წესები სილამაზის სალონებისთვის

სილამაზის სალონები ორშაბათიდან კლიენტების მისაღებად ემზადებიან. როგორ შეცვლის ნიღბები, დისტანციის დაცვისა და სხვა მოთხოვნები მყუდრო, ვიწრო სივრცეებს და სილამაზის სერვისს? რადიო თავისუფლება სილამაზის სალონების მფლობელებს ესაუბრა.

„ადრე როგორც იყო, ახლა ისე ვერ იქნება. ნიღბები, ფარები, ხელთათმანები უნდა ვიყიდოთ, ეს კი ფასზე აისახება. კიდევ ერთი პრობლემა ამ პირობებში მუშაობაა. ნიღაბთან ერთად სტილისტს ფარიც უნდა ეკეთოს და ამას ისიც რომ დაემატება, რომ ფენი უნდა ჩართო და თან ზაფხული მოდის, რა ვიცი... მაგრამ უნდა დავემორჩილოთ“, - ამბობს „ART visage studio“-ს მფლობელი ქეთევან კაკაბაძე. მის სალონში კლიენტებმა ორშაბათისთვის ჩაწერა უკვე დაიწყეს.

წინასწარ ჩაწერა სავალდებულო გახდა. სალონში თითო კლიენტზე 5 კვ.მ სივრცე უნდა იყოს გათვალისწინებული. ასევე აუცილებელია სამუშაო კუთხეები ერთმანეთისგან ორი მეტრით დააცილონ. აუცილებელია ნიღბის ტარებაც. ნიღბის მოხსნა კლიენტს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებაში უშლის ხელს, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე თანამშრომელი არის ვალდებული, ორმაგ დაცვას მიმართოს და ნიღაბთან ერთად, ვთქვათ, ფარიც გაიკეთოს.

„რაც შეეხება პატარა ფართებში განთავსებულ სილამაზის სალონებს, სადაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არის, აქ უნდა შემოვიღოთ გამჭვირვალე ბარიერი, რომელიც რეცხვა-დეზინფექციას ექვემდებარება“, - ამბობს მაია მიქაია, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, ინსპექტირების სამმართველოს უფროსი.

სილამაზის სალონებს შრომის ინსპექცია 18 მაისიდან შეამოწმებს და დარღვევების შემთხვევაში დააჯარიმებს კიდეც. ჯარიმის ოდენობა 3-15 ათასი ლარია.

„პროტოკოლი შეიძლება დაიწერა, მაგრამ კონკრეტულად არაფერს გვიხსნიან, დაგვიზუსტონ და გაგვარკვიონ, რა ხდება“, - ამბობს სილამაზის სალონ „NS“-ის ერთ-ერთი მფლობელი, ნინა ბაბაიანი, რომელიც მთავრობის მიერ შემოღებულ რეგულაციებში ჯერ კიდევ ვერ გაერკვა.

სილამაზის ცენტრ „პრევიას“ დამფუძნებელი ნინო მაჩიტიძე ამბობს, რომ მათ სალონში ბევრი არაფერი იცვლება: „ჩვენთან ისედაც ჩაწერით მოდიოდა ხალხი, არასდროს იყო სალონში ვინმე ზედმეტი“.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც არა მხოლოდ სილამაზის სალონებს, არამედ ყველა დაწესებულებას ეხება, შენობაში სადეზინფექციო ხსნარების განთავსებაა. რაც შეეხება თერმოსკრინინგს, თუ დაწესებულებაში ოც თანამშრომელზე მეტი მუშაობს, რეკომენდაციაა, რომ მათ ტემპერატურა ყოველდღიურად შეუმოწმდეთ.