საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში დამტკიცებულ ცვლილებებს „ოცნება“ ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისს უწოდებს. ექსპერტების შეფასებით კი, საქართველო ევროინტეგრაციის მიზნებს შორდება.
ახალი ცვლილებები
ცესკოს თავმჯდომარისა და სხვა წევრების არჩევის პროცედურებს „ქართულმა ოცნებამ“ ერთი კენჭისყრა დაამატა, თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.
- ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად პირველ კენჭისყრაზე დეპუტატების 3/5-ის [90 ხმა] მხარდაჭერა ხდება საჭირო;
- თუკი 90 ხმით ვერ აირჩევენ, იქნება კიდევ ორი მცდელობა - კანდიდატის უბრალო უმრავლესობით [76 ხმა] ასარჩევად.
20 თებერვალს დამტკიცებული ცვლილებებით, უმრავლესობას კვლავ შეუნარჩუნდა ბერკეტი, რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ წევრები, 5-წლიანი სრული ვადით, საბოლოოდ - კვლავ 76 ხმით აირჩიოს.
ექსპერტების შეფასებით, ამისათვის საკმარისი იქნება, რომ არასასურველ კანდიდატებს უმრავლესობამ პირველ კენჭისყრაზე არ დაუჭიროს მხარი, ხოლო შემდეგ, სასურველი კანდიდატი 76 ხმით გაიყვანოს.
უმრავლესობა ამისათვის საჭირო მანდატებს ფლობს.
- ცესკოს თავმჯდომარეს აღარ ეყოლება მოადგილე, რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს.
კანონის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება „ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილეს, რომელიც არჩეულია პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან“. ახალი წესით, ცესკოს თავმჯდომარეს სულ ერთი მოადგილე ეყოლება.
- ძალაში დარჩა საარჩევნო კოდექსში მანამდე დამტკიცებული, სადავო ცვლილება, რომლის მიხედვითაც - ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატებს კვლავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს.
- კვლავ უკიდურესად შეზღუდულია პრეზიდენტის როლი.
„საქართველოს პრეზიდენტს ენიჭება ცესკოს წევრისა და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა ცესკოს წევრი/ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია“, - წერია კანონის განმარტებით ბარათში.
თუმცა, ექსპერტების შეფასებით, საქმე აქამდე, დიდი ალბათობით, არ მივა, რადგან „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა კანდიდატებს უპრობლემოდ დაამტკიცებს.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ახლად დამტკიცებულ საკანონმდებლო პაკეტს.
„შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ის ყოველთვის დაადებს ვეტოს „ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან“.
საპარლამენტო უმრავლესობას ეყოფა მანდატები, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
რა მიიღეს, რა დარჩა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი გვეუბნება, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას აკლია ბევრი საკითხი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებშია ასახული.
ის ამბობს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული არჩევნები, რაც, წინასწარი ინფორმაციით, უბნების დაახლოებით 70%-სა და ამომრჩეველთა 90%-ს მოიცავს, გარკვეულწილად გააუმჯობესებს ხმის დათვლის პროცესს, „მაგრამ ვერ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი“ არჩევნების ხარისხიანად ჩატარების კუთხით.
ნატროშვილის თქმით, სურათს ვერც გასული წლის მიწურულს დამტკიცებული ცვლილებები ცვლის.
ასევე ნახეთ პარტიული დაფინანსება - რა აიკრძალება, რატომ და რატომ დაჩქარებულად?2023 წლის 15 დეკემბერს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა „საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები:
- იურიდიულ პირებს აეკრძალათ პარტიებისთვის ფულის ჩარიცხვა - შემოწირულების სახით;
- პარტიების წლიური ხარჯებისთვის დასაშვებ ზედა ზღვრად მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04% დადგინდა, 0.05%-ის ნაცვლად.
„მთავარი პრობლემა რაც იყო, ისევ რჩება - დიდი სხვაობა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის რესურსებს შორის“, - გვეუბნება ლევან ნატროშვილი.
„ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ცვლილებებიც ევროინტეგრაციის ინტერესებს მოარგეს.
ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით კი, იურიდიული პირები ოპოზიციას მაინც არ აფინანსებდნენ, ხოლო მმართველ პარტიას დაფინანსების გზების გამონახვა არ გაუჭირდება, მათ შორის - ფიზიკური პირების მობილიზაციით.
- ექსპერტების შეფასებით, პრობლემად რჩება პოლიტიკური კორუფციის სათანადოდ გამოძიების საკითხი. მათთვის სადავოა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის ხარისხი, მაშინ, როცა მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
ვენეციის კომისიისა და ოდირის ბოლო დასკვნაში მოუგვარებელ საკითხებს შორისაა, მაგალითად - საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კონტროლი, საარჩევნო ოლქების საზღვრების დელიმიტაცია, ადმინისტრაციული რესურსისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საარჩევნო დავების გადაწყვეტის სისტემის გაძლიერება თუ ამომრჩეველთა დაშინების წინააღმდეგ მიმართული ზომები.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის დირექტივა, დოგმა“ და „ყოველთვის არის მსჯელობის საკითხი“.
9 დათქმის საწინააღმდეგოდ
დამტკიცებულ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისს უწოდებს.
ევროკომისიის 9 დათქმაში შედის საარჩევნო ადმინისტრაციის „ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა“ და, ამავე დროს, ევროკავშირი თავის შეფასებებში მიუთითებს, რომ - საჭიროა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის [OSCE/ODIHR] რეკომენდაციების შესრულება.
2023 წლის დეკემბერში საარჩევნო თემატიკაზე გამოქვეყნებულ ბოლო ერთობლივ დასკვნაში ვენეციის კომისია და ოდირი, სხვა საკითხებთან ერთად
- უარყოფითად აფასებენ: ცესკოს დაკომპლექტებაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციისთვის განკუთვნილი პოსტის გაუქმებას.
- ასევე მითითებულია 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ხმათა 2/3-იანი კვოტისა და ცესკოს თავმჯდომარის/წევრების არჩევის დროს კონსენსუსის მნიშვნელობა.
საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებში ეს საკითხები გათვალისწინებული არ არის.
„ძალიან ცუდია, ახლა უკვე ფაქტობრივად წინასწარ ვიცით, რომ, როდესაც ევროკავშირი შეაფასებს ჩვენს პროგრესს [9 დათქმის შესრულების კუთხით], მინიმუმ ეს საკითხები, რაც საარჩევნო კანონმდებლობას უკავშირდება, არ ჩაითვლება შესრულებულად და ისევ იარსებებს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ეჭვები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ISFED-ის წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი.
მისი შეფასებით, 20 თებერვალს დამტკიცებული ცვლილებები „ამყარებს მმართველი პარტიის ძალაუფლებას - ექსკლუზიურად აირჩიოს ცესკოს სასურველი კანდიდატები“, რაც „ვერ გააძლიერებს არჩევნების მიმართ ნდობას“.
ISFED-ი აცხადებს, რომ პარლამენტმა, ჯერ კიდევ 2023 წელს, არსებითად გადაუხვია 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის შეთანხმების“] სულისკვეთებას. ამ შეთანხმებას „ოცნება“ მალევე ცალმხრივად გაემიჯნა.
20 თებერვალს, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ სადავო საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, ევროკავშირის ლიდერებს ბრიუსელში ხვდებოდა ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსაც შეხვდა.
„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი“, - უთხრა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა.
2023 წლის მარტში, მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში, კობახიძემ თქვა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულების შემთხვევაში თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა და, რომ ესკალაციის გაზრდის სცენარი „19 აპრილის შეთანხმებაში იყო ჩადებული“.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა