წაღკაძორის დიალოგიდან "ჟენევა პლუსისკენ": რა დაძრავს მკვდარ წერტილს

გაცნობა

- გამარჯობა, ზდრავსტვუიტე, ბარევ ძეს, ბონ ხორზ! - ახალგაზრდა კაცმა გამარჯობა რამდენიმე ენაზე თქვა და მაგიდასთან ადგილი დაიკავა. ცხინვალელებმა ვახშამზე ცოტა დაიგვიანეს. მაგიდასთან აფხაზები და ქართველები უკვე ვისხედით. ჩვენც მივესალმეთ. იქვე გავიგეთ, რომ ერთი ცხინვალელი აქტივისტი მინვოდის აეროპორტიდან რუსეთის მესაზღვრეებს სომხეთში არ გამოეშვათ. იქაური კანონით, ვისაც ბანკის ვალი აქვს, ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა ალანი, ის ახალგაზრდა კაცი, თავიდან რამდენიმე ენაზე რომ მოგვესალმა (სახელი მისი უსაფრთხოებისთვის შეცვლილია), შემდეგ სადღეგრძელოს უფლება ითხოვა და თქვა:

- სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების უგუნურობის გამო ადამიანები ერთმანეთთან მიმოსვლას ვერ ვახერხებთ და ამ მდგომარეობიდან გამოსავალსაც თითქოს ვერ ვხედავთ. საქართველოში უამრავი ნათესავი მყავს და ისინი დიდი ხანია არ მინახავს. გზების გახსნას და ადამიანებს შორის ურთიერთობას გაუმარჯოს.

ასე დაიწყო წაღკაძორის სამოქალაქო დიალოგი.

პაატა ზაქარეიშვილი, კაი ფრიტხოფ ბრანდ იაკობსენი, უჩა ნანუაშვილი.

გაფრთხილება

იმავე საღამოს სოხუმელებმა გამაფრთხილეს, არც ფოტო და არც ვიდეო არ გადაგვიღო, უკან დაბრუნებულებს პრობლემები შეგვექმნებაო. თქვენ კიდევ არ იცით, რა ხდება იმათ თავს, ვინც ქართველ ჟურნალისტებს ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებაო. მსმენია, რომ მოღალატეებად და მტრებად აცხადებენ.

იგივე გამიმეორეს ცხინვალელებმაც. ალანმა ისიც კი თქვა, რომ მისი წაღკაძორში ყოფნა მშობლებმაც არ იცოდნენ, რადგან პრობლემები არა მარტო მას, არამედ მის ახლობლებსაც შეექმნებოდათ. პირობა მივეცი, რომ მათი იდენტიფიკაცია არ მოხდებოდა, ინტერვიუს იმედი კი საბოლოოდ გადამეწურა. თუმცა წინ კიდევ სამი დღე იყო.

დიალოგი

სომხეთის მაღალმთიან კურორტ წაღკაძორის ერთ-ერთ სასტუმროში ქართულ-ოსურ-აფხაზური დიალოგი წუთიერი დუმილით დაიწყო. მონაწილეებმა პატივი მიაგეს ცხინვალელი პოლიტოლოგის, სამოქალაქო აქტივისტის, დინა ალბოროვას ხსოვნას, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. გამხსნელი თემაც კოვიდპანდემია და დაზარალებული მოსახლეობა იყო. კორონავირუსმა მხარეებს შორის დიალოგიც კი შეწყვიტა. ბოლოს ის ორი წლის წინ გაიმართა, თუმცა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეძლო ამ შეხვედრის ორგანიზება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასაუბრო თემები იმაზე მეტი დაუგროვდათ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი წარმოიდგენდა.

პანდემია, ჩაკეტილი გზები, უვარგისი ჯანდაცვა, არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობა, ადამიანის უფლებები - ამ თვალსაზრისით, სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალში საგანგაშო მდგომარეობაა, სადაც აქტივისტებს ორგანიზაციებს უხურავენ, სცემენ და სისხლის სამართალში აძლევენ.

ერთ-ერთმა ცხინვალელმა მომხსენებელმა ისიც კი მოითხოვა, იქნებ გაეროს ეგიდით ჩვენთან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია შეიქმნასო. სოხუმსა და ცხინვალში სამოქალაქო აქტივიზმი სახიფათოა. 5 ივლისის შემდეგ საქართველოშიც სახიფათო ხდება. დიალოგის ფასილიტატორი მოწვეული უცხოელი ექსპერტი იყო, რომელიც ყველა მხარეს ყურადღებით უსმენდა, შეხვედრის მესამე დღეს კი ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის მოგვარების გამოცდილება გაგვიზიარა.

კაი ფრიტხოფ ბრანდ იაკობსენი

მას ყველა კაის ვეძახდით. ხუმრობდა, ჩემი სახელი სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა შინაარსისააო. ზევით აწეული ცერა თითი ვუჩვენე, ჩვენთვის შენი სახელი ამას ნიშნავს-მეთქი. ნორვეგიელი ექსპერტი, მშვიდობის მშენებელი, გაეროს ეგიდით მსოფლიოს ყველა ცხელ წერტილშია ნამყოფი და ცდილობს, დიალოგების მეშვეობით, კონფლიქტის მხარეებს საერთო შეხების წერტილები აპოვნინოს.

კაი ფრიტხოფ ბრანდ იაკობსენი. სომხეთის მაღალმთიანი კურორტი წაღკაძორი

- ნელსონ მანდელას ოთხჯერ შევხვდი, მასთან საუბრებმა გადამაწყვეტინა, რომ მშვიდობის მშენებელი გავმხდარიყავი და მთელ მსოფლიოში მეძებნა და მომემზადებინა ლიდერები, რომლებიც კონფლიქტების მოგვარებაზე იმუშავებდნენო. ამ შეხვედრის მონაწილეებს მისი გამონათქვამები დიდხანს დაგვამახსოვრდება. აი, ერთი მათგანი:

„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“ - ეს არის ყველაზე სულელური ფრაზა კაცობრიობის ისტორიაში. ეს იგივეა, ჭამა გინდოდეს და შიმშილისთვის ემზადებოდე, ეს იგივეა, ბავშვი გიყვარდეს და ყოველდღე მასზე ძალადობდე. სახელმწიფოები ტრილიონობით დოლარს მილიტარიზაციაზე ხარჯავენ, მაშინ როცა მშვიდობის მშენებლების მომზადებაზე მიზერული ფინანსები იხარჯება“.

კაი მაჰათმა განდის და მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსის სახელობის ჯილდოების მფლობელია. პრეზენტაციის დასასრულს იკითხა, რამდენი ლიდერის ჩამოთვლას შეძლებთ, რომლებმაც არაძალადობრივი გზით კონფლიქტის გადაჭრა შეძლესო.

დავფიქრდით. მაჰათმა განდი, ნელსონ მანდელა. მე რუანდელი ქალებიც გამახსენდა, ერთი დოკუმენტური ფილმიდან ვიცოდი. მოკლედ, 10-მდე ადამიანიც ვერ გავიხსენეთ. მშვიდობის მშენებელი ლიდერები და გმირები მართლა თითებზე ჩამოსათვლელია, მაშინ როცა ფილმებს მრავლად იღებენ და ისტორიული წიგნებიც სავსეა ომის გმირებით.

კაის პრეზენტაციის ბოლო ფოტოზე ჩინელი დემონსტრანტების დასარბევად გამოყვანილი ტანკების წინ ახალგაზრდა ჩანთიანი კაცი დგას და ტანკების კოლონას აჩერებს. კაი ამბობს, რომ ჯეფ ვიდენერის ფოტოზე ორი გმირი ჩანს: ჩანთიანი კაცი, რომელიც სამოქალაქო გმირია და ამ დრომდე მისი ვინაობა უცნობია, და ტანკისტი, რომელმაც ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, კაცს არ გადაუარა და მთელი კოლონა გააჩერა. ასეთი გმირების მაგალითი ბევრ ადამიანს უსახავს იმედს, რომ კონფლიქტები სწორედ არაძალადობრივი მეთოდებით უნდა მოგვარდეს.

კაი ბრანდ იაკობსენი 4 დღე ქართველების, ოსებისა და აფხაზების დისკუსიას, კამათს, იდეებსა და ურთიერთობას აკვირდებოდა. პირველი, რაც გააკეთა, დიდ ფურცლებზე სამ ენაზე - ქართულად, აფხაზურად და ოსურად - დაგვაწერინა „წახკაძორის დიალოგი“. ბოლოს საკუთარი შთაბეჭდილებები გამიზიარა და თქვა, რომ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში დიალოგის მონაწილეებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

„ვთვლი, რომ ეს იყო დიდი პატივი, შევხვედროდი და ვყოფილიყავი ყველასთან, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ დიალოგში. ადამიანების მზაობიდან გამომდინარე, მოეყოლათ საკუთარ თემზე, მოესმინათ ერთმანეთისთვის, დაეთმოთ დრო და ჩაღრმავებოდნენ მნიშვნელოვან საკითხებს, პრობლემებს ერთობლივად. გამოიკვეთა, რომ საკმაოდ ბევრია მათ შორის საერთო. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც თითოეულ მათ თემში განსხვავებულია და არის საკითხები, რომლებსაც ყველა მათგანი იზიარებს. და ის მთავარი ელემენტი, რაც გამოიკვეთა, არის ყველა მონაწილის საერთო სურვილი, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. ვფიქრობ, გასაოცარი და გასახარია ის, რომ არა მხოლოდ საერთო თემებზე საუბარია შესაძლებელი, არამედ უკეთეს მომავალზეც, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა“.

სომხეთის მაღალმთიანი კურორტი წაღკაძორი

იდეები - "ჟენევა პლუსი", ადამიანის უფლებები

დიალოგის ბოლო დღე იდეების გაცვლას და საპროექტო წინადადებების განხილვას დაეთმო. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის იდეაა, შეიქმნას ჟენევის დისკუსიების პარალელური პროცესი, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამივე მხრიდან ჩაერთვებიან. ჟენევის დისკუსიის ფორმატში ამჟამად ორი ჯგუფია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული. პოლიტიკური უთანხმოებების გამო, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაც ვერ ხერხდება. ჯერ ისევ ჩაკეტილია გზები, ადამიანების უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა, ამიტომ, ზაქარეიშვილის იდეის მიხედვით, ჟენევა პლუსის მონაწილეებმა პოლიტიკურ აქტორებს საკუთარი ხედვა უნდა შესთავაზონ ამა თუ იმ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. იდეა სამივე მხარის წარმომადგენლებს მოეწონათ და მასზე მუშაობა გაგრძელდება.

„მხარეები თანხმდებიან, შეხვდნენ ერთმანეთს და ამ სამმხრივმა კონტექსტმა გამოიწვია მოსაზრება, რატომ არ შეიძლება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ჟენევის ფორმატის ვარიანტი აითვისონ და დაეხმარონ ჟენევის ფორმატს და ჩამოაყალიბონ ურთიერთობები. აშკარად ჩანს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ჩემი აზრით, ჰუმანიტარული საკითხები მკვდარი წერტილიდან ვერ იძვრის. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ურთიერთნდობის დონეზე გარკვეულ შეთანხმებებს მივაღწიოთ. რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით და ეს ბუნებრივია, მაგრამ რაზეც ვთანხმდებით, ის შედეგები მაინც გადავცეთ ჟენევის მონაწილეებს და ვაჩვენოთ, რომ ქართველ, ოს და აფხაზ მონაწილეებს განსხვავებული აზრი აქვთ, ვიდრე ჟენევის დისკუსიაში მონაწილე პოლიტიკოსებს, და ამით დავეხმაროთ ეძებონ გამოსავალი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ადამიანის უფლებები უნივერსალურია ყველგან და ყოველთვის. საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ადამიანის უფლებები სამივე მხარის წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი აზრით, ჟენევა პლუსის დისკუსიებზე სწორედ ადამიანის უფლებები უნდა იყოს მთავარი თემა.

„შესაძლოა ბევრ საკითხზე გვქონდეს განსხვავებული აზრი, ბევრ თემაზე ვიკამათოთ, მაგრამ ადამიანის უფლებები არის ისეთი სტანდარტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ხშირად ვხედავთ, რომ ეს საკითხები პოლიტიკოსების ყურადღების ქვეშ ვერ ხვდება და მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ხმა მისწვდეს ყველას, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, ვინც პირველ რიგში ზარალდება იმ პოლიტიკით და იმ ომით, რომელიც დღეს ჩვენ შორის არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს და ჩვენ ამაზე ვთანხმდებით როგორც ოსების, ისე აფხაზების მხრიდან, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ერთად, მომზადდეს კონკრეტული რეკომენდაციები და შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს“, - თქვა უჩა ნანუაშვილმა.

უჩა ნანუაშვილი. სომხეთის მაღალმთიანი კურორტი წაღკაძორი

ისევ ალანი (როგორც უკვე გითხარით, სახელი შეცვლილია), მოკლე ინტერვიუ მაინც შედგა

ერთ-ერთი შესვენებისას, გადაწურული იმედის მიუხედავად, ალანს მაინც შევთავაზე, იქნებ პატარა ინტერვიუ მაინც ჩაგვეწერა-მეთქი.

- სახელი, ხმა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები თუ არ გამოჩნდება, ვილაპარაკოთო. მივხვდი, რომ ნდობა გაჩნდა.

- საფრთხის მიუხედავად, მაინც ჩამოხვედი აქ, რისი თქმა გინდოდა-მეთქი, ვკითხე.

„პირველ რიგში, როგორც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს, ჩემი მომავალი მაინტერესებდა. მაინტერესებდა, რას ფიქრობენ ადამიანები და როგორ ხედავენ მომავალს. მაინტერესებდა, ეს ადამიანები როგორ ხედავენ კონფლიქტების გადაჭრის გზებს ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების სასიკეთოდ. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას დიალოგის მეშვეობით. ომით, რომელიც ორჯერ გვქონდა, ვერაფერიც ვერ გადავწყვიტეთ. პირიქით, ვითარება უფრო მძიმდება. როგორმე საზოგადოებებამდე უნდა მივიტანოთ აზრი - და ეს ადვილი არ არის - იმის შესახებ, რომ ხვალინდელი დღე მხოლოდ მშვიდობაზე და ჩვენზეა დამოკიდებული. აქამდე არ ვიცოდი, რას ფიქრობდნენ ადამიანები საქართველოდან, ამიტომ ჩამოვედი, რომ გამეგო და დიალოგის გარკვეული გამოცდილებაც დამეგროვებინა“, - მიპასუხა ალანმა.

- ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რა არის, რისი გადაჭრაც სასწრაფოა-მეთქი, ვკითხე.

„ჩემი აზრით, ჩაკეტილი საზღვარი. ეს არის უდიდესი პრობლემა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. დაკონსერვებულებივით ვცხოვრობთ. ეს ჩაკეტილობა კი მრავალ უსამართლობას წარმოშობს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მხრიდან. უსამართლობა და განუკითხაობაა ხშირად. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და არ მინდა ეს ხდებოდეს. ჩაკეტილ საზღვრებში დაბალია განათლების ხარისხიც. ჩვენი ახალგაზრდები კი გადიან რუსეთში და იღებენ იქ უმაღლეს განათლებას, მაგრამ მე მინდა, რომ მათ განათლება ევროპაშიც მიიღონ. გარკვეული ადამიანების სიბრიყვის გამო, ბრიყვული ამბიციების გამო ისე მოხდა, რომ ორი ყველაზე უფრო ნათესაური ერი წაგვაჩხუბეს. ომის მერე ცხინვალში ბევრი ამბობს, რა გვაქვს სალაპარაკო ქართველებთან, მათ რაზე უნდა მოველაპარაკოთო? მეც ამ საზოგადოებაში გავიზარდე, მაგრამ რაც წლები გადის, ვხვდები, რომ ჯდომა, გლოვა და ამ ქვაბში მოხარშვა არ არის გამოსავალი. აუცილებელია მოძრაობა, ცვლილებები, საუბარი. ეს უკვე სულ სხვაა და მე ამას ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ“, - მითხრა ალანმა.

სომხეთის მაღალმთიანი კურორტი წაღკაძორი

დამშვიდობება და მოსაკითხი ხალხი

წაღკაძორის სასტუმრო აფხაზებმა და ოსებმა ერთად დატოვეს, ღამით ჰქონდათ ფრენა. ჩვენ გავაცილეთ. ერთ-ერთმა ცხინვალელმა მონაწილემ გვერდით გამიხმო და გორში მცხოვრები რამდენიმე ადამიანის გვარ-სახელი მითხრა. ამათ თუ იცნობო? რამდენიმეს ვიცნობ-მეთქი. იქნებ შეძლო, ნახო და ჩემს კლასელებს მოკითხვა გადასცეო. აუცილებლად-მეთქი, შევპირდი. სამწუხაროდ, მოსაკითხი ადამიანების ვინაობასაც ვერ დავწერ, ისევ ცხინვალელი მეგობრების უსაფრთხოებისთვის. იქნებ ოდესმე შეხვდნენ კიდეც და თავად მოიკითხონ ერთმანეთი, იქნებ ეს ჟენევაშიც კი მოხდეს.

- აბა, როგორ ხარ? სახლში როგორ ჩახვედი? - ამ შინაარსის მესიჯი ალანისგან მესენჯერში დაბრუნებიდან მეორე დღესვე მივიღე.

ურთიერთობა გრძელდება.