2019 წელი მწვავე, ხმაურიანი იყო შიდა პოლიტიკურ სივრცეში და პროცესები ჯერ ისევ გრძელდება. ე.წ. გავრილოვის ღამე, მასთან დაკავშირებული მოვლენები, „ქართული ოცნების“ მიერ შეუსრულებელი დაპირება და მოსამართლეთა დანიშვნა წლის უმთავრეს მოვლენებად იქცა. საქართველოს კვლავაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა, თუმცა, პარალელურად, მკაცრ სიგნალებს აგზავნიდა თბილისის მისამართით.
გავრილოვი კობახიძის სავარძელში
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. მან პრეზიდენტის რანგში გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა.
- ასამბლეის სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით ჩაიშალა;
- აღელვებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გავრილოვს თბილისის დატოვება აიძულა;
- პროტესტმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა და გაიმართა მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია.
შედეგად, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუწია ირაკლი კობახიძეს და მისი ადგილი არჩილ თალაკვაძემ დაიკავა. ამ პროცესს შეეწირა ზაქარია ქუცნაშვილის სადეპუტატო მანდატიც.
„გავრილოვის ღამე“ და სისხლიანი პროტესტი
გავრილოვის თბილისიდან გაძევებას ე.წ. გავრილოვის ღამე მოჰყვა - ხალხმრავალი აქცია ხელისუფლებამ ცრემლმდენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის - 80 პოლიციელი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. დააკავეს 350 ადამიანი.
- სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები ხელისუფლებას ძალისა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ;
- სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ - მათ შორის, ყველა ხელქვეითის ქმედებაზეც;
- ხელისუფლება აცხადებდა, რომ ოპოზიციონერების ჯგუფს განზრახული ჰქონდა პარლამენტში შეჭრა და სახელმწიფო გადატრიალება;
- ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით, ბრალი აქვს წაყენებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას;
- 20-21 ივნისის მოვლენების გამოა დაკავებული „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც;
- სამოქალაქო პირების ერთი ნაწილი, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჯერ ისევ საპატიმროში რჩება; მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ;
- გაასამართლეს რამდენიმე, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებული არ არის არცერთი სამართალდამცველი.
„გავრილოვის ღამეს“ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული 100-დღიანი აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ:
- შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას (თუმცა გახარია სექტემბერში დაწინაურდა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე ჩაანაცვლა);
- 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას;
- დაკავებულების გათავისუფლებასა და დამნაშავე სამართალდამცველების დასჯას.
ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა
ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან მომიტინგეებმა მხოლოდ ერთის დაკმაყოფილების პირობა მიიღეს - 24 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.
- ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და შედეგი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობას მიაწერა (რაც ბევრისთვის დაუჯერებელია) - 14 ნოემბერს პარლამენტში, კენჭისყრაზე ჩავარდა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი;
- ამის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა და პოსტები დატოვა 13-მა დეპუტატმა, (მათ შორის - პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა);
- პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო 13-დან ორმა დეპუტატმა - სოფიო ქაცარავამ და აკაკი ზოიძემ;
- საქართველოს მასშტაბით განახლდა საპროტესტო აქციები: ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირების პროცესი წამოიწყო; მომრავლდნენ და გააქტიურდნენ ახალგაზრდული სამოქალაქო ჯგუფები.
საქართველოს მასშტაბით მომიტინგეებს ძალადობრივი ჯგუფები უპირისპირდებოდნენ - მედიამ დაადგინა, რომ ასეთ პროცესებში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, თანამდებობის პირები და პარტიის მხარდამჭერები.
სამართალდამცველებმა აქციები წყლის ჭავლით გამოყენებით არაერთხელ დაშალეს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციაზე დააკავეს, გაასამართლეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ათეულობით პირს - მათ შორის იყვნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები.
მოლაპარაკებების უშედეგო რაუნდები
პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ თემა დახურა. თუმცა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, მმართველი პარტია მაინც იძულებული გახდა ჩართულიყო მოლაპარაკებების პროცესში. სადისკუსიო მაგიდასთან ოპოზიცია ერთიანი ფრონტით არის წარმოდგენილი - პროპორციული არჩევნების მოთხოვნამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალებიც დააკავშირა.
გაიმართა უშედეგო ოთხი რაუნდი.
- პირველ რაუნდზე (30 ნოემბერი) - ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელი შესთავაზა; ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს მოდელი არაკონსტიტუციურია;
- მეორე რაუნდზე (8 დეკემბერი) - ოპოზიციამ ხელისუფლებას მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღება შესთავაზა; ხელისუფლებამ კონსულტაციებისთვის დრო ითხოვა;
- მესამე რაუნდზე (15 დეკემბერი) - ხელისუფლებამ უარი განაცხადა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღების საკითხზე; ოპოზიციამ ხელისუფლებას საკუთარი წინადადების წარმოდგენა მოსთხოვა;
- მეოთხე რაუნდზე (20 დეკემბერი) - ხელისუფლებამ წამოაყენა წინადადება, რომელიც მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს; ეს წინადადება მიუღებელია ოპოზიციისთვის.
როგორც წინასწარ ითქვა, დისკუსია გაგრძელდება და მე-5 რაუნდი 2020 წელს გაიმართება. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში - პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება. არის ასევე ვერსია, რომ 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ერთობა მაჟორიტარ კანდიდატებს შეთანხმებულად წარადგენს.
მკაცრი სიგნალები დასავლეთიდან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკელი კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები, უცხოური მედიასაშუალებები - 2019 წლის ბოლოს „ქართული ოცნება“ სერიოზული კრიტიკის სამიზნე გახდა.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ - სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფით“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
- „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მას კი არ აკრიტიკებს, არამედ - მხარდაჭერას გამოხატავს;
- ოპონენტები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა, სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკურ მიკერძოებას რომ ვერ ხედავდეს.
პოლიტპატიმრების თემა მანამდე გამოიკვეთა განცხადებებში, როდესაც ევროპარლამენტარები თბილისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში სტუმრობდნენ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური აქტივობის გამო დაკავებული და გასამართლებული პირები; ეს კი - შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან.
- პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმაც - „ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროების სხვა ფორმებით“.
- ამერიკელმა კონგრესმენებმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა და დემოკრატმა ჯერალდ კონოლმა ღია წერილი მისწერეს პრემიერ გიორგი გახარიას - ტექსტში მზარდი შეშფოთებაა გამოთქმული „ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უცხოელი პარტნიორების განცხადებები ოპონენტების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
მეთვალყურეებს ბევრ ეჭვსა და შეკითხვებს უჩენს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მომრავლებული დაკავებისა თუ სამართლებრივი დევნის ფაქტები. პოლიტიკოსების გარდა, ძველი თუ ახალი საქმეების გამო, სხვადასხვა დროს, მართლმსაჯულებას (ბრალდებულისა თუ მოწმის სტატუსით) გადაეცნენ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები თუ ბიზნესმენები. მაგალითად:
- გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“, დეპუტატი;
- ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე ყოფილი დეპუტატი;
- გიგი უგულავა - „ევროპული საქართველოს“ გენმდივანი;
- ირაკლი ოქრუაშვილი - „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი (დაკავებულია);
- ნიკა გვარამია - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი;
- გიორგი რურუა - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე (დაკავებულია);
- მამუკა ხაზარაძე - მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი;
- ბადრი ჯაფარიძე - მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი;
- ავთანდილ წერეთელი - ბიზნესმენი;
- ვატო წერეთელი - ბიზნესმენი, ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი;
- კვლავ საპატიმროში რჩება 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული არაერთი პირი;
- ბოლო პერიოდში სხვადასხვა საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და გაასამართლეს ათობით პირი.
20 დეკემბერს „ფეისბუკმა“ განაცხადა, რომ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა 418 ანგარიში, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო. კომპანია არ ასაჯაროებს, თუ კონკრეტულად რომელ ანგარიშებზეა ლაპარაკი, მაგრამ წერს, რომ წაშლილი ანგარიშების უკან მდგომი პირები დაკავშირებული იყვნენ სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.
- „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ დახურულ ანგარიშებთან კავშირი არა აქვს, ხოლო მომხრეების ქმედებებში ვერც ჩაერევა და ვერც აკრძალვებს დააწესებს. ოპონენტებისთვის კი ყველაფერი ნათელია: „ქართული ოცნება“ ტროლებისა და ბოტების „ქარხნებით“ უტევს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს.
ISFED-ის კვლევის თანახმად, ამ ეტაპზე, კვლავინდებურად აქტიურია ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი 53 გვერდი.
მოსამართლეთა დანიშვნის ხმაური
ხმაურიანი პროცესების კულმინაცია12 დეკემბრს დადგა - პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 20-კაციანი სიიდან 14 მოსამართლე დაამტკიცა. ასეთი შედეგის გამო, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დატოვა ეკა ბესელიამ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს კლანის ინტერესების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.
ოპოზიციამ და სამოქალაქო ჯგუფებმა მწვავე პროტესტი გამოხატეს. მოსამართლეთა დანიშვნა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შორის არის გენერალური პროკურორი - შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებული დისკუსია ჯერ ისევ გრძელდება.
2020 წლის მნიშვნელოვან შეკითხვად რჩება - ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის პოსტს?
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესმა უკმაყოფილო დატოვა საერთაშორისო თანამეგობრობა. საგანგებო განცხადებები გაავრცელეს, მაგალითად, აშშ-ის საელჩომ საქართველოში და ევროკავშირის საგარეო სამსახურმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი 26 დეკემბერს განაახლა. შეიქმნა 6-კანდიდატიანი სია, რომელშიც სამი გვარია ძველი, სკანდალური 10-კაციანი სიიდან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „კლანის“ ინტერესების გაგრძელებასა და პროცესის დარღვევებით წარმართვაზე ილაპარაკა. ასეთ შეფასებას არ იზიარებენ საბჭოს მოსამართლე წევრები.
პრეზიდენტის ენის თავსატეხები
2019 წელს ისევ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს პრეზიდენტად 2018 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი. მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მწვავე დისკუსიებს იწვევდა, ხოლო გამონათქვამები ხშირად საჭიროებდა განმარტებებს.
აზრების მისეული ფორმულირება ზოგ შემთხვევაში არც „ქართულ ოცნებაში“ მოსწონდათ.
- პრეზიდენტმა ჯერ (პოლიციელისა და არასრულწლოვნის) მკვლელები შეიწყალა და როცა ხმაური ატყდა, შეწყალებაზე დროებითი მორატორიუმიც გამოაცხადა;
- „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის;
- სწორედ პრეზიდენტის მოულოდნელ ჩასვლასა და მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს დაუკავშირეს აზერბაიჯანის მიერ გზის გადაკეტვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში;
- დეკემბერში, პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა თქვა, რომ „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“; როგორც თავად განმარტა, ეს შედარება მან ცოდნისა და კულტურის მნიშვნელობის გამოსაკვეთად გამოიყენა.
წლის ბოლოს საგანგებო ყურადღება მიიპყრო სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთმა გამონათქვამმა „პირველი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუდან. საკითხი ამჯერად საოკუპაციო ხაზის საზღვრად მოხსენიებას შეეხებოდა.
წლის ხმაურიანი ამბავი იყო პრეზიდენტის ვახშამი სალობიე „ბიაში“. თავისთავად ვახშამში პრობლემას ვერავინ ხედავდა, მაგრამ ეს კვების ობიექტი ახლოს არის პარლამენტთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა.
- რამდენიმე აქტივისტი სალობიეს შესასვლელთან მივიდა და სიმბოლურად - ჯონჯოლი მიიტანა;
- მათ პრეზიდენტს გამოსვლა და დალაპარაკება მოსთხოვეს. პრეზიდენტმა სალობიე პოლიციის თანხლებით, შეძახილების („მონა!“, „მონა!“) ფონზე დატოვა.
რუსეთი და საქართველო
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, 28 დეკემბერს, სრულიად მოულოდნელად გაათავისუფლეს. რუსეთის სს კოდექსით, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, მას მისჯილი ჰქონდა ერთი წელი და ცხრა თვე.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
გათავისუფლებულმა ექიმმა პრესკონფერენციაზე თქვა შემდეგი:
- ის პაციენტის სანახავად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ იქ არ უხსენებია ეს მიზეზი;
- არცერთხელ არ უღიარებია ბრალი, რომ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი;
- ყველას ეუბნებოდა, რომ იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე;
- შეწყალების წერილი ნამდვილად დაწერა, მაგრამ ტექსტში ბრალის აღიარება არ არის;
- საპატიმროში, თვე-ნახევრის განმავლობაში, ადგილობრივი ოსი მოსახლეობა უგზავნიდა საკვებს.
28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. ის ავტომობილს თავად მართავდა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ და ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა საქართველომ“ ექიმის გათავისუფლება მოსკოვთან თავიანთი აქტიური კომუნიკაციის შედეგად ჩათვალეს. საქართველოს ხელისუფლებამ კი შედეგი საკუთარ ძალისხმევას დაუკავშირა და ასევე საგანგებოდ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის წვლილი.
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისიდან გაძევების შემდეგ, მოსკოვმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა:
- რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, რუსი ტურისტების დიდმა ნაწილმა ზაფხულის საქართველოში გატარება ვერ შეძლო;
- ივლისში, რუსეთის დუმაში განიხილებოდა საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხი - რუსმა დეპუტატებმა ბევრი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადება გააკეთეს საქართველოსა და ქართველი ხალხის მისამართით.
- შემდეგ, მოსკოვმა დემონსტრირება გააკეთა იმისა, რომ სანქციებს, თითქოს, მხარი არ დაუჭირა ვლადიმირ პუტინმა და პროცესიც, თითქოს, ამ მიზეზით შეჩერდა.
2019 წელს რუსეთი კვლავაც განაგრძობდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვას და დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას. საოკუპაციო ბარიერების მიღმა დარჩა ადგილობრივი ქართველების სახლ-კარი და ნაკვეთები. გაგრძელდა ასევე ადამიანების გატაცება და მუდმივად იზღუდებოდა გადაადგილება.
26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამართული პირველი შეხვედრა, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი ეჭვი და შეკითხვა გააჩინა. ოპონენტებმა მიზანი და შედეგი ვერ დაინახეს.
წლის სხვა ხმაურიანი მოვლენები
- 2019 წელს აშკარად გამოიკვეთა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ვეღარ ააშენებს მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“. კონსორციუმი ალაპარაკდა განზრახ ხელის შეშლაზე მთავრობის მხრიდან. საქართველოს მთავრობა კი, მუდმივად უსვამდა ხაზს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.
- „რუსთავი 2“-ს მესაკუთრეები და ხელმძღვანელები ერთ დღეში გამოეცვალა. მართალია, პროცესები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განვითარდა, მაგრამ ბევრი ლაპარაკობდა ხელისუფლების ინტერესებსა და საფრთხეებზე მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების დიდი ნაწილი ახლა რამდენიმე კვირაში ამოქმედებულ ტელეკომპანიაში („მთავარი არხი“) მუშაობს.
- ხმაურით გავრცელდა მამუკა ხაზარაძის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუქარის წერილი მან შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო. გახარიამ ეს არასერიოზულ განცხადებად ჩათვალა და არც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 21 ოქტომბერს ჩააბარა გენერალურ პროკურატურას. ის ახლა უწყების რეაგირებას და გახარიას დაბარებას ელოდება.
- 21 აპრილს, პანკისის ხეობაში, ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია. მოგვიანებით მან თქვა, რომ - პანკისის ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებმა შეცდომები დაუშვეს.
- წლის ხმაურიანი მოვლენების ჩამონათვალშია მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენები. მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებამ გადაფარა მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება - პატრიარქის გადაყენების განზრახვაში მაღალჩინოსნების მონაწილეობის შესახებ. მეუფე იაკობი მსუბუქად დაისაჯა, მეუფე პეტრე კი სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლა.