"მგზავრებს ტუალეტში თითო-თითოდ ვუშვებდი, თვითონ კი მოვშარდე ტაბიძის ჩანთაში" - 40 წელი თვითმფრინავის გატაცების მცდელობიდან

1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზრდების ჯგუფმა საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად თვითმფრინავი გაიტაცა.

1983 წლის 18 ნოემბერია. საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობას ჯერ ბოლომდე არ დაუსრულებია რუსეთთან დაძმობილების - გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის მასშტაბური აღნიშვნა. მოსკოვიდან მოწვეულ პარტიულ ამხანაგებს და კულტურის მუშაკებს თბილისი ახალი დატოვებული აქვთ.

და აი, ამ დროს ხდება ისეთი რამ, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მოწინავე, მრავალგზის წითელდროშოვანი საბჭოთა საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის მიღწევებს პარტიისა და კომუნიზმის მშენებლობის წინაშე - საბჭოთა კავშირიდან თავის დასაღწევად ახალგაზრდების ჯგუფი მგზავრებით სავსე თვითმფრინავის გატაცებას ცდილობს.

მოგვიანებით დასახელდა გატაცებაში მონაწილე ახალგაზრდების ვინაობაც: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე, თინა ფეტვიაშვილი.

18 ნოემბერს, საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის საგანგებო საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყვეს, რომ შეიარაღებულ ბოროტმოქმედთა ჯგუფი ყაჩაღურად თავს დაესხა სამოქალაქო ავიაციის საქართველოს სამმართველოს „ტუ 134ა“ თვითმფრინავს, რომელიც 57 მგზავრთან ერთად მიფრინავდა მარშრუტით თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი, მისი ხელში ჩაგდებისა და საზღვარგარეთ გატაცების მიზნით.

„ბანდიტური აქციის განხორციელებისას ბოროტმოქმედებმა მოკლეს ეკიპაჟის სამი წევრი და ერთი მგზავრი, - იუწყებოდა სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, - მიუხედავად ამისა, ეკიპაჟის მეთაურმა და წევრებმა გმირული და თავგანწირული მოქმედებით შეძლეს თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაშვება. მგზავრთა სიცოცხლისა და თვითმფრინავის დაღუპვისაგან გადასარჩენად ბრძოლისას ეკიპაჟის წევრებმა მოკლეს სამი ბოროტმოქმედი. დაკავებულნი არიან დანარჩენებიც.

თავდამსხმელებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული სისასტიკე: არ გაათავისუფლეს ბავშვები, აგრეთვე მძიმედ დაჭრილი ადამიანებიც კი, რომელთა გადარჩენა ალბათ ჯერ კიდევ შეიძლებოდა. ბოროტმოქმედთა დაკავებისას მგზავრთაგან მეტი მსხვერპლი არ ყოფილა. მიმდინარეობს გამოძიება. დაწვრილებით ინფორმაციებსა და ცნობებს ბოროტმოქმედთა შესახებ გაუწყებთ“.

თუმცა დაწვრილებითი ინფორმაცია და ცნობები აღარ გადაუციათ.

საბჭოთა საქართველოს მთავარმა გაზეთმაც კი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, 1983 წლის 24 ნოემბერს გამოაქვეყნა თვითმფრინავის ეკიპაჟის დაღუპული წევრების ნეკროლოგი, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი მომხდარი დანაშაულისა და მისი აღკვეთის დეტალებზე.

„1983 წლის 18 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს თბილისის ავიასაწარმოს ტუ-134-ა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები: ანზორ იოსების ძე ჭედია, ვალენტინა ნიკოლოზის ასული კრუტიკოვა, ზავენ ტელემაქის ძე შარბათიანი. <…> მამაცი ავიატორების, საბჭოთა სამშობლოს ჭეშმარიტი პატრიოტების ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულში“, - წერდა „ამხანაგების ჯგუფი“ გაზეთ „კომუნისტში“.

გაზეთი "კომუნისტი", 1983 წ. 24 ნოემბერი

როგორც წესი, გაზეთი „კომუნისტი“ ყოველთვის აქვეყნებდა ცნობას სასიკვდილო განაჩენის „აღსრულების“ შესახებ, თუმცა „თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმე“ იმითაც აღმოჩნდა გამორჩეული, რომ 1984 წლის 3 ოქტომბერს (განაჩენის გამოცხადებიდან 40 დღეში) დახვრეტილი თეიმურაზ ჩიხლაძის (მამა თეოდორე), გეგა კობახიძის, პაატა და კახა ივერიელების განაჩენის „სისრულეში მოყვანის“ ცნობა არსად არ გამოქვეყნებულა, რის გამოც დახვრეტილთა მშობლები წლების განმავლობაში არ კარგავდნენ იმედს, რომ მათი შვილები ცოცხლები იყვნენ.

ასევე ნახეთ როგორ ითქვა უარი სიკვდილით დასჯაზე

რა მოხდა „ტუ-134“-ის N65807 ბორტზე?

მოსკოვის დროით 15 საათსა და 43 წუთზე თვითმფრინავმა, რომელშიც იმყოფებოდნენ მსახიობი გეგა კობახიძე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი, კურსი აიღო ბათუმისკენ.

გამოძიების ვერსიით

„16 საათსა და 13 წუთზე კახა ივერიელი თავისი ადგილიდან ადგა და სოსო წერეთელთან ერთად გაემართა პილოტთა კაბინისკენ, მისცა ამით დანარჩენ წევრებს ეკიპაჟზე თავდასხმის ნიშანი.

პაატა ივერიელმა სალონის მეორე რიგში მჯდომი მგზავრი [ა. სოლომონია] შეცდომით მიიჩნია საჰაერო ხომალდის გამცილებელ მილიციის თანამშრომლად, რის გამოც ძლიერად ჩაარტყა შამპანურის ბოთლი თავში, ხოლო გია ტაბიძემ „ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან ესროლა სოლომონიას და ადგილზე მოკლა იგი.

ტაბიძემ ასევე ორჯერ ესროლა სალონის პირველ რიგში მჯდომ სამოქალაქო ავიაციის პილოტის ფორმაში ჩაცმულ ა. პლოტკოვას. პაატა ივერიელმა და გეგა კობახიძემ თავს ზემოთ ასწიეს ხელყუმბარები და უბრძანეს მგზავრებს დაწოლილიყვნენ სავარძლებს ქვეშ, ამასთან გამოაცხადეს, რომ თვითმფრინავი თურქეთში მიფრინავდა.

17 ნოემბერს, თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა იქორწინეს.
წვეულებას ესწრებოდა თბილისის აეროპორტის საერთაშორისო სექტორის თანამშრომელი ანა ვარსიმაშვილი, რომელიც, სწორედ, მეორე დღეს მორიგეობდა. 1
8 ნოემბერს ანა ვარსიმაშვილის ხელშეწყობით საქორწინო მოგზაურობაში მიმავალმა ახალდაქორწინებულებმა მეგობრებთან - დავით მიქაბერიძესთან, სოსო წერეთელთან, ეკა შალუტაშვილთან და ანანო მელივასთან ერთად „ინტურისტის“ სამსახურებრივი გასასვლელი სპეცკონტროლის გარეშე გაიარეს.
ასე აღმოჩნდა თვითმფრინავის სალონში „TT“ ტიპის 2 პისტოლეტი, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერი და 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარა.

კახა ივერიელი და სოსო წერეთელი შევიდნენ ბორტგამცილებელთა სალონში, საიდანაც ცდილობდნენ პილოტების კაბინაში შეღწევას.

კახა ივერიელი მოითხოვდა ვალენტინა კრუტიკოვასგან სატელეფონო კავშირით გადაეცა პილოტებისათვის მოთხოვნა გაფრენილიყვნენ თურქეთში.

ამასობაში სალონიდან კრუტიკოვასთან ტაბიძეც შეიჭრა და სიკვდილის მუქარით უბრძანა მას, ბორტგამცილებლებისათვის დაწესებული ნიშნით დაეკაკუნებინა პილოტების კაბინის კარზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა; კაბინის კარი გააღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მფრინავ-შტურმანთა რაზმის ინსპექტორმა შარბათიანმა“.

გეგა კობახიძე ფილმში "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის"

კახა ივერიელმა რევოლვერი „რევსტერი“ თავზე მიაბჯინა პილოტ-ინსტრუქტორ ახმათგერ გარდაფხაძეს და უბრძანა მას, შეეცვალა კურსი – გაფრენილიყო თურქეთში.

პილოტთა კაბინაში მყოფმა ეკიპაჟის შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა თავისი ტაბელური იარაღიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგად გია ტაბიძე ადგილზე იქნა მოკლული, ხოლო სოსო წერეთელი და კახა ივერიელი დაიჭრნენ, რითაც პილოტებს მიეცათ კაბინის ბლოკირების საშუალება.

სროლის შედეგად ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა ბორტმექანიკოსი ანზორ ჭედია, ბორტგამყოლი ვალენტინა კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი.

18 ნოემბერს 16 საათსა და 40 წუთზე (მოსკოვის დროით), აფრენიდან 57 წუთის შემდეგ, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაბრუნდა.

დარწმუნებულმა, რომ თვითმფრინავის გატაცების გეგმა ჩაიშალა, დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა. ყელში დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ სსრკ-ის  დაუძინებელი მტერი ჯინსი

დაშვების შემდეგ...

თვითმფრინავზე შტურმი 19 ნოემბერს დილით 06:55 წუთზე მიიტანეს. რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოფრინდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეცდანაყოფი „ალფა“, რომელსაც გენერალ-მაიორი გენადი ზაიცევი ხელმძღვანელობდა.

იერიშის დაწყებამდე, გამტაცებლებთან მრავალსაათიანი მოლაპარაკება წარმოებდა: გამტაცებლები მოითხოვდნენ თვითმფრინავის ავზის შევსებას და თურქეთში გადაფრენას, სხვა შემთხვევაში თვითმფრინავს ააფეთქებდნენ.

„სოსო ძალიან ცუდად გახდა. მთხოვა, რომ თუ ვინიცობაა, თვითმფრინავში ამოვარდებოდნენ სამხედროები, არ ჩამებარებინა იგი და მომეკლა.

მე მგზავრებს ტუალეტში თითო-თითოდ ვუშვებდი, თვითონ კი მოვშარდე ტაბიძის ჩანთაში, რომელიც ჩემ მახლობლად აღმოვაჩინე.

მართალია, თავიდან მე არ ვუშვებდი მგზავრებს ტუალეტში, მაგრამ როდესაც წარმოვიდგინე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო სალონში, თუკი ყველა თავის ბუნებრივ მოთხოვნილებას იქვე დაიკმაყოფილებდა, ძალაუნებურად დავთანხმდი და ტუალეტში მათ სათითაოდ ვუშვებდი. ]ვაღიარებ, რომ ამ დროს უცენზუროდ ვიგინებოდი და ცინიკურად ვიქცეოდი, მაგრამ ამას ყველაფერს, როგორც უკვე ვთქვი, ვაკეთებდი იმისთვის, რომ მგზავრებს და აეროპორტის ადმინისტრაციას დაეჯერებინა, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს და თვითმფრინავს ნამდვილად ავაფეთქებთ“, - ასე აღწერა შტურმის წინ თვითმფრინავის სალონში შექმნილი ვითარება პაატა ივერიელმა, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასევე ამბობს:

„ქვემოდან ჩაიდნით მოგვაწოდეს წყალი, მაგრამ მე ის არ დავლიე, რადგან ვფიქრობდი, რომ მოწამლული იყო. დილამდე ცოტა ხნით ადრე გეგამ ორჯერ მიმიხმო თავისთან და ცდილობდა დავეწყნარებინე. ის ამბობდა, რომ თავის მოკვლა არ ღირს, რადგან ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული, ჯერ კიდევ არის ცოცხლად დარჩენის იმედი. მე კი ვიცოდი, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში განწირულები ვიყავით. თუ ცოცხალი გადავრჩებოდით, აუცილებლად დაგვხვრეტდნენ. მე ვფიქრობდი, ძმაც მომეკლა და თავიც მომეკლა, მაგრამ ვაჟკაცობა არ მეყო. მე შევთავაზე გეგას, ცოლთან ერთად ჩაჰბარებოდა ხელისუფლებას. ჩემზე კი ვთქვი, რომ ჩემი ძმა კვდება, მის გარეშე კი ჩემთვის სიცოცხლეს აზრი არა აქვს, რადგან მე ძალიან მიჯაჭვული ვარ მასზე. გეგამ ჩაბარებაზე უარი განაცხადა და თვითმფრინავიდან არ გავიდა“.

ასევე ნახეთ თვითმფრინავის გატაცების შემთხვევები საბჭოთა საქართველოში - გაუხმაურებელი ფაქტები

თვითმფრინავის იერიში გამთენიისას დაიწყო. პაატა ივერიელის ჩვენების მიხედვით, გამტაცებლებიც ვარაუდობდნენ, რომ იერიში დაიწყებოდა გამთენიისას, როცა „ადამიანებს ძილი ეძალებათ და მათთან გამკლავება ადვილია“.

„დილით მე გავიგონე თვითმფრინავის ფიუზელაჟზე ნაბიჯების ხმა და თვითმფრინავმა რწევა დაიწყო, - ვკითხულობთ ჩვენებაში, - გავიფიქრე, რომ ახლა შემოვარდება შემპყრობი ჯგუფი და სწორედ ამ დროს სროლის ხმა გავიგონე. აგრეთვე დავინახე, როგორ ჩამოხსნეს მარჯვენა ბორტის სათადარიგო გასასვლელის ლუკი.

მე თავი ხელებით დავიფარე და ილუმინატორისკენ მივიკუნტე. ორივე ხელში მე მქონდა პატარა რევოლვერი და პისტოლეტი „ტტ“. ტყვიების სტვენა გავიგონე, რომლებიც ჩემი აწეული ხელებისა და სახის ახლოს მოფრინავდნენ.

თვალებთან წითელი რგოლები გამიჩნდა და რატომღაც მომეჩვენა, რომ ყველა ტყვია თავში მომხვდა. როგორც ჩანს, მე ცოტა ხნით გონება დავკარგე და გონზე რაციის ხმაზე მოვედი, სადაც ამბობდნენ, რომ მთავარი წვერებიანი ტერორისტი აყვანილია.

გავიგონე, როგორ უთხრა ერთმა სპეცრაზმელმა მეორეს, რომ მე ვსუნთქავ. მათ სახეზე მომანათეს და მე ვთქვი, რომ მეთაური არა ვარ. მერე მათ მკითხეს, შემეძლო თუ არა სიარული, და როდესაც ჩემგან დადებითი პასუხი მიიღეს, შემომთავაზეს თვითმფრინავიდან გასვლა. როდესაც სალონში მივდიოდი, დავინახე, რომ იქ აღარავინ იყო და მე მივხვდი, რომ თვითმფრინავს ბოლო ვტოვებდი“.

ოფიციალური ვერსიით, იერიშის დროს დაიღუპა ერთი მგზავრი, 11-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. 1984 წლის 27 თებერვალს თვითმფრინავის გატაცების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე გამოიყო თვითმფრინავისათვის ცეცხლის დაშენის საქმე, რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავის კორპუსს 108 ნატყვიარი აღმოაჩნდა, სამოქალაქო ავიაციის საქართველოს სამმართველომ კი ავიალაინერის დაზიანების შედეგად 560 839 მანეთისა და 49 კაპიკის ზარალი განიცადა.

მღვდლის ამბავი

თვითმფრინავის გატაცების წარუმატებელი მცდელობისა და თვითმფრინავის იერიშის შედეგად ჯამში დაიღუპა 7 ადამიანი. გამტაცებლებიდან გია ტაბიძე ვლადიმერ გასოიანის ტყვიამ იმსხვერპლა, დათო მიქაბერიძემ თავი მოიკლა, ხოლო სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა.

გატაცების მცდელობიდან არასრული ერთი წლის თავზე, 1984 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ განსასჯელებს კახა ივერიელს, პაატა ივერიელსა და გეგა (გერმანე) კობახიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, ხოლო თინათინ ფეტვიაშვილს 14 წლით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ ასევე გაასამართლა და დახვრეტა მიუსაჯა პირს, რომელიც 18 ნოემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადის რეისზე. თეიმურაზ ჩიხლაძეს (მამა თეოდორეს) ბრალი დასდეს ბანდის ხელმძღვანელობასა და დანაშაულის ორგანიზება-დაგეგმვაში, რაზეც „საბოლოო სიტყვაში“ განაცხადა:

„ბატონო მოსამართლევ და სასამართლო შემადგენლობავ, მე თქვენ მიწოდეთ ბანდის ხელმძღვანელი. მე მინდა მოგახსენოთ, რომ არავითარი ბანდა მე არ შემიქმნია, ვარ ღვთისმსახური და როგორც ჩვენი სახარება გვასწავლის, მე მინდოდა რწმენა, კაცთმოყვარეობა, სიმართლე და ჭეშმარიტება შთამენერგა ხალხისთვის. - ყველა წყობა ცდილობს თავის სიძლიერეზე, თავისი რიგების გაზრდაზე. მეც, სახარების თანახმად, ვცდილობდი მორწმუნეები შემომეკავშირებინა და მათში რელიგიური მსოფლმხედველობა გამეძლიერებინა, რომელიც მე მგონი აკრძალული არ არის. მე, ბატონო მოსამართლევ, არაფერს არ ვთხოულობ, თავს დამნაშავედ არაფერში არ ვცნობ, საერთოდ არ ვიცი, აქ რას ვაკეთებ. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, მე აქ საერთოდ არ უნდა ვიჯდე. თუ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, წავალ რომელიმე მონასტერში და იქ გავატარებ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას, რომელიც მაინც არ მინდა. თქვენ თუ მომკლავთ და ამით თუ სხვებს ეშველება რამე, მე უფრო სიამოვნებით წავალ ამ ქვეყნიდან და რახან სამაგალითო დასჯა გაქვთ დავალებული, ოთხი კაცის დახვრეტას, რომლებიც ისევ თქვენ გამოგადგებათ თავისი პროფესიონალიზმით, ისევ მე დამხვრიტეთ. ეს კია, რომ ეს ჩვენი საქმე დიდად გახმაურდება და ასე ადვილად ჩემი მოკვლა კარგს არაფერს არ მოგცემთ“.

დაკითხვის ოქმების მიხედვით, მღვდელი თეოდორე აღიარებს, რომ არ მოსწონდა საბჭოთა წყობა და, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა, მათ შორის თვითმფრინავის გატაცების გზით:

„კონკრეტულად ვის მოუვიდა გატაცების იდეა, დაზუსტებით ვერ ვიტყვი. ჩვენს ერთ-ერთ შეკრებაზე დათო მიქაბერიძემ და სოსო წერეთელმა ისაუბრეს უცხოურ რადიოგადაცემაზე, სადაც თითქოს ლაპარაკი იყო თვითმფრინავის გატაცებასა და გამტაცებლებისთვის თავშესაფრის მიცემის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. ამ ფაქტმა გვიბიძგა თვითმფრინავის გატაცების იდეისკენ“.

თეოდორეს თქმით, სულ არსებობდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევის ოთხი გზა:

  • პირველი - ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და ოფიციალურად სსრკ-ს დატოვება, რაც ძალიან გრძელი გზაა
  • მეორე - სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა და თურქეთში გადასვლა
  • მესამე - საზღვრის ზღვით გადაკვეთა და ნავით თურქეთში გადასვლა
  • მეოთხე - თვითმფრინავის გატაცება

მღვდელ თეოდორეს ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას მეოთხე ვარიანტი ყველაზე მისაღებად მიაჩნდა, რადგან შეეძლო ეკიპაჟებისა და მგზავრების დაჰიპნოზება და, შესაბამისად, სისხლისღვრის გარეშე გაქცევაც. სხვა განსასჯელებიც შენიშნავდნენ, რომ თავიდან ყველაფერი მართლაც ასე იყო, მაგრამ ბოლო მომენტში თეოდორე ჩიხლაძემ აზრი შეიცვალა.

„თანდათანობით, რელიგიურ ქადაგებთან ერთად, თეოდორემ სულ უფრო და უფრო მეტად დაიწყო ჩვენში საზღვარგარეთ გაქცევის აუცილებლობის იდეის ჩანერგვა (...) თუმცა, დაახლოებით 1982 წლის იანვარში, როდესაც საზღვარგარეთ გაქცევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უკვე შეჯერებული გვქონდა, თეოდორემ ჯერ დაიწყო ეჭვების გამოთქმა არჩეულ ვარიანტთან დაკავშირებით და შემოგვთავაზა ნავით გაქცევის ვარიანტი, ბოლოს კი პირდაპირ თქვა, რომ არაფერი გამოვიდოდა ამ ჩანაფიქრიდან და უარი თქვა საზღვარგარეთ გაქცევაზე“, - ვკითხულობთ განსასჯელთა მიერ მიცემულ ჩვენებებში.

1984 წლის 23 აგვისტოს, როცა საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა და განსასჯელებს მიმართა, ესარგებლათ ბოლო სიტყვის უფლებით, მღვდელმა თეოდორემ იხუმრა, „როგორ, ახლავე ხომ არ მხვრეტთ, რა დროს საბოლოო სიტყვააო?!“

ცხადია, მაშინვე, იმ დღესვე არ დაუხვრეტიათ, მაგრამ არც დიდი ხნით გადაუდიათ გამოტანილი განაჩენის - დახვრეტის აღსრულება. 1983 წლის 3 ოქტომბერს, 17:05 სთ-ზე ისე, რომ გასაჩივრების ყველა პროცედურა დასრულებული არ იყო, განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

პატიაშვილის თვალით

საბჭოთა მართლმსაჯულებამ გარდა იმისა, რომ იჩქარა (სხვა სიკვდილმისჯილები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ განაჩენის აღსრულებას) და სულ რაღაც 40 დღეში აღასრულა განაჩენი, ასევე უგულებელყო კანონის სხვა მოთხოვნაც - განაჩენის აღსრულების ცნობა არ გამოაქვეყნა პრესაში. შესაბამისად, დახვრეტილთა ოჯახის წევრები მრავალი წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ მათი შვილები ცოცხლები იყვნენ.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1985-1989 წწ.) ჯუმბერ პატიაშვილი მოგონებების წიგნში „ოცდასამი წლის შემდეგ“ ამბობს:

„განაჩენი იყო არა მხოლოდ მკაცრი და არაჰუმანური, არამედ აბსურდამდე უსამართლოც, რადგან დახვრეტა მიესაჯა მღვდელმსახურს, რომელიც ყველამ იცოდა, რომ თვითმფრინავის გატაცების მომენტში თვითმფრინავში არ იმყოფებოდა“.

კიდევ უფრო არაჰუმანური იყო განაჩენის გასაჩივრების უფლების ხელყოფა და განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით იმგვარი ბუნდოვანების შექმნა, რომ 1985 წელს ცკ-ს პირველი მდივნისთვისაც კი უცნობი იყო, დახვრიტეს თუ არა თვითმფრინავის გამტაცებლები. ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს თავის სიყრმის მეგობართან, გეგა კობახიძის მამასთან, რეჟისორ მიხეილ კობახიძესთან შეხვედრას, რის შემდეგაც გადაწყვიტა, გაერკვია, რა ბედი ეწიათ გამტაცებლებს.

ჯუმბერ პატიაშვილი

„იმ დღეს, მიშა კობახიძესთან შემთხვევით შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ოთახში ადგილს ვერ ვპოულობდი, რადგან ის, რაც ალექსი ინაურმა [საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე 1954-1988 წწ.] მითხრა, ყოვლად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო: - არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მათ შორის არც გეგა კობახიძე, ისინი მალევე დახვრიტეს, ბატონო ჯუმბერ! - წერს ჯუმბერ პატიაშვილი, - კითხვებზე: „რატომ, როდის და როგორ?“ ინაურს პასუხი არ ჰქონდა. ეს არ იყო უშიშროების საქმე. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰკითხეთო, მითხრა ინაურმა და კაბინეტი დატოვა. იმ ღამესვე გამოვიძახე აკაკი კარანაძე [საქ. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე 1972-1990 წწ.]. მართალია, ინაური არასდროს ცდებოდა, მაგრამ კარანაძის მოსვლამდე ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ ეს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როცა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდა. ყოვლად დაუჯერებელი იყო, რომ განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი და ამის შესახებ არავინ, მათ შორის დაკავებულთა ოჯახის წევრებმაც, არაფერი იცოდა. როდესაც კარანაძემაც დამიდასტურა ინაურის ნათქვამი და დახვრეტის ზუსტი თარიღი მითხრა, ყველაფერი კიდევ უფრო აბსურდულად მომეჩვენა. სასამართლომ განაჩენი 23 აგვისტოს გამოიტანა. რამდენიმე კვირაში, 4 ოქტომბერს კი, ანუ მაშინ, როცა ყველა შანსი ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული და საქმე საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში უნდა განხილულიყო, განაჩენი აღასრულეს. ვისი ბრძანებით მოხდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ნათელი იყო, მაგრამ რატომ აჩქარდნენ ასე, მაშინ, როცა უამრავი სიკვდილმისჯილი ადამიანი ცოცხალი იყო და წლობით ციხეში იხდიდა სასჯელს, ამაზე პასუხი არ მქონდა. „რატომ არ შეატყობინეთ ოჯახს, ან ოფიციალურად რატომ არ განაცხადეთ, რომ განაჩენი სისრულეში მოიყვანეთ?“ - ვკითხე კარანაძეს, რადგან როცა დახვრეტის განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ, ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც ვრცელდებოდა და ოჯახსაც ატყობინებდნენ. „რატომ არ შეატყობინეთ ოჯახებს?“ - კიდევ ერთხელ გავუმეორე თავჩაქინდრულ და მდუმარე უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს. „შევარდნაძემ მითხრა, რომ ამისი გახმაურება საჭირო არ იყო, რადგან ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევდაო“, – მიპასუხა კარანაძემ“.

დახვრეტიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 1989 წლის 13 მარტს აცნობეს ნათესავებს, რომ განაჩენი სისრულეში იყო მოყვანილი. კანონით სავალდებულო ამ მარტივი პროცედურისთვის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს დადგენილების მიღება გახდა საჭირო.

დომუხოვსკიმ დაკითხა შევარდნაძე

1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ შეკრებილმა უზენაესმა საბჭომ შექმნა თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმის საგამოძიებო საპარლამენტო დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარემ, ვიქტორ დომუხოვსკიმ მოახერხა მოსკოვში მყოფი ედუარდ შევარდნაძის დაკითხვა. შესაბამისი პუბლიკაცია სათაურით „დომუხოვსკიმ დაკითხა შევარდნაძე“ 1991 წლის 27 ნოემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა.

პუბლიკაცია გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში"

კითხვას, რატომ ჩქარობდით ასე, ჩვეულებრივ განაჩენის გამოტანიდან აღსრულებამდე 1-2 წელი და მეტი გადის ხოლმე, აქ კი სულ 1,5 თვე გავიდა - შევარდნაძემ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა და არც პროცესზე მოუხდენია რამე გავლენა.

ვ. დომუხოვსკი: როცა 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავი კვლავ თბილისში დასვეს, თუ დაეკონტაქტეთ საკავშირო ხელმძღვანელობას, სერიოზულად თუ განიხილეთ გამტაცებელთა მოთხოვნა, მიგეცათ საზღვარგარეთ გაფრენის შესაძლებლობა?

ე. შევარდნაძე: არა, მოსკოვს არ მოვთათბირებივართ. მათთვის არაფერი შეგვიტყობინებია, თვითმფრინავის გაშვება საშიში იყო, ცოტა ხნით ადრე ხომ კორეული ბოინგი ჩამოაგდეს, ესეც შეიძლებოდა ჩამოეგდოთ. მაშინ სალონში ჩამწერი მოწყობილობა დავადგმევინეთ და ყველაფერი გვესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ, რაც ხდებოდა იქ. ჩვენ მგზავრების ბედი გვაწუხებდა, ისინი ხომ შეიარაღებული იყვნენ და შეიძლებოდა სროლა აეტეხათ.

ვ. დომუხოვსკი: ეს ხომ სწორი არ არის. ტაბიძე მოკლეს, მიქაბერიძემ თავი მოიკლა, ყველა მამაკაცი: კობახიძე, წერეთელი და ძმები ივერიელები დაჭრილები იყვნენ, ფეხზე მარტო თინა ფეტვიაშვილი იდგა და განა მას შეეძლო დიდხანს დაეცვა თვითმფრინავი. ეს სერიოზული არ არის, მოიერიშეთა ჯგუფსაც ხომ უთქვამს, ტყუილად გამოგვიძახეთო.

როგორც ვიქტორ დომუხოვსკი ამბობს, შევარდნაძე განსაკუთრებით გააღიზიანა კითხვამ უდანაშაულო მღვდლის დახვრეტის შესახებ:

„იგი დამნაშავე იყო, ბანდას ხელმძღვანელობდა, თვითონ აღიარა, და მერე - არც მე, არც თქვენ სპეციალისტები არა ვართ და ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. მე მშობლებს ვეხმარებოდი. კოტე წერეთელი (სოსო წერეთლის მამა) ჩემი მეგობარია, მოვახერხე, რომ პარტიიდან არ გაერიცხათ, უნივერსიტეტში დაეტოვებინათ, სხვა მშობლებსაც ვეხმარებოდი“.

ედუარდ შევარდნაძე და ლეონიდ ბრეჟნევი

ამ ინტერვიუში შევარდნაძე ამბობს, რომ არ ჩარეულა შეწყალების საქმეში და არც ინტელიგენციის წარმომადგენლები დაუსჯია იმის გამო, რომ არ დაემორჩილნენ მის ზეგავლენას და უკან არ გაიწვიეს თავიანთი ხელმოწერები სიკვდილმისჯილთა შეწყალების თხოვნაზე.

„არავინ არ დასჯილა, არც ვერიკო ანჯაფარიძე, ამის შემდეგ მას პრემია მისცეს; არც მარიკა ლორთქიფანიძე, იგი აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა; არც სხვანი. მე გამიკვირდა, გიგა ლორთქიფანიძემ რომ გამოიგონა, თითქოს საავადმყოფოდან გამოეგდოთ. ეს მის სინდისზე იყოს“.

შევარდნაძემ ისიც უარყო, რომ ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული დამნაშავეთა მკაცრად დასჯის მოთხოვნის ორგანიზებული კამპანიაც. არადა, როგორც დომუხოვსკი წერს, ყველაფერი სწორედ პარტიული ორგანოების ინსპირირებული იყო, რადგან დეპეშები და წერილები მთელი რესპუბლიკიდან მოდიოდა და აშკარად რაიკომებსა და აღმასკომების მიერ იყო ორგანიზებული.

ვიქტორ დომუხოვსკიმ შევარდნაძეს ძმები ივერიელების შესახებ გავრცელებულ ლეგენდაზეც ჰკითხა: „ამბობენ, როცა ივერიელების მამა გეახლათ და შვილების შეწყალება გთხოვათ, ვითომ თქვენ გითქვამთ, რომელი შევიწყალოთო. მართალია?“

ვიქტორ დომუხოვსკი

დომუხოვსკის თქმით, ამ კითხვამ მისი რესპონდენტი გააცოფა.

ე. შევარდნაძე: ასეთი პასუხი შეიძლებოდა გაეცა ფაშისტს, ცინიკოსს, არამზადას, როგორ არა გრცხვენიათ, თუ მართლა გგონიათ, რომ შეიძლებოდა ასე მეპასუხა, საერთოდ როგორ მელაპარაკებით. ჩემი ბრალი არაფერი არ არის. ვისი ბრალიც არის, პასუხიც იმას მოჰკითხეთ.

ვ. დომუხოვსკი: კი, მაგრამ განა მორალურად გამართლებულია, რომ მშობლებს არაფერი აუწყო შვილების ბედზე. როდის შეიტყვეთ, რომ განაჩენი აღსრულებულია?

ე. შევარდნაძე: (აღელვებული): მე არაფერი არ ვიცოდი, მე რა შუაში ვარ.

ვ. დომუხოვსკი: ხომ იყვნენ თქვენთან მშობლები 3 ოქტომბრის შემდეგ, თქვენ კი, არაფერი არ უთხარით.

დახვრეტილთა მშობლებსა და ოჯახის წევრებს მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეატყობინეს, რომ განაჩენი სისრულეში იყო მოყვანილი. ვიქტორ დომუხოვსკის თქმით, თავის გამოჩენის მლიქვნელური ჩვევის გამო, საქართველოს მთელ საბჭოთა კავშირში შეწყალების ყველაზე დაბალი პროცენტი ჰქონდა.

„არც ერთი სასიკვდილო განაჩენი არ შეუწყალებიათ თქვენი [შევარდნაძის] მოღვაწეობის პერიოდში. გესმით ეს თუ არა? და ისეთი მოსამართლეებიც, როგორიც თ. გერსამიაა და ყველა ისინიც, ვისაც მან და სხვა მოსამართლეებმა სიკვდილი მიუსაჯეს, თქვენს სინდისზეა“, - წერს ვიქტორ დომუხოვსკი 1991 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნებული პუბლიკაციის ბოლოსიტყვაობაში.

  • ედუარდ შევარდნაძე თვითმფრინავის გამტაცებლების სამაგალითოდ დასჯიდან ერთი წლის თავზე დააწინაურეს და მოსკოვში, სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ის ასევე გახდა უმაღლესი საკავშირო პარტიული ორგანოს, სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი.