ყველანი ერთ ვირტუალურ სამყაროში გადავინაცვლებთ, თავზე წამოცმული VR მოწყობილობების მეშვეობით. სხვადასხვა კომპანიები მეტავერსში განსხვავებულ აზრს დებენ. თუმცა, ძირითადად მაინც მაგასთან ასოცირდება - ჰოლოგრამებთან, VR და AR სათვალეებთან და ეგეთებთან. უკვე რამდენიმე წელია, გვპირდებოდნენ, რომ წკიპზე ვიყავით - აი ცოტაც, და უკვე ყველანი ვირტუალურ სამყაროში გადავინაცვლებთ, ზუმის შეხვედრებს (ბოდიში, ქოლებს) ვირტუალურ ოთახებში ჩავატარებთ, სადაც კედლები NFT-ებით გვექნება გაფორმებული და ვინ იცის, შეიძლება ამასობაში ისიც მოვიფიქროთ, თუ როგორ ვთარგმნოთ non-fungible ქართულად. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე ყველაზე დიდ ფსონს მარკ ზაკერბერგი და მისი „მეტა“ ჩამოვიდნენ.
რას ნიშნავს დაეცა? მარკ ზაკერბერგის ფსონი წყალმა წაიღო - 2022 წელს „მეტამ“ 13,7 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა. რამდენიმე თვეში „მეტამ“ „ვერსზე“ ხელი ჩაიქნია და 10 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლა. 2023 წელს კი ეს დაცემა საბოლოოდ გაფორმდა - აღარც მაგის ხალისი აქვს ვინმეს და ბევრ ფულსაც აღარავინ დებს. ცხადია, მეტავერსის იდეა არ გამქარალა და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებსაც ისევ უშვებენ - რამდენიმე თვეში „ეფლის“ Vision Pro გამოვა და საოცარი რამეც ჩანს, მაგრამ მას ცოტა თუ იყიდის - ფასი 3500 დოლარიდან იწყება. მარტო სიძვირეში არაა საქმე - კომპანიებს კი უნდათ, რომ ახალი მოწყობილებები შევიძინოთ და ონლაინ ნივთებში დავხარჯოთ ფული, მაგრამ, აი, თურმე ადამიანებს ნაკლებად გვინდა დისტოპიურ მომავალში ცხოვრება, სადაც ყველას თავზე უცნაური მოწყობილობა აქვს წამოკოსებული. ვინ იფიქრებდა?
აღზევება: „ჩეტჯიპიტიმ“, „მიდჯორნიმ“ და სხვა ჯურის AI-მ ყველაფერი შეცვალა
რაზეა ლაპარაკი და რატომაა მნიშვნელოვანი: თუ სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში ასწავლი, განსაკუთრებით ინგლისურ ენაზე, ცვლილებას მყისიერად შეამჩნევდი - უცებ მოსწავლეების დაწერილი ესეები უშეცდომო და უსულო გახდა. თავადაც რომ სტუდენტი ყოფილიყავი ასე მოიქცეოდი - მისცემდი დავალებას ვირტუალურ დამხმარეს და წამებში მოგცემდა გაწიკწიკებულ ტექსტს. თუ გინდა ნაწერს შეგისწორებს და დამატებით ინფორმაციას ჩაამატებს. შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ გაცილებით ხშირად სწორად წერს ყველაფერს. ქართული ჯერ კარგად არ იცის, მაგრამ ყველაფერი წინაა. თან, განა მარტო ტექსტშია საქმე. დაავალებ ნახატის დახატვას და წამებში გაქვს რომის პაპის ფოტო, რომელიც „კაიაკატას“ კონცერტზე ცეკვავს.სიგიჟეა
ასევე ნახეთ ავუკრძალოთ თუ ვასწავლოთ - როგორ აწერინებენ ქართველი სტუდენტები დავალებებს ხელოვნურ ინტელექტსრას ნიშნავს აღზევდა? ამერიკაში ჩატარებული რამდენიმე კვლევის მიხედვით „ჩეტჯიპიტის“ გამოკითხულთა შედარებით მცირე - 15-25 პროცენტი იყენებს. მაგრამ მხოლოდ სტატისტიკა მთელს სურათს ვერ გვაჩვენებს. სტუდენტებში იგივე გამოკითხვა გაცილებით მაღალ შედეგს გვიჩვენებდა. მაგრამ არც მაგაშია საქმე - მთავარი ისაა, რომ 2024 წლიდან მოყოლებული ამ ხელოვნურ ინტელექტს ხშირად ისე გამოვიყენებთ, რომ არც გვეცოდინება. „მაიკროსოფტი“ და „გუგლი“ მის იმგვარ ინტეგრირებას გეგმავენ, რომ ცალკე აპლიკაციის ჩამოტვირთვა ან რაიმე საიტზე შესვლა აღარ იქნება საჭირო - „ჩეტჯიპიტისთან“ გასაუბრება, მაგალითად, უკვე პირდაპირ „სკაიპშია“ შესაძლებელი. „გუგლი“ ამ რბოლაში ჯერ-ჯერობით ჩამორჩება, მაგრამ დიდხანს ასე ვერ იქნება და მალე AI ყველგან გვექნება - თან, ამასობაში უფრო დაჭკვიანდება და ჩვენს ნაცვლად დაწერს მეილებს, მოიფიქრებს სცენარებს და რას აღარ. ვინ იცის ამას ისევ „მეტავერსი“ ჯობდა.