2024 წლის მოლოდინები - 4 მოსაზრება

2024 წლის მოლოდინები - ფოტოილუსტრაცია

დატვირთული, გამოწვევებით აღსავსე, დინამიკური და მნიშვნელოვანი, - ასე ხედავენ რადიო თავისუფლების რესპონდენტები 2024 წელს. ცვლილებები მოსალოდნელია, მათ შორის - არცთუ კარგი. ბევრი რამ საქართველოს ხელშია, მაგრამ - არა ყველაფერი.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვთ ექსპერტებს შიდა და საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, 2024 წლისთვის.

შიდა პოლიტიკა

ლევან ყურაშვილი - პოლიტიკის ანალიტიკოსი

“ქართული ოცნება” არაფერს მოერიდება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს. მისი მიზანია - აჩვენოს, რომ არჩევნები მოიგო დამაჯერებლად, დიდი სხვაობით დაამარცხა კონკურენტები, რათა მერე არჩევნებს არ მოჰყვეს კრიზისი, ხალხის პროტესტი.

მოველი, რომ არჩევნებზე გამოყენებული იქნება ტრადიციული მეთოდები - ამომრჩეველთა დაშინება, მოსყიდვა.

ლევან ყურაშვილი - პოლიტიკის ექსპერტი

2024 წლის არჩევნები იქნება იმაზე ცუდი, ვიდრე ეს იყო 2020 წელს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. გაგრძელდება პოლიტიკური საქმეების წარმოება. მოველი, რომ ისევ შემოაგდებენ თემას „გარეჯი საქართველოა“-ს სტილში.

თუკი არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, რა თქმა უნდა, იქნება სერიოზული, მკაცრი კრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ „ოცნებაზე“ - არჩევნების ხარისხი დამოკიდებულია საზოგადოებაზე და პოლიტიკურ პარტიებზე. პრობლემა არის ის, რომ, კვლევების მიხედვით - ადამიანები უბრალოდ არ ენდობიან პოლიტიკურ პარტიებს.

ოპოზიციამ პირველ რიგში უნდა გააკეთოს ის, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა იქმნებოდეს იმით, თუ რას დაწერს ფეისბუკზე 5000 ადამიანი. რეალობა ცოტა სხვაგანაა.

არჩევნების მოგება ხდება არჩევნების დღემდე, წინასაარჩევნო პროცესში და თუკი ხალხმა ვერ დაიჯერა, რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია, ძნელი იქნება „ოცნების“ დამარცხება.

არ მოველი, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შეიცვლება. „ქართული ოცნების“ მთელი სტრატეგია აგებულია იმაზე, რომ ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდეთ საარჩევნო ბარიერის გადალახვა და პროპორციულად მას ყველაზე მეტი მანდატი შეხვდეს. დაბალი ბარიერით „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება.

თუ არაფერი შეიცვალა, მომავალ პარლამენტში სულ შევა სამი ან ოთხი პარტია [„ქართული ოცნების“ ჩათვლით].

არ შესრულდება ევროკომისიის 9 დათქმა [რაც საჭიროა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად], რადგან ამ დათქმების შესრულება, როგორც ეს იყო მანამდე 12 პუნქტთან მიმართებით, ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება უნდა დაკარგოს. შესაბამისად - ამას არ გააკეთებს. იქნება ფორმალური მოძრაობები, ვითომ იქ რაღაც კანონი შეიტანეს და განხილვა მიმდინარეობს, რომ ევროპელებს აჩვენონ - პროცესი მიდის.

საგარეო პოლიტიკა

თენგიზ ფხალაძე - საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი

2024 წელს მთავარ მოვლენად დარჩება - ომი უკრაინაში და არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს იქნება სიახლეები და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები [F-16] გარდატეხას შეიტანენ საბრძოლო ოპერაციაში რუსეთის წინააღმდეგ.

გლობალურად, 2024 წელი საარჩევნო წელია არამხოლოდ საქართველოსთვის. უმნიშვნელოვანესი არჩევნები იქნება აშშ-ში, არჩევნებია ევროკავშირის მასშტაბით - მომავალ წელს ახალი ევროპარლამენტი უნდა აირჩიონ, ახალი ევროკომისია იქნება. ცალკეულ ქვეყნებშია დაგეგმილი არჩევნები, მათ შორის რუსეთშიც, მაგრამ - იქ განსაკუთრებულს არავინ ელოდება.

თენგიზ ფხალაძე - ECIPE-ის უფროსი მკვლევარი

ეს არჩევნები [დასავლეთის ქვეყნებში] მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მათ შორის - უკრაინასთან მიმართებითაც. კვლავ რჩება ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურების საფრთხე ევროპაში.

2024 წელს ჩვენზეა დამოკიდებული, რომ საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით წაიწიოს წინ.

ევროკავშირის მიმართულებით: საქართველოს აქვს შანსი, რომ მომავალ წელს გაიხსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები [ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპი - კანდიდატის სტატუსის შემდეგ], თუკი 9 დათქმა შესრულდება.

ნატოს მიმართულებით - მომავალ წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, რომელიც ვაშინგტონში ივლისში გაიმართება.

2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდებიან პრორუსული ძალები საქართველოში - რადგან არჩევნები მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. დასავლური სანქციების გაძლიერების ფონზე, რუსეთი უფრო მეტად შეეცდება დაიმკვიდროს თავი იმ ადგილებზე და იმ ბაზებზე, სადაც მას ჯერ კიდევ შეუძლია ოპერირება. ამ მხრივ რისკის ზონად ვრჩებით 2024 წელსაც.

ვხედავთ პროცესებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: [აფხაზეთში] რუსეთისთვის ქონების გადაცემას მოეწერა ხელი, ფარული ანექსიის პროცესი მიმდინარეობს; ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების გატაცებას და მკვლელობას, ეთნიკური ქართველების დამცირებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ის მოჩვენებითად მომღიმარი სახეები, რომლებიც აქ [რუსეთიდან] ტურისტებად ჩამოდიან ხოლმე, რეალურად ანტურაჟია იმ იმპერიის, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევას. ეს გაგრძელდება 2024 წელსაც.

ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად.

ეკონომიკა

ეგნატე შამუგია - კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise-ის მკვლევარი, ეკონიმიკის ექსპერტი

2024 წელს საქართველოში იქნება იმაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა, რაც გასულ ორ წელს იყო. საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არაფერს ნიშნავს საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის. ამის თვალსაჩინო მიზეზია - ომის ეფექტის მილევა, რაც უკვე 2023 წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნებოდა.

თუკი წინა წლებში, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან უფრო მეტი კაპიტალი და ადამიანური რესურსის შემოდინება იყო, ეს ეფექტი მიილია. ასევე, თითქმის ორჯერ გაუფასურდა რუსული რუბლი წინა წელთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი მიგრანტების მსყიდველობითი უნარი გაუარესდა. ერთი წლის წინ, როდესაც რუბლს ახურდავებდნენ, მეტი ლარი მოსდიოდათ, ახლა ასე აღარ იქნება და, შესაბამისად - ვთქვათ, ხიზილალას ძველებურად ვეღარ შეჭამენ.

ეგნატე შამუგია - Gnomon Wise-ის მკვლევარი

მოსალოდნელია, რომ შემცირდება ბინების ფასები - ყიდვა, ქირაობა. თუმცა შეუძლებელია პროგნოზი - რა პოლიტიკას გაატარებს მთავრობა დეველოპერული სფეროს მიმართ, რომელსაც დიდი ლობი ჰყავს. შესაძლოა, ჩარევის შედეგად, ფასები ზემოთ დაიჭირონ.

შეუძლებელია ლარის კურსის პროგნოზი მომავალი წლისთვის - ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: მონეტარულ პოლიტიკაზე, უცხოური კაპიტალის მასშტაბზე. აქ იგულისხმება პირდაპირი ინვესტიციები, გადმორიცხვები საზღვარგარეთიდან, ტურიზმიდან შემოსავალი. მათ შორის - საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ინფლაცია, 2024 წელს, სამიზნე მაჩვენებელზე - 3%-ზე მაღალი იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი კვარტლის ბოლოდან სამომხმარებლო ფასების საერთო დონე გაიზრდება. ეს ყველაფერი 2023 წელს გატარებული არასწორი მონეტარული პოლიტიკის ბრალია.

არ მგონია, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს. საჰაერო გზა არ არის სავაჭრო გზა. თუკი რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, ნებისმიერი ქვეყნიდან და მათ შორის - საქართველოდან, წესით, ექსპორტიც უნდა შემცირდეს.

2024 წელს - საარჩევნო წელს, სახელმწიფო ბიუჯეტი გამიზნულია ამომრჩევლის მოხიბვლისკენ - ხელფასების, სოციალური დახმარების ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტები... რადგან ბიუჯეტი პოლიტიკური პროცესის შედეგია, ბიუჯეტის მიზანი, საარჩევნო წელს, არის ყოველთვის ის, რაც პოლიტიკოსებს აქვთ.

ადამიანის უფლებები

ნიკა სიმონიშვილი - იურისტი, უფლებადამცველი, საიას ყოფილი თავმჯდომარე

ნიკა სიმონიშვილი - იურისტი, უფლებადამცველი

ხელისუფლების პოლიტიკისა და იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელი ძირითადად ორიენტირებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, მოსალოდნელია იმატოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებმა და ხელისუფლებამ კიდევ უფრო ინტენსიურად გამოიყენოს თავისი ბერკეტები.

საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებას არ მოადუნებენ საქართველოსთან მიმართებით - მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებია ევროპარლამენტში და აშშ-ში. იქ არის ძლიერი ბიუროკრატია, ძლიერი ინსტიტუციები. ევროკავშირი მუდმივად გაზომავს საქართველოს პროგრესს თუ რეგრესს.

არ ვფიქრობ, რომ „რუსული კანონის“ [„აგენტების შესახებ კანონი“] დაბრუნება მომავალ წელს დღის წესრიგში დადგება, რადგან ამაზე ხელისუფლებამ ქართული საზოგადოებისგან ძალიან მკაცრი პასუხი მიიღო [2023 წლის მარტის მოვლენები] და საარჩევნო წელს ხელისუფლება სიტუაციის გამწვავებას არ შეეცდება. თუმცა ეს „რუსული კანონი“ პრაქტიკაში უკვე ამოქმედებულია და მიმდინარეობს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია. მოველი, რომ ეს გაგრძელდება 2024 წელსაც.