100 წელი ქართული სპეცსამსახურის შექმნიდან - რატომ დაინდეს სტალინი და ბერია?

შსს-ს საგანგებო რაზმის უფროსი მელქისედეკ (მექი) კედია რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ბათუმიდან ევაკუაციისას გემზე (მარცხნიდან მეორე).

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1028 დღე იარსება. დამოუკიდებლობის ყოველი დღე სავსე იყო ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა სახის პრობლემებთან ბრძოლით, თუმცა ყველაზე მეტ საფრთხეს ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს უქმნიდნენ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები და ბოლშევიკები, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ - აქეზებდნენ ეთნიკურ უმცირესობებს, აწყობდნენ დივერსიულ აქტებს და ამზადებდნენ ნიადაგს ოკუპაციისთვის. სწორედ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად და გახშირებული მკვლელობის, ძარცვის, კონტრაბანდის, სპეკულაციის, ყალბი ფულის მოჭრისა და დივერსიების აღსაკვეთად შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებული რაზმი“, პირველი ქართული სპეცსამსახური, რომელმაც მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა საქართველოს პირველი რესპუბლიკის სიცოცხლე.

რისთვის შეიქმნა „განსაკუთრებული რაზმი“

1918 წლის 6 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მთავრობას მიაწოდა მოხსენება, რომელშიც აღწერილი იყო საქართველოში შექმნილი სავალალო კრიმინალური მდგომარეობა, დამძიმებული რესპუბლიკის მტრების ძირგამომთხრელი საქმიანობით. მინისტრი შენიშნავდა, რომ განსაკუთრებით საშიში იყო ცალკეულ პირთა და ორგანიზაციათა მოქმედება, მიმართული ანარქიის გაღვივების, კონტრრევოლუციური იდეების გავრცელებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისადმი უნდობლობის დამკვიდრებისაკენ.

საგანგებო რაზმის შექმნის გადაწყვეტილება

„ამგვარი მოვლენები პოლიტიკურ და ეკონომიკურ დარღვევას უქადის საქართველოს რესპუბლიკას და, ვინაიდან მილიციას არ ძალუძს ზემოხსენებულ მოვლენებთან ბრძოლა, საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაარსდეს განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც მიზნად ექნება აღმოაჩინოს ყოველგვარი სპეკულაცია, ძარცვა-მოპარვა, დაწვა, სასურსათო საწყობების დარბევა და აგრეთვე კონტრრევოლუციასთან და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და სხვაგვარ ბოროტმოქმედებასთან ბრძოლა”, - წერდა ნოე რამიშვილი მოხსენებაში.

საქართველოს მთავრობამ გაიზიარა შინაგან საქმეთა მინისტრის ხედვა და, მისი წარდგინებით, ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 2 აგვისტოს მიიღო დადგენილება „განსაკუთრებული რაზმის“ შექმნის თაობაზე და დაამტკიცა რაზმის საშტატო განრიგი, რომელიც 63 ერთეულისგან შედგებოდა.

1918 წლის 17 აგვისტოს შს მინისტრის 225-ე ბრძანებით რაზმის უფროსად დაინიშნა მელქისედექ (მექი) კედია.

რა პირობებში მოქმედებდნენ რაზმის წევრები

„განსაკუთრებულ რაზმს“ მძიმე პირობებში უხდებოდა ბრძოლა. საქართველოს დამოუკიდებლობას მტრულად შეხვდნენ რუსეთი და თურქეთი, ძლიერი იყო ეთნიკური სეპარატიზმის მუხტი, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ დენიკინისა და ვრანგელის არმიების დაზვერვის სამსახურები, თუმცა ყველაზე დიდ ზიანს ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს აყენებდნენ ბოლშევიკები - რუსეთის კომპარტიის ცკ-ს კავკასიის ბიურო, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდნენ ფილიპე მახარაძე, სერგო ორჯონიკიძე, სერგეი კიროვი, სტეფანე შაუმიანი...

საქართველოში შექმნილ მძიმე ვითარებასა და მოქმედ დივერსიულ ჯგუფებზე წერდა გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ოლივერ უორდროპი თბილისიდან ლონდონში გაგზავნილ წერილში, რომელიც 1919 წლის 18 სექტემბრითაა დათარიღებული:

ოლივერ უორდროპი

„ბოლო ხანებში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მატარებლების ძარცვას მიჰყვეს ხელი. არსებობს ეჭვი, რომ ისინი საზღვარგარეთ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ. მთავარი მიზანი საქართველოს უსუსურ ქვეყნად წარმოჩენაა, ქვეყნად, რომელსაც ინგლისელების წასვლის შემდეგ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება არ შეუძლია, თუმცა მთავრობამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები - დაკავებულია 800 ბოლშევიკი, ძირითადად უცხოელები“.

რკინიგზაზე მომხდარი თავდასხმების შესახებ ლამის ყოველდღიურად იუწყებოდა მაშინდელი ბეჭდური მედია.

„ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე ატყობინებს იუსტიციის მინისტრს, რომ 20 მაისს ქუთაისით მე-72-ე ვერსზე სადგურ კოპიტნარის მახლობლათ ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ სამგზავრო მატარებელ N6-ს . გაქურდვის დროს მოჰკლეს მგზავრი ცხვარატაძე. დასჭრეს უფროსი მილიციონერი სადგურ რიონისა შენგელია და ოფიცერი თალაკვაძე“, - წერდა 1919 წლის 31 მაისს გამოსული „საქართველოს რესპუბლიკა“.

რაზმის ბრძოლა დამოუკიდებლობის მტრებთან

1919 წლის 29 ოქტომბერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს მთავრობის განცხადებას, რომელიც თვალსაჩინოს ხდის ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ უმძიმეს გამოწვევებსა და საფრთხეებს. „მაისის პირველ რიცხვებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნობა მიიღო, რომ საბჭოთა მთავრობამ მოსკოვიდან საქართველოში გამოგზავნა რამდენიმე გავლენიანი აგენტი დიდძალი თანხით და დაავალა საქართველოს და აზერბაიჯანის გენერალ დენიკინთან ომში ჩათრევა. მართლაც, იმ ხანიდან მოკიდებული გაძლიერდა კომუნისტთა აგიტაცია სოფლათ და ქალაქათ...“ - ასეთია განცხადების შესავალი, რომლის დანარჩენ ნაწილში აღწერილია ტერორისტული აქტებისა და დივერსიების მრავალი შემთხვევა და მათ აღსაკვეთად გატარებული ზომები, ჩამოთვლილია შემოგზავნილი ბოლშევიკების გვარები და ა.შ. მთავრობის განცხადებას ხელს აწერს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელიც ასე ამთავრებს მიმართვას: „მეამბოხეთა და მათ მეთაურთა დიდი ნაწილი შეპყრობილია, ხოლო დანარჩენთა შესაპყრობათ მიღებულია უსასტიკესი ზომები. ამბოხებების შესახებ ფიცხელი გამოძიება სწარმოებს. ყველა მეამბოხე გადაეცემა სასამართლოს შესაფერისი მსჯავრის დადებით“.

არკადი ელბაქიძე

შთამბეჭდავია „განსაკუთრებული რაზმის“ მიერ გახსნილი საქმეებისა და დაპატიმრებული დივერსანტების ჩამონათვალი:

  • 1918 წლის ნოემბერში დივერსანტებმა ააფეთქეს ძეგვის რკინიგზის ხიდი. საგანგებო რაზმმა დააპატიმრა დივერსიული აქტის ორგანიზატორები: პოლკოვნიკი შმაგაილოვი და კიდევ ექვსი პირი.
  • 1918 წლის 17 აგვისტოდან 1919 წლის 1 იანვრამდე დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააძევეს 84 პირი, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქმიანობდნენ.
  • 1919 წლის 6 ოქტომბერს რაზმის წევრებმა დააპატიმრეს ცნობილი ბოლშევიკი ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი.
  • 1919 წლის 14 ნოემბერს დააპატიმრეს ბოლშევიკი ტიტე ლორთქიფანიძე 18-კაციან ჯგუფთან ერთად.​
  • 1919 წელს დააპატიმრეს აქტიური ბოლშევიკები - თენგიზ ჟღენტი და ფილიპე მახარაძე.
  • 1919 წელს ფარული მეთვალყურეობის შედეგად დააპატიმრეს 246 კომუნისტი.
  • დენიკინის არმიასთან კონტაქტის ბრალდებით დააპატიმრეს და გააძევეს 500 პირი.
  • 1919 წლის 16 სექტემბერს დააპატიმრეს გენერლებზე - ბარათაშვილსა და ოდიშელიძეზე - განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები და ორგანიზატორები: დმიტრი კორენშტეინი, ნინა ალაჯანოვა, აღნიევი და სხვები.
  • 1920 წლის 1 თებერვლიდან 31 მაისამდე დააპატიმრეს 25 „პოლიტიკური დამნაშავე“, რომლებსაც ჩამოერთვათ სამოქალაქო და სახელწიფო დაწესებულებების გეგმები, რკინიგზის ხაზებისა და ხიდების ნახაზები, იატაკქვეშა კომიტეტების ოქმები.
  • 1920 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისის ჩათვლით დააპატიმრეს 249 პიროვნება, მათ შორის ცნობილი ბოლშევიკები აბელ ენუქიძე და ლევან ღოღობერიძე.
  • 1920 წლის განმავლობაში თბილისში ჩამოსულა 12 815 უცხოელი, რომელთაგან პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნიდან გააძევეს 749.

ნოე რამიშვილი

​ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, „განსაკუთრებული რაზმისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან მუშაობას დიდწილად განაპირობებდა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ორგანიზატორული ნიჭი და თავდადებული პატრიოტიზმი. ცნობილია, რომ მილიციის უფროსები და სამაზრო კომიტეტები მოქმედებდნენ მინისტრის დაშიფრული ტელეგრამის შესაბამისად:

„ყველა აგიტატორი და პროპაგანდისტი ბოლშევიკი თქვენს რაიონში გაჩხრიკეთ, დააპატიმრეთ და მოათავსეთ ციხეში ჩემ სახელზე ჩარიცხვით“.

სტალინი და ბერია „განსაკუთრებული რაზმის“ მახეში

„განსაკუთრებული რაზმის“ წევრებმა სხვადასხვა დროს დააპატიმრეს და საქართველოდან გააძევეს ცნობილი ბოლშევიკები: არკადი ელბაქიძე, ილარიონ ტალახაძე, ლევან ღოღობერიძე, ვანო სტურუა, მიხა ცხაკაია, მამია ორახელაშვილი, ვასილ კვანტალიანი, მიხეილ ოკუჯავა. „განსაკუთრებული რაზმის“ წევრებს ხელში ჩაუვარდათ ლავრენტია ბერია - საქართველოს ცკ-ს მომავალი პირველი მდივანი და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომელიც 1920 წლის აპრილში, როგორც რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო ორგანიზაციისა და, იმავდროულად, კავკასიის ფრონტის მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოსთან არსებული სარეგისტრაციო განყოფილების რწმუნებული, საზღვარგარეთ არალეგალური საქმიანობისათვის მიავლინეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. „განსაკუთრებული რაზმის“ წევრებმა ბერია დააკავეს თბილისში, ბოლშევიკების ცეკას შენობასთან და ბრალი დასდეს ბოლშევიკურ აგიტაცია-პროპაგანდაში, დამოუკიდებელი ქვეყნის საწინააღმდეგო (ჯაშუშურ) საქმიანობაში, პროკლამაციების გავრცელებაში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედი უცხო ქვეყნის პარტიის წევრობასა და ცრუ ხმების გავრცელებაში. დაპატიმრებული ბერია თბილისიდან ჯერ ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევეს სხვა ქართველ ბოლშევიკებთან ერთად.

იოსებ სტალინი

​თუ საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს, ვერწმუნებით, „განსაკუთრებული რაზმის“ მეთაურს ხელში ჩავარდნია თვით ახალგაზრდა იოსებ სტალინი. სალომე ზურაბიშვილი, რაზმის მეთაურის, მელქისედეკ (მექი) კედიას, შვილიშვილი, ავტობიოგრაფიულ წიგნში „საქართველოსკენ“ ბაბუის მონათხრობზე დაყრდნობით წერს:

„მექის ყველაზე აღიარებული საგმირო საქმე, რაც ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, იყო ახალგაზრდა რევოლუციონერის დაპატიმრება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოდიოდა და რევოლუციის საჭიროებისათვის ქონების ექსპროპრიაციას არ ერიდებოდა. ამ ახალგაზრდა რევოლუციონერს სოსო ჯუღაშვილი ერქვა. მექიმ იგი რამდენიმე დღით კარცერში ჩასვა. შემდეგ მისი განთავისუფლების ბრძანება მიიღო. სოციალურ-დემოკრატიულ მთავრობას უნდოდა, თავიდან აეცილებინა ყოველგვარი დავის საბაბი რუსეთის სოციალისტური ინტერნაციონალის მოძმე პარტიასთან. აქ უადგილოა ფიქრი ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების სისწორეზე, რომელმაც უდავოდ უდიდესი გავლენა იქონია მილიონობით ადამიანის ბედზე, მაგრამ შეუძლებელია არ ვიფიქრო, როცა ბევრჯერ აღმოვჩენილვარ ამ ეშმაკეულის ხელით შექმნილი და გამობრძმედილი იმპერიის წინააღმდეგ, რომ იყო რამდენიმე დღე, როცა სტალინის და, ამის გამო, ბევრი სხვა ადამიანის ბედი ბაბუაჩემის ხელში იყო“.

ლავრენტი ბერია

ბრძოლის იმ მეთოდებიდან გამომდინარე, რომელთაც საქართველოს მთავრობა და „განსაკუთრებული რაზმი“ იყენებდნენ, სავსებით შესაძლებელი იყო ბოლშევიკ-დივერსანტების ადგილზე განადგურება ან მათთვის სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდება. ნიშანდობლივია, რომ ოლივერ უორდროპი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს, რომ 1919 წლის 18 სექტემბერს საშემოდგომო სესიის გახსნაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რკინიგზაზე ყაჩაღობისათვის სიკვდილით დასჯის შესახებ.

ცისფერყანწელები „განსაკუთრებული რაზმის“ თაობაზე

„განსაკუთრებულ რაზმს“ განსაკუთრებულად ენერგიული მეთაური ჰყავდა. მელქისედეკ (მექი) კედია, ორგანიზატორობის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა რაზმის ყოველდღიურ ოპერატიულ საქმიანობაშიც, რის დასტურადაც გამოდგება 1919 წლის 31 მაისს გამოსული „საქართველოს რესპუბლიკა“, რომელიც მკითხველს ამცნობდა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული რაზმის უფროსმა კედიამ დაატუსაღა ყალბი ფულის მომჭრელნი: ანტონ სოლომონის ძე ხითაროვი და ფილიპე ივანეს ძე ნიკოლეიშვილი, რომელთაც გაჩხრეკის დროს აღმოაჩნდათ ყალბი ბონები 50 მანეთიანი 20 000 მანეთისა. NN ვ.ე. 0587 და ვ.გ. 0525 და აგრეთვე ქაღალდები მათ დასამზადებლად. დაკითხვის დროს მათ არ სთქვეს სად არის მანქანა. ხითაროვი და ნიკოლეიშვილი დატუსაღებულნი არიან და საქმე სასამართლოს გადაეცა“.

ბუნებრივია, პირველი ქართული სპეცსამსახური ახალი თანამშრომლების მიზიდვის გარდა, ცდილობდა ასევე აგენტურული ქსელის გაბმასა და გაფართოებას, რის გამოც კრიტიკული სტატია (სათაურით „საქართველოს სირცხვილი“) გამოაქვეყნეს ცისფერყანწელებმა თავიანთ ყოველკვირეულ გამოცემაში „ბარრიკადი“ (1920 წ. 19 ოქტომბერი), რომლის რედაქტორი ტიციან ტაბიძე იყო. საქართველოს სირცხვილად მიჩნეულია ის, რომ სტუდენტების ნაწილი სწავლის პარალელურად მსახურობს განსაკუთრებულ რაზმში. „ეს ახალგაზრდები იძულებული არიან შეასრულონ კედიას და ფაჩულიას (რაზმის უფროსის მოადგილე) ბრძანებანი. ეს ფაქტი უსათუოდ საშინელია ნორმალურად მოწყობილ სახელმწიფოსთვის. ყველაზე უფრო სამარცხვინო ის არის, რომ ზოგი ცინიკური მოხელე შინაგან საქმეთა სამინისტროსი კიდევაც აქეზებს ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას განსაკუთრებულ რაზმში ჩასაწერად. ჩვენ ნამდვილათ გავიგეთ, რომ სტუდენტების გარდა ამ რაზმში და სისხ. სამ. მილიციაში უფროსი კლასის გიმნაზიელებიც კი მსახურობენ ფარულ აგენტებად. ჩვენი მოვალეობაა დაუყოვნებლივ ჩავერიოთ ჩვენი ახალგაზრდების უბედურებაში“.

დასასრული

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საგანგებო რაზმის წევრების უმეტესობამ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. რაზმის წევრების ნაწილი ერთი ხანობა სტამბოლში იმყოფებოდა და დახმარებას უწევდა ინგლისის კონტრდაზვერვას. ნაწილი ტრაპიზონში გადავიდა ანტისაბჭოთა საქმიანობის საწარმოებლად, ნაწილი კი საქართველოში დაბრუნდა და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეპრესიების მსხვერპლი გახდა. საბჭოთა სპეცსამსახურებს ვერ გადაურჩა განსაკუთრებული რაზმის სულისჩამდგმელი ნოე რამიშვილი, რომელიც 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში მოკლა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ წაქეზებულმა ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ.

ნოე რამიშვილის სავიზიტო ბარათი

„ცალი ხელი მომჭრეს“, - უთქვამს მკვლელობით თავზარდაცემულ ნოე ჟორდანიას, თუმცა ყველაზე ზუსტად ნოე რამიშვილის როლი და ადგილი პირველ რესპუბლიკაში განსაზღვრა გრიგოლ წერეთელმა:

„თუ ნოე ჟორდანია იყო ტვინი ჩვენი მოძრაობისა, ნოე რამიშვილი იყო ხერხემალი, რკინის ნების სიმბოლო და შეუდარებელი ორგანიზატორი“.

1945 წელს პარიზში ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა რაზმის მეთაური მექი კედია, რომელიც ლევილის სასაფლაოზე განისვენებს.