არა, ჯობს ეგ ფოტო არ გამოაქვეყნოთ, სხვა ავარჩიოთ. მიხვდებიან საიდან არის გადაღებული, - გვწერს რადიო თავისუფლების წყარო გალიდან და გალის ქუჩებში, დღეს გადაღებულ სხვა ფოტოებს ვარჩევთ, რაც შეიძლება ზოგადს, მაგრამ თან ისეთს, თვალი რომ შეავლოს ადამიანმა, რა ხდება დღეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ერთ-ერთ ქალაქში.
მისივე უსაფრთხოებისთვის ჩვენს რესპონდენტს დღეს ასე ჰქვია - „წყარო“. არც სახელი, არც გვარი. არც პროფესია. არც ასაკი.
არ არის მარტივი, ილაპარაკო პრობლემებზე ორმხრივად ჩაკეტილი გალიდან: 14 მარტის მერე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩაკეტილია ენგურის ხიდი. ხოლო მას შემდეგ, რაც სოფელ საბერიოში მოსკოვიდან ჩამოსულ ქალს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს, გალი ჩაიკეტა ერწყალთან, ოჩამჩირის მიმართულებითაც.
ჩაკეტილი გალი - კორონავირუსის გავრცელების ფონზე
- 25 მარტიდან აფხაზეთში აიკრძალა მასობრივი თავშეყრა, სხვადასხვა სახის ღონისძიება, კორპორატიული წვეულებები და ექსკურსიები. მუშაობის შეჩერება მოთხოვეს კაფეებს, რესტორნებს და ბაზრობებს. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა.
- 29 მარტს ღამით, ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ მიიღო ცნობა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოჰყავთ პირველი პაციენტი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. პაციენტი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი 50 წლის ქალია, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. 30 მარტს, დღის ბოლოს პაციენტს COVID-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა.
- 30 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. რაიონებს შორის დროებითი "მილიციის კორდონი" აღიმართა.
- COVID-19-ით დაავადებულ ქალის ისტორია ნახეთ აქ
გუშინ, 31 მარტს, გალის მოსახლეობა განსაკუთრებით ღელავდა - ამბავი ახალი გაგებული ჰქონდათ.
დღეს ვითარება ყოველ საათში იმის მიხედვით იცვლება, თუ რა ინფორმაციას იგებენ. ახალი ამბავი კი პატარა გალში ძალიან მალე ვრცელდება. ზოგი მართალი, ზოგიც ტყუილი. და სანამ ყველაფერი დადასტურდება ხოლმე, მანამდე ეს ინფორმაცია ტრიალებს, ათასნაირად იცვლება - ეს ხალხს კიდევ უფრო აშფოთებს.
ხოლო შეგრძნება, რომ ყველა მხრიდან ჩაკეტილები არიან - გუშინ კიდევ უფრო გამძაფრდა.
ეს „იზოლაციის იზოლაციაა“, - ასე დაარქვა ჩვენმა წყარომ გალელების დღევანდელ ყოფას. ყველა COVID-19-ით ინფიცირებულ მოგზაურ ქალზე ლაპარაკობს. ის მაღაზია, სადაც, თითქოს, ეს ქალი შევიდა, დაკეტილია.
ხალხმა ასე იცის, რომ კონტაქტები გამოიკვლიეს და დღეს ყველა თვითიზოლაციაშია, მაგრამ უკვე ეს ერთი დადასტურებული ფაქტიც საკმარისია, რომ პანიკის ნიშნები შეამჩნიო.
გუშინ გაიგეს, რომ სურსათის მომწოდებელი სადისტრიბუციი მანქანები უკან, გალიდან სოხუმში გააბრუნეს. კიდევ კარგი, დღეს უკვე ახალი ამბავი გავრცელდა - გალის ადმინისტრაცია სპეციალურ საშვებს გასცემს და რეგისტრირებულ მანქანებს ქალაქში შესვლა შეეძლებათ - სურსათის დეფიციტი, წესით, არ უნდა შეიქმნას.
დღეს გალში „ბაზრის დღე“ იყო - ძალიან ცოტა ხალხი გავიდა გარეთ. კარანტინს ემორჩილებიან. დღეს უფრო მეტად ეშინიათ და ცდილობენ, ერთი კვირის სამყოფი მარაგი იყიდონ. და მერე ყველაფერი ჩუმდება.
კომენდანტის საათი ღამის პირველი საათიდან დილის ექვსამდე გრძელდება. არ აუხსნიათ, რატომ დაადგინეს დროის ეს მონაკვეთი. ხალხმა ჩათვალა, ალბათ, კრიმინალური ვითარება რომ არ გამძაფრდეს, იმიტომო. ღამის პირველზე გალში გარეთ ისედაც არავინ დადიოდა.
ოფიციალურმა პირებმა თქვეს, აფთიაქები არ უნდა დაიკეტოსო. ენგური რომ ჩაიკეტა, ფასები წამლებზე მაშინვე ავარდა. და მაღაზიებშიც იგრძნობოდა პროდუქტების ნაკლებობა - გალში ხომ ბევრი რამ ზუგდიდის ბაზრიდან შედიოდა.
პენსიების ამბავი როგორ იქნება? სხვა სოციალური შემწეობების, ე.წ. დევნილთა დახმარებების, რომელსაც გალელები ზუგდიდში იღებდნენ? ეს სადარდებელი აქვთ - ჯერ კი ცოტა დროა გასული, მაგრამ ასე რომ გაგრძელდეს? ზოგს ზუგდიდამდე ჩასვლაც არ უწევდა. ლიბერთი ბანკის „მანქანა-ბანკი“ ენგურის ხიდთან ჩერდებოდა და იქ დგებოდნენ რიგში. ახლა ენგურიც ჩაკეტილია. ხან ენგურჰესის თანამშრომლები იღებდნენ ამ ფულს და მოჰქონდათ გალში მცხოვრებთათვის, მაგრამ ახლა მათაც შეეზღუდათ გადაადგილება. ეს პრობლემა იქნება. ამაზე ღელავენ.
ზოგი წამალი გალის აფთიაქებში არ იყიდება. აქაც ზუგდიდი იყო საშველი. იქიდან მოჰქონდათ. ჯერ კი აქვთ მარაგი, მაგრამ ერთ კვირაში? ორში? სოხუმიდან ჩამოტანილი გაცილებით ძვირია. ვის აქვს იქ ამდენი ფული.
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გალის საავადმყოფოს პერსონალის ამბავია საყურადღებო.
ექიმები გალში ვერ არიან ისე მშვიდად, როგორც დანარჩენ საქართველოში. გალის საავადმყოფოს დაახლოებოთ 130-კაციანი პერსონალი ჰყავს, მაგრამ საავადმყოფოს არა აქვს საკმარისი აღჭურვილობა. არც პირბადეები, არც სადეზინფექციო ხსნარები, არც ხელთათმანები. რაც არის, ის მალე გამოილევა და ვინ მოამარაგებს მათ? რომელი მხრიდან შევა დახმარება? ან როგორ იყიდიან? მაგალითად, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მზადაა დაეხმაროს ადგილობრივ არასამთავრობოებს, მაგრამ ისინი სად იყიდიან რამეს, თუ საზღვრები ყველა მხრიდან ჩაკეტილია?
ხალხი ამაზე ლაპარაკობს - ექიმებთან ლაპარაკის შემდეგ ამბობენ, რომ რამე რომ მოხდეს, გალის საავადმყოფო მზად ვერ იქნება. ამბობენ, თითქოს იმ დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება გალში, რაც იქ ჩადის.
საქართველოს მთავრობის ყველა განცხადებას ყურადღებით ისმენენ.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სიტყვებიც არ გამორჩენიათ, რომ თქვა, ყველაფერს ვერ ვიტყვით, რასაც ვაკეთებთ და ხელს ნუ შეგვიშლითო. მან ასევე თქვა, საქართველოს ხელისუფლება „ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზეო“.
მაგრამ ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ხედავენ. „შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ვიგრძნობდით, გავიგებდით“, - ამბობს ჩვენი წყარო გალიდან.
თუ მოსახლეობას არ ეტყვიან, ექიმებს მაინც უთხრან უფრო მეტი, უფრო კონკრეტული, რომ მათ არ ეშინოდეთ. ექიმებს თუ პანიკა ექნათ, ისინი სხვებს როგორ მოუვლიან და დაამშვიდებენ?
საჭიროა მეტი მკაფიო განცხადება. ხალხს მეტი იმედი სჭირდება. რომ, მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში, შიშის გარეშე, უსაფრთხოდ შეძლებენ გადასვლას და აუცილებელი სერვისების მიღებას. ენგურის ხიდის გახსნას კი არ ითხოვენ, მხოლოდ ძალიან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში - შესაძლებლობას.
ამას ორმხრივი მოლაპარაკება სჭირდება ოფიციალურ მხარეებს შორის.
შეიძლება ეს მოლაპარაკება მიდის, ფიქრობენ. მაგრამ გალში ხალხს მეტი ინფორმაცია სჭირდება. მათთვის უბრალო განცხადებებიც, რომ საქართველოს მთავრობა მათზე იზრუნებს, მნიშვნელოვანია.
ამბებს ქართული მედიისგანაც იგებენ და აფხაზური საინფორმაციო საშუალებებიდანაც. საერთაშორისო ორგანიზაციებიც მუშაობენ. სოფლებში, სადაც მოხუცები ცხოვრობენ, ბუკლეტებიც დაარიგეს კორონავირუსის შესახებ. რა საფრთხე ელით, რა ხდება საერთოდ.
„მაგრამ ეს განცდა, რომ ყველა მხრიდან ხარ ჩაკეტილი და მიტოვებული, ხალხს არ ტოვებს“.
გალის ახალი ფოტოებიც მოვიდა.
ქუჩები იქაც ცარიელია.