„წელს რთული რთველი იყო“, - ასეთ შეფასებას აკეთებს რთვლის შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა, ოპოზიციის აზრით კი, წლევანდელი რთველი არა მარტო რთული, ყველაზე წარუმატებელიცაა. მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს მის მიერვე 2012 წელს გაკეთებულ განცხადებას შეახსენებს, რომლის მიხედვითაც, ერთი კილოგრამი ყურძენი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა ღირებულიყო.
კახეთში რთველი დასასრულს მიუახლოვდა. მევენახეების ნაწილი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე რქაწითლის ჯიშის ყურძენი ასეთი იაფი არ ყოფილა. სეზონის განმავლობაში 1 კგ რქაწითელი 70 თეთრი ღირს. ფასის გაზრდის მოთხოვნით აქციებიც გაიმართა, მაგრამ მევენახეების მოთხოვნა, ფასი ერთ ლარამდე გაზრდილიყო, კერძო და სახელმწიფო ღვინის კომპანიებმა არ დააკმაყოფილეს. კახელი მევენახეების ნაწილმა, როცა წლევანდელი რთვლის შეფასება ვთხოვეთ, პირველ ყოვლისა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ზემოხსენებული გამოსვლა გაიხსენა:
„კახეთში რამდენიც ჩამოვედი, ვამბობდი, როგორ შეიძლება ერთ ლარზე ნაკლები ფასი დაადო ყურძენს. თქვენ კარგად იცით, რომ ახლა ერთი ლარიც არ არის, არადა, რამდენი შრომა სჭირდება ყურძენს“, - განაცხადა ივანიშვილმა 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება კახეთში დღესაც კარგად ახსოვთ და ახლა თავადვე უსვამენ შეკითხვას ივანიშვილს, როგორ შეიძლება ყურძენი ერთ ლარზე ნაკლები ღირდეს, მაშინ როცა სუპერმარკეტებში ერთი ლიტრი წყალი ერთ ლარზე მეტი ღირსო.
„საყვედურს ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს, რადგან შეგვპირდა, რომ ყურძენი ერთი ლარი ეღირებოდა, თუმცა ეს ფასი არ იყო. მე პირადად ბევრი გასაყიდი ყურძენი არ მქონია, მაგრამ 1 ლარი მაინც ყოფილიყო ჩაბარების ფასი?! ხალხმა პრეპარატების ღირებულებაც კი ვერ აანაზღაურა. იმის თქმა მინდა ბიძინასთვის, რომ მევენახეებს მიხედოს, რადგან თავად რომ აქვს ფული, ხალხს არ აქვს და ცოდოა!“
„ბიძინა ბევრ რამეს შეგვპირდა, მაგალითად, გაზის და დენის ტარიფის დაკლებას, მერე კი, არ გამოგვივიდაო და, შესაბამისად, მევენახეებსაც მასე მოუბოდიშებს“.
„მატყუარაა ეს კაცი. დემოკრატია კარგია, მაგრამ უნდა შეიქმნას კოლექტიური სამუშაო, თუნდაც სხვა სახელი ერქვას, და ამ კოლექტივს დაეხმაროს სახელმწიფო“.
ასევე ნახეთ რთვლის ნაცვლად - ქუჩაში: მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ„ყველაზე წარუმატებელი რთველი იყო წელს“, - ასე აფასებს ოპოზიცია რთვლის სეზონზე ხელისუფლებისა და რთვლის შტაბის მუშაობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ სახელმწიფო იაფი კრედიტით ხელს უნდა უწყობდეს საოჯახო ღვინის მარნების განვითარებას, რადგან დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა და ძვირიც ღირს ქვევრში დაყენებული ღვინო. ბოტკოველის თქმით, წელს ყურძნის ფასი, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ დაადგინა, რადგან სახელმწიფო საწარმომ ჩაიბარა დიდი ოდენობით მოსავალი, რაშიც 70 თეთრი გადაიხადა. ბოტკოველი ამბობს, რომ ამ ფონზე 70 თეთრზე მეტი უკვე აღარ გადაიხადეს არც კერძო კომპანიებმა:
„წლევანდელ რთველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე წარუმატებელი რთველი. ეს იყო რთველი, რომელმაც, ფაქტიურად, არაფრად ჩააგდო კახელი გლეხის შრომა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია სახელმწიფო გლეხს დანამატს აძლევდეს ყურძენზე. ქვევრის ღვინო, რომელსაც გლეხი აწარმოებს, ქართულ ღვინოებს შორის დღეს ბაზარზე, ფაქტიურად, ყველაზე ძვირია, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი არ გააკეთა ხელისუფლებამ. მათ შეეძლოთ გასული 7 წლის განმავლობაში ეზრუნათ გლეხზე, რაც იქნებოდა შუამდგომლობა ბანკებთან და იაფი კრედიტი საოჯახო მეურნეობების განსავითარებლად, თუმცა სახელმწიფომ ეს არ გააკეთა. იმ რთვლის შტაბშიც, რომელიც ფუნქციონირებდა, - მაგრამ მე ამას ფუნქციონირებას ვერ ვუწოდებ, მაკლერები იყვნენ, - ისინი მხოლო მარშრუტს აძლევდნენ, ვინ საით წასულიყო. გლეხს სახელმწიფოს მხრიდან სხვა დახმარება არ უნახავს“.
რთვლის შტაბის ოფიციალური მონაცემებით, მთლიანად საქართველოში ამ დროისთვის 270 ათას ტონამდე მოსავალია მოკრეფილი, საიდანაც უმეტესი, 265 ათასი ტონა, კახეთზე მოდის. ლაპარაკია მოსავლის იმ ნაწილზე, რომელიც მევენახეებმა ქარხნებს ჩააბარეს. „რთველი 2019“-ის შეფასებისას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ, გასულ წელთან შედარებით, რთული რთველი იყო, რასაც კერძო ქარხნების მხრიდან პროდუქტზე ნაკლებ მოთხოვნას უკავშირებს. სწორედ ამიტომ, მეხუზლას თქმით, წელს სახელმწიფო საწარმომ 80 ათას ტონამდე რქაწითელი ჩაიბარა, რაც დიდი მაჩვენებელია. მეხუზლა იმასაც ამბობს, ყურძენზე ფასის მატების მოთხოვნით აქციებიც გაიმართა, თუმცა მოსახლეობა მაინც გაგებით შეხვდა არსებულ ფასსო:
„შარშანდელთან შედარებით, რთული რთველი იყო, რადგან კერძო კომპანიების მხრიდან არ იყო იმდენად მოთხოვნა ყურძენზე, როგორც შარშან. როგორც ყველა რთველზე, მცირე ინციდენტებს წელსაც ჰქონდა ადგილი. მევენახეების მხრიდან იყო ცოტა უკმაყოფილება რქაწითლის ფასზე, რომელიც სახელმწიფო საწარმომ დააწესა. თუმცა მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, რადგან გაგებით და სწორად შეაფასეს არსებული სიტუაცია. რეალურად ეს ფასი უზრუნველყოფდა თვითღირებულებას და, დაახლოებით, 10-15- პროცენტიან და შეიძლება უფრო მეტ მოგებასაც. შესაბამისად, მოსახლეობამ ჩააბარა ყურძენი ზედმეტი პრობლემების გარეშე“.
კახეთში რთველი, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება. ყურძენს ახლა მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კრეფენ, სადაც მოსავალი ყველაზე გვიან იწევა. პარალელურად ყურძნის კრეფა დაიწყო რაჭაში.