ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პირველკლასელებს „ანბანის გაცილებად“ წოდებულ ზეიმზე თეთრ მაისურებზე წითელი ყელსახვევები ეკეთათ და საბჭოთა კავშირის დროინდელ პიონერებს ჰგავდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ იდეა პედაგოგს ეკუთვნოდა და სკოლის დირექტორმაც მოიწონა.
თავის მხრივ, პირველკლასელების დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი უარყოფს, რომ წითელი ყელსახვევებით პიონერებთან მსგავსების ჩვენება უნდოდა. ახალციხის ტელეკომპანია მე-9 არხს მღებრიშვილმა განუცხადა, რომ მის მოსწავლეებს ყელსახვევები სხვა წლებშიც ჰქონიათ, ოღონდ არა წითელი, არამედ მწვანე და იასამნისფერი. რაც შეეხება 27 მაისს ჩატარებულ ღონისძიებას, პედაგოგის თქმით, ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს და თეთრი და წითელი ფერები დროშის ფერებს შეუხამეს.
„თეთრი მაისური და წითელი გეტრები ჩავაცვით. ჰალსტუხი მაისურს არ მოუხდებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ეს. არ მიფიქრია, რომ პიონერის ყელსახვევად აღიქმებოდა, თორემ ხომ არ გავაკეთებდი?“ - ამბობს ლუიზა მღებრიშვილი.
პედაგოგის ამ განმარტების მიუხედავად, პირველკლასელების წითელი ყელსახვევებით გამოჩენას საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გამოხატულებად აფასებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი ამალია სარქისიანი. მისი თქმით: „წითელი ყელსახვევების ნაცვლად, შეიძლებოდა საქართველოს სიმბოლიკა გამოეყენებინათ.“
„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი მაკა სუდაძე, როგორც თავად ამბობს, საჯარო სკოლებში საბჭოთა სიმბოლიკას ხშირად ხედავს: „ჯავახეთის თითქმის ყველა სკოლაში უნიფორმა ძველ, საბჭოთა ფერებშია. წინსაფრები და ლურჯი კოსტიუმები.“
მაკა სუდაძე ამბობს, რომ რამდენჯერმე შეესწრო, როცა სკოლებში „ბოლო ზარის“ ზეიმზე მოზარდები რუსული სიმღერების ფონზე ცეკვავდნენ: „მე არ გამიჩნდა განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ზეიმობდნენ სკოლის დამთავრებას.“
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ახლახან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 39 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ქვეყნისთვის ცუდი მოვლენა იყო. საქართველოს რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 65 %-ია სომხურ დასახლებებში. ამავე გამოკითხვით, ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებით დასახლებულ რაიონებში 53 % ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე.
“ნატოს არ აქვს მომავალი. უკეთესი იქნება ჩვენი ძალებით გავაძლიეროთ საქართველო. უფრო ახლოს ვგრძნობთ თავს რუსებთან, როგორც მეზობელ ქვეყანასთან. რატომ რუსეთი? იმიტომ, რომ როგორც მინიმუმ ვიცით რუსული ენა“, - ამბობს ახალციხეში მცხოვრები სომეხი ქალი.
NDI-ს კვლევით, საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებით დასახლებულ რაიონებში 34 % ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციით, საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის კარგ მოვლენად კი მხოლოდ 15 % აფასებს.