„დაგვეხმარეთ, თავი დავაღწიოთ აქაურობას!“ - წვევამდელებს ყალბი კონტრაქტებით ფულს ურიცხავენ და ფრონტზე მიჰყავთ

კურსკის ოლქში წვევამდელები. არქივის ფოტო

ავტორი: პროექტი „ოკნო“

20 წლის წვევამდელმა კირილ ვიუნოვმა, წარმოშობით კრასნოიარსკის მხარიდან, და მისმა კიდევ ექვსმა კოლეგამ, ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღეს თანხა თავდაცვის სამინისტროსთან ვითომდა გაფორმებული ხელშეკრულებისთვის.

შვიდივე ამტკიცებს, რომ მათ არაფრისთვის ხელი არ მოუწერიათ და არც აპირებდნენ რუსეთის ჯარში ერთ წელზე მეტხანს დარჩენას, როგორც ამას კანონი ავალდებულებს წვევამდელებს. თუმცა, მათ ახსნა-განმარტებებს არავინ უსმენს და მალე ფრონტისწინა ზონაში გადაიყვანენ.

წვევამდელისთვის გადარიცხულ თანხას უკან არ აბრუნებინებენ და უარის თქმის შესახებ განცხადებასაც ვერ წერს, რადგან სამხედრო ნაწილიდან გარეთ ვერ გადის.

„გზა ერთი მიმართულებით“

კირილ ვიუნოვი მსახურობს 31643-ე სამხედრო ნაწილში, რომელიც განთავსებულია კურგანის ოლქში. 14 ოქტომბერს, მოულოდნელად, 405 ათასი რუბლი ჩაერიცხა ანგარიშზე, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გახსნა დედის სახელზე (წვევამდელი ჯარისკაცისთვის შემწეობის გადარიცხვის მიზნით).

ოჯახი წუხდა, ხელი ხომ არ მოაწერა კონტრაქტსო - კირილი არასოდეს აპირებდა ომში მონაწილეობას.

„მე მექანიკოსი ვარ, მხოლოდ 20 წლისა და მხოლოდ ტექნიკუმის დამთავრება მოვახერხე. გეგმები საერთოდ აღარ მაქვს. უბრალოდ, მხოლოდ ცოცხალი მინდა აქედან დავბრუნდე“, - ამბობს კირილი.

მასთან ურთიერთობა მკაცრად გამოყოფილი ნახევარი საათის განმავლობაშია შესაძლებელი - წვევამდელებს ტელეფონები ნათესავებთან დასარეკად ეძლევათ 20:30-დან 21:00 საათამდე.

„ახლა კურგანის ნაწილში ვარ, სოფელ პლანოვიში. 232-ე სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადის მძღოლი ვარ. მაგრამ ხვალ როსტოვში - საზღვრის მახლობელ არეალში უნდა გაგვაგზავნონ. ვიცი, ესაა „გზა ერთი მიმართულებით“.

კონტრაქტის გაფორმება არასდროს მიფიქრია და არც ვაპირებ! დამეხმარეთ, თავი დავაღწიო აქაურობას!“ - ითხოვს კირილი.

კირილ ვიუნო

საბანკო გადარიცხვის სკრინშოტის მიხედვით, კურგანის რეგიონის შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ვიუნოვს გადაერიცხა 405 ათასი რუბლი „2023 წლის 30 დეკემბრის №920 დადგენილების შესაბამისად 108-ე სიის მიხედვით“. ეს არის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროსთან იმ მობილიზებულებსა და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც ჯარში გაიწვიეს, ხელშეკრულების გაფორმების შედეგად დადგენილი ანაზღაურების შესახებ.

Скриншот перевода матери Вьюнова

ადრე, ჩელიაბინსკის ოლქში, ჩებარკულში განლაგებული 90-ე სატანკო დივიზიის ხანგრძლივ სამხედრო სამსახურში მყოფმა ჯარისკაცებმა „ოკნოს“ რედაქციას უამბეს მსგავსი საბანკო გადარიცხვის შესახებ. თითოეულმა მიიღო 305 ათასი რუბლი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ვითომ გაფორმებული ხელშეკრულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ ფაქტობრივად ხელი არ მოუწერიათ. გასულ კვირას, ცენტრალური სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა ჩებარკულის მახლობლად წვევამდელებისთვის მასობრივ გადარიცხვებს უწოდა „ტექნიკური შეცდომა“ და დაჰპირდა თანხის „უკან წაღებას“.

კურგანის ქვედანაყოფის ჯარისკაცებისთვის არაფერი მსგავსი არ უცნობებიათ. წვევამდელები შიშობენ, რომ „ჩუმად გაგზავნიან ფრონტზე“, თუ „ხმაურს არ ატეხენ“.

„ჩვენი თანხა კიდევ უფრო მაღალია - 405 ათასი და, რაც მთავარია, მეთაურები არ აღიარებენ, რომ საერთოდ რამე გადმორიცხეს, არანაირი განცხადება არ ყოფილა, რომ ეს იყო შეცდომა ან „უწესივრობა“. როსტოვში წაგვიყვანენ, მერე კი ფრონტზე გვიკრავენ თავს“, - ეჭვი არ ეპარება 232-ე ბრიგადის შვიდ წვევამდელს, რომლებსაც ფული ჩაერიცხათ.

ყველა ჯარისკაცი, რომლებმაც მოულოდნელი გადარიცხვა მიიღეს, ჯარში გაიწვიეს 2023 წლის დეკემბერში.

„დავიბადე ლესოზავოდსკში, მაგრამ ჩვენი ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. მე სარატოვიდან დამირეკეს“, - ამბობს კირილი და იმეორებს, რომ ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ომში წასვლას არასდროს აპირებდა. „ჯარში მაშინ წავედი, როცა ყველაფერი [ომი] უკვე დაწყებული იყო, მაგრამ მაშინ ამაზე საერთოდ არ მიფიქრია - რომ სახიფათო იყო. თუმცა კი, წვევამდელების დაღუპვის ცნობები უკვე ვრცელდებოდა. უბრალოდ სამხედრო სამსახურში ვიყავი. სულ ეს იყო. და აი, ასეთი შემობრუნება! ახლა მართლა საშიშია. სიკვდილი არ მინდა“.

ნაწილში იყო გამოძალვის შემთხვევები, მაგრამ ახლა გადმორიცხვების გამო გვაქვს პრობლემა, - წვევამდელები მწარე ირონიით იხსენებენ, თუ რა მძიმე იყო თავიდან „დედოვშჩინა“ (უფრო დიდხანს მყოფი ჯარისკაცების მიერ ახლად მისულების ჩაგვრა), როგორ სძალავდნენ მათ ფულს უფროსი ჯარისკაცები. ახლა კი, პირიქით, მოულოდნელად ფულის მიღებაა პრობლემა.

"ნაწილში იყო გამოძალვის შემთხვევები, მაგრამ ახლა გადმორიცხვების გამო გვაქვს პრობლემა"

წვევამდელები მწარე ირონიით იხსენებენ, თუ რა მძიმე იყო თავიდან „დედოვშჩინა“ (უფრო დიდხანს მყოფი ჯარისკაცების მიერ ახლად მისულების ჩაგვრა), როგორ სძალავდნენ მათ ფულს უფროსი ჯარისკაცები. ახლა კი, პირიქით, მოულოდნელად ფულის მიღებაა პრობლემა.

„დედაჩემისგან შევიტყვე გადარიცხვის შესახებ, რადგან ანგარიშის ნომერი მას გადავუფორმე, რომ შემწეობა მას მისვლოდა დროულად. ნაწილში ფულის გამოძალვის შემთხვევები იყო. უფროსი ჯარისკაცები ყველანაირად გვჩაგრავდნენ, აბუჩად გვიგდებდნენ - იყო შუაღამისას გაღვიძება, „ტარაკნების რბოლა“ საწოლების ქვეშ. როგორც კი ამოვისუნთქეთ - რადგან ახლა ჩვენ ვართ უფროსები, გვიგზავნიან ფულს, რომელსაც ვერ ვიშორებთ, - ამბობს კირილი, - მათ [მეთაურობა] მხოლოდ თქვეს, რომ „გაარკვევდნენ“, მაგრამ არაფერს აკეთებენ. და „გარკვევის“ ნაცვლად, ჩუმად, მალულად მივყავართ საზღვრისკენ“.

წვევამდელების თქმით, ნაწილიდან გარეთ იმისთვისაც არ უშვებენ, რომ ბანკში მივიდნენ და გადარიცხვაზე უარი თქმის განაცხადი გააკეთონ.

„თავიდან ზეწოლას ახდენდნენ „რბილად“, თითქოს, აი, ნებაყოფლობით მოაწერეს ხელიო, ახლა კი ასე - ჩვენ მაგივრად მოაწერეს ხელი“, - ამბობს ერთ-ერთი წვევამდელი.

ამასთან, წვევამდელების ნათესავები ყოველთვის არ ემხრობიან მათ, როცა მომხდარის გახმაურებას აპირებენ, რათა თავიდან აიცილონ მათი ფრონტზე გაგზავნა.

„მამაჩემი ახლა წავიდა შორეულ აღმოსავლეთში - ცვლაში. დედა პეტერბურგში თავის დასთან გაემგზავრა. ჩვენი ბინა სარატოვში კი ცარიელია - იქ მინდოდა დაბრუნება, თუ მოვახერხე. და-ძმა არ მყავს, დედისერთა ვარ“, - ამბობს კურგანელი წვევამდელი, რომლის დედამ დიდი ხვეწნის შემდეგ გაუგზავნა საბანკო გადარიცხვის სკრინშოტი. „ვერ გეტყვით, რატომ არ სურს დედას ჟურნალისტებთან საუბარი. ალბათ მამაჩემმა ჩააგონა, ის ასეთია. ბოლო დროს მამასთან არ მქონია ხშირი კონტაქტი“.

კირილის თქმით, შვიდი ადამიანიდან, რომლებსაც ფული ჩაერიცხათ, არცერთს არ მოუწერია ხელი კონტრაქტზე და არ სურს ომში წასვლა. თუმცა, ამაზე ლაპარაკი უმეტესობას ეშინია, ანონიმურობის პირობითაც კი.

„მალე უნდა დავაბრუნოთ ტელეფონები, ამიტომ 7-8 წუთით ადრე წავშლი ჩვენს მიმოწერას, - ამბობს ერთ-ერთი ანონიმური თანამოსაუბრე, - გამიგეთ“.

უფლებადამცველები, რომლებსაც რჩევა ჰკითხა „ოკნომ“, ფიქრობენ, რომ წვევამდელებმა, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ტელეფონებიდან პირდაპირ უნდა მისწერონ საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო დეპარტამენტისა და სამხედრო პროკურატურის ცხელ ხაზზე.

ზოგიერთმა მათგანმა ეს უკვე გააკეთა, მაგრამ მათი მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა.

ივან ჩუვილიაევი

„ამ ფულს საერთოდ არ უნდა შეეხონ!, თუ პასუხს ვერ მიიღებენ პროკურატურის ცხელ ხაზზე, უნდა გააგრძელონ წერილობით მიმართვა. იმიტომ რომ, კანონის თანახმად, პროკურატურამაც და საგამოძიებო კომიტეტმაც უნდა უპასუხონ“, - ამბობს ივან ჩუვილიაევი, ანტისაომარი მოძრაობის „იდიტე ლესომ“ სპეციალისტი. „რამდენიმე ასეთ წვევამდელს ვეხმარებით, - ამბობს ის, - მათ უარით უპასუხეს, მაგრამ ნაწილში მოძრაობა და აურზაურია. მთავარია - გამძლეობა“.

წვევამდელებმა ყალბი ხელშეკრულებების და იძულებითი ფულადი გადარიცხვების გამო მასობრივად ჩივილი პირველად 2024 წლის ოქტომბერში დაიწყეს. იქამდე ისინი მხოლოდ მუქარისა და იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ მათ ძალადობრივი მეთოდებით აიძულებდნენ კონტრაქტზე ხელმოწერას.

მაგალითად, 2024 წლის სექტემბერში, წვევამდელმა გრიგორი სავინკოვმა კემეროვის ოლქიდან, ოჯახში დაიჩივლა, რომ ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა მთელი პოლკი (ის 488-ე გვარდიის მოტომსროლელთა პოლკში მსახურობს) აიძულეს, ხელი მოეწერათ კონტრაქტზე, ხოლო თვითონ და კიდევ მისი ორი თანამოსამსახურე „უკანასკნელი ძალებით უძლებენ“ სისხლისსამართლებრივი დევნისა და ცემის მუქარას. სავინკოვი ახლახან დააბრუნეს ტყვეობიდან. მანამდე, 6 აგვისტოს, იგი ტყვედ ჩავარდა კურსკის რაიონში, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარი გაარღვიეს.

ომის საწინააღმდეგო მოძრაობის „იდიტე ლესომ“ უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ეფ-ეს-ბეს ან სამხედროების ყველა მუქარა წვევამდელებისა და მათი ნათესავების მიმართ „უსაფუძვლოა“.

„არავინაა ვალდებული, ხელი მოაწეროს კონტრაქტს. ეფ-ეს-ბე ამ საქმეში, როგორც ჩანს, იმიტომ გამოჩნდა, რომ ყველა ტყვე მათ ხელში გადის, - ამბობს ივან ჩუვილიაევი, - ყველა მუქარის, ზეწოლის, დაყოლიების საპასუხოდ უნდა გაჩუმდეთ და ხელი არაფერს მოაწეროთ“.

გამოცდილი ადვოკატების რჩევით, საჭიროა ყურადღებით წაკითხვა ყველა საბუთისა, რომლებსაც წვევამდელებს ხელმოსაწერად „აჩეჩებენ“.

„შეიძლება შესთავაზონ ალტერნატიულ სამსახურზე გადასვლა, შეიძლება კიდევ რაღაც სხვა "სოუსით" წარუდგინონ სამხედრო კონტრაქტი. მიმნდობებსა და გამოუცდელებს გამოიჭერენ, იმიტომ, რომ ბევრი მათ სიტყვაზე ენდობა. მერე - ჰოპ, და უკვე ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის (АГС) განცხადებაზე კი არ გაქვს ხელი მოწერილი, არამედ კონტრაქტზე, როგორც "პროფესიონალ სამხედროს"“, - ამბობს გამოცდილი იურისტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. „ამის უკან შემობრუნება ძალიან გაჭირდება. ამიტომ სჯობს, ეცადოთ, საერთოდ არაფერს მოაწეროთ ხელი“, - არიგებს ის წვევამდელებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე წვევამდელის დაღუპვის შესახებ, რომლებიც კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში იყვნენ განთავსებული. უკრაინის საზღვართან დაიღუპა 21 წლის არსენი სალტაევი, კრასნოიარსკის მხარის ქალაქ ლესოსიბირსკიდან. მას დარჩა მშობლები და ექვსი და-ძმა. მისი ოჯახი აღიარებს, რომ ეშინიათ დაადანაშაულონ „ქვეყანა და პრეზიდენტი“ შვილის დაღუპვაში.

არსენისთან ერთად დაიღუპნენ ტყუპი ძმები, კონსტანტინ და დმიტრი რეშკები ომსკის რაიონის სოფელ კარპოვკიდან. მათი და, იულია, ამბობს, რომ ოჯახი მუდმივად ეუბნებოდა კოსტიასა და დიმას, ხელი არ მოეწერათ კონტრაქტზე, თუმცა ისინი თავადაც არ აპირებდნენ ომში წასვლას. ნათესავები გაოგნებული არიან მათი დაღუპვით და დაღუპვასთან დაკავშირებული გარემოებებით, მაგრამ სამართლიანობის მიღწევის შესაძლებლობის არ სჯერათ.

„მათი მეთაურიც დაიღუპა, მაგრამ კიდევ ერთი წვევამდელი, მეოთხე, მგონი, გადარჩა. როგორც ჩვენი შვილები არიან მრავალშვილიანი ოჯახიდან, არსენიც მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, მაგრამ ჩვენები უმცროსები იყვნენ. დიმა ჰყვებოდა, რომ ისინი დამეგობრდნენ. ერთ ოცეულში მოხვდნენ ჯერ კიდევ ჩებარკულში. ძმებიც მასავით დღეებს ითვლიდნენ დემობილიზაციამდე. ისინი გეგმებს აწყობდნენ, როგორ ისწავლიდნენ და იმუშავებდნენ. და აი, როგორ დამთავრდა ყველაფერი. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება იმის დამტკიცება, რომ მათი დაღუპვა უსამართლოა. ვის უნდა მივმართო? ჩვენ ისინი დავასაფლავეთ, ცხედრები დახურულ კუბოებში მოგვივიდა. დედამ გადაწყვიტა, არ მოგვეთხოვა მათი გახსნა. არ ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილებაა. მაგრამ მგონია, რომ ბრძოლა საჭიროა. პრეზიდენტი ხომ პირადად დაგვპირდა, რომ წვევამდელებს ეს [ომი] არ შეეხებოდა. მას [დედას] მეთაური ეფიცებოდა, რომ საფრთხის შემთხვევაში ბიჭებს გადაარჩენდა და საზღვრიდან გაიყვანდა. როგორც ვხედავთ, არსადაც არ გაუყვანია. თუმცა საზღვარი უკვე სამი დღის გარღვეული იყო“.

21 აგვისტოს უკრაინის საზღვართან დაიღუპა წვევამდელი რუსლან გაინულინი ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქიდან. მისმა დედამ, ლილია გაინულინამ დაადასტურა ერთადერთი ვაჟის სიკვდილი. ის ჯარში 2023 წლის 20 ნოემბერს გაიწვიეს.

ლილია შვილის სიკვდილში რუსეთის ხელისუფლებას კი არ ადანაშაულებს, რომელმაც უკრაინაში სამხედრო შეჭრის ბრძანება გასცა, არამედ უკრაინელ ჯარისკაცებს. ის იწონებს ჭურვების ფოტოს წარწერით „რუსლანის მეგობრებისგან“ და „მადლობას“ წერს საპასუხოდ. მისი მეგობრები და თანაკლასელები კი, პირიქით, აღნიშნავენ, რომ ის ძალიან მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო და ომში მონაწილეობა არ უნდოდა.

ასევე, აგვისტოში, კურსკის ოლქში დაიღუპა ზახარ სოსნინი. ამის შესახებ განაცხადეს მისმა ნათესავებმა იმიერბაიკალეთის მხრიდან. მარტში მას 19 წელი შეუსრულდა. სოსნინი გადაუდებელ სამხედრო სამსახურში 2023 წლის დეკემბერში გაიწვიეს. 2024 წლის გაზაფხულზე მისი ოჯახისთვის გაუგებარ ვითარებაში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს. მისი მეგობრები ამტკიცებენ, რომ ზახარს ამის გაკეთება მუქარით აიძულეს.

წვევამდელთა - რომლებიც, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰპირდებოდა, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში არ იქნებოდნენ ჩართული“ - დაღუპვის შემთხვევები გახშირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რაიონში შეჭრის შემდეგ. იქ კიდევ, სულ ცოტა, სამი წვევამდელი დაიღუპა: 19 წლის დანიილ რუბცოვი, 22 წლის ნიკიტა დობრინინი და 22 წლის არტიომ დობროდუმსკი. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულია რუსეთის არმიის 159-მდე წვევამდელი. მთლიანობაში, BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ერთობლივი მონაცემებით, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ომი მიმდინარეობს, დაიღუპა 74 014 რუსი სამხედრო.