200 წელი პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან

200 წელი შეუსრულდა პირველ ქართულ გაზეთს, „საქართველოს გაზეთს“, რომელმაც დღის სინათლე იხილა 1819 წლის 8 მარტს. გაზეთი დაარსდა კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ ერმოლოვის მფარველობითა და უშუალო მეთვალყურეობით ("სარგებლობისა და კმაყოფილებისათვის მცხოვრებთა"). გამოდიოდა კვირაში ერთხელ საწერი ქაღალდის თაბახის ზომისა, 4 გვერდის მოცულობით.

გაზეთის ტექსტი რუსულად იწერებოდა და შემდეგ ითარგმნებოდა ქართულად. გაზეთში ათავსებდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებებსა და განკარგულებებს, მოხელეთა დანიშვნის, დაჯილდოებისა და გადაყვანა-გადმოყვანის ცნობებს, რუსეთისა და საქართველოს შინაურ ამბებს, უცხოეთის ამბებს, მოთხრობებს, ანეკდოტებს, განცხადებებს, უკანასკნელთა შორის განცხადებებს ყმების გაყიდვის შესახებ.

1820 წლის 30 ივლისის ნომერში არის განცხადება: "საჯაროდ იქნება გაყიდული გლეხი გოგი ელბაქიძე თავის ცოლით, შვილით და სამი სული რქოსან საქონელით".

გვხვდება ასეთი განცხადებებიც:

„გორის უეზდის სოფელს დავრის მცხოვრებნი ბარძიმ მაჩაბელოვის ყმა დათუა კვაღენიძე თავის ცოლით და ვაჟის და ქალისშვილებით, ძმისწული ნინიათი და ვენახით იმ ას სამოც და სამს რუბლში, რომელიც მართებს მას აზნაურის გაბაშვილის ქალის ელისაბედისი, იმათის გასყიდვის ვადა დანიშნულ არს ამა წლის ნოემბრის კ. და დეკემბრის ე. და კ. რიცხვებში“.

„ასტრონომიის მრიცხველობათაებრ ცხადდება, რომელ შემდგომად მომავალსა შინა წელსა, ჩყით ვიქმნებით მოწამე ერთისა ძვრითა გამოცხადებისათაგანისა ცისა ზედა სახელდობრ ბეშვ, რიცხვსა სექტემბრისასა ახლისაებრ შტილისა, ხოლო ძვერლისაებრ ოც და ექვს რიცხვსა ტოსასა შუა დღისას იქმნების სრული დაბნელება მზისა, რომელიც ფრიად დიდის ხნის შემდეგ არა გვინახავს ჩვენგან... ნიდერლანდთა შინა, ამა საგანზედ არს წიგნი, რომელიც მიეწერების მეცნიერსა კაცსა ვანსვიდურს სურათებითურთ, რომელსა ზედა გამოხატულ არს დაბნელება სამთა სხვა და სხვათა შინა“.

ზაქარია ჭიჭინაძე „საქართველოს გაზეთის“ მთავარ ნაკლად მიიჩნევდა, „ძველის საღმრთო წერილის ენით წერილების წერას“.

„ეს ძველი ენა, რომელიც კი მეფობდა საქართველოში 1850 წლამდე, იყო რაღაც განკერძოებული თვისების ენა. იგი არც ძველს ეკუთვნოდა და არც ახალს, უფრო კერძოებით ხასიათის მექონ სურათს წარმოადგენდა. მისას ვერც ერი გაიგებდა რამეს ადვილად და ვერც მღვდელი”, - წერდა ზაქარია ჭიჭინაძე 1916 წელს გამოცემულ „ქართული გაზეთის ისტორიაში“.

„მძიმე ენის“ გამო გაზეთი ვრცელდებოდა დიდი გაჭირვებით, ადმინისტრაციული გზით, დაახლოებით 150-200 ცალი.

1820 წლის მეორე ნახევრიდან გაზეთი გამოდიოდა "ქართული გაზეთი"-ს სახელით.