კახეთის მუნიციპალიტეტებში წინასაახალწლო ვაჭრობა დაიწყო

ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ დღეს არსებული ფასების მიხედვით, საშუალო საახალწლო სუფრის მომზადებას 300 ლარიდან 700 ლარამდე დასჭირდება, თუმცა ამ ფასში შედის გოჭი და ინდაური. მომხმარებელი სიძვირეს, ხოლო რეალიზატორი მყიდველის სიმცირეს უჩივის.

უკვე რამდენიმე დღეა, კახეთის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ცენტრალურ ქუჩებზე წინასაახალწლო საშობაო ვაჭრობა დაიწყო. იმის შიშით, რომ მომდევნო დღებში პროდუქტზე ფასები შეიძლება კიდევ გაიზარდოს, მოსახლეობამ გარკვეული პროდუქციის შეძენა წინასწარ დაიწყო.

გასაყიდად გამოტანილია ხილი, ბოსტნეული, ხორცპროდუქტი, რძის ნაწარმი, თევზეული, ნიგოზი, თაფლი, გოჭი, ინდაური და ა.შ.

ქუჩების გარდა, ხალხმრავლობაა ბაზრებში. ცოცხალი გოჭი 100-დან 150 ლარამდე ღირს, ნიგვზის ფასი 25 ლარიდან იწყება, ამდენივეა ერთი კილოგრამი თაფლის ღირებულება. თითქმის უცვლელია ფასები ბოსტნეულზე, თუმცა გაძვირდა ხორცპროდუქტი. რეალიზატორი კახა მურჯიკნელი ამბობს, რომ 1 კგ ღორის ხორცი 13 ლარი ღირს, საქონლისა კი - 16 ლარი. ისმყიდველის ნაკლებობას უჩივის.

ჩვენ მიერ კახეთში გამოკითხული ადამიანების ნაწილი არსებული ფასებით უკმაყოფილოა. რესპონდენტები ამბობენ, რომ, გასულ წელთან შედარებით, ყველა სახის პროდუქტზე ფასები 20-30 პროცენტით არის მომატებული და მოელიან, რომ ახალ წლამდე დარჩენილ დროში იმ პროდუქტზე, რომელსაც საახალწლოდ ბევრ ოჯახში ყიდულობენ, ფასები გაორმაგდება. თუმცა იმასაც გვეუბნებიან, რომ ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია და, გაჭირვების მიუხედავად, ამ დღისთვის მაინც სხვანაირად ემზადებიან.

წინასაახალწლო სამზადისი განსაკუთრებით უჭირთ ოჯახებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის წამომადგენელი ნატო ბატიაშვილი ამბობს, რომადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს საახალწლოდ 200-200 ლარს მიიღებენ ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და მათი სარეიტინგო ქულა მაქსიმუმ 65 ათასია. ასეთი ლაგოდეხში 60 ოჯახია. დახმარებას მიიღებენ ასევე ტკბილეულის სახით 18 წლამდე ასაკის შშმ პირები,მათი რაოდენობა კი 105-ია.

მოსახლეობის ნაწილი თუ საახალწლოდ სუფრის მოსამზადებლად პროდუქტს იმარაგებს, ახალგაზრდები ძირითადად გასართობი აქტივობებისთვის ემზადებიან.

კახეთის მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში ნაძვის ხეებს მიმდინარე კვირის ბოლოს გაანათებენ, გასართობი ღონისძიებები კი 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე პერიოდზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტები ნაძვის ხეებისა და ქუჩების მოსართავების შესაძენად ყოველ წელს 100 ათასობით ლარს ხარჯავენ.