წითელი ჯვრის და ერგნეთის შეხვედრის მოლოდინი

ფოტოარქივი: წითელი ჯვრის ავტომობილი ერგნეთის საგუშაგოზე, 07 მარტი, 2018 წ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უკვე მეორედ სთხოვს დე ფაქტო ხელისუფლებას ნებართვას ზაზა გახელაძე საკარანტინო ზონაში მოინახულოს და მას ოჯახის წერილი გადასცეს. ორგანიზაციამ პირველად ეს ზაზა გახელაძის დაკავების მეორე დღესვე გააკეთა: ბიბილოვის ხელისუფლებას დაკავებულის მონახულების ნებართვაზე თხოვნა ოფიციალურად წერილობით გაუგზავნა, თუმცა ათ დღეზე მეტი გავიდა და დე ფაქტო ხელისუფლებას წითელი ჯვრის თხოვნაზე რეაქცია არ ჰქონია. 22 ივლისს საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რეს“-ის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა, კარმენ ეჩეზარეტამ, ამ საკითხში თანადგომის თხოვნით მიმართა „უშიშროების საბჭოს მდივანს“, ვალერი ვალიევს. რა პასუხი მიიღო ვალიევისგან, სააგენტო არ წერს.

ასევე ნახეთ ერგნეთის შეხვედრები განახლდება. რა მოლოდინი აქვთ დაკავებულთა ოჯახებს?

ზაზა გახელაძის ოჯახს იმედი გაუჩნდა, რომ ეჩეზარეტას კიდევ ერთ თხოვნას დე ფაქტო ხელისუფლება გაითვალისწინებს და ამჯერად მაინც შეიტყობენ ზაზას ჯანმრთელობის ამბავს.

21 ივლისს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ. სოფელ ქვემო ჭალაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე, და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლია გიგაური, შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და გატაცებული გახელაძის ოჯახის წევრებს ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაცია გაუზიარეს და შეატყობინეს, რომ 30 ივლისს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც მთავარი საკითხი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება იქნება. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის, თქმით, ოჯახს მომავალი შეხვედრის დღის წესრიგი გააცნეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლია გიგაური, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერგნეთის შეხვედრაზე დაკავებულების უპირობო დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ასევე ნახეთ გახელაძეების ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

ახლა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან ინფორმაციას ელოდებიან, ყველაზე მეტად კი დაგეგმილი შეხვედრის შედეგი აინტერესებთ. მათ ოპტიმისტურად განაწყობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა გავიხსენოთ, რა ხდება ხოლმე, როცა დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს დაკავებული მოქალაქეების სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს და საქმეს პროკურატურა იძიებს.

უმრავლეს შემთხვევაში ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებს, რამდენიმე დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში აჩერებს და ე. წ. სასამართლოს მიერ დადგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებს ხოლმე, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის ციხეში დიდი ხნით დაუტოვებიათ. მაგალითად, ხურვალეთის მცხოვრები მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში 11 დღე იჯდა. ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების კომიტეტმა“ მაია ოთინაშვილს ბრალად დასდო თანხის სანაცვლოდ „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ დახმარების გაწევა. ოთინაშვილის შესახებ საერთაშორისო რეზონანსიც დიდი იყო და საქმეში არაფორმალური კავშირებიც ჩაერთო. ქართველმა და ოსმა მოჭიდავეებმა თავიანთი გავლენა გამოიყენეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მაია ოთინაშვილის გათავისუფლება მალევე მოხერხდა. უფრო მეტად გართულდა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე. იგი პრინციპულად არ აღიარებდა სამხრეთ ოსეთის არსებობას და ცხინვალის რეგიონს პატიმრობაშიც კი ღიად და საჯაროდ ოკუპირებულ ტერიტორიად მოიხსენიებდა, ამიტომ ბიბილოვმა მისი დასჯა განიზრახა. კაგებე კი მის შესახებ უამრავ დეზინფორმაციულ ვერსიას ავრცელებდა. იგი ხან სამხედრო ექიმი იყო, ხან ევროპული ქვეყნების ჯაშუში, ხან წამლების ბიზნესის მონაწილე და ასე შემდეგ. ექიმ გაფრინდაშვილს, საბოლოოდ, თითქმის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბიბილოვის ხელისუფლების მიმართ იმდენად დიდი იყო საერთაშორისო წნეხი და უკვე კრემლიდანაც ისმოდა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა ექიმი შეეწყალებინა, თუმცა ეს ყველაფერი 49 დღეს გაგრძელდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ვის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, გენადი ბესტაევია. მას, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის მუხლი წაუყენეს. ბესტაევი ცხინვალის ციხეში ორწლიან სასჯელს იხდის.

ასევე ნახეთ ვინ არის ხვიჩა მღებრიშვილი? რა კავშირი აქვს ღამურებთან და ლუგარის ცენტრთან?

ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ზაზა გახელაძის, ისე მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და დე ფაქტო კაგებე ისევ განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს, ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, საეჭვოა მათი გათავისუფლება სწრაფად მოხერხდეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს სხვილოს ციხის მახლობლად. დაკავებისას ზაზა გახელაძე ფეხში დაჭრეს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, გახელაძეს ბრალად დასდო სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებული თავდასხმა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო პროკურატურის მტკიცებით, გაქცევის მცდლობისას ზაზა გახელაძემ ერთ-ერთი „მესაზღვრის“ მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ ისროლა. ამ ვერსიას აბსურდულად მიიჩნევს ზაზა გახელაძის ოჯახი.

3 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით წითელ წიგნში შეტანილი სახეობების მოპოვების ბრალდება დაუმატეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ხვიჩა მღებრიშვილმა, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, აღიარა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამაში 5-დან 10 ათას დოლარამდე გასამრჯელოს ჰპირდებოდნენ.