წითლად დალაქავებული 25 თებერვლის გაზეთები

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა თბილისი 25 თებერვალს, გათენებამდე დატოვეს, მანამდე დედაქალაქის დამცველებმა მოიგერიეს ბოლშევიკების ორი იერიში და 23 თებერვლისთვის მტერი თბილისის მისადგომებიდან უკუაქციეს. სოღანლუღთან ბრძოლაში მოკლეს 530 და ტყვედ აიყვანეს მტრის 1600 ჯარისკაცი, შესაბამისად, თბილისის დამცველთა საბრძოლო სულისკვეთება მაღალი იყო როგორც სამხედრო ნაწილებში, ასევე საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს 25 თებერვალს გამოსულ გაზეთებში გამოქვეყნებული ოპტიმისტური სტატიები, ცნობები მობილიზაციისა და სასწავლო სროლების გაგრძელების შესახებ. მაინც რას წერდა 1921 წლის 25 თებერვლის ქართული პრესა?

1921 წლის 25 თებერვალს გამოსული „ერთობა“ სავსეა „სამგლოვიარო ბარათებითა“ და ნეკროლოგებით; გაზეთი იუწყება, რომ კოჯრის მიდამოებში მტრის იერიშს გმირულად და მამაცურად შეეწირნენ ლეინტენანტი ვალიკო გარდაფხაძე და რიგითი ჯარისკაცები, რომ სოღანლუღში მძიმედ დაჭრის შემდეგ გარდაიცვალა N1 ჯავშნიანი მატარებლის გვარდიელი გერონტი ბერძენიშვილი.

გაზეთი "ერთობა"

23 თებერვალს სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალული მეომრების ხსოვნას ეძღვნება „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული სტატია „გმირთა ხსოვნას“... თუმცა ყველა წერილი და სტატია, მათ შორის, მიძღვნილი დაღუპული სამხედროებისადმი, გაჟღენთილია საბრძოლო სულისკვეთებითა და გამარჯვების იმედით. თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ რედაქციის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ ნომრის ქსელში გაშვების დროს დედაქალაქი მტრის ხელში იქნებოდა გადასული.

„სად მიდიხართ ასე ერთად, ერთგულად შეთქმულნი? იქნებ ისწრაფით წინაპართა, აჩრდილ გარდასულთ ხილვას?“, - მიმართავს „საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორი გმირულად დაღუპულ მებრძოლებს, - „მაშ თუ ასეა - უამბეთ: საქართველოს გამარჯვება. თქვენ თვით გამარჯვებულნი წარსდექით მათ წინაშე და მათთან ერთად მიიღეთ უკვდავების სახელი. უთხარით, რომ ქართველი ერი აღდგა და დაამსხვრია მონობის ბორკილი. საქართველო ისევ ძლიერია და მაგარი. საქართველო დაიცავს თქვენ ძვირფას ხსოვნას“.

25 თებერვალს გამოსული გაზეთებიდან ჩანს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმატებით იგერიებენ მტერს და ემზადებიან ხანგრძლივი წინააღმდეგობისათვის, რისთვისაც ქვეყნდება ცნობები მობილიზაციის შესახებ. მაგალითად, გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს გენერალური შტაბის სამობილიზაციო განყოფილების განმარტებას, რომ მობილიზაციას ექვემდებარებიან რესპუბლიკის მოქალაქენი 19-დან 40 წლამდე, გარდა რუსებისა.

გაზეთები ატყობინებენ მოსახლეობას, რომ სასწავლო სროლები ახალგაწვეული ჯარისკაცებისათვის გაგრძელდება 25 და 26 თებერვალს.

გაზეთების პატრიოტულ განწყობაზე ნეგატიურად ვერ მოქმედებს მტრის საავიაციო იერიშებიც კი.

„რაც უნახავთ, ვერ ნახავენ“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ერთობამ“ ცნობა მტრის „ჰაეროპლანის“ მიერ თბილისში ყუმბარების ჩამოყრის შესახებ.

„ხმელეთზე ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, ვერ გამოიწვიეს აჯანყება. დამარცხებულები მაღლა აფრინდნენ და ზემოდან მშვიდობიან ხალხს დაუშინეს. ეს არის სასოწარკვეთილებით გამოწვეული ნაბიჯი - ამით უნდათ გვითხრან - დაგვნებდით, ბრძოლას თავი დაანებეთ, მაინც ვერ გაგვიძლებთ დიდხანსო, მაგრამ თბილისი არ შეკრთა. არ ეშინია მსხვერპლის არც ფრონტზე და არც მშვიდობიან ქუჩებში. საქართველოს დედაქალაქი არ კარგავს იმ სიდინჯეს, რომელსაც მოითხოვს მისგან დღევანდელი დღე. დამოუკიდებლობის დაცვა საქართველოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მისი ნებით ბოლშევიკები ვერ შემოვლენ აქ. ქართველ ხალხს აქვს ისეთი სიმაგრე, რომელსაც ისინი ვერ მოერევიან ვერც ზარბაზნებით და ვერც ჰაეროპლანებით. ეს სიმაგრე მისი მკერდი, მისი სულიერი განწყობილებაა“, - წერდა „ერთობა“.

„თბილისის პოზიციებზე დამარცხებულ მტრის მდევარმა, ჩვენი ჯარის მოწინავე რაზმმა, გუშინ საღამოს აიღო სოფელი კუმისი და წალასკური. კუმისთან ღამის ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ 8 ტყვიისმფრქველი, 3 ოფიცერი და 53 წითელარმიელი“, - ამგვარი შინაარსის ცნობა გაავრცელა გაზეთებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

„არასოდეს ქართული ეროვნული სულის დაჭიმვა არ ყოფილა ისე მტკიცე, როგორც ამ დღეებში. ერმა იგრძნო უდიდესი საფრთხე და სტიქიურად წინა დაუდგა“, - წერს გაზეთი „საქართველო“.

შთამბეჭდავია კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს სიტყვა (თქმული 20 თებერვალს თბილისის მცხოვრებლებისადმი სამხედრო ტაძრის ეზოში), რომლის ტექსტი 25 თებერვალს გაზეთმა „საქართველომ“ გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ 19 თებერვალს თბილისის დამცველებმა „წითელი არმიის“ მასშტაბური შეტევა მოიგერიეს. ფრაგმენტი პატრიარქის სიტყვიდან:

პატრიარქი ლეონიდე

„თითეულს აქ მდგომთაგანს ნათლად და ცოცხლად გვეხატება თვალწინ ის ბნელი ჯოჯოხეთი და ყოველ ზომას აღმატებული უბედურობა, რომელიც თავს დასტრიალებდა ჩვენს დედაქალაქს და მასთან ერთად ჩვენს სამშობლოს. მყრალი მტერი გვექადოდა აოხრებას, განადგურებას, გაუპატიურებას და სამარცხვინო უღლის დადგმას. ...მომენტი მოითხოვს, რომ მოხდეს ყოველი ძალების მობილიზაცია. მთავრობა მეთაურობას გვიწევს თავდაცვის საკითხებში და ჩვენც ყველანი მოვალენი ვართ, მჭიდროდ გავერთიანდეთ მის გარშემო, დავივიწყოთ პარტიული განსხვავება, ყოველგვარი განხეთქილება, უსიამოვნება, თუ გნებავთ, ცხადი უსამართლობაც. ჯერ მტრის დამარცხება და ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება, მერე შინაური საქმეების მოგვარება.

ზეციურო ჩვენო მამაო, მუდმივი ძლევა გამარჯვების ბრწყინვალე შარავანდედს ნუ მოაკლებ ქართველ ჯარს! იესო ტკბილო, აღაყვავე, გააძლიერე და განამტკიცე ჩვენი ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკა!“

25 თებერვლის პრესა დიდ ადგილს უთმობს ბოლშევიკების მხილებას. გაზეთი „ერთობა“ სტატიაში „მეტი სიმტკიცით ზურგში“ ბოლშევიკების ძირგამომთხრელ საქმიანობაზე წერს:

„ბალშევიკები, როგორც ვიცით, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ შიგნით, არევ-დარევის გამოწვევას, ერთნაირი სულიერი განწყობილების შექმნას, ვიდრე გამაგრებული პოზიციების სამხედრო ძალებით აღებას. ამისთვის ისინი არ ერიდებიან არავითარ საშუალებას, ამისთვის ისინი ფართოდ იყენებენ იეზუიტურ დევიზს - მიზანი ამართლებს საშუალებასო. მათ ჰყავთ ყველგან საჯაშუშოთ აუარებელი მოსყიდული ნაძირალა - აგენტები. ამისათვის ხარჯავენ უანგარიშო ფულს, და, უნდა ვთქვათ, რომ ამით ისინი არაერთხელ გასულან ფონს“.

„საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას „ძირს ბოლშევიკური იმპერიალიზმი“, რომელშიც ავტორი იმას ამტკიცებს, რომ რუსეთი ყველა სხვა დამპყრობელზე სასტიკი და ვერაგია.

„ზოგმა [დამპყრობელმა] ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი, ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის არ მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა. სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართველო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის გამგებლად და ავად თუ კარგად თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, რომ დღესაც კი - რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი არამც თუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქართველი - მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა, თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი“, - ვკითხულობთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

25 თებერვლის გაზეთები ასევე დიდ ადგილს უთმობენ საქართველოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას. „ერთობა“ და „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებენ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილისა და ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე ლომთათიძის მიმართვას ერთა ლიგის თავმჯდომარის, ლეონ ბურჟუას სახელზე:

„საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლად ვერაგულად დაესხა თავს საქართველოს რესპუბლიკას ღამით, ამოხოცა მძინარე ჯარისკაცები და ოფიცრები და ყოველი მხრიდან შემოგვიტია. ვერაგი მტერი ამას არ სჯერდება. ჰაეროპლანებიდან ყუმბარებს ესვრის თფილისს. მივაქცევთ რა მთელი განათლებული კაცობრიობის ყურადღებას რუსეთის საბჭოთა მთავრობის ასეთ ველურობას, გამოვსთქვამთ ჩვენს ღრმა აღშფოთებას და ვაცხადებთ პროტესტს, რათა ევროპის ხალხებმა ხმა ამოიღონ საქართველოს დასაცველად ველურთა ურთიერთობისაგან“.

ალექსანდრე ლომთათიძე

„დროებაში“ ნახავთ სტატიას „მარტო არ ვართ“, რომელშიც პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწე, სეით დევდარიანი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა დამოკიდებულია საქართველოს წინააღმდეგობის უნარზე:

„ჩვენთან არის მსოფლიო დემოკრატია. ჩვენი მუშათა კლასი, რომელმაც მთელი საქართველოს ჯარი მოიკრიბა თავის დროშის ქვეშ, გზავნის ცნობებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ სხვა და სხვა ქალაქებში. ევროპიდან უკვე მოისმის თანაგრძნობის ხმა. ეს თანაგრძნობა გადავა სიტყვიდან საქმეზე. გადავა, როცა დარწმუნდებიან იქ, რომ ჩვენი თავდაცვის ენერგია არ დასუსტდება, რაც უნდა დიდხანს გაგრძელდეს ომი“.

გაზეთი "ერთობა". 1921 წ. 25 თებერვალი

25 თებერვლის ქართული პრესა დიდად იმედოვნებდა, რომ საქართველოს თავდაცვის ენერგია არ დასუსტდებოდა და ამის იმედს, პუბლიკაციების მიხედვით, ქართველ ხალხს უსახავდა მთავარსარდლად გენერალ გიორგი კვინიტაძის დანიშვნა. აი, რას წერდა გაზეთი „ერთობა“ გენერლის დამსახურებაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს და მის როლზე თბილისის დაცვის საქმეში:

„სახელოვნი სამხედრო მოღვაწის შვილი, უმაღლეს სამხედრო აკადემიაში სწავლა-შემთავრებული, სამეომრო საქმეში გამობრძმედილი, დიდი სტრატეგი, გამჭრიახი მხედარი, პატრიოტი. ძლიერი ნებისყოფის ადამიანი, - აი, გენერალი კვინიტაძე. იშვიათია სამხედრო პირი, რომლისაც ეგოდენი რწმენა ჰქონდეთ, რაოდენიც მისი. „როცა გენ. კვინიტაძე მაგზავნის ამა თუ იმ სიმაგრის ასაღებად, სავსე რწმენით მივალ და ღრმად მწამს, რომ უეჭველად გავიმარჯვებთ!“ - ამბობს თითოეული სარდალი. „კვინიტაძემ რომ მიბრძანოს, ცეცხლში გადავვარდები და მწამს უნაყოფოდ არ დავიწვები“, - ამბობს ჯარისკაცი. და დღეს, როდესაც გენ. კვინიტაძე პოზიციებზე გამოჩნდა, როდესაც ლაშქარმა დაინახა, რომ ჩვენი ბედი და ბედი ქვეყნისა კვინიტაძეს ჩაბარდაო, სულით დაცემული, გალომგულდა და მტერს შეუტია: იუნკერი, ჯარისკაცი, გვარდიელი, - ერთი მეორეს ეცილება, არა მე გამოვიჩინო გმირობა და ვაჟკაცობა, არა მე სამეზობლოს სადიდებლადო. ისტორია ვერ დაივიწყებს თბილისის მიდამოებში 5 დღე-ღამის გახურებულ ბრძოლასა და ამ ბრძოლის ერთ ბრწყინვალე პიროვნებათაგანს გენ. კვინიტაძეს. ლაშქარი მოითხოვს - თუ ჩვენი გამარჯვება გინდათ, ნიადაგ კვინიტაძე უნდა გვიძღოდეს წინა და ჩვენც გამარჯვებით წინ ვივლითო“.

გენერალი გიორგი კვინიტაძე

თუმცა, ბედის ირონიით, სწორედ გიორგი კვინიტაძემ გასცა თბილისის დატოვების ბრძანება იმის შიშით, რომ თბილისი და საქართველოს შეიარაღებული ძალები ალყაში არ მოქცეულიყვნენ. ისტორიკოს მალხაზ მაცაბერიძის თქმით, გენერალი კვინიტაძე იმედოვნებდა, რომ მოახდენდა საქართველოს ჯარის მობილიზებას დასავლეთის მიმართულებით და შეაჩერებდა ბოლშევიკებს გორის პოზიციებზე, საიდანაც შემდეგ გაათავისუფლებდა თბილისს.

„ეს იყო სამხედრო-სტრატეგიული გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება არასწორი აღმოჩნდა იმიტომ, რომ სანამ თბილისი იბრძოდა, თავდადებით იბრძოდა მთელი ქართველი ხალხიც. თბილისის დატოვება მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღიქვა დამარცხებად. ამას დაემატა ბოლშევიკების პროპაგანდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არავინ ეხება, უბრალოდ ბრძოლა მიმდინარეობს ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ მაცაბერიძემ, ავტორმა წიგნისა „სხვა 25 თებერვალი“, რომელშიც 1921 წლის 25 თებერვალს გამოსული გაზეთების შინაარსია გაანალიზებული.

მალხაზ მაცაბერიძე

მალხაზ მაცაბერიძის თქმით, 25 თებერვლის გაზეთები მომზადებულია გამარჯვების მოლოდინით სავსე ქვეყანაში, რადგანაც 19 და 23 თებერვლის წარმატებით იქნა მოგერიებული ორი შეტევა და ყველა ფიქრობს, რომ, 1920 წლის მაისის მსგავსად, საქართველო კვლავ გაიმარჯვებს და საბჭოთა რუსეთი უკან დაიხევს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა რუსეთს საქართველოსთვის ომი არ ჰქონდა გამოცხადებული.

„1921 წლის 25 თებერვლის გაზეთები არის უნიკალური ისტორიული დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია იმდროინდელი ქართული საზოგადოების განწყობა, საბრძოლო სულისკვეთება. ამ გაზეთებში კარგად ჩანს, თუ როგორ აფასებდნენ შექმნილ ვითარებას, რა იმედებითა და მოლოდინებით ცხოვრობდნენ, რითი იმხნევებდნენ თავს და როგორ იბრძოდნენ“, - ამბობს მალხაზ მაცაბერიძე.