40 წელი ჩვენი "ფეხბურთის დიდგორიდან"

1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" თბილისის „დინამომ" 2:1 დაამარცხა იენის „კარლ ცაისი" და ევროპის თასების მფლობელთა თასი აღმართა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, აღმართა უკანასკნელად და არა მხოლოდ ეს თასი. 1981 წლიდან დაიწყო თბილისის „დინამოსა" და ქართული ფეხბურთის იმგვარი დაღმასვლა, რომ, მაშინდელი გამარჯვება, 40 წლის შემდეგ დაუჯერებელ ამბად მოჩანს.

1981 წლის 13 მაისის დილა, თბილისსა და დანარჩენ საქართველოში, ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის პრესის ჯიხურებთან წარმოქმნილი უჩვეულოდ გრძელი რიგებით დაიწყო. 3-კაპიკიან, მაგრამ ყველასათვის ძვირფას „ლელოს“, იმ დღეს განსაკუთრებული ფასი დასდებოდა. სად, თუ არა ერთადერთ ქართულ სპორტულ გაზეთში შეიძლებოდა სამამულო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოლოდინში გაჩენილი საინფორმაციო წყურვილის მოკვლა?!

"კავკასიური ცარცის წრე დიუსელდორფში". 1981 წ. 13 მაისი, გაზეთი "ლელო"

„დღეს გადაწყდება!“ - წერდა გაზეთი და მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებდა თბილისის „დინამოს“ მიერ განვლილ გზას, რომელიც 1980 წლის სექტემბერში ბერძნულ „კასტორიასთან“ სტუმრად ნათამაშები 0:0-ით დაიწყო და გაგრძელდა შინ გატანილი ორი უპასუხო გოლით, ირლანდიის „უეტერფორდის“, ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედისა“ და როტერდამის „ფეიენოორდის“ დამაჯერებელი დამარცხებით. შესაბამისად, 13 მაისის ფინალშიც, „დინამოს“ გულშემატკივრები და, მაშასადამე, მთელი მაშინდელი საქართველო საყვარელი გუნდის გამარჯვებას მოელოდა.

„დღეს, 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში შედგება ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩი“, - წერდა „ლელო“, - „ერთმანეთს ხვდებიან: „დინამო“ (თბილისი, სსრკ) – „კარლ ცაისი“ (გდრ). მატჩის ტელერეპორტაჟი ცენტრალური ტელევიზიის I პროგრამით დაიწყება 23 საათსა და 15 წუთზე თბილისის დროით“.

ცენტრალური ტელევიზიის I პროგრამის პირდაპირი ეთერით გადაცემული ეს მატჩი და, შესაბამისად, ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით მოპოვებული გამარჯვება (2:1), მთელმა საქართველომ ნახა... უფრო ზუსტად, ნახა და მოისმინა კოტე მახარაძის ემოციური კომენტარით, რომელიც გოლებთან, თამაშის ცალკეულ ეპიზოდებთან და მატჩის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან ერთად სამუდამოდ ჩარჩა ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში.

თბილისის "დინამო" - იენის "კარლ ცაისი". 1981 წ. 13 მაისი. ტაბლო მატჩის დასრულების მომენტში

„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში, ხარობს და ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი!“ - იტყვის კოტე მახარაძე იტალიელი მსაჯის, რიკარდო ლატანცის საფინალო სასტვენის შემდეგ და ამ ლეგენდარული ფრაზით განსაზღვრავს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრის ქცევას მომდევნო 40 წლის განმავლობაში.

1981 წლის 13 მაისის ღამეს, თამაშის დასრულებისთანავე, თბილისის ქუჩები და სტადიონი გაივსო მოზეიმე ადამიანებით, დინამოელთა გამარჯვებას მიესალმნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები, კულტურის მუშაკები, სპორტსმენები, დინამოელთა გამარჯვებას მიუძღვნეს სიმღერები, ლექსები, ზეიმის კულმინაცია იყო საყვარელი გუნდის დახვედრა აეროპორტში 16 მაისს, ღამის 2 საათზე:

„...მიწაზე ფეხის დაკარება ვინ აცალა თბილისის „დინამოს“ კაპიტანს, ხელში აიტაცეს და დიდხანს დაატარებდნენ „დინამო“ „დინამო“, „დინამოს“ ძახილით. ბარე ათჯერ მაინც შემოატარეს საპატიო წრე. მერე ასობით ხელი წაეტანა თასს. იმ გულშემატკივართაგან ათიოდე ბედნიერი აღმოჩნდა, მათ ძვირფასი მონაპოვრის გულში ჩახუტება და კოცნაც მოახერხეს. თასმა რამდენიმე წუთი გულშემატკივართა თავებს ზემოთ იმოგზაურა, მერე ისევ პირველ მფლობელს, საშა ჩივაძეს დაუბრუნდა. ჩივაძის შემდეგ გულშემატკივრებმა დათო ყიფიანი და ვოვა გუცაევი მოიხელთეს - ჯერ ჰაერში აბურთავეს და ასე ხელში ატაცებული გააქანეს გასასვლელისკენ.“

"დინამოს" კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე თასით ხელში

თბილისის „დინამოს“ გამარჯვებაზე დაწერა საერთაშორისო მედიამაც.

„ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ 63-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა ძალები შემატა თბილისელთა გუნდს, რომელმაც გამარჯვებისადმი უდიდესი სწრაფვა გამოავლინა. თასი მიიღო გუნდმა, რომელიც ტექნიკურად უფრო სრულყოფილი იყო და გამოირჩეოდა ფეხბურთელთა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობით. მინდორზე ყველაზე უფრო გამოირჩეოდა ყიფიანი. მას მუდმივ დარაჯად მიამაგრეს კრაუზე, მაგრამ მან ვერ შეძლო ამ ბრწყინვალე ტექნიკოსისა და გამთამაშებლის ნეიტრალიზება. საინტერესოა, რომ სპეციალისტები ადრეც მაღალ შეფასებას აძლევდნენ ქართველ ფეხბურთელთა საშემსრულებლო ფანტაზიას და შემტევ თამაშს“, - წერდა „რეინიშე პოსტი“.

თუმცა ქართველ ფეხბურთელთა „საშემსრულებლო ფანტაზიასა და შემტევ თამაშზე“ ყველაზე მაღალი აზრის მაინც ქართველი გულშემატკივარი იყო, რომელიც ევროპის თასების მფლობელთა თასის აღების შემდეგ, სულმოუთქმელად ელოდა სუპერთასის გათამაშებას, რომელშიც „დინამო“, როგორც თასების თასის მფლობელი, უნდა დაპირისპირებოდა ჩემპიონთა თასის მფლობელს.

"თბილისის დინამოელთა სიმღერა". ავტ. ხუტა ბერულავა

„მეორე ფინალისტი გამოირკვევა ინგლისის „ლივერპულისა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრაში, რომელიც 27 მაისს პარიზში გაიმართება“, - წერდა ქართული პრესა.

1981 წელს ჩემპიონთა თასი „ლივერპულმა“ აიღო, თუმცა სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმის გამო, რომ ორი წლის წინ, 1979 წლის 3 ოქტომბერს „დინამოს“ დიდი ანგარიშით (3:0) ჰყავდა დამარცხებული ინგლისის ჩემპიონი, ეს უარი ქართველმა გულშემატკივარმა მორიგი გარდაუვალი მარცხისგან თავის დასაღწევ ხრიკად მიიჩნია.

მართალია, სუპერთასზე ვერ ითმაშა, მაგრამ „დინამო“, იმავე 1981 წლის სექტემბერში, მიიწვიეს მადრიდში, ოთხთა ტურნირზე, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდნენ მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი" და ჰოლანდიის ჩემპიონი "ალკმაარი".

"დინამომ" კარგად იასპარეზა „რეალთან“. იგებდა 1:2-ს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა 3:2-ით. სამაგიეროდ, მესამე ადგილისთვის მატჩში, რომელიც გერმანელთა მიზეზით შეწყდა, 2:1 მოუგო „ბაიერნს“. გარდა ამისა, ვლადიმერ გუცაევი დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო რამაზ შენგელია საუკეთესო ბომბარდირად.

დავით ყიფიანი თამაშის დროს

წარუმატებელი აღმოჩნდა მომდევნო 1982 წელი, როცა „დინამომ“ ვერც საკავშირო ჩემპიონატი მოიგო, ვერც თასი აიღო და ვერც ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა (დამარცხდა ლიეჟის „სტანდარტთან“). კიდევ უფრო წარუმატებელი იყო მომდევნო წლები... 1991 წელს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" მოპოვებული გამარჯვების 10 წლისთავს, „დინამო“ ხელცარიელი შეხვდა. 1982 წელს დაწყებული კრიზისი, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, საკავშირო ჩემპიონატის დატოვების (1990 წ) შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა, არადა სულ სხვაგვარი მოლოდინი იყო.

„საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული, თასის მფლობელი, და სხვა ძლიერი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ ტურნირებში. და როცა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე თელაველ, დუშელ თუ წალენჯიხელ ფეხბურთელს ექნება შანსი, რომ კარგი თამაშით ევროპული ფეხბურთის გრანდებსაც შეერკინოს, ცხადია, ქართველ ფეხბურთელს თამაშის სტიმული მიეცემა და ამით საქართველოს ყველა კუთხეში წინ წავა ფეხბურთი“, - წერდა 1989 წლის 15 ივნისის „ახალგაზრდა კომუნისტში“ მწერალი გურამ პეტრიაშვილი.

"ეშმაკს დავეხსენით, ხსნის გზაზე ვდგავართ. თუ არ შევმატებთ, რას მოვაკლებთ ევროპის ფეხბურთს?!" - ასეთ პოზიცია ჰქონდა "ლელოს" რედაქციასაც.

თუმცა, ბევრი მიზეზის გამო, ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავიდა. 1991 წლის მაისში, როცა თასების თასის აღების 10 წლისთავი აღინიშნებოდა, ქართული სპორტული მედია წერდა:

1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის გამარჯვება, რა თქმა უნდა, ისტორიული კანონზომიერება და თაობათა მცდელობის ლოგიკური შედეგი იყო. ქართულ ეროვნულ ფეხბურთის ახალი მწვერვალები უხმობენ!

"შეჩერდი წამო!"

2001 წლის 13 მაისსაც, გამარჯვებიდან 20 წლის შემდეგ, „დინამოსა“ და ქართულ ფეხბურთს ახალი მწვერვალები არ დაუპყრია. შესაბამისად, მრგვალი თარიღის აღნიშვნის დროს ყურადღება უფრო მეტად გამახვილდა შორეულ, დიდებულ წარსულზე, ვიდრე იმედიან მომავალზე. და კიდევ, 20 წლის შემდეგ „დინამო“ და „კარლ ცაისი“ ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამჯერად თბილისში. ვეტერანებშიც „დინამომ“ გაიმარჯვა - 3:1.

ცხადია, 30 წლის შემდეგაც გაიხსენეს დიუსელდორფის ისტორიული გამარჯვება და, როგორც შორეულ ისტორიულ გამარჯვებებზე გვჩვევია ხოლმე, გაიხსენეს ამაღელვებლად და მაღალფარდოვნად.

„ამ დღეს, 30 წლის წინ, საქართველო ცას ეწია“, - წერდა ქართული სპორტული მედია 2011 წლის 13 მაისს.

30 წლის შემდეგ...

2021 წლის 13 მაისსაც, როცა მთელი 40 წელი გვაშორებს დიუსელდორფში გამართულ იმ შეხვედრას, კვლავ ვიხსენებთ „დინამოს“ „ისტორიულ გამარჯვებას“ და მის ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელს, ნოდარ ახალკაცს, „სამწვრთნელო გენიას“; ვიხსენებთ „დინამოს“ მაშინდელ შემადგენლობას, მის „ზღაპრული თაობას“; ვიხსენებთ კოტე მახარაძის რეპორტაჟს, ქუჩაში საზეიმოდ გამოფენილ ხალხსა და აეროპორტში ზღაპრულ დახვედრას... სხვა ბევრ რამესაც ვიხსენებთ, მაგრამ ვერაფერს ისეთს, რასაც მომდევნო წლების მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან წარმატებას დავარქმევდით და, რაც ქართული ფეხბურთის უკანასკნელ 40 წელიწადს ნაწილობრივ მაინც შეავსებდა ან გააკეთილშობილებდა. შესაბამისად, 1981 წლის 13 მაისის გამარჯვებაც სულ უფრო შორეულად, სულ უფრო ისტორიულად და სულ უფრო დაუჯერებლად მოჩანს.