2019 წელი თუ რამით იყო გამორჩეული, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდით. აქტივისტები აპროტესტებდნენ ციხის მშენებლობას, ეკოლოგიურ პრობლემებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდ მუშაობას. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „დაიმგზავრე“. ველომოყვარულთა აქტიურობის შედეგად, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რუსთავში ველოსიპედით გადაადგილდება.
რუსთავის როტარი კლუბის პრეზიდენტის მოადგილე გიორგი მაღლაფერიძე არ იზიარებს საზოგადოების ერთი ნაწილის პესიმიზმს, რომ რუსთავში, არსებული პრობლემების ფონზე, სამოქალაქო აქტივიზმი არც ისეთი მაღალია:
„საზოგადოებას უკვირს, რომ აქტივიზმით დაკავებული ადამიანების რაოდენობა არის ცოტა. ჩემი შეფასებით, არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს ამ წუთისთვის. ეს არის ობიექტური მოცემულობა და მიმაჩნია, რომ აქტიური ადამიანების რაოდენობა გაზრდილია. ის, რომ ვიღაც ადამიანები გახდნენ აქტიურები და ქალაქი პირველივე დღეს ამას არ აჰყვა, ეს არაფერს ნიშნავს. აქტივიზმი არის პროცესი“.
გიორგი მაღლაფერიძის თქმით, ამ დროისთვის რაც სამოქალაქო აქტივისტებს აკლიათ, ეს არის ცოდნა:
„ვესაუბრე ძალიან გამოცდილ მენტორს და ტრენერს, პავლე თვალიაშვილს...ნებისმიერ საქმეს სჭირდება ცოდნა, მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმსაც, მათ შორის ადვოკატირებას, მათ შორის საჯარო პროტესტის ორგანიზებას“.
გიორგი მაღლაფერიძე, რუსთავში და არამხოლოდ რუსთავში ცნობილ ტრენერთან, პავლე თვალიაშვილთან ერთად, მზადაა სამოქალაქო აქტივისტებს გარკვეული თეორიული ცოდნაც გადასცეს. რუსთავში სამოქალაქო სექტორის გააქტიურების მაგალითად ნიკოლოზ მუსერიძეს ეკოაქტივისტების ჯგუფ „გავიგუდეს“ აქციები მოჰყავს:
„2019 წელს ბევრი აქცია ჩავატარეთ - 5-6 პერფორმანსი, პატარა თუ დიდი აქცია გავმართეთ. საზოგადოება ამას პოზიტიურად აღიქვამს, აგრესიას არ ავლენს, რადგან ყველა ხედავს, რომ ეკოლოგია დიდი პრობლემაა. მაგრამ აქციაზე გამოსვლა ცოტა რთულია, თუმცა ნაპერწკალი დაინთო და ის გაღვივდება“.
ნიკოლოზ მუსერიძე აღნიშნავს, რომ მათ აქტიურობას შედეგიც მოჰყვა: მოსახლეობა სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად წერს ეკოლოგიურ პრობლემებზე. ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლებაც გააქტიურდა. ორი თვის წინ გიორგი თვალიაშვილმა სოციალურ ქსელში ჯგუფი „დაიმგზავრე“ შექმნა, მას შემდეგ დღე არ გავა, რომ თბილისში ვინმე არ დაიმგზავროს. ამით ის შეეცადა რუსთაველებისთვის, თუნდაც მცირე ნაწილისთვის, მგზავრობისას ყოველდღიურად შექმნილი პრობლემები როგორმე შეემსუბუქებინა.
„ორ თვეში ჯგუფში 10 ათასი მომხმარებელი გაწევრიანდა. ბევრმა თავისი მუდმივი მგზავრი ნახა, ძალიან ბევრმა თავისი მუდმივი მძღოლი ნახა. ყოველდღე რომ ერთსა და იმავე გზაზე დადიან, აღარ სჭირდებათ ჯგუფში დაწერა, ამა და ამ დროს მივდივარ და მგზავრს გავიყოლებო“.
გიორგი თვალიაშვილს ამას წინათ სხვა მგზავრებთან ერთად რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც დაემგზავრა. სტუდენტი დიანა გოჩიტაშვილი ამბობს, რომ ძალიან ხშირად ჯგუფში გაწევრიანებულ ამა თუ იმ მძღოლს ის თბილისამდე მიჰყავს:
„ჩემთვის პრობლემას წარმოადგენდა სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა. ჯერ ის, რომ მოვხვედრილიყავი ამ ტრანსპორტში, რადგან დილით ადრე მიწევს გასვლა. მერე ის, რომ სტუდენტი ვარ და 20-20 თეთრით მგზავრობის საფასურის მომატება, საბოლოო ჯამში, სტუდენტის ჯიბეზე მოქმედებს“.
დიანა გოჩიტაშვილს ველომოყვარულების აქტიურობაც მოსწონს, მით უფრო, რომ ველომოყვარულთა კლუბი სოციალურად გაჭირვებულებს საახალწლოდ ეხმარება ხოლმე.
ასე მოხდა 29 დეკემბერსაც: კლუბის წევრებმა 600 ლარით ველოსიპედები იყიდეს და სოციალურად დაუცველ ორ ოჯახში მიიტანეს.
ველომოყვარულთა კლუბი არაფორმალური გაერთიანებაა. ის ყოველი თვის ბოლოს ველოგარბენას ატარებს გადაადგილების ამ ეკოლოგიურად სუფთა საშუალების პოპულარიზების მიზნით. გიგა ძულუაშვილი ამბობს, რომ მათი ძალისხმევა, თუნდაც ველომოყვარულთა უსაფრთხოების კუთხით, თვალში საცემი გახდა:
„როცა ველოსიპედით გადავაადგილდებით, უკვე ვგრძნობთ, რომ უფრო მეტად გვითმობენ მძღოლები გზას, საავარიო სიტუაციები ნაკლებად გვექმნება. ის კი არა, ფეხითაც რომ მივდივარ, მძღოლიც ფრთხილობს. ამ შედეგს მთლად ვერ დავიბრალებთ, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენი ველომსვლელობების დამსახურებაც არის“.
გიგა ძულუაშვილის თქმით, წლების წინ ველომსვლელობაში 10-15 ადამიანი მონაწილეობდა, დღეს კი მათი რაოდენობა 40-ს აჭარბებს.
2019 წელს თვალში საცემი იყო რუსთავის ინოვაციების ჰაბის აქტიურობაც, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ესაა ნარჩენების მართვა, სამოქალაქო განათლება, ახალგაზრდების ჩართვა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, ბიზნესზე ორიენტირებული ციფრული ტექნოლოგიების სწავლა. როგორც ინოვაციების ჰაბი ხელმძღვანელი, რევაზ ბარბაქაძე, ამბობს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება უკეთესობისკენ იცვლება და ამაში გარკვეული წვლილი მის ორგანიზაციას და დონორებს მიუძღვით:
„ჩვენი ინიციატივის შედეგად, რამდენიმე ათასი მოსწავლე და მშობელი ჩაერთო პლასტიკების შეგროვებაში. ადამიანების ამხელა ჯგუფი სწავლობს იმას, რომ პლასტიკური ნარჩენი არ უნდა გადააგდო სადღაც, არამედ უნდა ჩააგდო სპეციალურ კონტეინერში. ნარჩენების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების ფონზე, არის დიდი მიღწევა“.
რევაზ ბარბაქაძის ცნობით, მომავალ წელს რუსთავის ინოვაციების ჰაბი, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და ჩეხ პარტნიორებთან ერთად, მოწადინებულ ახალგაზრდებს ბიზნესუნარების გამომუშავებაში დაეხმარება.