წარუდგენს გამოძიება ბრალს მარიტა გუტაშვილს? - ქალს, რომელმაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაკარგა

მარიტა გუტაშვილი და ონის მუნიციპალიტეტის დაზიანებული საკონფერენციო დარბაზი. ადვოკატის თქმით, ინციდენტის შემდეგ, მარიტა გუტაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ფოტოილუსტრაცია

სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება - ამ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას ედავება ონის პოლიცია 29 წლის მარიტა გუტაშვილს, ქალს, რომელმაც შოვის სტიქიის დროს ოჯახის ცხრა წევრი, მათ შორის, და-ძმა, მეგი და გიგი დაკარგა.

ინფორმაცია და ფოტო ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, „მთის ამბებმა“ 17 დეკემბერს გაავრცელა. მედიაპორტალის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ მარიტა გუტაშვილმა ონის მერიის შენობაში მდებარე საკონფერენციო დარბაზი და იქ არსებული ინვენტარი დააზიანა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ინციდენტი 7 დეკემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სხვა პირებთან ერთად, საქმეზე გამოკითხულია თავად მარიტა გუტაშვილიც.

იმ შემთხვევაში, თუკი მარიტა გუტაშვილს გამოძიება ოფიციალურად წარუდგენს ბრალს და თუკი ამ საქმეში მისი ბრალეულობა დამტკიცდება, მას ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

რა მოხდა 7 დეკემბერს ონის მერიაში?

მარიტა გუტაშვილს, ამ ეტაპზე, მედიასთან კომუნიკაცია არ სურს. ის არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რომელიც სხვადასხვა წყაროს ეყრდნობა, 7 დეკემბერს, მარიტა გუტაშვილი ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მისი გარდაცვლილი დის, მეგის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის წარსადგენად მივიდა. ინციდენტიც ამ დროს მოხდა.

რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი წყარო თავად მარიტა გუტაშვილზე დაყრდნობით ეუბნება, რომ მას მერიის რამდენიმე თანამშრომელი „დამამცირებლად მოექცა“, რის შემდეგაც მარიტამ საკონფერენციო დარბაზში არსებული ინვენტარი დააზიანა - ფანჯრებიდან ჩამოგლიჯა ე.წ. ჟალუზები, გადააყირავა სკამები და ბანერი.

ონის მუნიციპალიტეტის დაზიანებული საკონფერენციო დარბაზი

ვინ დაიცავს მარიტა გუტაშვილის ინტერესებს?

მარიტა გუტაშვილს ადვოკატი ჯერჯერობით არ ჰყავს. თუმცა, მის ინტერესებს, სავარაუდოდ, დაიცავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე. როგორც ის მეუბნება, მარიტა გუტაშვილთან ზოგადი კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. დამატებითი დეტალები კი უახლოეს პერიოდში უნდა დაზუსტდეს:

ნესტან ლონდარიძე, ადვოკატი

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ონში იურისტი არ ჰყავს და მთელი პროცესის მართვა თბილისიდან გაჭირდება, ამიტომ, სავარაუდოდ, ჩემთან ერთად საქმეში ჩაერთვება სხვა იურისტიც. გამომძიებელთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და ოფიციალურ ორდერსაც გავგზავნი, რომ საქმეში ადვოკატის სტატუსით ჩავერთო“.

დღესდღეობით, ნესტან ლონდარიძე შოვის სტიქიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში დავით მაისურაძის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მქონე კაცის ინტერესების დამცველია. დავით მაისურაძე მარიტა გუტაშვილის ბიძაა. 3 აგვისტოს, შოვის ტრაგედიისას, მან ცოლი და ორი შვილი დაკარგა:

„მე ვიცნობ და შესწავლილი მაქვს შოვის სტიქიის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, გარდაცვლილთა ფოტომასალა. მარიტა გუტაშვილმა ფოტომასალები კი არა, ამ ადამიანების ცხედრები რეალურად ნახა. მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის თავადაც ამბობს, მეც მითხრა, რომ მასთან აუცილებელია მუშაობა, რადგან მას აქვს მძიმე ემოციური ფონი“.

ნესტან ლონდარიძის თქმით, ამ ეტაპზე, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა 7 დეკემბერს ონის მერიის შენობაში, თუმცა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა „დანაშაულის პროვოცირებას“:

„მარიტა გუტაშვილის გარშემო ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მისთვის ირონიული საუბარი - და რამდენადაც ვიცი, ადგილი ჰქონდა გარკვეულ მიმართვებს, რეპლიკებს, - უკიდურესად რთული გადასატანი იქნება. მგონია, რომ ეს იყო დანაშაულის პროვოცირება. მოხდა მისი გამოწვევა. მე კიდევ გავერკვევი დეტალებში“.

მისივე თქმით, 7 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მარიტა გუტაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა:

„ადილზევე გამოიძახეს სასწრაფო. მარიტას არც ახსოვს, რა მოხდა შემდეგ“.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში 7 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და, შესაბამისად, მერიის მხრიდან დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება.

„ძალიან რთულია დაძინება“

მარიტა გუტაშვილი 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიისას დაკარგულ ოჯახის ცხრა წევრს 24 აგვისტომდე ეძებდა. ზუსტად 21 დღე გაგრძელდა დაკარგულების ცხედრების ძიების პროცესი. 12 აგვისტოს და-ძმა, მეგი და გიგი დაკრძალა. მეცხრე დაღუპულის, 2 წლის ანასტასია დუდაშვილის ცხედარი მაშველებმა 24 აგვისტოს იპოვეს.

მარიტა გუტაშვილის ოჯახის წევრების, ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილებისა და მათი დედის, ნატო ჭელიძის პანაშვიდი თბილისში, 26 აგვისტო

4 ოქტომბერს, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც მარიტა გუტაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მისცა, ამბობს:

მარიტა გუტაშვილი

„ძალიან რთულია დაძინება. დაძინება ყველას გვიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ წამლებს ვიღებთ. 4-5 საათამდე ვერ ვიძინებ. როცა ვიძინებ, სიზმრებში ვხედავ, როგორ მეხმარება მეგი (3 აგვისტოს დაღუპული და), რომ სიმართლე გაირკვეს, რატომ მოხდა ასე. სიმართლეში ვგულისხმობ იმას, რომ გაირკვეს, სინამდვილეში რა მოხდა ადგილზე. მათ ადგილზე წარმოვიდგენ თავს, რა დაინახეს, სიკვდილს ჩახედეს თვალებში. მინდა, რომ გავიგო, საიდან რა დაიწყო, დეიდა სად იყო, ბავშვები სად იყვნენ. თითქოს მეგი მიდგას გვერდით და მეუბნება, ნახე, იქიდან მოდის, თითქოს, ვხედავ როგორ იშლება კლდე და გავრბივარ. ძალიან ვწვალობ და მინდა გავარკვიო სიმართლე, რა მოხდა. დღესდღეობით არაფერი არ ვიცი. ჯერ კიდევ არ ვიცი, რა მოხდა. არ ვიცი, როგორც ჩანს, მე დაზარალებული არ ვარ და საქმის მსვლელობა ჯერჯერობით ისე მიდის, რომ ხელის შეშლა არ უნდათ. ველოდები, რა მოხდა, ნახონ, გაარკვიონ, შეისწავლონ, რატომ მოხდა, გაარკვიონ, როგორაა ბუნება დამნაშავე, რომ ჩემი ოჯახის ცხრა წევრი დავკარგე“.

მარიტა გუტაშვილი ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მან ვერ იპოვა ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს და იტყვის, რომ ის გამოიკვლევს შოვის სტიქიის საქმეს და იტყვის, რა მოხდა იქ რეალურად.

შოვის სტიქიიდან 139-ე დღეს, ჯერ კიდევ ეძებენ მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ ბოლო, 33-ე ადამიანს, არასრულწლოვან ბიჭს. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამძებრო სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახის, რიონისა და გუმათჰესის წყალსაცავის ტერიტორიაზე.

როგორ მიმდინარეობს შოვის სტიქიის გამოძიების საქმე - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხსაც ოთხ თვეზე მეტია ითხოვს საზოგადოება, ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და, პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც შოვის სტიქიას სასწაულით გადაურჩნენ ან დაეღუპათ ოჯახის წევრები.

ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც შოვის ტრაგედიის საქმეს იძიებს, არცერთი განცხადება არ გაუვრცელებია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ერთადერთი ცნობა, რომელიც გამოძიების შესახებ ვიცით, არის ის, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა.

შოვის ტრაგედიის გარშემო დაგროვილ კითხვებს 24 ოქტომბერს ზოგადი კომენტარით გამოეხმაურა გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე. მან თქვა, რომ საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, საზოგადოება კითხვებზე ამომწურავ პასუხს მიიღებს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე, რომელიც შოვში გარდაცვლილი ახალგაზრდის დედის, ია მერებაშვილის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში (გამოძიების პროცესს სწორედ ეს უწყება კურირებს) გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გააგზავნა:

ანა თავხელიძე, იურისტი

„დავუსვით კითხვა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, რა ხელშესახები შედეგი დადგა გამოძიებაში. გამოიკვეთა თუ არა პასუხისმგებელი პირები. და ასევე დავაზუსტეთ, გარემოებების ობიექტურად დადგენის მიზნით, უზრუნველყო თუ არა გამოძიებამ საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და იქნა თუ არა მათ მიერ გაცემული კონკრეტული რეკომენდაციები. დღეს მქონდა სატელეფონო საუბარი პროკურორთან და როგორც დამპირდა, კვირის ბოლოს მოგვწერს ამ კითხვებზე პასუხს“.

მისივე თქმით, ტრაგედიისა და საქმის მასშტაბიდან და რეზონანსულობიდან გამომდინარე, გამოძიება ვალდებულია არათუ თვეობით დუმდეს, არამედ ინტენსიურად უნდა მართავდეს ბრიფინგებს საქმის მიმდინარეობის შესახებ:

„ყოველ კვირაში უნდა გამოსულიყო როგორც გამოძიების მწარმოებელი ორგანო, ისე საპროკურორო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და რაც შეიძლება ხშირად უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რა ხდება სისხლის სამართლის საქმეზე, რა ეტაპზეა გამოძიება. ამ საქმეს ალბათ ისე დახურავენ, რომ არც კი გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე განცხადებას გააკეთებენ, თუ რა გააკეთეს და როგორ სიმართლის დასადგენად“.

კვლავ ღიადაა დარჩენილი შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. კომისიის შექმნა ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, 9 აგვისტოს მოითხოვა ოპოზიციურმა ფრაქციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათი განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში; იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პოლიტიკური სპეკულაცია“ და „ისტერიის შექმნის სურვილი“ უწოდა.

შოვი, სტიქიის ზონა, 5 აგვისტო

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. 24 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო დაღუპული მაშველებმა 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.

სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ორი ადამიანი: შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა. მათი სიკვდილის მიზეზად ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დასახელდა.