წესის აგების პერსპექტივა

ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს, შესაძლოა, წესი არ აუგონ. გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს. სხდომის ოქმში ვკითხულობთ: „სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა, შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად“. თეოლოგთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ეკლესია ამ გზით ცდილობს საქართველოში წამალდამოკიდებულთა რაოდენობის შემცირებას, თუმცა, რამდენად გამოიღებს ეს შედეგს, ამაზე ლაპარაკი უჭირთ.