2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ქუთაისში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა. საამისოდ თითოეულს 5 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. topnews.com.ge-ს პრესკლუბში წინასწარი შეთანხმების მიუხედავად არ მივიდა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელმა კი იმ დარღვევებსა და გადაცდომებზე ისაუბრა, რომლებიც, მათი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში დააფიქსირეს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებისას საჯარო მოხელეების მობილიზება; პლაკატების დაზიანება; საოლქო და საუბნო კომისიების გაუმჭვირვალედ დაკომპლექტება; საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მასალების გაზიარება - დაასახელეს არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს მთავარ პრობლემებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „თავისუფალი საქართველოს“ და „გირჩის“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნოდ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, რის მაგალითიცაა ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული ნომერი 4 პოლიკლინიკის ექიმების უფასო კონსულტაციები პაციენტებისთვის, რაც მოძრავი სამედიცინო აპარატურით ხორციელდება სხვადასხვა ადგილზე. შუშანიას განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო ძალადობრივია, თვითმმართველობის და მერიას დაქვემდებარებული დაწესებულების თანამშრომლებს აიძულებენ 30 მხარდამჭერის სია მიიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან. გიგა შუშანია ასევე საუბრობს საუბნო კომისიების იმ წევრებზე, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები არიან და რომელთა ნაწილს გასულ არჩევნებზე სახდელი დაეკისრა სხვადასხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის.
ასევე ნახეთ წინასაარჩევნო გარემო, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები„ქართულმა ოცნებამ დააკომპლექტა კომისიები, რომლებშიც სიდედრები და მეუღლეები ჰყავთ, რადგან სხვებს... არ ენდობიან. სუს-ის „ზონდერები“ დაკავებული არიან გრიგოლ ვაშაძის პლაკატების გადაღებვით, და ნაცვლად ქუთაისზე მზრუნველი მერისა, მივიღეთ მერი, რომელიც შვებულებაშია გასული და კანდიდატის მხარდასაჭერ კამპანიას აწარმოებს. მიმდინარეობს ზეწოლა ოპონენტების წარმომადგენლებზე“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობს“, ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა შუშანია.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მსგავსად წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის შექმნილ არათანაბარ პირობებზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი კოტე რატიანი. რატიანის განცხადებთ, ამის მაგალითია ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, გიორგი უკლებაზე, ერთი თვის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული. კოტე რატიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კომისიებში ძირითადად დასაქმებული არიან ქართული ოცნების აქტივისტები, ყველანი სამართლებრივი მეთოდით აპირებენ დაიცვან საკუთარი ამომრჩევლის ხმები.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ წელსაც აპირებენ ძალადობას, რადგან იციან, რომ არჩევნებს აგებენ. მობილიზებულია ჯგუფები, რომ მსგავსად წინა არჩევნებისა, დესტაბილიზაცია შეიტანონ საარჩევნო პროცესში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავიცვათ ჩვენი ხმები. წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, მაქსიმალურად მოხდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ - განაცხადა კოტე რატიანმა. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ და კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მსგავსად წინასაარჩევნო გარემოს უარყოფითად აფასებს "თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას საარჩვენო შტაბის ხელმძღვანელი გოგი წულაია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ამომრჩევლები უარყოფითად განაწყვეს და მათ არჩევანის გაკეთების საშუალება არ მისცეს. გოგი წულაიას თანახმად, თუ არჩევნები სასურველი შედეგით არ დასრულდა, მზადაა ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან ერთად აქციებით გააპროტესტოს ეს.
„წინასაარჩევნო გარემოს თუ შევაფასებთ, მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა უპირატესი მდგომარეობა. სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთის ბრალდებებით იყვნენ დაკავებული და ნიჰილისტურად განაწყვეს ამომრჩეველი. მოსახლეობას შეაძულეს პოლიტიკა. ხვალ ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას და თუ მოხდა გაყალბება, აუცილებლად გამოვალთ ქუჩებში, რომ არსებული მდგომარეობა შევცვალოთ. ნებისმიერ პარტიას დავუდგები გვერდით, ვინც ქუჩაში გამოვა“, - განაცხადა გოგი წულაიამ.
ასევე ნახეთ პარლამენტი ქუთაისს - პრეზიდენტობის კანდიდატთა ნაწილის დაპირებაროგორც ქუთაისში, topnews.com.ge-ს პრესკლუბში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განმარტა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ „გირჩი“ ტრადიციულ წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს, სახეზეა არათანაბარი გარემო, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენების ფაქტები. ცამციშვილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ბიუჯეტში გაიზარდა იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გამოიყენება საარჩევნოდ.
„გაზრდილია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯი, რაც ხმარდება ქალაქის ადმინისტრაციაში დასაქმებულ „ქართული ოცნების“ აქტივს“, - აცხადებს თემურ ცამციშვილი და დასძენს: „ არსებობს გაყალბების ნიშნები, რის მაგალითიც საარჩევნო კომისიების წევრები არიან. ისინი მოსყიდული არიან ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და მაქსიმალურად შეეცდებიან მის მოგებას.“
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს topnews.com.ge-ს პრესკლუბში 5-5 წუთი ჰქონდათ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისთვის, რაც ოთხივე მათგანმა გამოიყენა, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ კი შესაძლებლობით არ ისარგებლა, პრესკლუბში არ მივიდა და ოპონენტების ბრალდებებიც უპასუხოდ დარჩა.