3 წლის გაბრიელის სიკვდილი - უბედური შემთხვევა თუ სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით?

პოლიციას გადაკეტილი აქვს მისასვლელი "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან არხილოსკალოში

სოფელ არხილოსკალოში, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, "ვეფხი და მოყმის" ძეგლი, საპოლიციო ლენტითაა შემოსაზღვრული. იქვე არიან სამართალდამცავები. ერთი დღით ადრე ძეგლს მოტეხილი მძიმე ფრაგმენტი 3 წლის გაბრიელს დაეცა და ფაქტობრივად ადგილზე მოკლა.

დედოფლისწყაროს კლინიკაში ამბობენ, რომ ძეგლთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახებიდან მალე მივიდა, თუმცა ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი შეიყვანეს.

კვირას, 29 ოქტომბერს ბენაშვილების 5 შვილიანი ოჯახი არხილოსკალოს ხარების სახელობის ტაძარში წირვაზე ავიდა. წირვის დასრულების შემდეგ მშობლებმა ბავშვები ტაძართან ახლოს აღმართულ ჯვართან მიიყვანეს. იქვე, 5 მეტრშია "ვეფხი და მოყმის" ძეგლიც, რომელიც 1960-იან წლებშია აგებული.

"ვეფხის და მოყმის" ძეგლი არხილოსკალოში

ძეგლი კვარცხლბეკზე დგას, რომელიც ნამტვრევი ქვითა და ბეტონის ფილებით არის მოპირკეთებული. თავად ძეგლი ბეტონისაა და უკევ კარგა ხანია დაბზარულია. ფერადი ლითონი მხოლოდ ალაგ-ალაგ აქვს შერჩენილი, ადგილობრივები იხსენებენ, რომ 90-იან წლებში გაიძარცვა.

თამილა გურაშვილი, რადიო თავისუფლებას უყვება რომ იმ დღეს გაბრიელთან ერთად 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ბავშვებიც და უფროსებიც. ბავშვების ნაწილი ძეგლზე იყო ასული, როცა ბეტონის ფილა დაიძრა, გადმოვარდა და 3 წლის ბავშვი მოიყოლა.

„ძეგლთან და ძეგლზეც იყვნენ სხვა ბავშვები, რომლებიც სურათებს იღებდნენ. პატარა ბავშვი იდგა ძეგლის დაბლა. სიმძიმისა და დაზიანებების გამო ჩამოვარდა დიდი ზომის ცემენტი, რომელიც ბავშვს დაეცა. ასეთი ძეგლები დედოფლისწყაროში ბევრია. ყველა ძეგლი საბჭოთა კავშირის დროს არის აგებული და დაზიანებულია...მე მგონი, შეკეთება უნდა ხდებოდეს, ხომ? ან თუკი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, საერთოდ დემონტაჟი მოხდეს!“ - ამბობს აქტივისტი დედოფლის წყაროდან.

ძეგლის ფრაგმენტი, რომელმაც ბავშვი იმსხვერპლა

თუკი თვითმმართველობებს მკაფიოდ დაევალებათ ძეგლების მოვლა-პატრონობა, შემოწმების ვადებიც გაწერილი იქნება და ამ პროცესს ზედამხედველიც ეყოლება, შესაძლოა მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებულიო, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნათია გონაძემ, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სპეციალისტმა.

„2007 წელს მიღებული კანონით, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტები, რომლებიც ეკუთვნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, უნდა აღირიცხოს, განისაზღვროს კუთვნილება და მოხდეს მოვლა - პატრონობა, თუმცა არ არის მითითებული, რა სიხშირით უნდა ჩატარდეს ეს სამუშაოები, ყოველ ერთ წელში, 10 წელში ერთხელ თუ როდის. არის ძლიერი ყინვები, დიდთოვლობა, მიწისძვრები, სხვა მექანიკური დაზიანებები, გვაქვს ვანდალიზმის შემთხვევებიც“, - ამბობს ნათია გონაძე.

რადიო თავისუფლებამ დედოფლისწყაროს მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მერს შეკითხვები წერილობითაც გავუგზავნეთ.

  • ბოლოს როდის შემოწმდა და ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები „ვეფხი და მოყმის“ ძეგლს არხილოსკალოში?
  • არხილოსკალოში კიდევ ერთი ძეგლია „ყურძენი ვაზზე“, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია ეს ძეგლი და ხომ არ წარმოადგენს ისიც საფრთხეს?
  • სულ რამდენი ძეგლია მუნიციპალიტეტში, როგორ უვლის მათ თვითმმართველობა?

მერმა პასუხი არ დაგვიბრუნა. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოციალური ქსელ ფეისბუკის პირად გვერდზე, არხილოსკალოში ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

საბჭოთა საქართველოს დროს აგებული ძეგლები და მონუმენტები კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია. მათი ნაწილი სიძველისგან ინგრევა, ნაწილი კი გაძარცვულია.

მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი ლაგოდეხში

"სამამულო ომში გარდაცვლილთა მემორიალი" - ასე ჰქვია ადგილს ლაგოდეხში, სადაც სამი ძეგლი დგას. გასული საუკუნის მიწურულს ეს ძეგლებიც გაიძარცვა. აქ თამაში უყვართ ბავშვებს, რომელბიც ხშირად ძეგლებზეც ადიან. მერიამ არ იმაზე გვიპასუხა ბოლოდ როდის შეამოწმეს მემორიალი.

კიდევ ერთი ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანშია, მას ადგილობრივები „მშვიდობის ქანდაკებას“ უწოდებენ. ძეგლი მთლიანად დაბზარულია, ნატყვიარიც ეტყობა. ადგილობრივი მაია ბიძინაშვილი ამბობს, რომ ამ ადგილზე ყოველდღე უამრავი ადამიანი იკრიბება:

"ამ ძეგლს გარშემო ჰქონდა ლითონი, რომელიც მოიპარეს. ახლა დარჩენილი არის მხოლოდ ბეტონი. ექსკურსიებიდან ხალხი მოდის და ზუსტად აქ ჩერდებიან, ბავშვები ძეგლზეც ადიან. ადგილზე არ არის მეთვალყურე, რომელიც მოსწავლეებს ეტყვის, რომ ძეგლი საშიშია. ეს ძეგლი ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია და შეიძლება მოხდეს, ის რაც მოხდა არხილოსკალოში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბიძინაშვილმა.

მშვიდობის ქანდაკება სოფელ ნუკრიანში

რადიო თავისუფლებამ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო ვერც სიღნაღის თვითმმართველობიდან.

არხილოსკალოში მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.