88 წლის გურული ამომრჩეველი დაკარგულ ხმას ეძებს

ჟუჟუნა ელიაძე 88 წლისაა, ოზურგეთის რაიონის სოფელ ცრემლისხიდში ცხოვრობს. მიუხედავად ავადმყოფობისა და კორონავირუსის საშიშროებისა, 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე მაინც წავიდა და ბიულეტენში საკუთარი რჩეული პარტია და მაჟორიტარი შემოხაზა. რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მისი ხმა დაიკარგა, ამიტომაც ადვოკატის დახმარებით მან და კიდევ მისმა რვა თანასოფლელმა ორი კვირის წინ ოზურგეთის პროკურატურას საჩივრით მიმართეს.

ცრემლისხიდელი ამომრჩევლების საჩივარი, რომელიც მათ პროკურატურაში შეიტანეს

Your browser doesn’t support HTML5

88 წლის ჟუჟუნა ელიაძე დაკარგულ ხმას ეძებს

ვიყავი არჩევნებზე დედა, მივეცი ხმა ლეიბორისტულ პარტიას. 88 წლის ქალი ვარ და ავადმყოფი. წელიწადია, ლოგინზე ვწევარ, მარა არჩევნების გულისთვის ნათელაშვილისთვის და მამალაძის (ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში), იმათი სიყვარულობით წავედი კიდე, საცოდავად ჩავედი იქობამდე და მივეცი ხმა. ხოდა, სად დეიკარგა. ვინც არ მისცა, არ მისცა, მაგრამ მე რომ მივეცი ნამდვილად ხმა, სად დეიკარგა ისი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟუჟუნა ელიაძემ.

ქალბატონი ჟუჟუნას მონაცემები ცესკოს საარჩევნო ბაზაში

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით, ლეიბორისტულმა პარტიამ ცრემლისხიდის უბანზე (#24.60.50) ნული (0) ხმა მიიღო.

პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი, 24-ე საარჩევნო ოლქი

“ვფიქრობ, გაყალბებულია”

პროკურატურაში შეტანილ საჩივარს სოფელ ცრემლისხიდის 9 მცხოვრები აწერს ხელს, ცხრავე ამტკიცებს, რომ ხმა ლეიბორისტულ პარტიას მისცეს.
განცხადებაში მათი პირადი და ტელეფონის ნომრებია მითითებული. რადიო თავისუფლებასთან საჩივარზე კიდევ ერთი ხელმომწერი, გურამ მახარაძეც, ადასტურებს, რომ 31 ოქტომბერს ხმა ლეიბორისტულ პარტიას, #10-ს, მისცა, თუმცა ოქმში მისი ერთი ხმაც არ არის.

“ნამდვილად ლეიბორისტულ პარტიას მივეცი ხმა, ჩემი ერთი ხმა ხომ მაინც უნდა იყოს ოქმში?”- უთხრა რადიო თავისუფლებას გურამ მახარაძემ.

გურიაში ლეიბორისტულ პარტიას საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავდა, დავით მამალაძე. დავით მამალაძეც სოფელ ცრემლისხიდში ცხოვრობს, აქ დაიბადა და გაიზარდა. 31 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარ სოფელში 26 ხმა მიიღო, მაგრამ ლეიბორისტული პარტიის ნული ხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერც კი დაიჯერა.

“არჩევნებიდან მეორე დღეს დამირეკა „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელმა ჩემი სოფლის საარჩევნო უბნიდან. მითხრა, რომ რამდენიმე ათეული ხმა ჰქონდა შენს პარტიას და ოქმში არც ერთი ხმა არ გიწერიათ, გააყალბეს, ალბათო. გავბრაზდი და მომდევნო დღეებში დავიწყე მორიდებულად მოკვლევა. ვინც ვიცოდი, რომ ჩვენი ამომრჩეველი იყო, მორიდებით ვეკითხებოდი, თუ იყვნენ არჩევნებზე. დაახლოებით, 30-მა ადამიანმა ღიად მითხრა, რომ მე და ლეიბორისტულ პარტიას მოგვცეს ხმა. ოქმში მე, მართლაც, 26 ხმა მიწერია, პარტიას კი - 0. ამ 30-დან 9 ადამიანმა გამოთქვა სურვილი მათი ხმა ბოლომდე დაგვეცვა და მიგვემართა პროკურატურისთვის, დანარჩენებმა თავი შეიკავეს. ზოგი სოციალურად დაუცველის სტატუსს ფლობს, ზოგი დასაქმებულია და ა. შ. საბოლოოდ, შევიტანეთ 9 კაცის ხელმოწერილი საჩივარი”, - გვითხრა დავით მამალაძემ.

დავით მამალაძე ოზურგეთში ადვოკატია, თანასოფლელების ხმების დაცვაც თავად ითავა, თუმცა დაზარალებულები და მოწმეები წინასწარ გააფრთხილა, რომ კანონი ცრუ დასმენისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ცხრავე დათანხმდა და პროკურატურას ერთხმად მიმართეს.

მამალაძემ პროკურატურას წარუდგინა ცრემლისხიდის უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლების გასაუბრების ოქმებიც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ უბანზე ლეიბორისტულმა პარტიამ ხმები მართლაც მიიღო და ოქმი, სადაც 0 ხმა წერია, გაყალბებულია.

“ევროპული საქართველოს დამკვირვებელი, ნუგზარ ძიძიშვილი, რადიო თავისუფლებას ესაუბრა. ამბობს, რომ დათვლას ესწრებოდა და რამდენიმე ათეული ხმა ჰქონდა ლეიბორისტულ პარტიას:

“მახსოვს, გაგვიკვირდა კიდეც. ვამბობდით, ყოჩაღ შალვასო. მეორე დღეს ოქმი რომ ვნახე, გამიკვირდა. ვფიქრობ, გაყალბებულია”.

ცესკოს მონაცემებით, უბანზე, რომელსაც ცრემლისხიდი ეკუთვნის, სულ 430 ამომრჩეველი მივიდა, პროპორციული ოქმის მიხედვით, აქედან ყველაზე მეტი, 249 ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა 90 ხმით, მესამე ადგილზე 13-13 ხმით - „ლელო“ და „ევროპული საქართელო“, დარჩენილი 65 ხმა სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა.

მაჟორიტარული ოქმის მიხედვით, პირველ ადგილზე ისევ „ოცნებაა“ 233 ხმით, მეორე ადგილზე - „ნაციონალური მოძრაობა“ 82 ხმით, მე-3 ადგილზე კი, 26 ხმით - ლებორისტული პარტიის კანდიდატი დავით მამალაძე. ორივე ოქმში ხმათა ბალანსი სწორია, არც შესწორების ოქმია შედგენილი, არც ხმების გადათვლა მომხდარა ამ უბანზე.

რა მოხდა ცრემლისხიდის უბანზე?

„9 ამომრჩეველი ამბობს, რომ ხმა ლეიბორისტულ პარტიას მისცეს, ამასვე აცხადებს რამდენიმე მოწმე, რომლებთან გასაუბრების ოქმებიც პროკურატურაშია, თუმცა ოქმში 0 ხმაა.

ლეიბორისტულ პარტიას რომ მოაკლეს ხმები, ფაქტია. ვის მიუმატეს, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. “ოცნება“ ამბობს, მაგას ნაციონალები იზამდნენო. ნაციონალები ამბობენ, ამას „ოცნება“ იზამდა. დალუქული ოქმები თუ არ შეცვალეს, კი გავიგებთ სიმართლეს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან დავით მამალაძე.

მთავარ პროკურატურაში გვითხრეს, რომ საჩივარი რეაგირებისთვის ოზურგეთის პოლიციას გადაეგზავნა, გამოძიებას შეუძლია ამ უბნის ბიულეტენებისა და ოქმების ხელახალი გამოკვლევა. ცრემლისხიდის უბნის ბიულეტენები და სხვა საარჩევნო დოკუმენტაცია ოზურგეთის საოლქო კომისიაში ინახება. კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უბნის დოკუმენტაცია კანონის შესაბამისადაა დალუქული და მათთან 1 წლის განმავლობაში შეინახება. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამართალდამცავები ჯერ არ შეხმიანებიან და დოკუმენტაცია არ გამოუთხოვიათ.

საუბნო კომისიის თავმჯდომარე ადგილობრივი პედაგოგი მაია თვალაბეიშვილი იყო. ის რადიო თავისუფლებასთან ოქმის გაყალბებას გამორიცხავს. ამბობს, რომ ხმები კომისიის სხვა წევრმა მთვლელებმა დაითვალეს, ოქმიც შეადგინეს, ყველა წევრმა ხელი მოაწერა, პრეტენზია არავის ჰქონია. თავმჯდომარემ გვითხრა, რომ კომისიის წევრები, რომლებიც ხმებს ითვლიდნენ, პირბადით იყვნენ და ბიულეტენების ამოკითხვის ხმა ცუდად ესმოდა, ამიტომაც დაზუსტებით არ იცის, ჰქონდა თუ არა ხმა ლეიბორისტულ პარტიას.

ლეიბორისტულ პარტიას საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი არ ჰყავდა, კანონით არ ეკუთვნოდა. მათი ხმები სხვა პარტიის წარმომადგენლებმა დათვალეს. ცრემლისხიდის უბანზე ხმის დათვლაში 4 წევრი მონაწილეობდა. ორ მათგანთან დაკავშირება შევძელით. “პატრიოტთა ალიანსისა” და “ევროპული საქართველოს” კვოტით კომისიის წევრებმა გვითხრეს, რომ დღეს უკვე ზუსტად აღარ ახსოვთ, ჰქონდა თუ არა ლეიბორისტულ პარტიას ხმა, ახსოვთ, რომ #10 იყო რამდენიმე ბიულეტენში შემოხაზული, ოღონდ ეს ბიულეტენები პარტიული იყო, თუ მხოლოდ მაჟორიტარული, არ ახსოვთ.

ლეიბორისტების მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ დაუჯერებელია მის სოფელში მას 26 ხმა მიეღო და პარტიას არც ერთი. მამალაძემ გვითხრა, რომ სხვა სოფლებში მისი და პარტიის ხმები თითქმის თანაბარია.

რადიო თავისუფლებამ შემთხვევითობის პრინციპით ოზურგეთის ოლქის 5 უბნის ოქმი გადაამოწმა და ყველაში პარტიისა და მამალაძის ხმები თითქმის თანაბარია. მაგალითად, 26-ე უბანზე ლეიბორისტულმა პარტიამ 5 ხმა მიიღო, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით მამალაძემ - 4, 51-ე უბანზე პარტიამ - 12, მაჟორიტარმა - 18, 52-ე უბანზე პარტიამ - 14, მაჟორიტარმა - 15, 57-ე უბანზე პარტიამ - 4, მაჟორიტარმა - 5 ხმა, მე-60 უბანზე - თანაბრად, 2-2 ხმა. ამ მაჩვენებლებიდან ამოვარდნილია სადავო ცრემლისხიდის უბანი, სადაც, როგორც უკვე ვთქვით, ლეიბორისტულმა პარტიამ 0 ხმა მიიღო, მისმა მაჟორიტარმა კი - 26 ხმა.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი, 24-ე საარჩევნო ოლქი

ახლა ჯერი სამართალდამცავებზეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით მიმდინარეობს. არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად დათვლა მაქსიმუმ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.