რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს იტალიელ პოეტსა და მწერალ ელზა მორანტეზე და მის 1974 წელს გამოცემულ რომანზე „ისტორია“, რომელმაც იტალიაში მწვავე დისკუსია გამოიწვია. ელზა მორანტე 1912 წელს რომში დაიბადა ღარიბ ოჯახში. ძალიან ადრე წავიდა სახლიდან და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. წლების განმავლობაში იყო სახელოვანი იტალიელი ავტორის, ალბერტო მორავიას, ჯერ სამოქალაქო (1937 წლიდან) და შემდეგ ოფიციალური მეუღლე (1941-1961 წლები).
„ისტორია“ მისი მესამე რომანია. სათაური „ისტორია“ ორნაირად უნდა გავიგოთ: ისტორია, როგორც დისციპლინა, რომელიც წარსულს შეისწავლის და ისტორია, როგორც ამბავი. ეს წიგნი ორივეზეა. ამიტომ იგი ასე იწყება: „1900-05, უკანასკნელი სამეცნიერო აღმოჩენები, რომლებიც მატერიის სტრუქტურას ეხება, ატომური საუკუნის დაწყებას გვამცნობენ.“ ამბავიც მალე დაიწყება: „1941 წლის იანვრის ერთ-ერთ დღეს ერთი გერმანელი ჯარისკაცი დადიოდა სან ლორენცოს კვარტალში, რომელიც რომშია. იტალიურად ოთხიოდე სიტყვა იცოდა, სამყაროზე კი ცოტა იცოდა, ან სულაც არაფერი. მისი სახელი იყო გიუნტერი, გვარს ჩვენამდე არ მოუღწევია.“
გერმანელი ჯარისკაცი უბრალო ცხოველია, მოძალადეა. იგი იძალადებს რომანის მთავარ გმირზე, იდა რამუნდოზე, მანკუზოს ქვრივზე, რომელსაც აიდას არქმევდნენ, მაგრამ რეგისტრატორმა შეცდომით იდად ჩაწერა, და ამ ძალადობას მოჰყვა შედეგი: ჯუზეპე, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უსაყვარლესი ბავშვი, რომელიც განწირულია…
Your browser doesn’t support HTML5